ბოლო 3 წლის განმავლობაში ყველაზე რთული 2 თვე ანკა ვასაძის ცხოვრებაში
პროექტში „ვინ ვინ არის“ მისი ამოცნობა ოჯახის წერებმა და უახლოესმა ადამიანებმაც კი ვერ შეძლეს. ნახევარფინალამდე ისე მივიდა, პერსონაჟის სქესიც კი ვერ დაადგინეს. „არწივი“ ანკა ვასაძე პროექტის მთავარ ხიბლზე, სირთულესა და ნიღბის მიღმა განცდილ ემოციებზე მოგვითხრობს.
- ანკა, გაიხსენე ის დღე, როცა პროექტიდან „ვინ ვინ არის“ დაგიკავშირდნენ და მონაწილეობა შემოგთავაზეს. გადაწყვეტილება ადვილად მიიღე?
- „ვინ ვინ არის“ ბრიტანული პროექტია. რადგან არ მქონდა ნანახი, ვერ მივხვდი და დუტას რამდენჯერმე გავუმეორე, ვერ ვიმღერებ, სიმღერა კარგად არ ვიცი-მეთქი. - მთავარი სიმღერა არ არის, მთავარია, ვერ გიცნონ; სოფო ტოროშელიძე გვყავს და ნახე, როგორ აგამღერებსო. როგორც მსახიობი, დამაინტერესა ამ პროექტმა და ძალიან დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, მაინც დავთანხმდი.
- როგორ გახდი არწივი, როგორ მოირგე ეს როლი, გარდასახვა რთული აღმოჩნდა?
- როცა მხატვარ თეა თელიასთან მივედი, არწივის პერსონაჟი იყო დარჩენილი და ესკიზს რომ დავხედე, ისეთი იყო, ვთხოვე, ეს ესკიზი მერე გამატანეთ-მეთქი. ძალიან მინდოდა, არწივის ქვეშ მამაკაცის როლი მომერგო და მიუხედავად იმისა, რომ გათვლა გვქონდა, პირველი სიმღერის კულმინაციამდე მამაკაცი ვგონებოდი, ისე მოხდა, ნახევარფინალამდე არწივის სქესი ვერ დაადგინეს.
- ეს ტექნიკურად როგორ შეძელი?
- სოფო ტოროშელიძემ მითხრა, მონოტონური იქნება და ბევრად მაგარი ნომერი გამოვა, თუ ხმას კარგად ამოუშვებო. რა თქმა უნდა, დავუჯერე და გაამართლა. კოსტიუმის შიგნით სულ მამაკაცს ვთამაშობდი. უფრო მეტად მაშინ, როდესაც გამოვდიოდი და სიმღერას დავასრულებდი. „კარმენის“ შესრულებისას დუტამ მითხრა, აქაც ისე იმოძრავე, როგორც კაცი იმოძრავებდა ქალივითო და საბოლოოდ, ამ პროექტში ჩემი ნანატრი კაცის პერსონაჟიც შევასრულე. თეატრში თოჯინებთანაც კი არ მქონია შეხება. თუ იცი, როგორ ათამაშო თოჯინა სცენაზე, იგივე პრინციპია. არწივის დაუსრულებელი კოსტიუმი პირველად რომ მოვირგე, ალღო იოლად ავუღე. დუტა ძალიან სწორ შენიშვნებს მაძლევდა და ორ რეპეტიციაში მოვხაზეთ, 8 სიმღერაზე როგორ მემოძრავა. სირთულე კოსტიუმის სიმძიმე იყო. რკინის კონსტრუქცია გახლდათ ფიცარზე დამაგრებული და ტყავის ბუმბულები ჰქონდა მიმაგრებული, მართლა სცენაზე დგომის ადრენალინი სჭირდება, რომ მისი ტარების ძალა მოგეცეს.
- ამ პროექტმა საკუთარი თავი განსხვავებული კუთხით აღმოგაჩენინა?
- ამ პროექტმა დამანახვა, რომ სიმღერა შემიძლია და თურმე სიმღერასაც სწავლა უნდა. ჩემთვის ნამდვილად წარმოუდგენელი და საოცნებო რეპერტუარი შევასრულე.
- რთული რეპერტუარი გქონდა, ეს სიმღერები თავად აირჩიე თუ შეგირჩიეს?
- რამდენიმე მე შევარჩიე, რამდენიმე დამაძალეს. მინდოდა, რამე საოპერო არია შემესრულებინა, მაგრამ ისეთი უნდა მემღერა, რაც ყველასთვის ცნობილი იყო და „კარმენის“ შესრულება ცოტა დამაძალეს. ყანჩელის „საით მიდიხარ“ არ მინდოდა, ყველაზე მეტად გამიჭირდა. მითხრეს, ჯეკსონი და "ქვინი" იმღერე, ყანჩელზე რატომ წუწუნებო?!. მერე დაასკვნეს: მეტონიძე აქ არის, იცნობ და გერიდება, იმათ არ იცნობ და არ გერიდებაო (იცინის). მინდოდა, სერგი გვარჯალაძის ვერსია - Aრტიფიციალ ლოვე, Qუეენ - Bოჰემიან რჰაპსოდყ, Eმმყ ჭინეჰოუსე, დანარჩენი ერთად შევარჩიეთ.
- ძალიან მაღალი დონის ვოკალისტებს შეგადარეს, ეს რა განცდა იყო?
- ისეთ ვოკალისტებს მადარებდნენ, შოკში ვიყავი. მათთან შედარება ნამდვილად, უდიდესი ბედნიერება იყო, ძალიან მიხაროდა.
- ვისმა შედარებამ გაგახალისა ყველაზე მეტად?
- ვინც დაასახელეს, არწივის მიღმა ყველა ძალიან მესიამოვნა, მაგრამ მამაკაცებთან შედარება ყველაზე სახალისო იყო: ნიკა კოჩაროვი, ამიკო ჩოხარაძე, აჩიკო სოლოღაშვილი, მიშა სულუხია. ანრი ამბობდა, ასე სიმღერა მარტო მე შემიძლია და არწივი ანრიაო (იცინის).
- არწივის კოსტიუმზე რას იტყვი, მასში თავს როგორ გრძნობდი?
- მძიმედ და მამაკაცურად (იცინის). საოცარი კოსტიუმი იყო, ბედნიერი ვარ, რომ არწივის კოსტიუმი მერგო. სიმძიმის მიუხედავად, ისე მომწონდა, მიხაროდა, რომ მეცვა.
- ანკა, სცენაზე ყოფნა შენთვის უცხო არ არის, მაგრამ როგორია, როცა შენიღბული გადიხარ?
- ეს ცალკე აზარტი იყო, რაზეც უარს ვერ ვიტყოდი. სცენაზე დგომა უცხო არაა, მაგრამ სცენაზე სიმღერა და ცეკვა გამოცდილი ნამდვილად არ მქონდა. ვფიქრობ, ყოველთვის ყველა ადამიანი სუბიექტურად ვაფასებთ ყველა არტისტს და ეს იყო შესაძლებლობა, რომ ობიექტურად, მხოლოდ ჩემი გამოსვლით, სიმღერით და მოძრაობით ისე შევეფასებინე მაყურებელს და ჟიურის, რომ არც ჩემი ვინაობა სცოდნოდათ და არც ჩემი წინაპრების (იცინის).
- როდესაც მასშტაბურ პროექტში ხარ ჩართული, ბუნებრივია, გაქვს სურვილი, ემოციები ახლობლებს გაუზიარო, ვინმეს რჩევა ჰკითხო, შენიშვნა მოისმინო... ამ შემთხვევაში ემოციების გაზიარებას ვერ ახერხებდი, ვერ ამხელდი, რომ ეს პერსონაჟი შენ იყავი. განცდების დატევა რთული არ იყო?
- პირდაპირ გეტყვი, ამ დროს განცდების დრო არ მქონია. პროექტის ჩაწერიდან ხან გადაღებაზე გავრბოდი, ხან რეპეტიცია მქონდა, ხან - სპექტაკლი და ძლივს ვასწრებდი. ბოლო სამი წლის მანძილზე ყველაზე დაძაბული ორი თვე მქონდა. ჩემმა მეუღლემ იცოდა. გადაცემიდან ჩემი პირადი პროდიუსერი ნინუცა ყაჩიაშვილი იყო. ამ ხნის განმავლობაში ერთად მშვიდად, კომფორტულად და მეგობრულად ვიყავით, დიდი მადლობა მას.
- ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა, ახლობლებმა... ნიღბის მოხსნამდე ვინმემ მოახერხა ამოცნობა? არ გირეკავდნენ და გეკითხებოდნენ, შენ ხომ არა ხარო? როგორც ვიცი, დედამ ვერ გიცნო.
- ყანჩელის სიმღერა რომ ვიმღერე და შემდეგ ეპიზოდებშიც დედაჩემს ამიკო ჩოხარაძე ვეგონე. გამზრდელ ბებიასაც სამი ტური კაცი ვეგონე და „საით მიდიხარზე" მიხვდა. თეატრის რამდენიმე მეგობარმა მიცნო. ბოლო ორ ტურში უკვე მწერდნენ, მაგრამ ვატყუებდი. დეიდაჩემი ნახევარფინალის წინ მიხვდა. მე მართლა მეგონა, ვინც მიცნობს, ყველა მიხვდებოდა, თურმე ვცდებოდი.
- ოჯახის წევრებისგან ამის დამალვა როგორ მოახერხე?
- არ მიფიქრია, რომ ქმრისთვის დამემალა. პირიქით, მეუღლე ხელს მიწყობდა, რომ სხვებისთვის დამემალა. გადაღებები თითქმის ყოველდღე მქონდა და იქ ნამდვილად მიჭირდა დამალვა. ერთხელ ჩაწერის გამო ძალიან დამაგვიანდა და ვერც ვერაფრით ვიმართლებდი თავს. გადაღება მაქვს ყოველდღე-მეთქი, ვამბობდი.
- თავად რომელიმე პერსონაჟის ამოცნობა შეძელი?
- დიახ, რამდენიმე პერსონაჟი ამოვიცანი. ახლა რომ ვუყურებთ და ვუსმენთ, ამოცნობა უფრო ადვილია. გადაახვევ, დააკვირდები. იქ მხოლოდ სიმღერა გვესმოდა სხვა მონაწილეების და ჟიურიმ რამდენიმე პერსონაჟი რომ ამოიცნო, ჩემთვის ესეც საოცრებაა.
- ნიღბის მოხსნიდან დღემდე, გამოხმაურება როგორია? გამორჩეულად რა დაგამახსოვრდა?
- გამოხმაურება ისეთი მოჰყვა, გუშინ ვამბობდი, მგონია, გამარჯვებული ვარ-მეთქი. ასე თუ გაუხარდებოდათ და გაუკვირდებოდათ, არ ველოდი და დიდი მადლობა ყველას, ვინც ასე გამახარა ზარებით და ამდენი თბილი სიტყვა მომწერა. ჩემთვის ბევრი მნიშვნელოვანი შეფასება მივიღე.
- ოჯახის წევრებმა რა გითხრეს? როგორი იყო შენი უფროსი შვილის რეაქცია?
- ჩემმა შვილმა მალე მიცნო და საიდუმლოს ბოლომდე მეგობრულად მინახავდა. ძალიან გაუხარდა და მგულშემატკივრობდა, ოჯახის წევრებთან არწივზე კი არა, პროექტზე სიტყვაც არ დასცდენია.
- ერთ-ერთ ინტერვიუში თქვი, სხვა პროექტში მონაწილეობას აღარ ვაპირებო, რატომ?
- აღარ მინდა პროექტები. ვერ ვხვდები, მეტი რა პროექტში უნდა გავიდე. „ცეკვავენ ვარსკვლავები“ და „ვინ ვინ არის“, ცეკვა, პლასტიკა, სიმღერით პერსონაჟის შექმნა ჩემს პროფესიასთან ძალიან ახლოსაა. პროექტები დიდად არ მიზიდავს, ის საქმე მომწონს, რასაც იმ პროექტში ვაკეთებ. ნერვიულობა და სტრესი, რომელიც პროექტებს თან ახლავს, ძალიან მძიმედ გადასატანია, ემოციური ადამიანი ვარ. მადლობა ყველა გულშემატკივარს.
თამუნა კვინიკაძე