ნინი მოხევიშვილის საზაფხულო არდადეგები - გზაპრესი

ნინი მოხევიშვილის საზაფხულო არდადეგები

"კომედი შოუს" მსახიობს - ნინი მოხევიშვილს გასარუჯად ლეღვის ნახარში არასოდეს გამოუყენებია, მაგრამ ყოველ ზაფხულს კანის დამწვრობა რუტინად აქვს ქცეული. ამბობს, რომ მზის სხივები აბედნიერებს და ზაფხული განსაკუთრებულად უყვარს...

- ზაფხული ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო სეზონია. დასვენებასთან ასოცირდება, მაგრამ სამსახურის გამო, ქალაქგარეთ გასვლას შაბათ-კვირასაც კი ვერ ვახერხებ. როგორც კი ზაფხული მოახლოვდება, რამდენიმე თვით ადრე ვგეგმავ, სად შემიძლია, რომ აგვისტოში დავისვენო. საერთოდ, მთის მოყვარული ვარ. თან, წარმოშობით მთიული გახლავართ. ყოველ წელს ვცდილობ, მთაში დავისვენო. თიანეთში სოფელი მაქვს. ზაფხულში იქ მივდივარ. შარშან ზღვაზე არ ვყოფილვარ. წელს მინდა, რამდენიმე დღით წავიდე. საერთოდ, მნიშვნელობა არ აქვს, მთაში ვისვენებ თუ ზღვაზე, 5 დღეზე დიდხანს ვერსად ვჩერდები. ჩემი ჰოროსკოპის გამოც (ზოდიაქოს მიხედვით, ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებული ვარ), რაღაცები ძალიან მარტივად მბეზრდება. თუ არჩევანის საშუალება მაქვს, დასასვენებლად მთაში წავიდე თუ ზღვაზე, აუცილებლად მთას ვამჯობინებ, თუნდაც - ნამზეურის მოყვარული გოგონას პოზიციიდან: მთის "ზაგარი" განსაკუთრებულად მომწონს, უფრო დიდხანსაც ვინარჩუნებ. მთაში დასვენება ჯანმრთელობისთვისაც კარგია...

- დასასვენებლად გამგზავრებამდე, ზაფხულის სიცხეს თავს სად აფარებ?

- აუზზე. შაბათ-კვირას ყოველთვის ვცდილობ, აუზზე ვიარო, მეგობრებთან ერთად. თუ ისინი ვერ დავითანხმე, მარტო მივდივარ. ნამზეურზე ვგიჟდები: 1-2 დღე მზის გულზე თუ ვერ გავედი, მგონია, მორჩა, "ზაგარი" "გადამივიდა" - აღარ მაქვს... საღამოობით, თუ ძალიან ცხელა ან ლისზე ავდივარ, ან - კუს ტბაზე ვსეირნობ.

- სოლარიუმსაც სტუმრობ?

- სოლარიუმში სიარულის გამო, ოჯახში "ომი" გვაქვს. აპრილში დაბადების დღე მაქვს. დაახლოებით 10 აპრილიდან სოლარიუმში დავდივარ, რომ დაბადების დღისთვის კანის კარგი ფერი მქონდეს. საერთოდ, ერთ ფერში გარუჯვა მიჭირს და სოლარიუმით იმიტომ ვიწყებ, რომ კარგი ბაზა მქონდეს. შემდეგ, მაისისთვის აუზის სეზონიც იხსნება და იქ დავდივარ. მოკლედ, "მზის გოგო" ვარ. ცუდ ხასიათზეც რომ ვიყო, როცა მზის გულზე დავჯდები თუ დავწვები, ისე კარგად განვიტვირთები ხოლმე, რომ ასე უკეთ ვერსად დავისვენებ. მზის სხივები მაბედნიერებს.

- შენს ცხოვრებაში, გარუჯვასთან დაკავშირებული რამე ინციდენტი ხომ არ მომხდარა?

- რა თქმა უნდა. უკვე შეგუებული ვართ, რომ ყოველ წელს დამწვრობასთან დაკავშირებული პრობლემები მექმნება (იცინის). საერთოდ, როცა სოლარიუმში შედიხარ, გაფრთხილებენ, რამდენი წუთით უნდა შეხვიდე. კი, ეს ყველაფერი ვიცი, მაგრამ შარშან, სოლარიუმში მეორე ვიზიტისას, 15 წუთით შესვლა გადავწყვიტე. მეორე ვიზიტისას 15 წუთი კატასტროფაა! გგონია, ეს არ ვიცოდი? ვიცოდი, მაგრამ ვიფიქრე, - მოდი, ვცდი, რა უნდა მომივიდეს-მეთქი? როგორც კი სოლარიუმიდან გამოვედი, კანის საშინელი დამწვრობა დამეწყო (საერთოდ, სოლარიუმიდან გამოსვლის შემდეგ, კანი დაფერვას დაახლოებით 24 საათის შემდეგ იწყებს და არა - მაშინვე). მოკლედ, ისეთი დამწვრობა მივიღე, რომ საავადმყოფოში ვიწექი. ლეღვის ნახარში და მსგავსი რაღაცები არასოდეს გამომიყენებია. მზის გულზეც და სოლარიუმში შესვლამდეც, კანზე დამცავ კრემს ვისვამ, მაგრამ იმ დღეს ყველაფრის გარეშე შევედი, თან - რეკომენდებულზე მეტი დროით. არ შემერგო - მაშინვე გადავტყავდი, მაგრამ 1 კვირის შემდეგ, ისევ სოლარიუმში წავედი (იცინის). ყოველ წელს კანის დამწვრობა ჩემთვის უკვე რუტინაა - მიჩვეული ვარ და სიმართლე გითხრა, აღარც განვიცდი. ყველაფერი წინასწარ მომარაგებული მაქვს, რაც შეიძლება, დამწვრობის შემდეგ კანზე წავისვა.

609b7edd-721e-4757-8a42-5c79748e4da7-1659427099.jpeg

- თმაზე როგორ ზრუნავ, რომ გარუჯვისას მზემ არ დაგიწვას?

- ბებიაჩემს საოცრად გრძელი და ჯანსაღი თმა ჰქონდა. თმის მოსავლელად მის რეცეპტებს ვიყენებ: ჭინჭრის ნახარშს, გვირილის ნაყენს მირჩევდა... ახლახან თმა გაფუჭებული მქონდა - შეღებვის გამო დამეწვა. ამ ნაყენებმა და ნახარშებმა ძალიან მიშველა. სხვათა შორის, ვატყობ, თითქოს თმის ცვენა დამეწყო. შეიძლება ეს სოლარიუმში გარუჯვას უკავშირდება. სახლში თუ ვიტყვი, რომ რამემ შემაწუხა, ჩემი ოჯახის წევრები მაშინვე სოლარიუმს უკავშირებენ, - აი, იქ რომ დადიხარ, მაგის ბრალიაო! ამიტომ ხმას ვეღარ ვიღებ... საერთოდ, თმასთან დაკავშირებული პრობლემები არ მაქვს. ბოლო დროს, თუ აუზზე დილით ვერ მივედი და დღის 3 საათისთვის მისვლა მომიხდა, აუცილებლად ქუდიც მახურავს და ბევრ დამცავ კრემსაც ვისვამ... რამდენიმე წლის წინ, ზღვაზე ყოფნისას, თმაზე "აბადოკის" გაკეთება გადავწყვიტე. რაღაცების ამოჩემება მჩვევია. ამ შემთხვევაშიც, რამდენიმე დღის განმავლობაში, "აბადოკს" ვიკეთებდი. შინ დაბრუნებული თმას ვიშლიდი. მესამე დღეს "აბადოკი" რომ მოვიხსენი და აღმოჩნდა, შუბლთან, კანის გარკვეული ნაწილი თეთრი იყო, ზემოთ და ქვემოთ კი - წითელი. თუ ინფარქტი არ დამარტყამდა, არ მეგონა!.. 10 დღის განმავლობაში, ზღვაზე სპეციალურად დავრჩი, რომ ნამზეური დამემატებინა. ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ შუბლის ის ადგილი, სადაც "აბადოკი" მეკეთა, ისევ თეთრად დარჩა. ისეთი სასაცილო ვიყავი, რომ იმ ზაფხულს "კეპკა" არ მომიხდია. ზაფხული ჩავიშხამე... დღემდე, ქუდსაც რომ ვიხურავ, მგონია, მსგავსი რაღაც დამემართება (იცინის).

- საცურაო კოსტიუმების მოდურ ტენდენციებს ყურადღებას აქცევ?

- ტენდენციებს არასოდეს ავყოლივარ. რასაც მოვიხდენ, მორჩა - ჩემთვის მოდური ის არის! საცურაო კოსტიუმების შეძენას ფერების მიხედვით ვიწყებ. ყველანაირი ფორმის მაქვს: ბიკინი, მთლიანი... აუზზე რამდენიმე საცურაო კოსტიუმი მიმაქვს: ერთს რომ ჩავიცვამ, შეიძლება, გზაში მივხვდე, რომ რაც მაცვია, ის არ მინდა და სხვა უნდა ჩავიცვა. ან შეიძლება, ფოტოს გადასაღებად კონკრეტული ადგილი მომეწონოს და მივიჩნიო, რომ იმ ადგილს მეორე საცურაო კოსტიუმი უფრო მოუხდება. შესაძლოა, აუზზე ყოფნისას, დღეში 3-ჯერ გამოვიცვალო. შედეგად, აუზზე გადაღებული სხვადასხვანაირი ფოტოები მაქვს და ვიყენებ (იცინის)... აქსესუარები ძალიან მიყვარს, მაგალითად - პარეო, სათვალე... დასასვენებლად ყველაფრით აღჭურვილი მივდივარ, რაც ზღვას სჭირდება.

- მთაში, ზღვაზე დროს როგორ ატარებ?

- თუ მშვიდად, წყნარად დასვენება, მთელი დღე წოლა და წიგნის კითხვა მინდა, სოფელში (თიანეთში) 1 კვირით მივდივარ, მერე - ყაზბეგში, მეგობრებთან ერთად. ყაზბეგში სასტუმროში აუზიც არის და მშვენივრად ვერთობით. წელს სვანეთის ნახვა ძალიან მინდა. იმედია, სურვილს ავიხდენ... ზღვაზე დასვენებას რაც შეეხება, ყოველდღიურად სადმე წასვლა, ცეკვა, დალევა არ მიყვარს. ძილის რეჟიმი მერღვევა, რაც ფსიქიკაზეც უარყოფითად მოქმედებს. თუნდაც, 5 დღით ზღვაზე დასვენება ჩემთვის ისეთი ბევრია, რომ დრო მჭირდება ძილის რეჟიმის, ნერვული სისტემის მოსაწესრიგებლად... გართობა ძალიან მიყვარს, მაგრამ - მინიმალურად. სადაც ვარ, მაინც ყველგან ვერთობი, ოღონდ - 1 დღეს მაგალითად, ვცეკვავ, მეორე დღეს - ვისვენებთ და ა.შ.

- საკურორტო რომანები თუ გქონია? სერიოზულ ურთიერთობაში გადაზრდილა?

- შარშან, ყაზბეგში ყოფნისას ერთი ძალიან კარგი ადამიანი გავიცანი. თავდაპირველად, თითქოს ერთმანეთი მოგვეწონა, მაგრამ ახლა მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, ერთმანეთისგან რჩევებს ვიღებთ... ჩვენი ურთიერთობა სიყვარულში არ გადაზრდილა. თავდაპირველად ვფიქრობდით, შეიძლებოდა, ყაზბეგს ჩვენი სასიყვარულო ურთიერთობისთვის საფუძველი ჩაეყარა, მაგრამ - არა. საკურორტო რომანის შემთხვევა ზღვაზე ყოფნის დროსაც არ მახსენდება. შეიძლება, ვინმესგან ჩემ მიმართ ამის მცდელობა ყოფილა, მაგრამ ინიციატივა არ გამომიჩენია, რომ რომანში გადაზრდილიყო: რაც იმ დღეს ხდებოდა, იმ დღესვე მთავრდებოდა.

- პლაჟზე საკითხავი ლიტერატურა თუ გაქვს შერჩეული?

- საერთოდ, კითხვისას ვითიშები, მეძინება... ერთხელ ზღვაზე წიგნის წაკითხვა გადავწყვიტე, ჩამეძინა და სერიოზული დამწვრობა მივიღე. ბოლო დროს, ზღვის გულზე წოლისას, ტელეფონით გამყავს დრო: "ტიკ-ტოკს" ან "ინსტაგრამს" "ვსქროლავ" და დროც მარტივად გადის, არც მეძინება (იღიმის).

- კარგად ცურავ?

- არა, წყლის მეშინია. ბავშვობაში ცურვაზე მიმიყვანეს. პირველივე დღეს, ცურვის ინსტრუქტორმა გადაწყვიტა, რომ ღრმა წყალში ჩავეგდე და თავად გამომეცურა, მაგრამ გამოვცურე კი არა, ისე ცუდად გავხდი, ლამის "სასწრაფო" დამჭირდა. მას მერე წყლის შიში დამჩემდა...

- მოზრდილ ასაკში, ამ შიშის გამო, საფრთხე ხომ არ შეგქმნია?

- კი. 17 წლის ასაკში, თურქეთში დასასვენებლად ვიყავი. 3-განყოფილებიანი აუზში ჩავედი, სადაც შესვლისას წყალი ჯერ წელამდე გფარავდა, შემდეგ - ყელამდე, მერე კი - სრულად. მეგონა, აუზს ყველა ადგილას ერთი და იგივე სიღრმე ჰქონდა და პირდაპირ სიღრმეში გადახტომა გადავწყვიტე. ჩავხტი და აუზის ფსკერს ფეხი რომ ვერ დავადგი, პანიკა დამეწყო. ვეღარ ვმოძრაობდი. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, თავს ვიხრჩობდი (იცინის). გადავრჩი - ხალხმა ამომიყვანა. მას მერე, მხოლოდ საბავშვო აუზებში ჩავდივარ.

cbaf2900-d9e9-4f69-876a-d429e1192282-1659427085.jpeg

- უფროსების მეთვალყურეობის გარეშე, პირველად როდის დაისვენე?

- სკოლა რომ დავამთავრე, 6-7 კლასელი რაჭაში წავედით. უმაგრესი დრო გავატარეთ. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული გამოცდების ქულებს ველოდებოდით და ვნერვიულობდით, მაინც იდეალური ზაფხული მქონდა. რაჭიდან დაბრუნებული ბათუმში გავემგზავრე, ამჯერად - სხვა მეგობრებთან ერთად. მაშინ დაახლოებით 18 წლის ვიყავი. ისე, მანამდეც, მამიდაშვილ-ბიძაშვილებთან ერთად, ზღვაზე სულ მარტო დავდიოდი.

- საქართველოს ფარგლებს გარეთ დასვენებაზე რას გვეტყვი?

- ზაფხულში თურქეთში ვარ ნამყოფი. ზამთარში იტალიაში ვიყავი, მაგრამ მართლა მიმაჩნია, რომ ადამიანს იტალიის ნახვა თუ გინდა, ზაფხულში უნდა ესტუმრო, რადგან ამ დროს ყველაფრით იდეალურია. პირადად მე, ისე დავამთხვიე, რომ ახალი წლის დღესასწაულს იქ შევხვედროდი, მაგრამ ძლიერი სიცივის, ყინვის გამო, სიამოვნება ვერ მივიღე. სექტემბერში ესპანეთში წასვლას ვგეგმავ. ვნახოთ, თავს როგორ მოვაბამ...

ეთო ყორღანაშვილი