რის გამო დააყენა მსახიობმა კითხვის ნიშნის ქვეშ თავისი 17-წლიანი კარიერა - გზაპრესი

რის გამო დააყენა მსახიობმა კითხვის ნიშნის ქვეშ თავისი 17-წლიანი კარიერა

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი ივანე ქურასბედიანი სოლიდარობას უცხადებდა როგორც უკრაინელ ხალხს, ისე თავის სამშობლოს ყველა დამცველს და პროტესტის ნიშნად, იმ დღიდან მოყოლებული, უარს ამბობდა სპექტაკლები რუსულ ენაზე ეთამაშა. ივანე ქურასბედიანი 2005 წლიდან დღემდე, აღნიშნული თეატრის დასის წევრია და არაერთი როლი შეასრულა გრიბოედოვის თეატრის სცენაზე, 2007 წლიდან კი თავისუფალი თეატრის წარმოდგენებში მიწვევით მონაწილეობს. სპონტანური ნაბიჯი თუ ღრმად გააზრებული გადაწყვეტილება, დღევანდელი კულტურის პოლიტიკა და ჩვენი ქვეყნის გეზი - ეს ჩვენი საუბრის მთავარი თემები გახლდათ.

- ომი რომ დაიწყო, ცოტა ხანს სპექტაკლებში ვთამაშობდი და ეს ძალიან, ძალიან მაწუხებდა. თითქოს არაფერი ხდებოდა, არაფერს ვიმჩნევდით. მას შემდეგ, რაც ბუჩას ფოტოები ვნახე, ეს ჩემთვის იმდენად შემზარავი აღმოჩნდა, რომ საბოლოოდ გამომაფხიზლა და ვეღარ გავჩერდი. ჩემს მეგობარ ალექს მელიქოვს ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ვუამბე და ვიდეოს ჩაწერა ვთხოვე. წინასწარ დავწერე ტექსტი, რადგან არ მინდოდა იმპროვიზებული ყოფილიყო; მსურდა ხაზგასმით დამეფიქსირებინა ჩემი პროტესტი და პოზიცია. ვიდეოში რუსულ ენაზე ვლაპარაკობ, რადგან ყველა ჩემი რუსულენოვანი მეგობრისთვის გასაგები იყოს. მინდოდა ჩემს ტექსტს ჰქონოდა სუბტიტრებიც. დედაჩემი თარჯიმანია და ტექსტი ინგლისურად მას ვათარგმნინე, ხოლო უკრაინულად ჩემს უკრაინელ მეგობარს. ვიდეო 6 აპრილს გამოვაქვეყნე და იქ აღვნიშნავ, რომ სპექტაკლებს რუსულ ენაზე აღარ ვთამაშობ მანამ, სანამ მიმდინარე სამხედრო დანაშაული და გენოციდი უკრაინელი ხალხის გამარჯვებით არ დასრულდება. თეატრში განცხადებაც დავწერე და უხელფასო შვებულებაში ვარ. იქაც ასეა მითითებულია სანამ რუსეთ-უკრაინის ომი არ დასრულდება უკრაინის სასარგებლოდ, სცენაზე არ დავბრუნდები.

- 17-წლიანი სტაჟი ცოტა არ არის. რთულია, თეატრს ერთი ხელის მოსმით დაემშვიდობო და იმედია, ეს დროებითია...

- მართლა ძალიან ძნელია. ამ თეატრს უამრავი რამ შევწირე, თუმცა ბევრიც მომცა და ამისთვის მადლიერი ვარ. გრიბოედოვის თეატრში არაერთ ცენტრალურ სპექტაკლში მაქვს ნათამაშები ასეთივე როლები, თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი და ერთ-ერთი საუკეთესო ხელფასიც მქონდა, მაგრამ სინდისის ქენჯნა ვიგრძენი. შეიძლება ჩემი გადაწყვეტილება სპონტანური იყო, ერთმნიშვნელოვნად ემოციურ ფონზე გაკეთებული, მაგრამ ამავდროულად ისიც ვიცი, რომ სხვაგვარად მოქცევა არ შემეძლო. სანამ ვიდეოს გამოვაქვეყნებდი ბევრი ვიფიქრე. მიუხედავად ყველაფრისა, მიყვარს ეს თეატრი, იქ 21 წლის ბავშვი მივედი და ახლა 38 წლის კაცი ვარ, მაგრამ ეს მაინც გავაკეთე.

- რუსეთ-უკრაინის ომამდე დავკარგეთ სამაჩაბლო, აფხაზეთი. დავუშვათ ახლა უკრაინამ გაიმარჯვა, ჩვენი ტერიტორიები ხომ მაინც ოკუპირებულად დარჩება? რუსულ ენაზე თამაში ხომ მაინც მოგიწევს?

- მესმის, რომ მანამდე იყო აფხაზეთი, სამაჩაბლო, ჩეჩნეთი, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, მაშინ რომ არ შევიმჩნიეთ, ახლაც იგივე შეცდომა დავუშვათ?! არ შევიმჩნიო, რა ხდება უკრაინაში?! „2008 წელს სად იყავი?!“ - ბევრი მეკითხება. იმ დროს 14 წლით პატარა, თეატრში 3 წლის მისული, უფროსების აზრებისა და რიტორიკის დიდი გავლენის ქვეშ ვიყავი. შეიძლება ისიც ითქვას, რომ მაშინ კარიერულმა ამბიციებმა მძლია. ვფიქრობდი, მე მსახიობად აქ უნდა ჩამოვყალიბდე, ჩემი სათქმელი ამ თეატრის სცენიდან ვთქვა, ეს 170 წლის თეატრია და ა.შ. თან, სულ მესმოდა, კულტურა და პოლიტიკა ერთმანეთთან კავშირში არ არისო, მაგრამ რატომღაც, სულ ისე ხდება, რომ გადამწყვეტ მომენტებში ისინი იკვეთებიან... რაც შეეხება დაკარგულ ტერიტორიებს, არსებული მთავრობის ხელში ვერაფერს დავიბრუნებთ, პირიქით, შეიძლება რაღაცები კიდევ გადაულოცონ. ნორმალური, პატრიოტი და პროგრესზე ორიენტირებული ხელისუფლების ხელში კი, ქვეყანა ისე განვითარდება, აფხაზეთი და ოსეთი ავტომატურად, თავად გვთხოვს ყველაფერი ისევ ისე იყოს, როგორც უწინ.

- ვინ როგორ შეხვდა შენს გადაწყვეტილებას და დღეს იმ სპექტაკლებში, სადაც თამაშობდი, შენი სხვა მსახიობით ჩანაცვლება მოხდა?

- ოჯახის წევრებისგან დიდი მხარდაჭერა მქონდა, დედაჩემმაც ძალიან იამაყა ჩემი ამ ნაბიჯით და ახლაც ემოციურად ძალიან მოქმედებს, როცა ამ თემაზე ვსაუბრობ. რაც შეეხება თეატრს, ჯერ არ ვარ ჩანაცვლებული. თამაშზე უარი რომ ვთქვი, ორი სპექტაკლი უკვე დანიშნული იყო და მაშინ ჩემს ნაცვლად როლებზე სასწრაფოდ ორი კოლეგა „შევიდა“. მომავალში რეპეტიციები რომ დაინიშნება, შეძლებისდაგვარად დავეხმარები ყველას, რადგან მათი გულშემატკივარი ვარ. 2008 წელს მე ვერ გავბედე ასე მოქცევა, შეიძლება დღეს ჩემი კოლეგა ვერ ბედავს, მაგრამ ხვალ მოსალოდნელია მანაც იგივე ან მეტიც გააკეთოს.

- და ელოდი კოლეგების მხრიდან იმავე ნაბიჯსა და სოლიდარობას?

- მე არავისთან არაფერი შემითანხმებია. ჩემს პოზიციას არ ვცვლი. თავისუფალი ადამიანი ვარ. ყველამ იცის სამართალი რომელ მხარესაა, იმათმაც, ვინც მეწინააღმდეგებიან ან ვისაც ჩემგან ეს ნაბიჯი სწყინს. თეატრში რომ მივედი, ვთქვი: გააპროტესტეთ, არ ვითამაშოთ, რა, ყველას გაგვყრიან და ახალ რუსულ დასს შეკრებენ?! არა, ასე არ მოხდება, რადგან ეს სწორი პოზიციაა და უკრაინაში ეს განუკითხაობა უნდა დასრულდეს-მეთქი, მაგრამ ასე არ მოხდა, ერთსულოვნება არ იყო. ალბათ ბევრი ფიქრობს, „რა ქნა ახლა ამან? რა გამოხტა? ამით რა მოიგო?!“ არაფერი მომიგია, პირიქით, ჩემი საყვარელი პროფესია აღარ მაქვს, მაგრამ ფაქტია, ძველებურ რეჟიმში თეატრში მუშაობას ვეღარ შევძლებდი.

1-copy-1659427452.jpg

- შესაძლოა პროტესტის განცდა და სურვილიც ბევრს ჰქონდეს, მაგრამ არსებობს მთელი რიგი ფაქტორები, რომლის გამოც რადიკალური ნაბიჯების გადადგმა ჭირს და ამაში ვგულისხმობ ფინანსურ საკითხს, ვალდებულებებს ოჯახის წინაშე და ა.შ. ვიცი, ბევრს ვმუშაობ და თან, რამდენიმე ადგილას. თეატრის გარდა, დამატებითი შემოსავალი რომ არ გქონოდა, მაინც ასე მოიქცეოდი?

- ფრილანსერი ვარ, გახმოვანება, ღონისძიებების წაყვანა, გამიკეთებია რამდენიმე ივენთის ორგანიზება და ახლა ვაპირებ ერთ-ერთ სარეკლამო სააგენტოში სტაჟირება გავიარო სოც-მედიისა და მარკეტინგის მიმართულებით. კი, თეატრს გარეთ შემოსავლებმა დიდი სივრცე მომცა ნახტომისთვის, მაგრამ მხოლოდ ფინანსური თემა გადამწყვეტი არ ყოფილა... 2016 წელს ვითამაშე სპექტაკლში „მე - ნიკოლაი გუმილიოვი!“ ძალიან მაგარი სპექტაკლია და ყალბი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, მეც კარგი ვარ. სანამ ომი დაიწყებოდა, უკვე ვიცოდი, რომ ის ჩრდილოეთ მაკედონიაში, სკოპიეში მონოსპექტაკლების ფესტივალზე უნდა წაგვეღო. იქ წასვლა ძალიან მინდოდა, მაგრამ გასტროლის გამო გავჩუმებულიყავი?! არ შემიძლია იმას ვემსახურო, რაც არ მომწონს, თავს ცუდად ვგრძნობ. სპექტაკლში ერთგან ლექსში ტექსტი მაქვს; „ზოლოტოე სერცე რასიი, მირნა ბიოტსა ვ გრუდი მაიეი“. ეს სპექტაკლი უჟგოროდში რომ ვითამაშე, ეს სტროფი ვერ ვთქვი და ამოვიღე. და ახლა როგორღა მეთქვა?!

- გაჩნდება კითხვაც, იქნებ თეატრი მოგბეზრდა და ხმაურიანი გზით გადაწყვიტე მასთან განშორება?

- არ მომბეზრდა, საქმე სხვა რამეშია, დღევანდელ თეატრში ბევრი რამ არ მომწონს და ზოგადად, კულტურის სფეროში. ამას ავხსნი: არ მომწონს ბატონობის სისტემა და ერთმანეთში პირფერობა.

- თუმცა ეს ხომ ოდითგანვე ასე იყო... კიდევ რა არ მოგწონს დღევანდელ მმართველობაში?

- ვთვლი, რომ პრორუსული მთავრობა გვყავს. 2021 წლის ოქტომბერში იაროსლავში ფესტივალზე ვიყავით და დასის პატივისცემის ნიშნად, მას საქართველო ხსნიდა.

საერთოდ, უნდა ვაღიარო, რომ რუსეთში მაყურებლისგან ყოველთვის დადებითი ენერგია მოდიოდა, გვაფასებდნენ და ეს ძალიან სასიამოვნო იყო მანამ, სანამ ეს ხოცვა-ჟლეტა არ მოხდებოდა, ამ ომმა ყველაფერ კარგს ხაზი გადაუსვა. მოკლედ, გახსნის ცერემონიალია, კულისებში კოსტიუმებში ვდგავართ და სცენაზე მყოფნი აცხადებენ, თუ რომელი თეატრები არიან ფესტივალზე ჩამოსული. ჩამონათვალში ჩვენ და აფხაზეთი ცალ-ცალკე ქვეყნებად გამოგვაცხადეს. ამაკანკალა. ვიფიქრე, ახლა ის მომენტია, რომ პრინციპულად დავდგე და თქვა, სპექტაკლს არ ვითამაშებ, ჩავშლი, მაგრამ მაშინ ვერ გავბედე. ძალიან ძნელია, რომ ის ადამიანები, ვისთანაც წლებია ხარ, ვისაც უყვარხარ და საქმეც, რომელსაც ემსახურები, უცბად, ერთიანად მოიწყვიტო. მთავარი ისაა, რომ აფხაზეთისა და ჩვენი ცალ-ცალკე გამოცხადება არსად არავინ შეიმჩნია და სამწუხაროდ, ეს სიტყვები ყველამ გაატარა. აი, ამიტომ ვამბობ, რომ ბატონობისა და თავის დახრის სისტემა უნდა მოიშალოს, არ შეიძლება ასე ვიცხოვროთ კიდევ წლები.

- დღევანდელ კულტურის მინისტრს ბევრი უწონებს ქართულ თეატრალურ სფეროში განხორციელებულ რეფორმებს, ასევე გარემონტდა შენობები, ბევრი პროექტი და გასტროლი დაფინანსდა. ის სულ დადის პრემიერებზე და თეატრალების დიდი ნაწილი ამბობს, რომ ამდენი კარგი ამ დარგში, არც ერთი კულტურის მინისტრის დროს არ მომხდარა...

- ფინანსური თვალსაზრისით რა თქმა უნდა, გაკეთდა, მაგრამ არტი მარტო მატერია არ არის. სამაგიეროდ, ისჯებიან მსახიობები, რომლებიც ოპოზიციური მოსაზრებებით გამოირჩევიან. ამ მდგომარეობას კი არავინ აპროტესტებს. და რა, რომ მინისტრი პრემიერებზე დადის? ნუ ივლის, ამით შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ კულტურაზე ზრუნავს?! პარალელურად ამისა, მუზეუმებიდან პროფესიონალ თანამშრომლებს უშვებს და სალომე ჯაშის ფილმს ბლოკავს, რომელიც არც კი უნახავს, მაგრამ სმენია, რომ „ბატონს“ შეეხო... ყველაფერზე რადიკალური პროტესტი უნდა გამოითქვას. არტისტული ერი, მეტ-ნაკლებად ნიჭიერი ხალხი ვართ, უამრავი თანამედროვე ტრენდი არსებობს, ათასი საინტერესო საქმის გაკეთებაა შესაძლებელი და თუ მოვინდომებთ, ჩვენს ჭიას ყველგან გავახარებთ.

- ფიქრობ, რომ კულტურის სფეროს წარმომადგენლების „ფეისბუკი“ კონტროლდება? ვინ რას წერს, ვინ რას იწონებს, ადამიანები ამის მიხედვით ხდებიან პრივილეგირებულნი ან პირიქით?

- არ ვიცი. გამოხატვის თავისუფლება მაქვს და საკუთარი აზრის პირდაპირ დაფიქსირებას არ ვერიდები. რაც არ მომწონს, ყოველთვის ღიად ვამბობ, რომ ეს არის დეგრადაცია, დესტრუქცია და ფსკერი. ჩინოვნიკები მაქსიმ გორკის ნაწარმოების - „ფსკერზე“ პერსონაჟებივით არიან. დესტრუქციული და პირად ინტერესებზე ორიენტირებული მთავრობა გყავს, რომელსაც ქვეყნის მთავარი ფასეულობები აქვს გაქარწყლებული.

30688476-10216286486982983-6692741112362172416-o-1523621054-1024x624-copy-1659427439.jpg

- ზევით პროგრესზე ორიენტირებული მთავრობა ახსენე და დავაკონკრეტოთ, როგორი ხელისუფლება გსურს რომ გვყავდეს და ან ვინმე თუ წარმოგიდგენია ქვეყნის მმართველობის სადავეებთან, ლიდერად?

- პირველ რიგში, მინდა დავაფიქსირო, რომ მიშა არ მევასება, მოძალადე და ბანდიტია. ასევე, არ მომწონს ბიძინა. პირველი ჩემთვის არის ფაშიზმი, ხოლო მეორე - კომუნიზმი. ახლა რასაც ვიტყვი, ბევრს არ მოეწონება, მაგრამ არ მოვერიდები. როგორც ერთ ქართველ მოქალაქეს, ნდობის განცდა მაქვს ზურა ჯაფარიძისადმი. არ მაინტერესებს მისი წარსული და როგორ იმოქმედებს ხვალ, მაგრამ დღეს მე ის ყველაზე გასაგებ ენაზე მელაპარაკება და პროგრესზე ორიენტირებულ მესიჯებს სწორედ მისგან ვისმენ. შეცდომები მოსდის, ზოგჯერ არასერიოზულ ნაბიჯებს დგამს და ამაზე გული მტკივა, მაგრამ ქულებს არ იწერს იმით, რომ საზოგადოების დაშტერებულ სეგმენტთან დადის, ფოტოების გამო ქუჩა-ქუჩა არც ბებოებს ეხუტება და არც ოჯახის წევრებთან დგამს ფოტოსესიებს. პირდაპირი, ხისტი ტიპია და ვფიქრობ, ზურა ჯაფარიძე უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი. ახალ თაობას ხიბლავს. ახლა ელექტორატი ცოტა ჰყავს, რადგან მის ამომრჩეველს ამ ეტაპზე ხმის უფლება არ აქვს, ამიტომ ვფიქრობ, ის მომავლის პოლიტიკოსია.

დაბოლოს, ასე ვიტყვი: შეიძლება დუმილი კომფორტულია, მაგრამ პროტესტს ყოველთვის აქვს აზრი!..

ანა კალანდაძე