“ჩემი ბაჯაღლო გულის კაცი, ცარიელი გული, უღალატო” - გზაპრესი

“ჩემი ბაჯაღლო გულის კაცი, ცარიელი გული, უღალატო”

მომღერალი მამუკა ონაშვილი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 30 ივლისს, ნატახტარში მომხდარი ავტოავარიის შემდეგად მძიმედ დაშავდა და პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მომღერალს მახათას მთაზე, ახალ პანთეონში დაკრძალავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას მისი მეგობარი ბესო ჩუბინიძე ავრცელებს.

მამუკა ონაშვილის გარდაცვალებამ საზოგადოება განსაკუთრებულად დაამწუხრა. მუსიკოსმა გია ბაღაშვილმა სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა:

“აღარ მყავს ჩემი მამუკა! ჩემი ბაჯაღლო გულის კაცი, ცარიელი გული, უნიჭიერესი, უღალატო, თბილი, სიყვარულით სავსე...

ეს რა ქენი, ბიჭო?! როგორ გამოგვეცალე, ძმაო! მოგიკვდეს ჩემი თავი! ცრემლები მახრჩობს...

გახსოვს, “კოვიდი” რომ დაგემართა, აქეთ რომ გვამშვიდებდი, არაფერი მომივა, ამან რა უნდა მიქნასო... გახსოვს, პალატაში ცხელი ელარჯი რომ ამოგიტანე, შენ რომ ზეწარი აიფარე და საწოლის ქვეშ შეძვერი არ გადაგედოსო... გახსოვს, დოიჯას ამბებს რომ ვიხსენებდით, სულ იმას იმეორებდი, როგორ დამტოვაო... გახსოვს, სტუმრები რომ გყავდა, თამადა იყავი, ბანკეტიდან ფილარმონიაში კონცერტზე მკვდარი რომ მოხვედი და მთხოვე, აზრზე რომ მოვიდე, ამ ვისკის ბოთლს ჩავცლი და სცენაზე გამიშვი, არაფერი შემეშლებაო... რომ გაგიშვი და მართლა არაფერი შეგშლია...

შენ არასოდეს, არავისთან არაფერი შეგშლია! კაცურად იცხოვრე და კაცის სახელით წახვედი!.. მაგრამ რატომ ასე ადრე?!. რატომ?!.

გენაცვალე, მამუკა, ღმერთმა დაგიმკვიდროს სასუფეველი ჩემო უსაყვარლესო ძმაო!..”

ჩვენს არქივს მომღერლის არაერთი ინტერვიუ შემორჩა. ბავშვთა დაცვის დღეს დაბადებული და როგორც თვითონ ამბობდა - დიდ ბავშვად დარჩენილი მამუკა ონაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებდა მის ცხოვრებაში პირველად მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

“ძალიან ცელქი და მოუსვენარი ბავშვი ვიყავი - ერთ ადგილზე დიდხანს გაჩერება არ შემეძლო. სხვათა შორის, ეს თვისება დღემდე გამომყვა. დავდიოდი ცურვაზე, ხატვაზე, თეატრალურ წრეზე. მინდოდა, თეატრალურში ჩამებარებინა და მსახიობი გამოვსულიყავი, მაგრამ მოგვიანებით, აზრი შევიცვალე. ალბათ, ეს იმ გარემოს ბრალი იყო, რომელშიც მიწევდა ყოფნა. მამაჩემი, გენო ონაშვილი სახელმწიფო ორკესტრ “რეროს” სოლისტი გახლდათ. ხშირად რეპეტიციასა და კონცერტზე მასთან ერთად მიწევდა ყოფნა და... სიმღერამ გამიტაცა...”

“რუსულ ბაღში ვსწავლობდი, სადაც ჩემი პედაგოგი ლუბა სემიონოვნა გახლდათ; სკოლაში კი, ჩემი პირველი მასწავლებელი ვერა სანიკიძე იყო. მართალია, ცელქი ბავშვი ვიყავი, მაგრამ მათ არ ვაბრაზებდი და არც ცუდ აღსაზრდელად თუ მოსწავლედ ვითვლებოდი...”

“ბაღში ერთი რუსი გოგონა შემიყვარდა. მას რომ დავინახავდი, თვალები მიბრწყინავდა ხოლმე. მივიდოდი, ცხვირს ცხვირზე მივადებდი და მეგონა - ვკოცნიდი (იცინის). მაშინ, იმდენად პატარა ვიყავი, რომ მასთან ურთიერთობის მომენტები კარგად აღარ მახსოვს. რასაც ჰქვია პირველი სერიოზული სიყვარული - ეს უკვე ჩემი მეუღლე, ირინა ჩიხლაძე გახლავთ. ღმერთს მადლობას ვწირავ ამ სიყვარულისთვის...”

“სიყვარულს დიდი ძალა აქვს და შეიძლება, ბევრი სისულელეც ჩაგადენინოს. ასეთი მომენტები ჩემს ცხოვრებაშიც ყოფილა, მაგრამ ახლა ვერ ვიხსენებ...”

“მაშინ არსებობდა ბიგბენდი “ნია”, რომელსაც ნოდარ ნიკოლაიშვილი ხელმძღვანელობდა. ჩემი შესრულებული პირველი სიმღერა, გოგი ცაბაძის “საქართველო” გახლდათ. როცა სცენაზე პირველად გამოვედი, უჩვეულო განცდა დამეუფლა: ფარდა რომ აიხადა და ხალხი დავინახე, საშინლად დავიბენი, მიკროფონიანი ხელი ამიცახცახდა. ორკესტრმა შესავალი ხელმეორედ დაუკრა, როგორც იქნა, მეც გავბედე და დავიწყე სიმღერა. მერე, წავიდა და წავიდა...”

“დიდი სიამოვნების, პასუხისმგებლობისა და შიშის გრძნობა ერთდროულად დამეუფლა, როცა ტაში დამიკრეს. პროფესიონალურ სცენაზე პირველად, 1994 წელს გამოვედი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორი ემოცია წამოვა დარბაზიდან. დიდი მადლობა ჩემს მაშინდელ მსმენელს - მათ, ვისგანაც პირველად მივიღე აპლოდისმენტები და მათაც, ვინც ამ ფორმით ჩემში დადებით მუხტსა და ენერგიას დღესაც აღძრავს...”

“პროფესიით მხატვარ-რესტავრატორი ვარ. სანამ ჯარში წავიდოდი, დედაჩემის მეგობარმა მუშაობა დამაწყებინა სამშენებლო დაწესებულებაში, სადაც დეკორაციებს ვაკეთებდი და იმ დროისთვის, დიდი ფული - 400 მანეთამდე ავიღე. იმ დღესვე, ჩემს მეგობრებთან ერთად, თავი ზღვაზე, ლაზარევსკოეში ამოვყავი. ფული მათაც ჰქონდათ და იქ დიდხანს დავრჩით... რაც შეეხება პირველ ჰონორარს, ბათუმში ჩატარებულ კონცერტში 200 დოლარი ავიღე.

მე იმ ფულის თბილისში წამომღები ვიყავი?.. შემოვიკრიბე მეგობრები და გემრიელად ვიქეიფეთ...”

“პიონერთა ბანაკში ვისვენებდი. ბიჭები ეწეოდნენ. მეც დავინტერესდი და პირველად იქ გავაბოლე - “მზიური”. მერე, თანდათან შევეჩვიე და გარკვეული დროის განმავლობაში, მალულად ვეწეოდი. ერთხელ, სიგარეტის გამო რა დამემართა, იცი?.. მამაჩემმა საზღვარგარეთიდან ჩამომიტანა თეთრი კოსტიუმი; მაშინ არ იცოდა, რომ ვეწეოდი. ერთ მშვენიერ დღეს, მეგობრებთან ერთად ვდგავარ მაშინდელი ლენინის მოედნის მეტროსთან, თეთრ კოსტიუმში გამოპრანჭული და გემრიელად ვაბოლებ... მა-მუ-კა! - მომესმა უეცრად მამაჩემის ხმა. მივტრიალდი და რას ვხედავ? მამას მანქანა ტროტუართან გაუჩერებია, კარი ნახევრად ღია აქვს და მეძახის. სიმწრისგან სიგარეტი ხელში მოვჭმუჭნე, ჯიბეში ჩავიდე და მამაჩემისკენ მშვიდი ნაბიჯებით წავედი. აქ რა გინდა, რას აკეთებ, ვისთან ერთად ხარო? - გამომკითხა. ვუპასუხე: არაფერს, მალე მოვალ-მეთქი. თან ვცდილობდი, სიმშვიდე შემენარჩუნებინა, თან გამწარებული ვიყავი, ვგრძნობდი, რომ ბოლი ამდიოდა. მამაჩემი კი არ ჩქარობდა წასვლას, განზრახ მაყოვნებდა... ახლა მეცინება, რომ ვიხსენებ, მაშინ კი გამწარებული ვიყავი, მეგონა, ჯიბეში ჩამქრალი სიგარეტი ჩავიდე, თურმე ანთებული ყოფილა. ამ ამბავს თეთრი კოსტიუმიც შეეწირა და ჩემი საიდუმლოც გამჟღავნდა... მერე, სახლში მითხრეს: ჩუმად როდემდე უნდა ეწეოდეო? - და ნება დამრთეს...”

“კლასელები დაბადების დღეებზე ვიკრიბებოდით ხოლმე. მართალია, მაშინ მშობლები ჩვენს სუფრაზე ალკოჰოლური სასმელების დადგმაზე არ ზრუნავდნენ, მაგრამ ჩვენ ვზრუნავდით - ოღონდ, მალულად. ვსვამდით ცოტას - იმდენს, რომ არ დავმთვრალიყავით. პირველად, კაცურად სკოლის დამთავრების შემდეგ არყით დავთვერი. მთელი კვირა ცუდად ვიყავი. მაშინ, თავში ერთი მურტალი აზრი მომივიდა (იცინის). ვთქვი, ჩემს სიცოცხლეში არაყს აღარასოდეს დავლევ-მეთქი, მაგრამ რას არ დალევ?! გავიდა ერთი კვირა და ჩემი ნათქვამი დამავიწყდა. დღეს სუფრა და მეგობრები, ჩემი ცხოვრების ყოველდღიური წესია....”

“მოჩხუბარი არ ვიყავი, მაგრამ ხომ იცი - ცხვარი ცხვარია, მაგრამ თუ გაცხარდა, ცხარიაო: თუ არ შემეხებიან, მეც არავის შევეხები... პატარ-პატარა ჩხუბები მქონია სკოლაშიც, უბანშიც, მაგრამ დღეს ცუდად არ მახსენდება. ზოგიერთებთან, ვისთანაც ბავშვობაში ვჩხუბობდი, ახლა ვმეგობრობ”.

“პირველად როდის ვიგრძენი თავი იმედგაცრუებულად, ამას ვერ ვიხსენებ. მეგობრის ღალატის სიმწარეც მაქვს განცდილი. ეს ყველაზე ცუდი მომენტია ცხოვრებაში. პიროვნებას, რომელსაც შენს გულსა და სულს ანდობ, ის კი - გიღალატებს, სასწრაფოდ უნდა დაშორდე. ამ საკითხზე უფრო კონკრეტულად ლაპარაკს ნუ მომთხოვ...”

ერთ-ერთ ინტერვიუში მამუკა ონაშვილი მეკვლეობის ტრადიციაზე საუბრობდა:

“მართალია, ამბობენ, - პუტკუნა მეკვლეებს კარგი ფეხი აქვთო, მაგრამ გამხდარი იქნები თუ მსუქანი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, კარგი ადამიანი იყო და მასპინძლის ოჯახში სიკეთე და მხიარულება შეიტანო! ცუდი მეკვლე ნამდვილად არ ვარ, რადგან სადაც შევდივარ, ყოველთვის კარგი განწყობილება შემაქვს. ვცდილობ, მასპინძლები კარგ ხასიათზე დავაყენო...”

მართლაც, ეს ადამიანი კარგ ხასიათზე აყენებდა გარშემო მყოფებს, მუდამ მხიარული ჩანდა და გეგონებოდა, სატკივარი არაფერი ჰქონდა...

ბოლო დროს ხატვით იყო გატაცებული. ამბები.გე-სთვის მიცემულ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ამბობდა კიდეც:

“ასე უცებ რაღაცების გაკეთება მომინდა, - სახლში ძველი საღებავები, გუაშებიც აღმოვაჩინე. თვითნასწავლი ვარ. ბავშვობაში რაღაცას ჩემთვის ვხატავდი, მაგრამ ამ საქმისთვის ხელი სერიოზულად არასდროს მომიკიდია. მოკლედ, ავიღე ქაღალდი, ის გუაშები და ხატვა დავიწყე, ნამუშევრები ვინც ნახა, ცუდად არ შემიფასეს - კარგი ჩანაფიქრებია, ფერებიც არ არის ცუდი, შენი ხედვა გაქვს და არ გაჩერდეო. ახლა ეს საქმე ჩემთვის უკვე ნარკოტიკივითაა - ჩამითრია, შემიყოლია... პროფესიულ ტილოზეც მომინდა გადასვლა, რომ ზეთით მეხატა. ზეთი უკვე სულ სხვა რამ არის - სხვა ფერები, სხვა მიდგომა, ტექნიკა. ეს ნამუშევრებიც ნახეს სპეციალისტებმა, მხატვრებმა, მათაც შემაქეს.

ასე რომ, არის პორტრეტები, ბუნება, ყვავილები, თაიგულები, კუბიზმი და სხვადასხვანაირი რამ. ოღონდ, ერთია, ნამუშევრებს სახელს ვერ ვარქმევ და არც არის აუცილებელი, რადგანაც ყველა ინდივიდუალურად ხედავს. მოკლედ, მნახველს იმის საშუალებას ვაძლევ, თვითონ რაც უნდა, ის დაინახოს და სახელიც თავად დაარქვას.

სიმღერისთვის თავი არ დამინებებია და არც დავანებებ - ჩემი საქმეა, რომელიც შესისხლხორცებული მაქვს. მხატვრობა ჩემი ცხოვრების ერთი ახალი ეტაპია და სიამოვნებას მანიჭებს... თავად სამყარო ისეთი ლამაზია და ისეთი საოცარი ფერები აქვს, არ აქვს მნიშვნელობა, აბსტრაქტულად ასახავ თუ არა მას, მთავარია, რომ ყველაფერი გადმოსცე ლამაზად, შესაბამისი ფერებით...

P.S. “გზის” რედაქცია მწუხარებას გამოთქვამს მამუკა ონაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მომღერლის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.