"ვცდილობ, ოთახის მცენარეებით შინ სასიამოვნო გარემო შევიქმნა" - გზაპრესი

"ვცდილობ, ოთახის მცენარეებით შინ სასიამოვნო გარემო შევიქმნა"

ქორეოგრაფი და მოცეკვავე გიორგი ბარბაქაძე საქართველოში პირველად განხორციელებული ახალი, შთამბეჭდავი ტელეპროექტის - "ვინ ვინ არის" ქორეოგრაფი გახლდათ. გიორგისთან ინტერვიუ სწორედ პროექტთან დაკავშირებული თემით დავიწყეთ...

- პროექტი "ვინ ვინ არის" ჩემთვის ახალი გამოწვევა იყო, რადგან გამოწვევები მიყვარს. შემოთავაზებას მალევე დავთანხმდი. ასევე, ამით საზოგადოებისთვის საკუთარი თავის ჩვენება ქორეოგრაფის ამპლუაშიც მინდოდა. საქართველოში ბევრი პროექტი განხორციელდა, რომლებისთვისაც ქორეოგრაფებს საზღვარგარეთიდან იწვევდნენ. მიმაჩნია, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას ბევრი შემდგარი და ნიჭიერი მოცეკვავე ჰყავს. კარგი იქნება, ჩვენსას მივაქციოთ ყურადღება - მოვიძიოთ, მოვიკითხოთ, შოუებში გამოვიყენოთ და კიდევ უფრო მეტად განვითარების საშუალება მივცეთ... ვფიქრობ, ამ ეტაპზე მაგალითი ვაჩვენე, რომ საქართველოში მცხოვრებ ქორეოგრაფებსაც საკუთარი საქმე ისე ხარისხიანად შეგვიძლია შევასრულოთ, როგორც საერთაშორისო, მაღალი სტანდარტები ითხოვს.

- პროექტზე - "ვინ ვინ არის" მუშაობისას რა სირთულეებს წააწყდით?

- პროექტში დაკავებულ მოცეკვავეთა დასის მაღალი პროფესიონალიზმის გარეშე, მაყურებლისთვის შოუს ქორეოგრაფიული ნაწილის ასეთი მაღალი ხარისხით ჩვენება გაჭირდებოდა, ამისთვის განუზომელი შრომა "ჩავდეთ" ჩვენც და ასევე - მთელმა შემოქმედებითმა ჯგუფმა: სოფო ტოროშელიძემ, ნინი წითლაურმა (მუსიკალური პროდიუსინგი), დუტა სხირტლაძემ (შოუს სცენოგრაფი), თეა თელიამ (პერსონაჟების შემქმნელი), ლაშა ჯოხაძემ (კოსტიუმების შემქმნელი)... 59 ქორეოგრაფიული ნომერი დაიდგა. ცხადია, წინასწარ არ ვიცოდით, რომელი მონაწილე "გავარდებოდა". ვიცოდი, ვის რა რეპერტუარი ჰქონდა: მუსიკალური პროდიუსერი მუსიკას გვაძლევდა, რომლის მიხედვითაც ნომრებს წინსწრებით ვამზადებდით. რთული ის იყო, რომ ფაქტობრივად, დარბაზში 24-საათიანი რეჟიმით ვმუშაობდით. მაგალითად, მზის პერსონაჟისთვის წინასწარ 3 ულამაზესი ნომერი დავდგით, მაგრამ ეს პერსონაჟი პირველივე ეპიზოდიდან შოუს გამოეთიშა. შესაბამისად, ნომრები გავაუქმეთ, რაც გულდასაწყვეტი იყო... მოკლედ, ბევრი მომზადებული ქორეოგრაფიული ნომერი გაგვიუქმდა. სხვა განსაკუთრებულ სირთულეს არ გადავყრივართ, პირიქით - ძალიან თავისუფლად, ამაყად ვმუშაობდით. მადლობა თითოეულ მოცეკვავეს ასეთი თავგანწირული შრომისა და მხარდაჭერისთვის.

- ნიღბის ქვეშ მყოფი მონაწილეების ვინაობა იცოდით?

- არა, მათთან შეხება არ მქონდა. მათი ვინაობა მხოლოდ დუტა სხირტლაძემ და "პერსონაჟებთან" მომუშავე პროდიუსერებმა იცოდნენ. მოძრაობებს მთავარი პერსონაჟისთვისაც ვდგამდი, შემდეგ დარბაზში ვიდეოჩანაწერს ვაკეთებდი და დუტას ვუგზავნიდი. მოძრაობები მონაწილეთათვის მას უნდა ესწავლებინა. სწავლის ასეთი "ჯვარედინი" სტილი გვქონდა. როგორც გითხარით, სპეციალური სტაფის გარდა, პროექტის მთავარი მონაწილეების ვინაობა არავინ იცოდა. საინტერესო კიდევ ის იყო, რომ ერთმანეთის ვინაობა თავად "პერსონაჟებმაც" არ იცოდნენ: ყველას თავისი კარავი ჰქონდა, განმარტოებით იყვნენ...

- მათ ვინაობასთან დაკავშირებით, ინტერესი არ გაგჩენიათ?

- არასოდეს, რადგან მინდოდა, პროექტი მაღალი ხარისხის ყოფილიყო. საქართველოში ამ ტიპის საიდუმლოების შენახვა რთულია. შესაბამისად, ცდუნებას მეც თავი ავარიდე. წინასწარ ამ ინფორმაციის გამჟღავნება პროექტს ხარისხს და ძლიერ ინტერესს დაუკარგავდა. შესაბამისად, მაქსიმალურად კომპეტენტური ვიყავი - საიდუმლოთი არ ვინტერესდებოდი და მხოლოდ ჩემს საქმეში ჩართული გახლდით.

- გამარჯვებულის ვინაობამ გაგაოცათ?

- გამაოცა, რადგან ნახევარი შოუს განმავლობაში მეგონა, რომ ბეჰემოთის როლს სულ სხვა ადამიანი ასრულებდა. ასევე, ველოდებოდი, რომ არწივის ნიღბის ქვეშ აუცილებლად ამიკო ჩოხარაძე იქნებოდა, მაგრამ შევცდი. პროექტზე ისეთი პროფესიონალები მუშაობდნენ, მაყურებლებიც და ჟიურიც დააბნიეს. სხვათა შორის, ჟიური ჩემ მიერ დადგმულ ქორეოგრაფიაში თემას, აქსესუარებს მინიშნებად იღებდა: მაგალითად, ამ ნომერში რატომ არის ბეჭედი, გვირგვინი?.. ალბათ, რაღაც მინიშნებააო... გათვლილი არ მქონდა, რომ ნომრის ქორეოგრაფიულ ნაწილს ჟიურისთვის თავგზა აებნია. მაინც ასე მოხდა, მაგრამ საინტერესო გამოვიდა. ბოლო პერიოდში, ჟიურის წევრებს ვუთხარი კიდეც, - ქორეოგრაფიაში არანაირი მინიშნებები არ ეძებოთ, რადგან თქვენს მსგავსად, პერსონაჟების როლებში ვინ არიან, მეც არ ვიცი-მეთქი (იღიმის)... საერთოდ კი, სირთულე ყველა საქმეს ახლავს, ამისთვის მზად უნდა იყო. მთავარია, გსიამოვნებდეს და თავს ართმევდე...

- გიორგი, "ცეკვავენ ვარსკვლავების" ერთ-ერთი სეზონის გამარჯვებულიც ხართ, თუმცა რამდენიმე სეზონში, ამ პროექტში აღარ მონაწილეობდით. მიზეზი რა იყო?

- "ცეკვავენ ვარსკვლავებიც" რთული შოუა, მით უმეტეს - ის მთლიანად ქორეოგრაფიაზეა აწყობილი. აურაცხელ შრომას და ენერგიას მოითხოვს. 24-საათიანი რეჟიმით მუშაობ. თან, არაპროფესიონალ პარტნიორთან მუშაობა ცალკე ძალისხმევას მოითხოვს. შესაბამისად, პროექტის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებისას ყველა ნიუანსს ვითვალისწინებთ და ისე ვმონაწილეობთ. იყო სეზონები, როცა გარკვეული გარემოებების გამო, მონაწილეობა ვერ მივიღე.

- გიორგი, "პრაიმ ჰაუსშიც" გამოჩნდით, როცა წვეულებაზე თეონა კოჭლამაზაშვილთან ერთად იცეკვეთ. ასევე, გაჩნდა ეჭვი, რომ პროექტში ყოფნისას, თეონას საჩუქრებს სწორედ თქვენ უგზავნიდით...

- მე და თეონას ერთმანეთის მიმართ მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს, ხშირად გვითანამშრომლია - სხვადასხვა პროექტში მონაწილეობისას ერთად მუშაობა გვიწევს ხოლმე, მაგრამ ჩემი მეწყვილე ტერი აბაიშვილი გახლავთ. თეოს თავისი საქმე აქვს, მე - ჩემი. საჩუქრებს რაც შეეხება, არა, ისინი მე არ გამიგზავნია. უბრალოდ, დაემთხვა, რომ საჩუქრების გამომგზავნსაც გიორგი ერქვა. ამიტომ მე მომაწერეს (იღიმის)... "პრაიმ ჰაუსში" შესვლისას, ჩემი ერთადერთი ინტერესი მეგობრის მხარდაჭერა იყო: წვეულებაზე მივედი და მასთან ერთად ვიცეკვე. მინდოდა, ამ მიმართულებით თეოს თავისი შესაძლებლობები ბოლომდე გამოევლინა. ის ძალიან გულღია, უშუალო, შემდგარი ადამიანია. როგორც ჩემს მეგობარს, ბევრ წარმატებას ვუსურვებ...

- სოციალურ ქსელში პოპულარულია ვიდეო, რომელზეც თქვენი ოთხფეხა მეგობრის მიერ თქვენთვის მოწყობილი ოინია ასახული. გაგვაცანით ამ ვიდეოს მთავარი გმირი...

- საერთოდ, ცხოველები ძალიან მიყვარს. შინ ოთხფეხა მეგობრები მყავს, რომლებიც ოჯახის წევრებად მიმაჩნია. უკვე მეათე წელია, რაც ჩემი ძაღლი - ბასტი ჩემთან ერთად ცხოვრობს, მოგზაურობს, ისვენებს, ჩემს ყველა სიხარულს განიცდის და იზიარებს... ვისაც ცხოველი არ ჰყავს, მათ ცხოველების შესახებ ასე საუბარი სიგიჟედ მიაჩნიათ... ბასტიმ შვილები მესამედ გააჩნია: რაკი დიდი ასაკისაა, ჩემს დას, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს, სურდა, აუცილებლად ბასტის შვილი ჰყოლოდა და შესაბამისად გერმანიაში წაეყვანა. ბასტის სხვა ლეკვები დავაბინავე, ჩემი დის რჩეული კი - დროებით მე მყავდა და ოინიც სწორედ მან მოაწყო. მცენარეები, სიმწვანე ძალიან მიყვარს. ვცდილობ, ოთახის მცენარეებით შინ სასიამოვნო გარემო შევიქმნა. დილაობით, როცა ბასტის შვილი ჩემთან იყო, თითო ქოთანი გადაყირავებული მხვდებოდა, რადგან უყურადღებოდ დარჩენილი ლეკვი ყველაფერს აფუჭებდა - ინტერნეტის კაბელით დაწყებული, ფეხსაცმლით დამთავრებული... მსგავსი ამბები ბასტისგან უკვე გამოვლილი მაქვს. მის შვილს ვეღარ ვუბრაზდებოდი. საერთოდ, ოთხფეხა მეგობრებზე არასოდეს ვძალადობ - ისინი მხოლოდ მიყვარს. ასევე, კიდევ ერთი ძაღლი - ნალა მყავს (რომელიც "ტელეიმედის" ეზოდან "ვიშვილე")... იმ დილით, როცა ეს ვიდეო გავრცელდა, ჩემმა ოთხფეხა მეგობრებმა ძალიან მოინდომეს და შინ ის სიტუაცია დამახვედრეს, რაც უამრავმა ადამიანმა ნახა... სამივეს მოვლა გამიჭირდა. თან, 6-7 თვის განმავლობაში, ჩემს დას ლეკვი გერმანიაში ვერ მიჰყავდა. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, საბოლოოდ, ლეკვი ჩემი სტუდიის ერთ-ერთ მოცეკვავეს, რომლის ოცნებაც ლაბრადორის ჯიშის ძაღლის ყოლა იყო, დაბადების დღეზე ვაჩუქე...

cf55d49bab4eb050ef2a75ebcf6f7b9b-1660037937.jpg

- თქვენს პირად ცხოვრებაში რა ხდება, თქვენი გული დაკავებულია?

- ჩემი გული დაკავებული არ არის. ძალიან კარგად, თავისუფლად ვგრძნობ თავს. ჩემს ცხოვრებაში სასიყვარულო ურთიერთობებიც იყო, მაგრამ ამჟამად, თავისუფალი ვარ. ასაკის მიუხედავად, დაოჯახებას არც ვჩქარობ. ალბათ, ვინც ამას წაიკითხავს, იტყვის, - შვილო, 38 წლის ხარ, რაღას არ ჩქარობო (იცინის)?!. უბრალოდ, ძალიან კომფორტულად ვცხოვრობ - მომწონს, როგორც ვარ. ისეთ ადამიანს არ შევხვედრივარ, ვისთან ერთადაც ცხოვრებას გავაგრძელებ. როცა დამოუკიდებლობას ეჩვევი, საკუთარი ცხოვრების ვინმესთვის გაზიარება უფრო რთულდება. ასეთი ნაბიჯი რომ გადადგა, ადამიანს კარგად უნდა იცნობდე, გასაცნობად დროა საჭირო, მე კი - სხვა ბევრი რამისთვის მაქვს დრო განაწილებული...

- თქვენი ყოველდღიური საზრუნავი კიდევ რა არის?

- რაკი ჩემი დედმამიშვილები (დაც და ძმაც) საზღვარგარეთ ცხოვრობენ, ჩემი ძმისშვილების აღზრდა, მათთვის ყურადღების მიქცევა მიწევს. ვცდილობ, პატარებს მამის სითბო, მხარდაჭერა არ დააკლდეთ და სანამ მამა დაუბრუნდებათ, ჩემგან თანადგომა იგრძნონ...

- პროექტი - "ვინ ვინ არის" დასრულდა. ამჟამად, რას საქმიანობთ?

- თეა გობეჯიშვილის ცეკვის აკადემიის ქორეოგრაფი და აქტიური მოცეკვავე ვარ. ჩემი ძირითადი სამუშაო ივენთები და კორპორაციული საღამოებია - ქორეოგრაფიულ ნომრებს ვდგამ. ასევე, შეკვეთებით ვარ დაკავებული: წყვილებს ცეკვებს ვუდგამ და ვასწავლი.

ეთო ყორღანაშვილი