მამა პეტრე საქართველოს წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე - გზაპრესი

მამა პეტრე საქართველოს წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე

"ხსნა მხოლოდ ჩვენშია, მთავარია, როგორმე შევიყვაროთ და დავინდოთ ერთმანეთი!" - გვითხრა ინტერვიუს მსვლელობისას მამა პეტრემ, რომელსაც ჩვენი ერისთვის ყველაზე მტკივნეულ პრობლემებზე ვესაუბრეთ.

- როგორც ყველა, მეც ძალიან ხშირად ვფიქრობ ჩვენს დღევანდელ ყოფაზე და იმაზე, რაც ნებისმიერ ჩვენგანს აწუხებს. ჩემი აზრით, ქართველი საზოგადოების ყველაზე დიდი წყლული, სატკივარი არის გაუცხოება, გულგრილობა და აგრესია, რომელიც თითოეულ ჩვენგანშია, მაგრამ ამავდროულად, ეს არ არის ერთი ადამიანის მდგომარეობა, ეს ჩვენი საერთო პრობლემაა. გაუცხოება და აგრესია ზოგიერთ ადამიანში დიდი დოზითაა, ზოგიერთში - ნაკლებად. ეს ყველაზე მეტად სოციალურ ქსელში იგრძნობა, რომელმაც დაფარული აგრესიის გამოვლენას შეუწყო ხელი და კალაპოტი მისცა. ის მანკიერება, რაც წლების განმავლობაში ხალხში დაგროვდა, ახლა უკვე ზედაპირზე ამოვიდა და თვალსაჩინოდ მოჩანს.

- მამა პეტრე, რა არის ამ აგრესიის თავიდათავი?

- როცა ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია, როცა ამდენი უმუშევარი გვყავს, როცა ადამიანი თავისი შესაძლებლობების რეალიზებას ვერ ახერხებს, მისგან წამოსული აგრესია ბუნებრივია. ხშირ შემთხვევაში, ის კომპიუტერთან ზის ან ხელში ტელეფონი უჭირავს და სოციალურ ქსელში ახერხებს ამ აგრესიის გამოვლენას. ამით აიხსნება, რომ ხშირ შემთხვევაში ისეთ შეურაცხყოფას გაყენებენ, გაოცებული რჩები... თანაც, ისეთი ადამიანი მოგაყენებს შეურაცხყოფას, რომელიც თვალით არ გინახავს და ვისთვისაც არაფერი დაგიშავებია. სამწუხაროდ, ამ მძიმე ყოფამ ზოგიერთი ადამიანი იმ ზომამდე მიიყვანა, რომ რეალიზებას მხოლოდ ასე ახერხებს.

- სად არის ხსნა ამ ადამიანებისთვის?

- დაზიანებულ, დასახიჩრებულ სულს ისევ რწმენა და სიყვარული თუ უშველის. მე მათ ვურჩევ, რომ ილოცონ, ბევრი იკითხონ, კარგ მუსიკას მოუსმინონ... ეს ყველაფერი ადამიანის სულში სიბრაზესა და აგრესიას ანელებს. მესმის, რომ წიგნის კითხვაში ან მუსიკის მოსმენაში ხელფასს არავინ გადაგვიხდის, მაგრამ ასე საკუთარი თავის რეალიზებას მაინც შევძლებთ და საზოგადოებაში ინტელექტის დეფიციტი აღარ იქნება. რეალიზებაში სიმდიდრეს ან კარგ სამსახურს სულაც არ ვგულისხმობ, ეს უფრო შინაგანი მდგომარეობაა. წარმატებული ადამიანიც შეიძლება იყოს აგრესიული, თუ საკუთარ თავთან ჰარმონიაში არ იქნება. სწორედ ჩვენ ვქმნით ერს, სახელმწიფოს და ჩვენი სახელმწიფოს წარმატება თითოეულ ადამიანზე, თითოეულ ოჯახზეა დამოკიდებული.

- მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, ათასობით ქართველი ემიგრაციაშია. რას ეტყოდით ამ ადამიანებს?

- ეს ჩვენი საერთო ტკივილია! გარდა იმისა, რომ არაადამიანური შრომა უწევთ, მათ ყოველწამიერად ენატრებათ ოჯახის წევრები. მათი შვილები ისე იზრდებიან, რომ ვერ ხედავენ. ემიგრანტები შორიდან, ვიდეოთვალის მეშვეობით აკვირდებიან შვილების ყოველდღიურ ცხოვრებას, რაც დიდ სულიერ ტკივილთან არის დაკავშირებული. ბავშვები ისე იზრდებიან, რომ მამის, დედის სითბო ენატრებათ. გარდა ამისა, ემიგრაციაში მყოფ ადამიანს კიდევ უფრო მოჭარბებული აქვს სამშობლოს მონატრება და სიყვარული. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ისინი ორმაგად და სამმაგად ჯვარცმულები არიან და მრავალჯერ გადიან გოლგოთის გზას. სწორედ ამიტომ, აქ დარჩენილებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მინიმალური პირობები მაინც შევუქმნათ და ეს ხალხი სამშობლოში დაბრუნდეს. ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ქართველებს სამშობლოს დატოვება არ მოუხდეთ.

- მამაო, ალბათ 15-20 წლის წინ, თქვენც ვერ წარმოიდგენდით, რომ საქართველოში რუსეთის თავგამოდებული მომხრეები გაჩნდებოდნენ. ამ საკითხზე რას ფიქრობთ?

- როდესაც ადამიანი ვიღაცას მხარს უჭერს, ეს არ მიკვირს, რადგან ნებისმიერ ჩვენგანს აქვს თავისი აზრი და შეხედულება ამა თუ იმ საკითხზე, რაც ჩვენი მენტალობიდან მომდინარეობს. აზრთა სხვადასხვაობა არ არის ტრაგედია, რადგან ვიღაცას შეიძლება მართლა სჯეროდეს, რომ ქართველი ერის გადარჩენის გზა რუსეთშია. რა თქმა უნდა, ეს მცდარი წარმოდგენაა, მაგრამ არის ხალხი, ვისაც ამის ფანატიკურად სწამს და სჯერა. ჩემი აზრით, უბედურება - ეს რწმენა კი არ არის, უბედურება ისაა, რომ ვიღაც ასე ფულის გამო იქცევა: ეს ხალხი ცდილობს დაწამლოს ჩვენი საზოგადოება, ქართველი ხალხი და მიაწოდოს ინფორმაცია, რომ ერთადერთი გადარჩენის შანსი ჩვენთვის რუსეთია. მათთვის მთავარია, ფული აიღონ, ჩინ-მედლები და შემოსავლის წყარო არ მოაკლდეთ - ეს მართლაც შემზარავია! პიროვნული ცოდვები ნამდვილად არ არის შემზარავი - ყველაფერს მოინანიებ, მაგრამ შემზარავია, როცა შენს სამშობლოს და დედა-ეკლესიას ღალატობ შენი პატივისა და დიდების გამო. სამშობლოს მოღალატეებს ყველაზე კარგად ისტორია სჯის - ეს ხალხი ისტორიას მოღალატის სტატუსით შემორჩება ხოლმე. ჩემი აზრით, რუსოფილების უმეტესობას არ სჯერა, რასაც ამბობს, მაგრამ რა ქნას - ჯიბეები ხომ უნდა გაისქელოს? საუბედუროდ, ამ ხალხმა კარგად იცის, რომ რუსეთი საქართველოს მეგობარი არასდროს ყოფილა; მათ შესანიშნავად იციან, როგორ დაარღვია რუსულმა სახელმწიფომ გეორგიევსკის ტრაქტატის პირობები და როგორ გააუქმა ქართლ-კახეთის სამეფო, როგორ წაართვა ჩვენს ეკლესიას ავტოკეფალია, როგორ უღალატა რუსულმა ჯარმა მხცოვან ერეკლე მეფეს კრწანისის ომში... ეს ყველაფერი ხომ უნდა იყოს დასტური იმისა, რომ რუსეთი არასდროს ყოფილა ჩვენი სამშობლოსთვის კეთილმოსურნე მეგობარი? - რომ არაფერი ვთქვათ ბოლო ათწლეულებზე: 9 აპრილზე, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ტრაგედიაზე, აგვისტოს ომზე და ა.შ.

- სხვათა შორის, რუსოფილები საეკლესიო პირებს შორისაც არიან, რის გამოც, ბევრი ამბობს, რომ ჩვენს ქვეყანას ახალი რუის-ურბნისის კრება სჭირდება. თქვენც ასე ფიქრობთ?

- მე მგონია, რომ საქართველო მზად არ არის რუის-ურბნისის მსგავსი კრებისთვის, მაგრამ ხშირად მახსენდება, როგორ შემოვიდა საქართველოს ისტორიაში დიდი მეფე - დავით აღმაშენებელი: ლამის, მთელი მე-11 საუკუნის განმავლობაში, გიორგი მეორე ქვეყნის გაძლიერებას და ეროვნული ძალების მობილიზებას ვერ ახერხებდა და ნადირობით ირთობდა თავს. ქვეყნის შიგნით ძალიან დიდი არეულობა და გაუსაძლისი მდგომარეობა სუფევდა. ყველაფერი შებღალული იყო როგორც ერში, ასევე - ეკლესიაში და სწორედ ამ დროს, 1089 წელს, სამეფო ტახტზე ავიდა მისი შვილი - 16 წლის დავითი, რომელსაც ჩვენმა ხალხმა "აღმაშენებელი" უწოდა. იმ დროს, როცა ქვეყანაში უკონტროლო სიტუაცია იყო და ხალხს ხსნის იმედი აღარ ჰქონდა, ღმერთმა არაფრისგან წარმოშვა დავით აღმაშენებელი, რომელმაც ქვეყანა მკვდრეთით აღადგინა ისევე, როგორც ლაზარე აღადგინა უფალმა მკვდრეთით. სწორედ მისი ღვაწლით და მონდომებით მოხერხდა საქართველოს სულიერი და ფიზიკური გაერთიანება. სწორედ დავითს ეკუთვნის ყველა ჩვენგანისთვის საფიცარი სიტყვები: "არა გეცრუვნეთ შენ, სიწმიდით მშობელო ჩვენო კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო მართლმადიდებლობაო".

- სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ 21-ე საუკუნის საქართველო ახლოსაც ვერ მივა დავითის და თამარის დროინდელ საქართველოსთან. როგორ ფიქრობთ, ამ სიტუაციიდან გამოსავალი რა არის?

- ზემოთ უკვე გითხარით, რომ ხსნა მხოლოდ რწმენასა და სიყვარულშია. როცა ღვთისმოსაობას ცხოვრების წესად გავიხდით, ვერავინ მოგვერევა. ჩვენი მტერი არც ჩრდილოეთშია და არც აღმოსავლეთში, ყველაზე დიდი მტერი ჩვენს გულსა და აზროვნებაშია. დღეს ჩვენ ირგვლივ საკმაოდ მძიმე ფონია, თითქოს, ყველაფერი ყოველწამიერად უარესობისკენ იცვლება, ამიტომ, ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ მოყვასი გვიყვარდეს და ერთმანეთი დავინდოთ! ეს ჩვენს პოლიტიკოსებსაც ეხება: ვიდრე რომელიმე პოლიტიკური დაჯგუფება ქვეყნის ინტერესებზე მაღლა საკუთარ ინტერესებს დააყენებს, მანამდე ჩვენი ქვეყანა წინ ვერ წაიწევს, ვერ განვითარდება. მით უმეტეს, ახლა ისე გვჭირდება ერთობა, როგორც არასდროს.

59836270-1251286228380420-3299584500320698368-n-copy-1660038103.jpg

- დაბოლოს, როგორ წარმოგიდგენიათ ქართული სახელმწიფოს მომავალი, მისი ხვალინდელი დღე?

- ერთი რამ ზუსტად ვიცი: დედა-ღვთისმშობელი არ გაწირავს საქართველოს და ჩვენს ეკლესიას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქრისტეს სარწმუნოების ერთგული დამცველი იყო. ადამიანების ნაკლებად მჯერა, სამაგიეროდ, მჯერა ჩვენი წმინდანების - ამბროსი ხელაიას, თევდორე მღვდლის, ილია ჭავჭავაძის, დავით აღმაშენებლის ლოცვისა! ასეთი ადამიანების მხრებზე იდგა საქართველო საუკუნეების განმავლობაში და ჩვენც, მათი ლოცვით არ გავიწირებით, აუცილებლად გამოვალთ იმ განსაცდელიდან, რომელიც ჩვენი არასწორი ცხოვრებით დაგვატყდა თავს! ახლა ის დროა, როცა ქართველებმა პირადი ინტერესები გვერდზე უნდა გადავდოთ და ერთი მთავარი იდეის გარშემო გავერთიანდეთ - ეს არის: "მამული, ენა, სარწმუნოება". თუ ეს არ იქნება ჩვენი ცხოვრების არსი და მიზანი, მაშინ მართლა განწირულნი ვყოფილვართ, მაგრამ მე ღრმად მწამს, რომ ყველაფერი კარგად იქნება! ყოველთვის მჯეროდა და მჯერა სულის იმ სიხარულისა, რომელიც მართლმადიდებელ ქრისტიანს მთელი ცხოვრება თან დაჰყვება - მართლმადიდებლობა ხომ სულის ზეიმი და სიხარულია და იქ, სადაც ადამიანური რესურსი უძლურია, უფლის მადლი ერევა ხოლმე... დიახ, მე მჯერა, რომ უფალი და დედა-ღვთისმშობელი თავის რჩეულ ერს არ გაწირავს! ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო, როგორც აქ - საქართველოში, ასევე, ემიგრაციაში მყოფი ქართველობა!

ხათუნა ჩიგოგიძე