რისი შეცვლა სურს საკუთარ გარეგნობაში თაკა კაკულიას - გზაპრესი

რისი შეცვლა სურს საკუთარ გარეგნობაში თაკა კაკულიას

“ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე ზედმეტად თავშეკავებულობაა. ვერგამოხატული ემოციების ჩემში ჩატევა, ჩამალვა მიწევს და ეს ადვილი არ არის”, - ამბობს თაკა კაკულია. რა მოსწონს ყველაზე მეტად საკუთარ ხასიათში, რა არ მოსწონს, რა აკომპლექსებს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინდადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...…

- ...1998 წლის 4 დეკემბერი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი. ადრეული ასაკიდანვე მქონდა სურვილი, ყველასგან გამორჩეული ვყოფილიყავი, ყურადღების ცენტრში ყოფნა მომწონდა.

- ჩემზე ამბობენ...

- ...სანამ გაგიცნობდი, სხვაგვარი „სტერვა”, “იაზვა” გვეგონეო, გაცნობის შემდეგ რწმუნდებიან, რომ ასეთი არ ვარ.

- როგორ ფიქრობ, ასეთ შთაბეჭდილებას რატომ ტოვებ?

- ცივი მზერა მაქვს, ადამიანების მოფერების უნარით არ გამოვირჩევი, ხისტი საუბარი ვიცი... ეს ყველაფერი ჩემზე ასეთ წარმოდგენას უქმნის ადამიანებს.

- ჩემი სავიზიტო ბარათი...

- ...თვალებია.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...არაფერს შევცვლიდი, არც პირადში, არც პროფესიული კუთხით. საჭირო იყო ყველაფერი გამომევლო და გავმხდარიყავი ის, ვინც ახლა ვარ. იმედია, მომავალში კიდევ ბევრს ვისწავლი.

- ჩემი პირველი წარმატება იყო...

- ...სკოლაში მუსიკის მასწავლებელმა რომ მითხრა, ძალიან კარგი სმენა და ხმა გაქვსო, მერე კი ბათუმში კონცერტზე გამიშვა. მანამდე ჩემში ამას ყურადღებას არავინ აქცევდა. სიმღერა რომ შემეძლო, მე ვიცოდი, მაგრამ სხვამაც რომ აღმოაჩინა, ძალიან მესიამოვნა.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი...

- ...თავად მე მიმიძღვის.

- რის ხარჯზე ხარ წარმატებული: იღბალი, შრომისმოყვარეობა თუ...

- ეს არის მიზანდასახულობა. როცა მიზანს ვისახავ, ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ სასურველ შედეგამდე მივიდე. აქამდე ისეთი მიზნები მქონდა, რომლებიც არცთუ ისე რთულად მისაღწევი იყო. ახლა ცხოვრების იმ ეტაპზე ვარ, როცა გაცილებით დიდ მიზანს ვისახავ, ვიდრე აქამდე მქონია.

- ახლა შენი მთავარი მიზანი რა არის?

- მქონდეს ძალიან, ძალიან წარმატებული კარიერა. როცა მხოლოდ ერთ საქმეს აკეთებ, მოსაწყენი ხდება. ჩემი კარიერა და ყოველდღიური ცხოვრება რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება, მეტად სასიამოვნო გახდება. ვნახოთ, ყველაფერი წინაა.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...გახლავართ საყვარელი ადამიანების გარემოცვაში. ყოველდღიური ცხოვრებით ვტკბები და ეს მაბედნიერებს. ახლა ისეთ დეტალებს ვაქცევ ყურადღებას, რასაც აქამდე ვერც აღვიქვამდი.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...იდეალურად გამოვიყურებოდე, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ეს თავდაჯერებულობაა და ძალიან ბევრ რამეში მეხმარება.

- ეს თვისება გქონდა თუ დროთა განმავლობაში გამოიმუშავე?

- საკუთარ თავზე ვიმუშავე. მივხვდი, რაშიც თავდაჯერებული არ ვიყავი, ის საქმე არ გამომდიოდა.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...უხეში ვარ, თანაგრძნობის გამოხატვის უნარი არ მაქვს. ადამიანს თანავუგრძნობ, მაგრამ ამას ვერ გამოვხატავ. არ შემიძლია მტირალ ადამიანთან მივიდე, თავზე ხელი გადავუსვა და დავამშვიდო. შეიძლება ყურადღება სხვა რამეზე გადავატანინო და გავართო, მაგრამ თანაგრძნობის გამოხატვა სულ სხვა რამ არის.

- ამ თვისებებს საკუთარ ხასიათში ებრძვი თუ არა?

- ვცდილობ სიუხეშე აღმოვფხვრა, საკუთარი ემოციები და თავი ყოველთვის ვაკონტროლო.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ადამიანი რაც უფრო მეტ შეცდომას უშვებს, მით მეტი გამოცდილება უგროვდება.

- პატიება შემიძლია...

- ...ყველა ვარიანტში, გულში წყენის ჩატოვება და მერე ამ ემოციით ცხოვრება არ მიყვარს. ვიცი, ეს მე დამაზიანებს.

- თავად პატიების თხოვნა შეგიძლია?

- შემიძლია, მაგრამ კარგია, რომ ხშირად არ მჭირდება, ე.ი. არაფერს ვაშავებ.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...ვიღიმი და ძალიან ბედნიერი ვარ. ამ განწყობას ვუშვებ მომავალში, მერე უკან რომ დამიბრუნდეს.

- ვიბნევი...

- ...ადამიანების იმ კატეგორიასთან, რომლებიც არაადეკვატურები არიან. ვერ ვხვდები, რა გავაკეთო, მათთან ადამიანური ლაპარაკი არ ჭრის, ჩხუბი არ მინდა და...

- ამ წუთში ძალიან მინდა...…

- ...გოაზე ვიყო დასასვენებლად.

- ...წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...…

- ...ძალიან ახლობელ და საყვარელ ადამიანებს.

- ამ დროს როგორი ხარ?

- კამათის დროს, როცა ჩვენი აზრები ერთმანეთს არ ემთხვევა, ერთი წინადადება, ორი წინადადება, სამი წინადადება და... მერე ხანძარია... სახანძრო უნდა გამოიძახო.

- სიყვარული ეს...

- ...რა არის? ამას მე ვერ ავხსნი (პაუზის შემდეგ), სიყვარული არის ბედნიერება.

- პირველად რომ შემიყვარდა...…

- ძალიან პატარა ვიყავი. გულწრფელი, უანგარო გრძნობა იყო.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...მუსიკას, რომელსაც განწყობის მიხედვით ვირჩევ. ცუდ ხასიათზე ყოფნისას ისეთ მუსიკას ვუსმენ, რომელიც გამამხიარულებს.

- ვრისკავ...

- ...ყოველთვის დიდი ფიქრის შემდეგ. მეგონა რისკიანი ვიყავი, მაგრამ ასეთ ნაბიჯს თამამად ვერ ვდგამ. დიდხანს ვფიქრობ, ვორჭოფობ და გადაწყვეტილებას ცივი გონებით ვიღებ.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...ადამიანებთან ზედმეტად თავშეკავებულობაა. ვერგამოხატული ემოციების ჩემში ჩატევა, ჩამალვა მიწევს და ეს ადვილი არ არის. ბოლოს ამ ყველაფრისგან თავად ვიღლები, ემოციებისგან დაცლა საჭიროა.

- ბოლოს ვიტირე...…

- ...ერთი თვის წინ.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...ვწითლდები და არ მსიამოვნებს.

- მსახიობს შექება არ გსიამოვნებს?

- უცნაურია, მაგრამ... ალბათ ამის მიზეზი ისაა, რომ დედა არასდროს მაქებდა, ახლა დამსახურებული შექებისას დროსაც კი თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობ. შექება მაკომპლექსებს.

- შიში მაქვს...

- ...საყვარელი ადამიანების დაკარგვის.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...ასეთი რამ არ ხდება, საყვედურებს არ ვიღებ.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...…

- ...ფეხებს 5 სანტიმეტრით დავიგრძელებდი და მკერდს გავიზრდიდი.

- სასურველი ზომა რომელია?

- 2 ან 3 ნომერი.

- ვუფრთხილდები...

- ...საყვარელ ადამიანებს. ბოლო პერიოდში მივხვდი, სულ უნდა მოვეფერო, მოვესიყვარულო და კარგ ხასიათზე ვამყოფო, როცა ჩემ გვერდით არიან.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...გემრიელი საცივის მომზადება.

- ვიტყუები...

- ...ხშირად. ადამიანები ცხოვრებაში ხშირად ვთამაშობთ. ტყუილის თქმაც ყველას გვიწევს. შეიძლება სულ არ გვეღიმებოდეს, მაგრამ ნაცნობი რომ გვხვდება, ვუღიმით და ისე ვესალმებით. ეს თამაში არ არის?

- ბოროტი ტყუილის გამო, უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩენილხარ?

- კი, მაგრამ ეს ჩემს პირად ცხოვრებას ეხება და ლაპარაკი არ მინდა.

- ინტუიცია...

- ...მაქვს ძალიან კარგად განვითარებული.

- ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას გეხმარება? ყურადღებას აქცევ, ენდობი?

- ძალიან მეხმარება, მაგრამ მქონდა მომენტები, როცა არ ვენდე და რამდენჯერაც ასე მოხდა, იმდენჯერ დავზარალდი. დავრწმუნდი, გადაწყვეტილების მიღების დროს მხოლოდ ფაქტები არ უნდა ავწონ-დავწონოთ, ადამიანებმა ჩვენს შინაგან ხმას, შეგრძნებებს უნდა დავუჯეროთ.

- როცა მარტო ვარ...

- ...თავს ვგრძნობ იდეალურად. ეს მდგომარეობა მომწონს, ამ დროს ყველაზე მეტად პროდუქტიული, მობილიზებული ვარ. მარტო ყოფნა არ მღლის, პირიქით ხდება - მახალისებს.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ისეთი ცხოვრება მექნებოდა, როგორზეც ადამიანების უმრავლესობა ვოცნებობთ, მაგრამ ზუსტად ვიცი, ბევრი ფული ჩემი ბედნიერების გარანტი ვერ იქნება.…

- მენატრება...

- ...ბავშვობა, სილაღე, უდარდელობა...

259734026-4257561501015876-9098717166180805162-n-copy-1660550650.jpg

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ვმედიტირებ და ეს ძალიან მეხმარება. დიდი ხანი არ არის, რაც მედიტაცია დავიწყე. ალბათ ადამიანები ამ უცხო რაღაცებს მაშინ ვაგნებთ, როცა ძალიან გვჭირდება. როცა მედიტაცია დავიწყე, სწორედ ასეთი რთული პერიოდი მქონდა და აღმოვაჩინე, თურმე საკუთარ თავში ჩაღრმავებით, სიმშვიდის მოპოვება შესაძლებელია.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...მამა ჩემთან ლაპარაკით, დამოძღვრით დიდად არ გამოირჩეოდა. ერთადერთი, რასაც მეუბნებოდა, იყო, - გეხვეწები, ნარკომანს ცოლად არ გაჰყვე და დანარჩენი ვინც გინდა, აირჩიეო. საახლობლოდან გამომდინარე, მამამ იცოდა ამ პრობლემის სირთულე და ამიტომ მეუბნებოდა.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...ნუ გამაკრიტიკებთ ამ ინტერვიუს გამო, მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს, ცხოვრებას. ყველანი ბედნიერები და წარმატებულები თუ იქნებით, გამიხარდება.

თამუნა კვინიკაძე