“პერფექციონისტი ვარ... წლების წინ, სულ სხვა ადამიანი ვიყავი” - გზაპრესი

“პერფექციონისტი ვარ... წლების წინ, სულ სხვა ადამიანი ვიყავი”

“მიზნის მისაღწევად დედამიწის გადაბრუნება შეუძლია. შესწევს ძალა, ნებისმიერი მეტოქე გზიდან ოსტატურად ჩამოიშოროს. ხშირად ცინიკოსია, ეხერხება საკუთარი პოზიციის სისწორეში ნებისმიერი ადამიანი ადვილად დაარწმუნოს”, - ასე ახასიათებენ ასტროლოგები გველის წელში დაბადებულ ტყუპს, ეს კი ნინი ონიანის ზოდიაქოს ნიშანია.

- პირადი ასტროლოგიური რუკა წლების წინ შევადგინე, თუმცა არ მიხელმძღვანელია, მაშინ ასაკით პატარა ვიყავი და ასტროლოგიით ნაკლებად დაინტერესებული. ახლა სხვაგვარი ინტერესი მაქვს და ძალიან მინდა, რუკა თავიდან გავაკეთო.

- ნიშნის დახასიათება შენს ხასიათს რამდენად ემთხვევა?

- ბევრი რამ ემთხვევა, აი, გავყვეთ და შევადაროთ.

- ტყუპისთვის გაორება, ხასიათის ცვალებადობა...

- ...(მაწყვეტინებს) რატომ გაორება და არა გაასება?

- ასეთი გამძაფრებული ფორმით გაქვს?

- ამის კონტროლი უკვე ვიცი. პატარა რომ ვიყავი, გაცილებით რთული იყო, ახლა ვმართავ და უკვე კომფორტულად ვარ.

- “ეს გაორებული ნიშანი პრობლემებს არა მხოლოდ სხვებს, არამედ საკუთარ თავსაც უქმნის, რადგან მასში გამუდმებით ორი ადამიანი ცხოვრობს”.

- ასეა, როცა შენს თავს კარგად არ იცნობ, როცა შენი ხასიათი კარგად არ იცი, ძალიან ადვილია, პრობლემები შეიქმნა, დეტალები ვერ გააკონტროლო. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია, ვიმუშაოთ საკუთარ თავზე.

- “ის გამუდმებით დახვეწას და იდეალთან მიახლოებას ცდილობს”.

- ეს არის ყველაზე დიდი სიმართლე ჩემ შესახებ. პერფექციონისტი ვარ. სულ მინდა, რაც შეიძლება უკეთესად ვაკეთო, რაც შეიძლება უკეთესი ვიყო. მომთხოვნი პირველ რიგში, საკუთარი თავის მიმართ ვარ.

- მიზანდასახული და მოუთმენელი ხარ?

- მოუთმენელი ადრე უფრო ვიყავი, ახლა - ნაკლებად. მიზანდასახული ვარ. საერთოდ, მოთმინების უნარის გამომუშავება ძალიან მნიშვნელოვანია. თუნდაც მიზნისკენ მიმავალ გზაზე, ეს უნარი ძალიან დიდ როლს თამაშობს.

- “ვერ იტანს ერთფეროვან სამუშაოს”.

- ჰო, მართალია, ერთფეროვნება ძალიან არ მიყვარს.

- ფიტნესინსტრუქტორი ხარ. ამაზე წლების წინ ხომ საერთოდ არ ფიქრობდი?

- არ ვფიქრობდი, მაგრამ ახლა ეს საქმე ძალიან მიყვარს და ცხოვრება სავარჯიშო დარბაზის გარეშე ვეღარც წარმომიდგენია.

- ამ საქმემ საკუთარი თავი ახლებურად გაგაცნო?

- რა თქმა უნდა, მენტალურად და ფიზიკურად გაცილებით ძლიერი ნინი გავიცანი. მივხვდი, რა შემიძლია, ჩემი ძალა გავიაზრე. ვარჯიში და ჯანსაღი ცხოვრება, პირველ რიგში, გონებას ეხმარება, გონებას მოჰყვება სხეული და არა - პირიქით. ამიტომ ყოველთვის ვამბობ, ვარჯიში იმისთვის, რომ გამხდარი იყო, არ არის; იმისთვის უნდა ივარჯიშო, ძლიერი და ჯანმრთელი რომ იყო. გამხდარი ან კუნთიანი კარგს არ ნიშნავს. წლების წინ სულ სხვა ადამიანი ვიყავი, მენტალურად სუსტი, რომ აღარაფერი ვთქვა ფიზიკურ სიძლიერეზე. დღეს ისეთი ძალა მაქვს, რომ... ეს ძალიან კარგი შეგრძნებაა.

- “ყველგან აგვიანებს, პუნქტუალურობისგან ძალიან შორს არის”.

- ასეა, ხომ ვერ მოვიტყუები, ყველგან და ყოველთვის მაგვიანდება.

- ამ მხრივ საკუთარ თავზე არ იმუშავე?

- ახლაც ვმუშაობ. ეს მავნე ჩვევა ჯერ ვერ დავძლიე.

- ცინიკოსი ხარ?

- არა, კარგი იუმორი მაქვს.

- შავი იუმორიც?

- შეიძლება ხანდახან შავიც იყოს, მაგრამ ცინიზმი არ მახასიათებს, ეს ჩემგან შორსაა.

- “ტყუპის ბუნებაში არსებობს ბუნებრივი სიცივე, ის არც ისეთი ემოციურია, როგორიც გვეჩვენება”.

- ჩვენ ძალიან კარგი არტისტები ვართ, რაღაცების შენიღბვაც კარგად შეგვიძლია. ტყუპის ნიშნით ნიჭიერი ადამიანები იბადებიან.

- ტყუპის თილისმა რა არის, იცი?

- ვეფხვის თვალი, რომელიც სულ მიკეთია.

- და ნიღაბი. საკუთარ ემოციებს ხშირად ნიღბავ?

- ნიღბის გარეშე ვცხოვრობ, არასდროს არაფერს ვნიღბავ, უბრალოდ, ვინც არ მაინტერესებს, იმ ადამიანს ჩემამდე ახლოს არ ვუშვებ, დისტანციას ვიცავ, სულ ესაა. იმან შეიძლება იფიქროს, რომ ცივი ვარ. იფიქროს...

- “თუ გველი განათლებულია, მისი ინტუიცია ნათელმხილველობაში გადადის”.

- არ ვამბობ, რომ განათლებული ვარ, მაგრამ ხშირად მითქვამს, რომ მოვინდომო, მედიუმიც ვიქნები-მეთქი, მაგრამ რად მინდა?

- ინტუიციის წყალობით, საკუთარი თავისთვის ხიფათი აგირიდებია?

- ამირიდებია, მაგრამ უფრო მეტჯერ არ ამირიდებია. ადამიანებს ზოგჯერ გვგონია, რომ რაღაც გვეჩვენება და ამაზე თვალს ვხუჭავთ.

- “მიზნის მისაღწევად დედამიწის გადაბრუნება შეუძლია”.

- არა მხოლოდ დედამიწის, ამ პლანეტასაც გავცდე შემიძლია, ოღონდ, თუ მართლა მინდა და მიზანი მართლა ღირებულია.

- “მას არ უყვარს ფულის გასესხება, მაგრამ თუ ვინმე მოსწონს, არასდროს ეტყვის უარს დახმარებაზე”.

- ასე არ არის, თუ მაქვს, ყველასია, თუ არ მაქვს - რა გაეწყობა? მფლანგველთა კატეგორიას მივეკუთვნები.

- “ფულის შოვნა არ უჭირს, საჭირო თანხას ყოველთვის ადვილად მოიძიებს”.

- ეს ტყუილია, ფულის შოვნა არ ვიცი.

- “პარტნიორს ყოველთვის თავად ირჩევს, ხშირად ეჭვიანია”.

- ურთიერთობაში პირველი ნაბიჯის გადადგმა პრობლემა არ არის, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ისე მოხდა, რომ ინიციატორი თავად არასდროს ვყოფილვარ. რაც შეეხება ეჭვიანობას, ასეთი წარსულში უფრო ვიყავი. რომ გავიზარდე, თავდაჯერებულობა მომემატა და ამან გარკვეული როლი ითამაშა. ახლა ეჭვიანი არ ვარ, თუმცა საბაბს თუ მომცემ, ვიეჭვიანებ.

- მაგას მიხვედრილობა ჰქვია, არა?

- ჰო, ეგ სიტყვა უფრო ესადაგება.

- “ამ ნიშნით დაბადებულებს მიდრეკილება აქვთ ქორწინებისგარე ურთიერთობისადმი, რაც მათ ცხოვრებას ართულებს”.

- ქორწინება ჩემი ძლიერი მხარე არ აღმოჩნდა, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემზე ერთგული ადამიანი არ არსებობს. ადამიანი თუ მიყვარს, ის ერთია და არავინ და არაფერი მაინტერესებს. ჩემთვის ღალატი კატეგორიულად მიუღებელია.

- ქორწინების თემისადმი ასეთი დამოკიდებულება რატომ გაქვს?

- რომ დავოჯახდი, 27 წლის ვიყავი და, როგორც აღმოჩნდა, ბევრი რამ გააზრებული არ მქონდა, ამ ცხოვრებაზე ბევრი რამ არ ვიცოდი. დღეს სულ სხვაგვარად ვფიქრობ. 27 წელი ქორწინებისთვის პატარაა. ოჯახის შექმნა მხოლოდ ხელის მოწერა ხომ არ არის.

- როდესაც ახალ ურთიერთობას იწყებ, რამდენად აქცევ ყურადღებას, თქვენი ნიშნების ერთმანეთისადმი დამოკიდებულება როგორია?

- ყოველთვის. მის ზოდიაქოს სულ ვკითხულობ.

- “თავგადასავლების მოყვარულია, რაც მის ცხოვრებაზე ხშირად უარყოფითად აისახება”.

- თავგადასავლებზე ვგიჟდები, მიყვარს. კარგ მოგონებებს რა სჯობს?! თავგადასავალი კარგიც შეიძლება იყოს და ცუდიც, მე სულ კარგი თავგადასავლები მახსენდება. ამის გარეშე ცხოვრება არაფერია.

dsc6695-1660550832.jpg

- “მას შესწევს ძალა, ნებისმიერი მეტოქე გზიდან ოსტატურად ჩამოიშოროს”.

- თავად არავის მეტოქე არ ვარ და ვინმეს ჩემდამი ასეთი დამოკიდებულებაც არ მსიამოვნებს. ის ვიღაც თუ თავისთვისაა, ყურადღებას არ ვაქცევ, მაგრამ თუ შემაწუხებს, მერე სხვაგვარად მოვიქცევი.

- როგორი დედა ხარ? ასტროლოგები თვლიან, რომ გადამეტებული ყურადღებითა და მზრუნველობით გამოირჩევი.

- ჩემი შვილის მეგობარი ვარ და პატივს ვცემ დაბადების წამიდან. მართალია, ჯერ მხოლოდ 5 წლის არის, მაგრამ გონიერი ადამიანია. პირად სივრცეს არ ვურღვევ და არც არასდროს დავურღვევ. ის რომ მე გავაჩინე, არ ნიშნავს, რომ ჩემი საკუთრებაა.

- “მას ეხერხება, საკუთარი პოზიციის სისწორეში ნებისმიერი ადამიანი ადვილად დაარწმუნოს”.

- მართალია, ეს უნარი მაქვს, მაგრამ არასდროს ვიწყებ თეთრზე შავის მტკიცებას, ძალიან სამართლიანი ვარ.

თამუნა კვინიკაძე