ანა უზნაძის პირველი საავტორo სიმღერა პირველ სიყვარულს ეძღვნება - გზაპრესი

ანა უზნაძის პირველი საავტორo სიმღერა პირველ სიყვარულს ეძღვნება

საზოგადოების ყურადღება ერთმა პატარა, ინოლა გურგულიას შემოქმედებაზე შეყვარებულმა გოგონამ მაშინ მიიპყრო, როცა კომპოზიტორისა და მომღერლის რეპერტუარიდან სიმღერები შესანიშნავად შეასრულა და ამ ავტორ-შემსრულებელზე დიდი სიყვარულით ისაუბრა. წელს კი 15 წლის მომღერალი ანა უზნაძე უკვე საკუთარი საავტორო სიმღერით - „მოგონება“ წარდგა ფართო აუდიტორიის წინაშე და მუსიკოსების დადებითი გამოხმაურებაც დაიმსახურა.

- „მოგონება“ სიმღერის შექმნის ჩემი პირველი მცდელობა არ არის, უბრალოდ, ეს არის ანა უზნაძის პირველი საავტორო სიმღერა, რომელიც ტელევიზიით გაჟღერდა. ყოველთვის, როცა მუზა მოდის, ვცდილობ რაღაცები შევქმნა. ქართველებს უამრავი კარგი მუსიკოსი გვყავს და მერიდება, როცა ვამბობ, ვწერ-მეთქი, მაგრამ შინაგანი ხმა ამას მთხოვს და მგონი ნელ-ნელა რაღაც გამომდის. „მოგონება“ 2 წლის წინ, ჩემს აგარაკზე, სამთავისში დაიწერა და ეს ადგილი ტექსტშიც მაქვს აღწერილი. ღამით, მამაჩემი და ჩემი ძმა რომ იძინებენ, მე აივანზე ან სადმე მშვიდ ადგილას ვზივარ, ვხატავ, რამეს ვუყურებ ან მუსიკას ვწერ. ერთ-ერთ ასეთ ლამაზ ღამეს სოფელში, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა იყო. ჩემი გულისტკივილი მქონდა და შევეცადე, ეს ყველაფერი სიმღერით გადმომეცა. ერთ ღამეში დავწერე და შემდეგში ცვლილებები არ განუცდია. რაც შეეხება მის მოტივსა და შინაარს ალბათ ტექსტიდან გამომდინარე ჩანს, რომ სიმღერა პირველ სიყვარულს ეძღვნება. ისევე, როგორც ყველა თინეიჯერს, მეც შემიყვარდა, მაგრამ რადგანაც „არ გამოვიდა“, იყო პატარა გულისტკენა.

- პირველი სიყვარული ხშირ შემთხვევაში, გულისტკენით სრულდება და რამდენადაც გამოგვივა, ამ იმედგაცრუებას რაღაცნაირად, წინასწარ მომზადებული უნდა შევხვდეთ ხოლმე. თუმცა, სიყვარული დიდი სტიმულია ნებისმიერი საქმის კეთებისას...

- დიახ, იმედგაცრუება მოჰყვება ხოლმე, მაგრამ არა უშავს, ამან გული არ უნდა გვატკინოს და შეგვაჩეროს, პირიქით, მადლობელი ვარ იმ გრძნობისა და განცდებისთვის, რომელმაც სიმღერის დაწერის სტიმული მომცა. ნებისმიერი ძლიერი გრძნობა ყოველთვის რაღაცის მომცემია და რაღაცის „შემქმნელი“.

- ვიცი, ოჯახში ძველი, 1929 წელს ნაყიდი, ბებიას დროინდელი გიტარა გაქვთ და ეს სიმღერა მისი თანხლებით შეიქმნა?

- არა, მამას გიტარაზე შეიქმნა. სიმღერის სახელი მოფიქრებული არ მქონდა და როცა გადაცემა „აკუსტიკა“ დამიკავშირდა, მათ ვუთხარი, რომ საავტორო სიმღერა მქონდა დაწერილი და შეგვეძლო მისი ჩაწერა გვეცადა. როცა მოისმინეს და მოეწონათ, სათაური მკითხეს, მაშინ დიდ საგონებელში ჩავვარდი. ამ შემთხვევაში მამა მომეშველა და სიმღერას სათაური მან შეურჩია. რადგან ერთ-ერთი ბავშვობის მოგონებაა, პირველი სიყვარული და გულისტკენა, ერთად შევჯერდით, რომ „მოგონება“ ზუსტი განსაზღვრება იქნებოდა. აქვე ერთი ამბავი გამახსენდა: არის ასეთი სიმღერა „თეთრი ფარდა“, რომელიც პირველად მე გავაჟღერე ქართულ ტელესივრცეში. ამ სიმღერის არც ავტორი იყო ცნობილი და arc სათაური. გადაცემისთვის “მელორამა“ ჩავწერეთ და როცა წამყვანმა კოტიკო ყიფიანმა დასახელება გვკითხა, მაშინაც მამამ დაასათაურა. მერე შევიტყვეთ, რომ „თეთრი ფარდას“ ავტორი ერთი თბილისელი, ვერელი კაცი, ოთარ პირველია. ის ლექსებსა და სიმღერებს წერდა ქალისთვის, რომელიც მის გრძნობებს არ იზიარებდა და ამ ბიჭს უარყოფდა. სწორედ იმ ქალბატონის მეგობრის შვილი დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ ოთარ პირველი სიმღერებს რომ წერდა, იმ ნაწერებს არა ადრესატი, არამედ დედამისი აგროვებდა და ინახავდა.

- გამოდის მამას „ეხერხება“ სიმღერების დასათაურება...

- დიახ, ეხერხება, რადგანაც ლოტბარია და ხშირად უწევდა სხვადასხვა ექსპედიციაში ყოფნა, სიმღერების შეგროვება, შესწავლა. მან ეს საქმიანობა რომ დაიწყო, ბევრ უკაცრიელ სოფელში იმყოფებოდა, მივიწყებულ ხალხს სტუმრობდა და ეს ჯერ კიდევ იმ დროს, როცა ქართული ხალხური სიმღერა დავიწყებული იყო. აქედან გამომდინარე, სიმღერების დასათაურებამაც მოუწია...

ana-da-1929-clis-gitara-copy-1660550996.jpg

რაც შეეხება ინსტრუმენტს, ოჯახში გვაქვს სამი გიტარა: ბებოსი, მამასი და ახლა უკვე ჩემიც. ბებოს გიტარას საინტერესო ისტორია აქვს. მალე 100 წლის გახდება და ძვირფასი რელიკვიაა. როგორც წესი, საუკუნის ნივთი გამოყენებადი აღარ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში პირიქით მოხდა. ის შეძენილია 1929 წელს, ბებიაჩემის სახელზე, როცა მამას დედა, ანუ ბებიაჩემი მერი დაიბადა. ამ გიტარაზე ისწავლა დაკვრა ბებიაჩემმა, მამაჩემმა და ბიძაჩემმა. ეს არის ე.წ. ლუნაჩარსკი, ნამდვილი შვიდსიმიანი გიტარა. ზუსტად ასეთ გიტარებზე უკრავდნენ ინოლა გურგულია, დები იშხნელები და სხვა ძველი თაობის მრავალი გამორჩეული მუსიკოსი. ამ ხნის განმავლობაში გაიცვითა და საღებავიც გაცრეცილი აქვს. გატეხილი იყო. მოვიძიეთ ხელოსანი, რომელმაც გიტარა რამდენიმე კვირაში შეაკეთა და პირვანდელი სახით დაგვიბრუნა. მე და მამასაც საკმაოდ კარგი, ძვირად ღირებული გიტარა გვაქვს, მაგრამ ის ძველი გიტარა ორივეს ჯობია. არაჩვეულებრივი, მსუყე ჟღერადობა აქვს და დღეს, მიუხედავად მისი ასაკისა, წარმატებულად ასრულებს საქმეს.

- ცხოველები და ფრინველები გიყვარს. მახსოვს, ძაღლები და თუთიყუშები გყავს. როცა სამთავისში იმყოფები, მათ ვინ უვლის?

- სადაც მივდივარ, ისინი ყველგან თან დამყავს. სამთავისში დიდი სახლი გვაქვს და შესაბამისი სივრცე აქვთ. მგზავრობისას თუთიყუშებს პატარა გალიაში გადავსვამ ხოლმე და მერე სოფელში უკვე დიდ გალიებში ვათავსებ.

- უკვე ხომ არ გადაწყვიტე, რა პროფესიას აირჩევ?

- მიყვარს ფსიქოლოგია, ზოოლოგია და ერთი პერიოდი ვეტერინარობაზეც ვფიქრობდი, ეს დარგები მომწონს, თუმცა, როცა ღმერთი რამის ნიჭს გაძლევს, ის უნდა გამოიყენო, ამიტომ ვფიქრობ, შეიძლება მუსიკას გავყვე. ეს მაბედნიერებს და ამ სფეროში კომფორტულად ვგრძნობ თავს. მერიდება ამაზე ლაპარაკი, რადგან ასაკითაც პატარა ვარ, არც საავტორო სიმღერების წერის გამოცდილება მაქვს, არც კომპოზიტორობის, არ ვიცი ხალხს როგორ მივაწვდი ჩემს ფიქრებს, მაგრამ რადგან საავტორო სიმღერებს ვწერ, მაინც გადავდგი ნაბიჯი და ჩემს პირველ სიმღერას კარგი გამოხმაურება მოჰყვა, ნელ-ნელა მუსიკალურ კარიერაზეც ვფიქრობ. მეათე კლასში ვარ, სკოლას 2 წელიწადში დავასრულებ და თუ საქართველოში დავრჩები, კონსერვატორიაში უნდა ჩავაბარო. რა თქმა უნდა, იქ სხვადასხვა ფაკულტეტია, მაგრამ ალბათ მაინც ყველაზე ძლიერი საოპერო ხელოვნებაა. ეს დიდი, პატივსაცემი და სერიოზული რამაა, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ მე საოპერო ხელოვნებაში მინდა „გულის წასვლა“, უფრო მეტად ჯაზი და თავისუფალი მუსიკა მაწყობს. საქართველოში მუსიკალურ სკოლებსა და სასწავლებლებში მაინც კლასიკური მუსიკალური სტილია განვითარებული, ისევე, როგორც კონსერვატორიაში, ამიტომ ვფიქრობ, შეიძლება რომელიმე ევროპულ ქვეყანაში წავიდე ან თუნდაც, ამერიკაში.

- ბევრი მსმენელი გყავს, მათ შორის პროფესიონალი მუსიკოსები. შენი პირველი საავტორო სიმღერის შეფასებისას, ვისი აზრი იყო შენთვის მნიშვნელოვანი?

- მამა ბევრ ქართველ კომპოზიტორსა და მომღერალს იცნობს. მისი მოსწავლეები და მუსიკოსები ურეკავდნენ, დადებითად აფასებდნენ ჩემს სიმღერას. ჩემთვის სასიამოვნო იყო ეს ჟესტი. ერთ-ერთი ასეთი ზარი იყო დავით არჩვაძისგან, რომელმაც მამას უთხრა, რომ ჩემი პირველი საავტორო სიმღერა ძალიან მოეწონა. საერთოდ, ჩემთვის აბსოლუტურად ყველას აზრი მნიშვნელოვანია, როგორც მუსიკის სფეროში მოღვაწის, ისე სხვა პროფესიის ადამიანის.

dsc0305-copy-1660550983.jpg

- ახლა ისვენებ და სექტემბრიდან რა გეგმები გაქვს?

- წელს საკმაოდ დატვირთული რეჟიმი მქონდა. ვცდილობ დავისვენო და ეს დრო ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, ძაღლებთან ერთად გავატარო, შემოდგომიდან კი საქმეს ენერგიულად უნდა შევუდგე. მინდა კონცენტრირება მოვახდინო მთავარ მიზნებზე, სწავლას მივხედო და ჩემი განათლებით უკეთესi მომავალი შევიქმნა. კი, კარგია ცნობადობა, ქუჩაში რომ გადიხარ და ხალხი გცნობს, ბევრ გადაცემაში სტუმრობაც სასიამოვნოა, მაგრამ ხელოვნება ისეთი რამეა, შეიძლება გაგიმართლოს, მთელი ცხოვრება გარანტირებული გქონდეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ნებისმიერი ადამიანი განათლებისკენ უნდა ისწრაფოდეს. არავინ იცის, წინ რა გველის და ყოველთვის უნდა გვქონდეს რაღაც ნიადაგი, რომელზეც მყარად ვიდგებით. უნდა იცოდე, რომ ამა და ამ სფეროში საკუთარი ცოდნის იმედი გაქვს და შეგიძლია რამე სხვა, კონკრეტული საქმით ირჩინო თავი. მადლობა ღმერთს, ძალიან პატარა ასაკიდან ყველაფერი კარგად მიდის. დიდი გამოცდილება მივიღე. ალბათ თქვენც დამეთანხმებით, რომ 13 წელი საკმაოდ მცირე ასაკია იმ სერიოზული ჩაწერებისთვის, რაც მქონდა და მთელი ქვეყანა მცნობს. დღემდე მართლა ბევრი სერიოზულ რამ გავაკეთე, ცხოვრების ერთი დიდი ეტაპი გავიარე და ამ წლების მადლობელი ვარ - გავიზარდე როგორც ფიზიკურად, ისე სიმღერის თვალსაზრისითაც. შეიძლება მომავალში კარგი მუსიკოსი დავდგე, მაგრამ სხვა სფეროშიც უნდა ვცადო ბედი და საკუთარი თავის იმედი მქონდეს.

ანა კალანდაძე