“ტანგას არასოდეს ჩავიცვამ!” - გზაპრესი

“ტანგას არასოდეს ჩავიცვამ!”

ტელევიზიაში სამუშაო სეზონის დასრულების შემდეგ, ჯიმი აბესაძე საზაფხულო არდადეგებს და კონცერტებში მონაწილეობას ერთმანეთს უთავსებს. საზაფხულო არდადეგების შესახებ ბაღდადში მყოფს ვესაუბრეთ...

- ზაფხულს ძალიან კარგად ვატარებ. კონცერტების გამო, ვერ ვიტყვი, შვებულება გამოგვდის-მეთქი, მაგრამ რაღაცნაირად, დასვენებას მაინც ვახერხებ, რა. 3 დღე ფოთშიც ვიყავით. ამჟამად, ბაღდათში ვარ. შემდეგ კონცერტი გვაქვს, მერე კი ოჯახთან ერთად, ცემში მივდივარ.

- თქვენთვის ზაფხული რასთან ასოცირდება?

- წინათ, სტუდენტობის პერიოდში, ზაფხული ყველაზე მეტად მიყვარდა, რადგან ბაღდათში, ბებია-ბაბუასთან მივდიოდი. ეს ის ადგილია, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს... სამსახურის რეჟიმის გამო, მაგალითად, შარშანდელი ზაფხული ისე გავიდა, ვერც გავიგე, რადგან ახალ გეგმებზე ვმუშაობდით. მეც, ზვიად ბლიაძემაც და გიორგი გაბუნიამაც მთელი ზაფხული თბილისში გავატარეთ. აგვისტოს ბოლოს, ოჯახთან ერთად, 2-3 დღით სადღაც დავისვენე, სად - აღარც მახსოვს. ახლაც, “ღამის შოუს” კონცერტები ერთმანეთთან ისეა “მიწყობილი”, მეუღლეს იმის თქმას ვერ ვუბედავ, რომ ცემში როცა ავალთ, შეიძლება, ოჯახთან ერთად ვერც გავჩერდე... საერთოდ, ზღვას მთა მირჩევნია, რადგან ტელევიზიაში, ხალხმრავლობა, ქაოსი ისეთი მობეზრებული მაქვს, რომ კიდევ ზღვა და ქაოსი აღარ მიზიდავს - სიწყნარე მინდა.

- ოჯახთან ერთად, ბოლოს კარგად როდის დაისვენეთ?

- 3-4 წლის წინ საირმეში ვიყავი, ბაღდათთან ახლოს, მაგრამ დასვენების საშუალება მაინც არ მომეცა: ყველა თავისთან მეპატიჟებოდა. სმით თავს არ ვიკლავდი, მაგრამ სუფრასთან ხომ უნდა გაჩერდე, არა? მერე, ერთს თუ წაჰყვები და მეორეს უარს ეტყვი, გული დასწყდება... ამიტომ, დასასვენებლად ყოველთვის ისეთ ადგილს ვეძებ, სადაც წყნარად ვიქნები. არა მგონია, ცემში ჩემი ფანები იყვნენ ამოსულები (იცინის).

- უფროსი ადამიანების მეთვალყურეობის გარეშე, პირველად როდის დაისვენეთ?

- 15-16 წლის წინ: მე და ჩემი მეჯვარე - გიორგი აფხაზავა ერთად ხშირად ვისვენებდით ხან - ჩემთან, ბაღდათში, ხან - გიოსთან, ჩუმათში, ხან - კონდოლში, ჩვენს ბავშვობის მეგობართან - გიორგი ბახსოლიანთან... ერთადერთი, დედაჩემი ნერვიულობდა და ყველაზე მომაბეზრებელი მისი კონტროლი იყო. სადმე ჩემს მარტო გაშვებას ახლაც ვერ ეგუება... პირველად კონკრეტულად, სად დავისვენე, მართლა ვერ ვიხსენებ.

- ახალგაზრდები დროს როგორ ატარებდით?

- ახლა ჩემს ცხოვრებაში მეორე გიო შემოვიდა - გაბუნიას ვგულისხმობ, რომელიც ჩემი ოჯახის წევრია. იცი, როგორ დროს ტარებას “ვაწვებით”? გიტარა, ქართული სუფრა... რაღა დროს ჩემი კლუბია? ალბათ, ამის ასაკიც მქონდა და ვერთობოდი. თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი რომ ვიყავი, “თავში მიქროდა”, ხომ ხვდებით, არა? ისეთი რაღაცები მაქვს ჩადენილი, ვერც ვიტყვი. ახლა სიმშვიდე უფრო მიზიდავს.

- საკურორტო რომანები გქონიათ?

- ცოლი მყავს!

- ვიცი. ვგულისხმობ, დაოჯახებამდე თუ გქონიათ-მეთქი?

- ძალიან მოუსვენარი “ბავშვი” ვიყავი. როგორ არ მექნებოდა, ისე როგორ გავჩერდებოდი?! კონკრეტულს ვერ დაგისახელებთ - არ მინდა, ვინმე გამომრჩეს (იცინის).

- საქართველოს ბევრ კუთხეში ყოფილხართ?

- კი. რაჭაში პირველად მეგობართან - ნიკა მახვილაძესთან (ასტამა) ვიყავი. მას შემდეგ ვამბობ, რომ რაჭაზე ვგიჟდები!.. იმერეთი ჩემთვის ყველაფერია, სამყაროს დასაწყისია, მაგრამ რაჭა სიგიჟემდე მიყვარს!.. შარშან ზაფხულს, ტელევიზიის წინ ვისხედით მე და ჩვენი ერთი ჟურნალისტი - ქეთი მაცაბერიძე. ქეთო რაჭველია. ვიდეოს იღებდა და მითხრა, - რაჭველები მოიკითხეო. ვთქვი, - მინდა, მივესალმო რაჭვერლებს, ჩვენს მეგობრებს, თქვენ გენაცვალეთ-მეთქი! მოვიკითხე სოფლები და გვარები, რაც გამახსენდა. ქეთომ ეს ვიდეო სოციალურ ქსელში, “რაჭველების” გვერდზე დადო. მერე კომენტარები მაჩვენა: რაჭველები წერდნენ - შენ გენაცვალე, რაჭა როგორ გყვარებიაო! სხვათა შორის, ახლა თლუღში (ამბროლაური) ვარ დაპატიჟებული. 4 წელია, ვპირდები, ჩამოვალ-მეთქი, მაგრამ მგონი, წელსაც ვერ ჩავალ.

- საქართველოს რომელ კუთხეში არ ყოფილხართ, რის გამოც გული გწყდებათ?

- ლაგოდეხში არ ვარ ნამყოფი და გული მწყდება! თან, ვიცი, ნელ-ნელა “ხმები მომდის”, რომ ლაგოდეხში რაჭველები, იმერლები და თურმე, ბევრი ჩემი მოგვარე ცხოვრობს. მეუბნებიან, ლაგოდეხი ყველაზე ლამაზიაო. კახეთში ყველგან ნამყოფი ვარ, ასევე - სვანეთში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთში... ყველაზე მეტად ლაგოდეხის ნახვა მინდა!

- როგორ მოხდა, რომ ამ დრომდე ლაგოდეხში ნამყოფი არ ხართ?

- სადაც ნამყოფი ვარ, იქ ან მეგობარი მყავს, ან - გადაღება მქონდა... ლაგოდეხში არავინ მყოლია. ახლა, რაც ტელეეკრანზე გამოვჩნდი, ლაგოდეხში მცხოვრები აბესაძეები გამომიჩნდნენ და აუცილებლად წავალ.

- ზღვაზეც ისვენებთ ხოლმე?

- საერთოდ, წყლის მეშინია, ვერ ვიტან. ჩემი მეუღლე ძალიან მაგრად ცურავს. ზღვაში რომ შედის, აღარ ჩანს - ლამის თურქეთის საზღვრამდე მიდის და ამის გამო, ნერვები მეშლება. ცურვა ვიცი, მაგრამ მეშინია. ალბათ, ამანაც განაპირობა, რომ ზღვა არ მიყვარს. 2-3 წლის წინ, ურეკში, ოჯახთან ერთად ვიყავი. ყური ამტკივდა. ჩემზე ბედნიერი კაცი არ იყო, რადგან ზღვისპირეთიდან წამოსვლა მომიხდა. ყურის ტკივილსაც აღარ დაგიდევდით. ვფიქრობდი, ამის დედა ვატირე, მანამდე რატომ არ ამტკივდა, რომ აქედან წავსულიყავი-მეთქი?

- წყალთან დაკავშირებული რამე ინციდენტი ხომ არ შეგემთხვათ?

- წარმოიდგინე, რომ - არაფერი. 2 რამის მეშინია: ძაღლის, თუმცა არასოდეს დავუკბენივარ და წყლის, თუმცა არც წყალში ვიხრჩობოდი. წყალში არ შევდივარ და ხმელეთზე რა დამახრჩობს?! ამ 2 რამის რატომ მეშინია, არ ვიცი. ახლახან ფოთში ფესტივალი გვქონდა. სასტუმროში ვიყავით, რომელიც ზღვაშია. ყველაზე მეტად უსუსური ვხდები, თუ ზღვაზე ელჭექია. მთელი ღამე მეშინოდა - ღმერთო, ეს 5 დღე ზღვაზე ისე მამყოფე, რომ ელჭექი არ დაემთხვეს-მეთქი. ჭექა-ქუხილი რომ ყოფილიყო, ალბათ, მოვკვდებოდი ან გამოვიქცეოდი... ძაღლს რაც შეეხება, მნიშვნელობა არ აქვს, ნაგაზია თუ პუდელი, ისე კატასტროფულად მეშინია, რომ “ვაჟადან” “ნუცუბიძემდე” სირბილით გავასწრებ!..

- ჯიმი, ზაფხულისთვის სხეულის ფორმაში ყოფნაზე ზრუნავთ?

- ჩემს სხეულში განსაკუთრებულს არაფერს ვცვლი. ახლახან მეუღლესთან პირობა დავდე, რომ ცემში თამბაქოს მოწევას თავს დავანებებ. ალბათ, ჩემთვის ყველაზე დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ეს იქნება... საერთოდ, ძალიან კომპლექსიანი ვარ, მაგრამ ყველაფერს ისე ვთამაშობ, რომ კომპლექსებს ვფარავ. მაგალითად, ღიპის გამო კომპლექსს არასოდეს შევუწუხებივარ. მთავარია, ბედნიერად და კომფორტულად ვგრძნობდე თავს და სულ არ დავეძებ, სხვა რას იფიქრებს.

- საზაფხულო გარდერობს აახლებთ ხოლმე?

- ამით ჩემი მეუღლეა დაკავებული. ქართული ოჯახი მაქვს: მე ფინანსების შემომტანი ვარ, დანარჩენი - მეუღლეზეა “მიყრდნობილი”. შოპინგი ყველაზე მეტად მეზიზღება. თუ რამე სამოსი მაქვს შეძენილი, მეუღლის და ჩემი დის ხელშეწყობითაა ნაყიდი.

- ზღვის სანაპიროზე რას არ ჩაიცვამთ არასოდეს?

- ტანგას. სხვა რა ვიცი, ყველაფერს ჩავიცვამ: გადაცემაში ლომის და მზის ფორმა მცმია და სხვა რამეს რატომ არ ჩავიცვამ?!.

- ტანგას სარეკლამო რგოლისთვისაც არ მოირგებთ, დიდძალი გასამრჯელოს ფასად?

- არანაირად! ხორცპროდუქტების რეკლამაში რომ გადამიღეს, ვიღაც გაბოროტებულმა კომენტარი დამიწერა, - ეჰ, ჯაბოვიჩ, ფულის გულისთვის რას არ იკადრებს კაციო?! წარმოიდგინე, ტანგის რეკლამა რომ გავაკეთო, სახლში არ შემიშვებენ!..

- ბავშვობაში ბაღდათში როგორ ისვენებდით? თქვენს შვილებს თუ უყვართ იქ ყოფნა?

- თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარებამდე, 1 წელი “ჯავახიშვილში” ვსწავლობდი. მერე საბუთები გამოვიტანე და თეატრალურში ჩავაბარე - ეს ოჯახის წევრებმა არ იცოდნენ. ისეთი გახარებული ვიყავი, ბებია-ბაბუასთან, ბაღდათში გავიქეცი, რომ ეს ამბავი მეხარებინა!.. მახსოვს, ბაღდათში ვისვენებდი, ვერთობოდი, მდინარის ნაპირას დავრბოდი... უცებ კომისარიატმა მომაკითხა, - ჯარში მიგვყავხარო. - თეატრალურში ჩავაბარე-მეთქი, - ვუთხრი, მაგრამ რეალურად, ამის დამადასტურებელი მოწმობა, ე.წ. ფორმა 26 არ მქონდა: ჩაბარება ისე გამიხარდა, რომ ფორმის წამოღება არც გამხსენებია. აგვისტოში თბილისში ჩავედი. უნივერსიტეტში მხოლოდ დარაჯი დამხვდა და ფორმას ვინ მომცემდა? ის ზაფხული ყველაზე ცუდად გავატარე, რადგან ბაღდათში თუ ჩავიდოდი, ჯარში წამიყვანდნენ. სანამ სექტემბერში სწავლა არ დაიწყო და “ფორმა 26” არ წარვადგინე, მანამდე, მთელი აგვისტო ვაჟა-ფშაველაზე ვიყავი. ვცდილობდი, კომისარიატის წარმომადგენლებს თვალში არ მოვხვედროდი. ბებია-ბაბუასთან რომ მიდიოდნენ, ისინი ეუბნებოდნენ, - თბილისშია, საბუთს ჩამოიტანსო... მგონი, ბაღდათი ჩემს უფროს შვილს - ნუციკოს კიდევ უფრო მეტად უყვარს: არც დედა ახსოვს, არც - მამა, ბებია-ბაბუასთან ყოფნა ურჩევნია. პირადად მე, ყველაზე კომფროტულად ბაღდათში ვგრძნობ თავს, თუ რა თქმა უნდა, ხალხმა არ გაიგო, რომ იქ ვარ და დასალევად არ წამიყვანეს. ამიტომ ვახერხებ, ავტომობილი გარაჟში გავაჩერო და გარეთ საერთოდ არ გავიდე.

297931765-421150490123675-3624545506929241528-n-copy-1660551140.jpg

- ზოგჯერ მშობლები შვილებთან ერთად დასვენებას ვერ ახერხებენ, რადგან ბავშვებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ. ამ მხრივ, თქვენს შემთხვევაში როგორ არის საქმე?

- უმცროსი შვილი - სანდრიკო ჩვენს ცხოვრებაში დაგვიანებულად შემოვიდა. ნუციკო სანდროზე 10 წლით უფროსია. პატარას ისე ვიყავით მონატრებული, რომ დაღლას საერთოდ ვერ ვგრძნობ თუ მეუღლეს არ ვეხმარები, ეგ უკვე აღარ ვიცი...

- “ღამის შოუს” კონცერტებზე რაღაც სახალისო შეგემთხვეოდათ...

- კონცერტზე, სცენაზე ჯერ გიო გადის, შემდეგ მე ავდივარ, მერე ამყავს ბაბი, თათა და გელა. შარშან სამეგრელოში, ზუგდიდში კონცერტი გვქონდა. სცენაზე გიორგი გაბუნია გავიდა - მეგრული გვარი აქვს! - ნიჭიეროო! - ეძახდნენ მაყურებლები. შემდეგ მე, აბესაძე უნდა გავსულიყავი. სამეგრელოსთან შეხება არ მაქვს. 28 წამში რამე უნდა მომეფიქრებინა... სცენაზე გავვარდი, - მოგესალმებით მამით იმერელი და დედით მეგრელი-მეთქი! - იმიტომ ხარ ნიჭიერიო, - ვიღაცამ მომაძახა (იცინის). იმწამს კი გადავრჩი...

ეთო ყორღანაშვილი