“ვცდილობ, არ აერიოთ, მეგობრული ვარ თუ ვეფლირტავები” - გზაპრესი

“ვცდილობ, არ აერიოთ, მეგობრული ვარ თუ ვეფლირტავები”

სახელი, გვარი: თამთა ხმალაძე.

განათლება: დაამთავრა თეატრალური უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი, ასევე - სტრატეგიული კომუნიკაციების სამაგისტრო პროგრამა.

ამჟამინდელი საქმიანობა: მონაწილეობს სერიალში - “სიყვარულს მიღმა”.

ჰობი: ცეკვა, ცურვა, ფორტეპიანოზე დაკვრა... მოსწონს ყველაფერი, რაც ადრენალინს უკავშირდება და რასაც თავად აკონტროლებს, მაგალითად - ავტომობილის მართვა.

ცხოვრების დევიზი: “არასდროს არაფერი ინანო. უბრალოდ, ცხოვრებისეულ გაკვეთილად მიიღე”.

- სერიალის - “სიყვარულს მიღმა” მეორე სეზონს ვიხილავთ?

- მეორე სეზონის გადაღებები უკვე დაიწყო. მგონია, რომ ბევრად საინტერესო იქნება და სიუჟეტი უკეთ განვითარდება, რადგან პირველი სეზონი მაინც პერსონაჟების გაცნობის ხასიათის იყო. პირველი სეზონის მსგავსად, სცენარი ახლა, ნელ-ნელა იწერება. მეც ბოლომდე არ ვიცი, რა იქნება, მაგრამ რამდენიმე სერია დაგეგმილია და ერთი სული მაქვს, გადაღება დავიწყოთ...

- როცა სარკეში იყურები, ვის ხედავ?

- პირველ რიგში, იმ ბავშვს ვხედავ, რომელიც ვიყავი. მგონია, პატარა თამთას თვალები არ შეცვლილა, რაც ძალიან მახარებს.

- სკოლაში როგორი მოსწავლე იყავი?

- კარგი. ყველაფერს ადვილად ვსწავლობდი. ზედმეტად ბეჯითი არ ვყოფილვარ. თუ კლასელები “შატალოზე” მიდიოდნენ, მეც მივდიოდი. ზოგჯერ თავადაც დამიგეგმავს... ცოტათი ცელქი ბავშვი ვიყავი - მასწავლებლებს ცოტათი ვაწვალებდი, მაგრამ ცუდად არ ვსწავლობდი.

- როდესაც ადამიანს პირადად ხვდები, შენს ყურადღებას პირველად რა იქცევს?

- პირველი შეხვედრისას ჩემს ყურადღებას ადამიანის სურნელი იქცევს. საერთოდ, ადამიანს მთლიანად აღვიქვამ. დეტალებს მერე ვაკვირდები. თუ პიროვნება არ მომეწონა, დეტალები აღარ მაინტერესებს.

- ბოლოს რა გაჩუქეს?

- ბოლოს დაბადების დღე მქონდა და ბევრი რაღაც მაჩუქეს (იცინის).

- დღის რომელი მონაკვეთი გიყვარს განსაკუთრებულად?

- მეორე ნახევარი - საღამო და ღამე: ამ დროს ყველაზე ენერგიულად ვგრძნობ თავს. გვიან ვვარჯიშობ ხოლმე. ვერ ვიტყვი, რომ “დილის ადამიანი” ვარ, მაგრამ გააჩნია, საქმეს როგორ სჭირდება: დილით ადრე ადგომაც მიწევს ხოლმე. რაც უნდა ადრე ავდგე, ღამით მაინც მღვიძავს. დილაობით დიდად ენერგიული არ ვარ.

- როგორ სიზმრებს ხედავ?

- სხვათა შორის, სიზმარი ხშირად მიხდება. მაგალითად, ბევრჯერ ვიღაც დამსიზმრებია. ცხადში მიფიქრია - კონკრეტულ ადგილას რომ წავიდე, აუცილებლად ის ადამიანი შემხვდება-მეთქი და აღარ წავსულვარ, მაგრამ იმ დღეს სხვაგან მაინც შემხვედრია. წყლის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ ვარ დაბადებული. ამბობენ, “წყლის ნიშნებს” ძალიან კარგი ინტუიცია აქვთო. ამას ვაბრალებ, რომ სიზმარი ხშირად მიცხადდება.

dsc1434-copy-1660551309.jpg

- ცხოვრების ამ ეტაპზე შენს მთავარ მიღწევად რას მიიჩნევ?

- რამე კონკრეტულს ვერ დავასახელებ. მგონია, ჯერ ყველაფერი წინ მაქვს.

- ყველაზე მეტად რა გაშინებს?

- ქვეცნობიერად ყველაფრის მეშინია, რასაც ვერ ვაკონტროლებ. ყველაზე გააზრებული ალბათ, ახლობლების, საყვარელი ადამიანების დაკარგვის შიშია, რომელიც ძალიან გამძაფრებული მაქვს. საერთოდ მგონია, რომ გააჩნია, ამ პრობლემას რომელი კუთხით დაინახავ. ჩემს შემთხვევაში ეს ისეთი საკითხია, რომელსაც არ ვიცი, რომელი კუთხით უნდა შევხედო, რომ ნაკლებად შემეშინდეს.

- ასაკის მატება გაშინებს?

- ძალიან პატარა ვიყავი, როცა ვთქვი, - რაც დრო გავა, უფრო კარგი გავხდები-მეთქი (იცინის). ჰოდა, რაც დრო გადის, სულ მეუბნებიან, - თამთა, რამე “გაიკეთე”? რა კარგი გახდიო. მგონია, დროთა განმავლობაში შეგვიძლია, ჩვენს სხეულსა და შინაგან სამყაროზე ზრუნვით უფრო დავხვეწოთ ჩვენი გარეგნობაც, შინაგანი სამყაროც. ვფიქრობ, თანდათან ყველაფერს დავხვეწ და გავაუმჯობესებ, მაგრამ - ბუნებრივად და არა - პლასტიკური ქირურგიით.

- ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მომხმარებელი ხარ?

- კი. კანს ჩვეულებრივად ვუვლი - კოსმეტოლოგთან დავდივარ, ვიწმენდ... ჯერ ბოტოქსის, ფილერის და მსგავსი გამაახალგაზრდავებელი საშუალებებისთვის არ მიმიმართავს.

- როცა არასასურველი ადამიანი გეფლირტავება, როგორ იქცევი?

- ვაიგნორებ (იცინის). გააჩნია, სად ვარ, როგორი სიტუაციაა... იგნორი ისეთი რამეა, რომ ამაზე დელიკატური მეთოდი არ ვიცი. როცა ვინმესთან მეგობრული, ზრდილობიანი, თავაზიანი ხარ, ხანდახან ერევათ და ფიქრობენ, რომ ეფლირტავები. ვცდილობ, არ აერიოთ - მეგობრული ვარ თუ ვეფლირტავები. როცა ვხედავ, რომ ვერ მიხვდა, მერე უკვე ასეთი ადამიანისგან თავს შორს ვიჭერ.

- ვინმე გძულს?

- არა. მგონია, რომ როცა ვიღაცა გძულს, ამ დროს ყველაზე მეტად საკუთარ თავს წამლავ, თრგუნავ... ნამდვილად არავინ მძულს. პრინციპში, ჩემ გარშემო ისეთი ვინმე არც არის, რომ ჩემი სიძულვილი დაემსახურებინა, მაგრამ ყოფილან ადამიანები, ვისგანაც რაღაც არ მომწონებია. საერთოდ, არ ვიცი, სიძულვილი როგორი განცდაა.

- 1 თვის განმავლობაში მხოლოდ 1 ფერის სამოსის ჩაცმა რომ მოგიხდეს, რომელს აირჩევდი?

- თეთრს, განსაკუთრებით - ზაფხულში. მგონია, რომ ნამზეურს ძალიან უხდება. საერთოდ, პასტელური ფერები მომწონს... ჩემს “ტიკტოკ” და “ინსტაგრამ” გვერდსაც რომ გადახედოთ, ძირითადად თეთრი სამოსი მაცვია.

tamta-4-copy-1660551323.jpg

- დაასახელე საკვები, რომლის ჭამის ცდუნებას დიეტის დროსაც ვერ უძლებ...

- რის გარეშეც ვერ ვარსებობ, არის ყავა, თან - კარამელიანი, რაც ძალიან არადიეტურია. საკვებს რაც შეეხება, ყველანაირი ტკბილეული მიყვარს. თავს ისე არ ვიზღუდავ, რომ მერე სულმა წამძლიოს და აკრძალული საკვები მივირთვა. დოზა ვიცი, რამდენი უნდა შევჭამო. ძალიან რომ ვიკრძალავდი, რა არ უნდა მეჭამა და დიეტას მკაცრად ვიცავდი, შოკოლადის თუ დონატის 1 ლუკმასაც არ ვეკარებოდი, ტკბილეულისკენ მაშინ გამირბოდა ხელი - შეიძლებოდა, შემეჭამა, ახლა - აღარ, ყველაფერს დოზირებულად გეახლებით.

- ყველაზე უცნაური კომპლიმენტი რა მიგიღია?

- ერთმა კაცმა მითხრა, - ერთ ძიუდოისტს გამსგავსებო. ძალიან გამეცინა (იცინის). მერე მითხრა, - დარიას გამსგავსებ, უკრაინელი ძიუდოისტი გოგოაო. - ოკეი, დარია თუა, კარგი-მეთქი. თავდაპირველად, “ძიუდოისტი” ისე ჟღერდა, რომ მე და ჩემი დაქალი სიცილისგან ცუდად გავხდით. შემდეგ ამ გოგოს - დარია ბოლოდიდის ფოტოები რომ ვნახე, მომეწონა.

- რომელი ზებუნებრივი ძალის ფლობას ისურვებდი?

- ადამიანების (და არა მხოლოდ მათი) განკურნება რომ შემეძლოს.

- შენთვის ცუდი განწყობის საწინააღმდეგო უებარი წამალი რა არის?

- მანქანაში ჩემთვის უნდა ვიყო, მქონდეს ყავა და საყვარელი მუსიკა ჩართული - ეს მშველის, მაწყნარებს...

- რომელ სოციალურ ქსელს ანიჭებ უპირატესობას?

- სოციალურ ქსელებში ძალიან პასიური ვარ. ძირითადად კომუნიკაციისთვის ვიყენებ. უფრო მეტად “ტიკტოკი” მართობს.

- ზაფხული თუ ზამთარი?

- ზაფხული. ზაფხულში სხვანაირი ადამიანი ვარ. ზამთარში გარეთ გასვლა არ მინდა ხოლმე.

- ბოლოს რომელი წიგნი წაიკითხე?

- ბოლოს ინგლისურად ვკითხულობდი ჯეიმს ქლიერის Aტომიც Hაბიტს-ს.

- ამჟამად რომელ სერიალს უყურებ?

- ახლა არაფერს ვუყურებ. დიდი ხანია, სერიალი არ მინახავს. ბოლოს “ქაღალდის სახლი” ვნახე.

- დღე-ღამეში რამდენი საათი გძინავს?

- 4-5. გვიან ვიძინებ და ადრე ვიღვიძებ. თუ საქმე არ მაქვს, შეიძლება შუადღემდე მეძინოს.

- ადვილად გწყინს?

- კი, მაგრამ წყენას გულში არ ვიტოვებ.

- შენთან დამეგობრება იოლია?

- ადამიანებთან კომუნიკაციაში იოლად შევდივარ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ იოლად დავიმეგობრებ.

- უსამართლობის განცდა ბოლოს როდის დაგეუფლა?

- ყოველთვის, როცა ვიგებ, რომ ბავშვებს რამე უჭირთ ან რაღაც უბედური შემთხვევა მოხდა, უსამართლობის ძლიერი განცდა მეუფლება. “ფეისბუკზე” დღესაც რაღაც წავიკითხე...

- შენი აზრით, სიყვარული რა არის?

- ნეტავ ვიცოდე, რა არის (იცინის)... მგონია, რომ სიყვარული არის ის, რის გამოც საერთოდ, ადამიანის ცხოვრება ღირს. ეს გრძნობა გავსებს და მოტივაციას გაძლევს, გიბიძგებს იმისკენ, რომ იცხოვრო. მნიშვნელობა არა აქვს, ახლობელი ადამიანის სიყვარული იქნება, მეგობრების თუ ქალვაჟური, მგონია, ეს გრძნობა ჩვენი ცხოვრების მთავარი აზრია.

- შეყვარებული ხარ?

- არა, არ ვარ (იღიმის).

- შენი ცხოვრების მთავარი ფასეულობა რა არის, რაც ცხოვრებაში შენს თითოეულ ნაბიჯს განსაზღვრავს?

- ადამიანობა. ალბათ, ცხოვრებაში როგორ წარმატებასაც უნდა მიაღწიო, მნიშვნელოვანია, ადამიანად დარჩე. ჩემთვის მთავარია, პიროვნული ღირებულება და მერე - ყველაფერი დანარჩენი.

ეთო ყორღანაშვილი