“ჩემი სიმართლის არ დაიჯერეს” - გზაპრესი

“ჩემი სიმართლის არ დაიჯერეს”

სახელი, გვარი: მარიამ ცქიფურიშვილი.

ასაკი: 34 წლის.

განათლება: დაამთავრა თეატრალური უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი.

ამჟამინდელი საქმიანობა: მუშაობს მარჯანიშვილის თეატრში და “თეატრი ათონელზე”.

ცხოვრების დევიზი: ფრაზა გოეთეს “ფაუსტიდან” - “ყალბი ბრჭყვიალით ვერ შეიქცევ დიდი ხნით ვერვის, რაც ნამდვილია, მხოლოდ იგი შერჩება მერმისს”.

განტვირთვის საუკეთესო საშუალება: სეირნობა.

- მარიამ, პოპულარობა პირველად როდის იგრძენით?

- ალბათ მაშინ, როცა ეკრანზე გამოვჩნდი და ქუჩაში მცნობდნენ, როგორც მსახიობს. ეს უცნაური სიტუაცია იყო, რადგან თავდაპირველად, ვერც აღვიქვამდი რა ხდებოდა და მეგონა, იმიტომ მიყურებდნენ, რომ კარგად გამოვიყურებოდი (იღიმის). მერე მივხვდი - რეალურად, იმიტომ მიყურებდნენ, რომ ტელევიზორში ვჩანდი. “ჩემი ცოლის დაქალებმა” ცნობილი გამხადა. მანამდე თეატრშიც ვთამაშობდი. შეიძლება, ვიწრო წრეში ადამიანებმა ჩემ შესახებ მაშინაც იცოდნენ, მაგრამ მასობრივად საზოგადოებამ ტელევიზიით გამიცნო.

- შენიშვნა ბოლოს ვისგან და რის გამო მიიღეთ?

- საკუთარი თავისგან მივიღე შენიშვნა, რომ ადამიანებთან ურთიერთობისას მსმენელი უფრო უნდა ვიყო, ვიდრე მოსაუბრე (იღიმის).

- რა არის თქვენი ჰობი?

- ცხოვრება. საბოლოო ჯამში, სამყაროს ასე ვხედავ: ადამიანები აქ მაინც დროებით ვართ. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ერთ დღეს არავინ აღარ ვიქნებით. ყველაფერი, რასაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ვეხები, ჰობია. ცხოვრების გარკვეულ პერიოდში შეიძლება, რაღაცამ უფრო მეტად გაგიტაცოს, შემდეგ - სხვა რაღაცამ... ამიტომ მივხვდი, რომ ჩემი ჰობი თავად ცხოვრებაა.

- ცხოვრების ამ ეტაპზე თქვენს მთავარ მიღწევად რას მიიჩნევთ?

- მტკივნეული ეპიზოდების მიუხედავად, სიხარულის და ცხოვრების ხალისის შენარჩუნება შევძელი.

- თქვენი ბოლოდროინდელი იმედგაცრუება რა იყო?

- ის, რომ ადამიანები ერთმანეთს მაინც ისე ვხედავთ, როგორც გვინდა და არა ისე, როგორიც სინამდვილეში ვართ. სხვები თავიანთ წარმოსახვაში გვხედავენ. ისეთი ადამიანი ცოტაა, რომელიც სხვა ადამიანს ნამდვილად ხედავს და ყველაზე მეტად მტკივნეული ეს არის.

- ოდესმე უსარგებლო ადამიანად გიგრძნიათ თავი?

- კი, მიგრძნია. სხვათა შორის, შეიძლება ასეთი განცდა ყველაზე მეტად ისეთ დროს მქონია, როცა მეტად ქმედითი ვყოფილვარ. რატომღაც მიგრძნია, თითქოს ამ სამყაროსთვის “არასაკმარისი” ვარ. შემდეგ, როცა წარსულისთვის გადამიხედავს, მითქვამს, - ვაიმე, იმ დროს როგორ ვფიქრობდი, რომ უსარგებლო ვიყავი? არადა, ყველაზე მეტად ნაყოფიერი პერიოდი ყოფილა-მეთქი. საერთოდ, როცა ნაყოფიერ პერიოდს “გავდივარ”, გარკვეული თვალსაზრისით, ამას ვერ აღვიქვამ. შეიძლება იმის გამო, რომ მთლიანად ამ პერიოდში ვარ ჩართული.

- თქვენთვის ცუდი განწყობის უებარი წამალი რა არის?

- რაღაცის გააზრება, გაგება, იმაზე ფიქრი, რომ ესეც გაივლის. არამართებული აზრები ყოველთვის დისკომფორტს იწვევს. თუკი ადამიანი ამ არამართებულ აზრებს გაასწორებს და სამყაროს მაინც პოზიტიურად შეხედავს, როგორ რთულ სიტუაციაშიც უნდა იმყოფებოდეს, მგონია, რომ ეს უებარი მალამოსავით მოქმედებს.

- ოდესმე ფსიქოლოგის დახმარება დაგჭირვებიათ?

- ხანდახან ფსიქოლოგისგან დახმარების მიღებაზე მიფიქრია, როდესაც ვგრძნობ, რომ მაგალითად, გარკვეული ცხოვრებისეული პრობლემა მაქვს და ისეთი განცდა მეუფლება, თითქოს ამის გადალახვას, “გადახარშვას” მარტო ვერ ვერევი. როგორც კი გადავწყვეტ, რომ ფსიქოლოგი დავიხმარო, რთული სიტუაციიდან საკუთარი თავი თავადვე გამომყავს, - ფსიქოლოგთან ვიზიტამდე საქმე აღარ მისულა.

- დიეტას რომელი საკვების გამო არღვევთ ხოლმე?

- როგორი უცნაურიც უნდა იყოს, ყველა გემრიელ საჭმელზე მეტად პური მიყვარს (იცინის). შეიძლება უგემრიელესი კერძის მირთმევისგან თავი შევიკავო, მაგრამ ყველაზე ხშირად დიეტა სწორედ პურის გამო დამირღვევია.

- კმაყოფილების განცდა ბოლოს რის გამო დაგეუფლათ?

- იმის გამო, რომ გარკვეულ სიტუაციაში მართალი ვიყავი და ამან საკუთარი თავის რწმენა მომცა. მივხვდი, ნამდვილად მართალი ვიყავი და ამან, ასე ვთქვათ, “გამამყარა”.

- თქვენი სიმართლე დაიჯერეს?

- არა, პირიქით - ჩემი არ დაიჯერეს, მაგრამ შინაგანად ვიგრძენი, რომ მართალი ვიყავი. ამან მეტი სიამოვნება მომანიჭა, რადგან საკუთარ თავთან გარკვევა მაინტერესებდა, რამდენად მართალი ვიყავი...

- ყველაზე მეტად რომელი ცნობილი ქართველი გეამაყებათ?

- იმდენი საინტერესო და საამაყო ქართველი არსებობს, რომ ერთის არჩევა ძალიან გამიჭირდება... პოეზია მიყვარს. გალაკტიონს დავასახელებ...

- ბოლოს რა გაჩუქეს?

- ჩემმა მეგობარმა მერაბ მამარდაშვილის წიგნი მაჩუქა. ძალიან გამიხარდა, რადგან ფილოსოფია მიყვარს. კარგი საჩუქარი იყო (იღიმის).

image1-copy-1661153592.jpeg

- დღის რომელი მონაკვეთი გიყვართ ყველაზე მეტად?

- დილა. ჩემთვის დილა ყოველთვის “მინი” ახალი დაბადებასავით, ახალი ცხოვრების საწყისივით არის. თითქოს ძილი პატარა სიკვდილივითაა. შეიძლება, წინადღე გადატვირთული გვქონდა, მაგრამ დილით სიცოცხლის ახალი ფურცლიდან დაწყებაა შესაძლებელი. დილა ამიტომ მიყვარს - “ცოცხალ განცდებს” ატარებს.

- როგორ სიზმრებს ხედავთ?

- საინტერესოს, რომლებიც შეიძლება გაარჩიო, რაღაც სიმბოლო ამოიკითხო, სიფხიზლის პერიოდთან პარალელები გაავლო... ჩემთვის ძილი საინტერესო მდგომარეობაა. მგონია, ძილს და სიზმარს ცხოვრებაში მნიშვნელობა აქვს. ჩვენს ყოველდღიურობასთან ის ძალიანაა დაკავშირებული. მოკლედ, ისეთი სიზმრები მაქვს, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებასთან ადვილად ვაკავშირებ. სხვათა შორის, გარკვეულ კითხვებზე პასუხსაც მაცემინებს ხოლმე.

- წინასწარმეტყველური სიზმრები გაქვთ?

- “წინასწარმეტყველური” საშიშად ჟღერს. უფრო “ინტუიციურს” დავარქმევდი. ყოველთვის - არა, მაგრამ ყოფილა შემთხვევა, როცა ინტუიციური სიზმარი მინახავს: ან ისეთი მოვლენა მომხდარა, ან - ის ადამიანი შემხვედრია, ვინც დამსიზმრებია და დიდი ხნის განმავლობაში ნანახი არ მყავდა.

- ადვილად გწყინთ?

- სხვათა შორის, ბოლო დროს ამაზე ვფიქრობდი და - კი, ადვილად მწყინს, მაგრამ ადვილადაც მავიწყდება (იცინის).

- თქვენთან დამეგობრება ადვილია?

- აუ, არ ვიცი... ალბათ ეს სხვებს უნდა ჰკითხოთ, მაგრამ ჩემი თავის მეგობარი რომ ვყოფილიყავი, ალბათ ვიტყოდი, რომ ადვილია.

- როცა ადამიანს პირადად ხვდებით, თქვენს ყურადღებას პირველად გარეგნობის რა დეტალი იქცევს?

- ხელები. ხელებით ადამიანს ვცნობ. შეიძლება, ეს ძალიან სტერეოტიპული დამოკიდებულებაა - ადამიანი ისეთი ღრმა და საინტერესოა, მარტო ხელით ვერ იცნობ, თუმცა ჩემი აზრით, ხელს პიროვნებაზე, მის ხასიათზე ბევრი რამის თქმა შეუძლია. არც ვიცი, ეს როგორ ავხსნა, მაგრამ რაღაცნაირად ვხვდები, მაგალითად, ადამიანი “ჩაკეტილია” თუ კომუნიკაბელური...

- როცა არასასურველი ადამიანი გეფლირტავებათ, როგორ იქცევით?

- პირდაპირ ვეუბნები (იცინის). გაურკვევლობა არ მიყვარს. ყოველთვის ყველაფერში ჩემთვის ყველაზე მეტად შემაწუხებელი გაურკვევლობაა. ამის თავიდან ასაცილებლად შემიძლია, პირდაპირი ვიყო, ოღონდ - არა უხეში. მირჩევნია, ტყუილად არავინ იწვალოს, რა. თუ არანაირი შანსი არაა, ამას პირდაპირ ვამბობ და მიზეზს ვხსნი.

image3-copy-1661153580.jpeg

- “ჩემი ცოლის დაქალებში” სეზონი თქვენი პერსონაჟის პირად ცხოვრებაში კარგად დასრულდა. თქვენ თუ ხართ შეყვარებული?

- სხვათა შორის, მეცინებოდა, რომ სეზონი ჩემი გმირის პირადი ცხოვრებისთვის ნამდვილად დამაგვირგვინებლად დასრულდა. რეალურად, ბოლო დროს სიყვარულის მიმართ დამოკიდებულება შემეცვალა: მგონია, რომ რეალურ ცხოვრებაში, ნამდვილი სიყვარული ძალიან რთულია, რადგან ძირითადად, ადამიანებს ეს გრძნობა ეგოიზმში ერევათ - სხვა ადამიანის თვალით დანახული საკუთარი თავი უყვართ. ჰოდა, ნამდვილი სიყვარული, რაც გაცემაზეა ორიენტირებული და არა რაღაცის მიღებაზე, ცხოვრებაში იშვიათი მგონია. გარკვეული თვალსაზრისით, ამას დამსახურება სჭირდება. ალბათ ასეთი ნამდვილი სიყვარული ჩემს ცხოვრებაში არ არის.

- ცხოვრებაში თქვენს თითოეულ ნაბიჯს რა მთავარი ფასეულობა განსაზღვრავს?

- პატიების უნარი. მგონია, რომ საერთოდ, ადამიანში ბევრი ღირსება არსებობს, მაგრამ პატიების უნარი ისეთია, რომელიც ძალიან რთულიც არის და მნიშვნელოვანიც. ადამიანებს უარყოფითი და დადებითი თვისებები 50/50-ზე აქვთ. თუ უარყოფითზე ვიფიქრებთ - რა გვეწყინა, ვერასოდეს შევძლებთ ვერც სიცოცხლეს და ვერც ერთმანეთის სიყვარულს. ამიტომ უნდა შევძლოთ, ერთმანეთი გვიყვარდეს და პატივს ვცემდეთ. ერთმანეთის კარგი თვისებები უნდა გვახსოვდეს და არა - ცუდი, აქცენტი დადებითზე გავაკეთოთ. ალბათ ეს ისაა, რაც შეგაძლებინებს, რომ ბევრი უსამართლობის მიუხედავად, მაინც შეძლო, ადამიანს აპატიო. ეს უმნიშვნელოვანესია.

ეთო ყორღანაშვილი