ლევან კაციაშვილის სევდიანი კომედია - გზაპრესი

ლევან კაციაშვილის სევდიანი კომედია

ლევან კაციაშვილი მოზარდ მაყურებელთა თეატრისა და თოჯინების სახელმწიფო თეატრის წამყვანი მსახიობია. არაერთი როლი აქვს განსახიერებული რამდენიმე ცნობილ სერიალში, ფილმსა და საბავშვო სატელევიზიო პროექტში. არის საკმაოდ აქტიური სარეკლამო სახე.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ როლის განსახიერება დღეში სამ სპექტაკლში უწევს, ღამე გამოთავისუფლებულ საათებს თავის “შვილივით შეზრდილ” მოტოციკლთან ერთად, მიტანის სერვისში ატარებს.

კითხვაზე, აქვს თუ არა პროტესტის განცდა, დაყოვნებული წამები უკვე პასუხად მივიჩნიე. თუმცა, თავად ხმამაღლა თქვა, რომ მიუხედავად მსგავსი დატვირთული რეჟიმისა, ვერ ელევა საქმეს, კონკრეტულ ადგილებს, ადამიანებს და ამ დაქანცულობის ერთადერთ კომპენსაციას - მაყურებლის ტაშით გამოხატულ ემოციას. შესაბამისად, ვერ რისკავს საზღვარგარეთ წასვლასაც. ცოტა სევდიანი დიალოგი არაერთი კომედიური სახის შემქმნელ მსახიობთან მისსავე საყვარელ, მოზარდ მაყურებელთა თეატრში შედგა, სადაც თავისი მოტოციკლითა და მასზე მიმაგრებული მიტანის სერვისის სპეციალური თერმოჩანთით მოვიდა.

- ლევან, მსახიობები მუდმივად აღნიშნავენ, რომ ხელოვანები არიან და მათი საქმე სცენაზე როლის შესრულებაა. ამით ხაზს უსვამენ, რომ სხვა საქმის გაკეთება არ შეუძლიათ. თქვენ როგორ დაამსხვრიეთ ეს სტერეოტიპი?

- ამაში კოვიდპანდემია “დამეხმარა”. ვერც მე წარმოვიდგენდი, რომ ასეთ საქმეში ჩავერთვებოდი. პანდემიამდე სახლში თითქმის არ მივდიოდი. როცა გაჩნდა სლოგანი “დარჩი სახლში”, თეატრში ყოველდღიური საქმიანობა შეჩერდა და ოთხ კედელში გამოვიკეტე. ეს უდიდესი სტრესი აღმოჩნდა ჩემთვის ისევე, როგორც ბევრი სხვა ადამიანისთვის. ვფიქრობდი რა გამეკეთებინა, რომ სახლიდან გარეთ გასვლა მომეხერხებინა. გამოსავალი მიტანის სერვისში დავინახე. უკვე 12 წელია მოტოციკლი მყავს და ეს ჰობი საქმედ და შემოსავლის წყაროდ ვაქციე.

- გადაწყვეტილების მიღება არ გაგიჭირდათ?

- დიახ, დასაწყისში ბევრი ვიფიქრე, გადამედგა თუ არა ეს ნაბიჯი - მეტ-ნაკლებად ცნობილი სარეკლამო სახე, რომელმაც ადამიანებთან გზავნილი უნდა მიიტანოს. როცა უკვე მუშაობა დავიწყე, ამასთან შეგუება ფსიქოლოგიურად მერეც გამიჭირდა. ჩაფხუტს თითქმის არ ვიშორებდი, არ მინდოდა ადამიანებს ვეცანი. ერთხელ ერთ პატარა ბიჭუნას შეკვეთა მივუტანე. რომ დამინახა, მივხვდი, მიცნო, თუმცა, ხმამაღლა არაფერი უთქვამს. გზავნილი გადავეცი, კარი მოიხურა და გავიგონე კივილამდე მისული: “დედააა! იცი ვინ მომიტანა შაურმა?” ცოტა სევდიანი, მაგრამ მაინც სასიამოვნო შემთხვევა იყო. ამ დღის შემდეგ თითქოს, კომპლექსები დავძლიე.

- ამ საქმიანობას, ალბათ, კურიოზებიც ახლავს...

- კურიოზი არ არის მსახიობი მიტანის სერვისში (იცინის)?!

- სხვა კოლეგები თუ იცით, ვინც იმავე საქმიანობითაა დაკავებული?

- ერთხელ შემთხვევით ვნახე ერთ-ერთი ცნობილი მსახიობი. მეც და ისიც ჩანთებითა და ჩაფხუტებით მოტოზე “ამხედრებული” შუქნიშანზე შევხვდით.

- თუ ყოფილა შემთხვევა, როცა მოპედით გადაადგილებისას ვინმეს არაკორექტული კომენტარი გაუკეთებია?

- როცა მოპედით ხარ და მით უმეტეს, ჩანთით, ეს უკვე დასტურია, რომ ძალიან ცუდად დადიხარ და ქმნი ავარიულ სიტუაციებს. ხშირად მართლა სწრაფად დადიან, რადგან ეს სამუშაო სისწრაფეზეა დამოკიდებული.

- მიუხედავად იმისა, რომ მოტოციკლიც გიყვართ და ამ საქმიანობას მეტ-ნაკლებად, შეეჩვიეთ კიდეც, ალბათ, გულის სიღრმეში პროტესტის გრძნობა მაინც გაქვთ. ამ შეგრძნებამ ბევრი მსახიობი ქვეყნის საზღვრებს გააცილა. თქვენ არ გიფიქრიათ წასვლაზე?

- წასვლაზე მეც არაერთხელ მიფიქრია. ადრე ვაპროტესტებდი როცა მიდიოდნენ, არ მინდოდა ეს, მაგრამ ახლა უკვე მესმის მათი. მე, პირადად, დღემდე ვერ გადავდგი ეს ნაბიჯი. ბევრი რამეა ისეთი, რაზეც მიჯაჭვული ვარ - ადგილები, ადამიანები, სამსახურები. თეატრს სამსახურს არ ვეძახი, თეატრი არის საქმე, რომელიც მიყვარს, რომელიც მე ავირჩიე და ჩემი ნებით ვემსახურები.

- ეს არჩევანი არასოდეს გინანიათ?

- ხდება ხოლმე, მაგრამ ესეც ადამიანების გამო. იყო მომენტები, როცა მივხვდი, ეს ის არ იყო, რაც მინდოდა. ცოტა განხიბვლა მქონდა ამ მხრივ, გულისტკენები, რაც სამწუხაროდ, ხშირად ახლავს ამ ჩვენს ძალიან საყვარელ საქმეს. ჯერ კიდევ ინსტიტუტში მივიღე რამდენიმე ძლიერი დარტყმა და ამ სფეროდან წასვლაც კი დავაპირე. მაგრამ როგორც ჩანს, პროფესიის სიყვარული აჭარბებს და ამარცხებს მსგავს განცდებს, წასვლის საშუალებას არ გაძლევს.

- კიდევ სხვა მისწრაფება ხომ არ გაქვთ?

- ბავშვობიდან ბევრი რამ მაინტერესებდა, ცნობისმოყვარე ვიყავი. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში არაერთ წრეზე დავდიოდი. განსაკუთრებით ფოტოგრაფია მაინტერესებდა. ასაკით პატარა ვიყავი, ამიტომ, ჯგუფში ოფიციალურად არ მარეგისტრირებდნენ, მხოლოდ თავისუფალ მსმენელად მიმიღეს.პირველივე ფირის გამჟღავნებისას ეს საქმე რატომღაც, ჯგუფში მხოლოდ მე გამომივიდა. როცა ჩემი პედაგოგი, ვაზგენი ისრაელში მიდიოდა, ქალაქის ტელეფონზე დამირეკა და თავისთან დამიბარა. მის სახლში მისულს დამემშვიდობა და ფოტოფირები, წამლები და ე.წ. კასეტები მაჩუქა. სახლში ფრთაშესხმული წამოვედი. იმ ფირებით ფოტოებს მთელი 3 წელი ვიღებდი. სამომავლოდ თეატრალურმა სამყარომ გადამძალა და ფოტოგრაფიას დრო ვეღარ დავუთმე.

- ამბობენ, რომ მსახიობისთვის უარყოფითი გმირის განსახიერება უფრო საინტერესოა. ამ მოსაზრებას ეთანხმებით?

- საერთოდ, პროფესიულად მაშინ მიდიხარ წინ, როცა ისეთ როლს ასახიერებ, რომელიც შენს ბუნებასთან ახლოს არ არის. რთულია, მაგრამ ძალიან საინტერესო. უარყოფით პერსონაჟს გამართლება უნდა მოუძებნო და გახსნა მისი სახე. თუ გამართლება ვერ მოუძებნე, ისე ვერ ითამაშებ.

10575213-10205441934674744-3915022353869730792-o-copy-1661153770.jpg

- ყოფილა შემთხვევა, როცა ეს გამართლება ვერ მოძებნეთ და როლზე უარი თქვით?

- ყოფილა, როცა რეჟისორისთვის კითხვები დამისვამს, პასუხი ვერ მიმიღია და როლზე უარი მითქვამს. მართალია, “ვერ” და “არ” ჩვენთვის არ არსებობს, მაგრამ ზოგჯერ ხვდები რომ ესა თუ ის როლი, უბრალოდ, არ არის შენი. თანხვედრა უნდა მოხდეს როლთანაც და რეჟისორთანაც. რატომღაც, სულ ისე ხდება, რომ იუმორისტულ როლზე მაკავებენ. გმირი, რომელიც დადებითია და იწვევს ღიმილს. რეკლამებშიც ასეთ პერსონაჟებს მირჩევენ.

- ამბობთ, რომ დოსტოევსკის “იდიოტი” გგავთ. უფრო კონკრეტულად რით იმსგავსებთ?

- ფიქრებით, აზროვნებით, მისი ფსიქოტიპი ახლობელია ჩემთვის. რომანტიკოსი, რომელსაც გამოუსადეგარ ადამიანად მიიჩნევენ, რომელიც ვერ ერგება საზოგადოებრივ დოგმებს, წესებს, ყოფას. გარშემო მყოფები ვერ იღებენ ისეთს, როგორიც არის. სუფთა და სათუთი ბუნების შვილია. ასეთები ან ძალიან იშვიათად, ან საერთოდ აღარ არიან. ძალიან მინდოდა ამ როლის განსახიერება.

- პედაგოგობა არასოდეს გიცდიათ?

- მეტყველების პედაგოგად შემოთავაზება რამდენჯერმე მქონდა. ერთხანს ვმუშაობდი კიდეც, მაგრამ ისევ ჩემი რეჟიმის გამო უარის თქმა მომიხდა. ზოგჯერ გადაბმით სამ სპექტაკლში გვიწევს თამაში. მიტანის სერვისზე საათებს ძირითადად, ღამე ვითავსებ, რადგან დღე თითქმის სულ თეატრში ვარ. სახლში მისული მოტოციკლს ვამოწმებ, რომ შემდეგი დღისთვის გამართული იყოს. რა ვქნა, მაინც ვერ ველევი ამ გიჟურ რეჟიმს...

- ამდენი შრომის კომპენსაცია რა არის?

- ტაში.

- მეტყველების პედაგოგად შემოთავაზებები გაქვს მაშინ, როცა ხშირად ასრულებ როლს, რომელიც სცენაზე ერთი სიტყვის თქმასაც კი არ ითვალისწინებს...

- დიახ, ხდება ხოლმე. თუმცა, ასეთი როლიც საინტერესოა. იძულებული ხდები გამომსახველობით საშუალებებზე ყურადღება მეტად გაამახვილო.

- ყოფილა შემთხვევა, როცა შენი ერთი საქმიანობის გამო მეორე დაზარალდა?

- ფეხი რომ მოვიტეხე, საკმაოდ დიდხანს დავრჩი თეატრის გარეშე და ეს იყო ჯოჯოხეთი. ქართველებს ხომ მოძრაობის წესების კულტურა ჯერ კიდევ არ გაგვაჩნია?! ნასვამი ქვეითი გადმოდიოდა იქ, სადაც არ უნდა გადმოსულიყო. ვეცადე, მისთვის მოპედის შეჯახება ამერიდებინა. შედეგად, ბორდიურსა და მოტოციკლს შორის ფეხი ჩამეჭედა და მომტყდა. ამ მიზეზის გამო პანდემიის შემდეგ კიდევ ექვსი თვე მომიხდა სახლში დარჩენა. ბოლოს იძულებული ვიყავი რეპეტიციებზე ყავარჯნებით მევლო.

14484982-10211700454133819-8226515894738699285-n-copy-1661153759.jpg

- ოჯახის შესახებ გვითხარით.

- მეუღლე და ორი შვილი მყავს, კესანე და ლილე-მარიამი. პატარა ამჟღავნებს მსახიობის პროფესიის მიმართ ინტერესს, მაგრამ ვცდილობ ახლოსაც არ გაეკაროს ამ სფეროს (იცინის). თუ ძალიან ნიჭიერი იქნება, ხელს ვერ შევუშლი ისევე, როგორც მე ვერ გამიწიეს წინააღმდეგობა მშობლებმა. უმთავრესია, რომ ადამიანი იზრდება და მგონი, ძალიან კარგი ადამიანი.

- სამომავლო პროფესიულ გეგმებზე რას გვეტყვით?

- ბელორუსიაში ფილმის გადაღებებზე ვიყავი მიწვეული, უკვე ყველაფერი გაწერილი იყო, როცა პანდემია დაიწყო და პროექტი გაჩერდა. შესაძლებელია, განახლდეს. ახლახან რუსებმა გადამიღეს ფილმში. შემოთავაზება მაქვს ასევე, ფრანგებისგან. ვნახოთ...

შორენა ლაბაძე