სოფო ბედიას თვალით დანახული საზოგადოების სახე და ადამიანების “დასჯის” მეთოდი
“ის პირველივე შემხვედრს არასდროს ენდობა, ჯერ ადამიანი კარგად უნდა შეისწავლოს. კონსერვატიზმი სიახლეების რთულად მიღებაში გამოიხატება. რაიმეზე მოლაპარაკება ძნელია, არ უყვარს, როცა ვალდებულებებით ავიწროებენ. ძნელია აზრი შეაცვლევინო. საიმედო, სტაბილური და მზრუნველი მეუღლეა, მაგრამ განსაკუთრებულ რომანტიკას მისგან ნუ ელით”, - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ხარის წელში დაბადებულ მერწყულს, ეს კი სოფო ბედიას ზოდიაქოს ნიშანია.
- ასტროლოგიით დაინტერესებული ვარ, ამ მეცნიერების ძალიან მჯერა, ასტროლოგს პირადი რუკაც შევადგენინე.
- მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას პირად რუკას რამდენად ითვალისწინებ?
- რა თქმა უნდა, ვითვალისწინებ, ვიცი, რა დროა ჩემთვის სასიკეთო, რა უნდა გავაკეთო, რა არ უნდა გავაკეთო, თუმცა ფანატიკურად სულ ამ რუკაშიც არ ვიხედები.
- შრომისმოყვარე ხარ?
- მილიონი პროცენტით. ბავშვობიდან აქტიური ვიყავი. რომ წამოვიზარდე, სულ ვცდილობდი, ჩემი თავის საუკეთესო ვერსია შემექმნა. ადამიანი რომელ პროფესიასაც უნდა ემსახურებოდეს, მასში ძალიან დიდ შრომას თუ არ ჩადებს, წარმატებული ვერ იქნება. ზარმაცი არასდროს ვყოფილვარ, შრომისმოყვარეობასთან ერთად, მიზანდასახულიც ვარ.
- “ის იშვიათად გამოდის წონასწორობიდან, არ უყვარს წვრილმანებზე კინკლაობა, მაგრამ თუ გაბრაზდა, მისი რისხვა ძლიერია, არავის ინდობს”.
- ეს ძალიან იშვიათად ხდება. ვცდილობ, ჩემი ემოციები ყოველთვის გავაკონტროლო, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში ყოველთვის ყველაფრის “გატარებას” ხომ ვერ ვახერხებთ. როდესაც ადამიანს აჩვენებ სიკეთეს, ერთგულებას, პატივისცემას, ბოლომდე თან რომ ჰყვები და, უკან მეასედიც არ გიბრუნდება, ძალიან რთულია. თავიდან შეიძლება მოითმინო, მაგრამ ეს მდგომარეობა თანდათან იმდენად აუტანელი ხდება, მერე შეიძლება ერთი უმნიშვნელო სიტყვაც კი გახდეს ურთიერთობის დასრულების მიზეზი. ასეთ ადამიანებს ყოველთვის ვიშორებ, მათთან არც კონფლიქტში შევდივარ, არც რაიმეს ვუხსნი, დისტაციას ვიცავ და სულ ესაა ჩემი “დასჯის” მეთოდი. კარგად იყოს, ოღონდ თავისთვის იყოს.
- კონსერვატორი ხარ?
- შეიძლება ასე ითქვას.
- “კონსერვატიზმი სიახლეების რთულად მიღებაში გამოიხატება”.
- სიახლეს გააჩნია. სადაც ან რის გამოც თავს არაკომფორტულად ვგრძნობ, ვეცლები. ზოგადად სიახლეები მიყვარს და მრავალფეროვნება მომწონს. ძალიან მარტივად რომ ვთქვა, სიახლე უნდა მომწონდეს, რომ მივიღო და შევითვისო.
- “მისთვის უმთავრესია ოჯახი”.
- ნამდვილად ასეა. ბოლო რამდენიმე წელია, მაქსიმალურად ვცდილობ, ოჯახთან დიდი დრო გავატარო. ზაფხულია, ბევრი კონცერტი ტარდება, მეც შემეძლო, დავკავებულიყავი, კონცერტები დამეგეგმა, ამის არანაირი პრობლემა არ მექნებოდა, მაგრამ გადავწყვიტე, რადგან მთელი წლის განმავლობაში დატვირთული რეჟიმი მაქვს, ზაფხული ჩემი ოჯახისთვის მიმეძღვნა. ახლა მარტვილში ვარ, სოფელში ჩემს შვილებთან, ოჯახთან ერთად და დროს ყველანი ბედნიერად ვატარებთ. ხანდახან გული კი მწყდება, ნეტავ, რაიმე დამეგეგმა-მეთქი, მაგრამ საბოლოოდ მაინც მივდივარ დასკვნამდე, რომ ოჯახი უმთავრესია. სექტემბრიდან ისეთი რეჟიმით მომიწევს მუშაობა, ვიცი, ჩემს შვილებთან ასეთი დოზით ვეღარ ვიქნები.
- “საიმედო, სტაბილური და მზრუნველი მეუღლეა, მაგრამ განსაკუთრებულ რომანტიკას მისგან ნუ ელით”.
- რომანტიკული როგორ არა ვარ, უბრალოდ ძალიან დიდი დოზით არ არის ჩვენს ცხოვრებაში. მიშო ძალიან რომანტიკულია, ეს არაერთგზის მითქვამს, ჩვენი განტვირთვის პერიოდები გვაქვს. ერთგულება და მზრუნველობა კი ნამდვილად ჩემი თვისებებია.
- “ოჯახის წევრებისგან ზოგჯერ უპირობო მორჩილებას მოითხოვს, რაც ხშირად უსიამოვნების მიზეზი ხდება”.
- საერთოდ, ყურადღება და კონტროლი (კარგი გაგებით) მიყვარს. არ მინდა, ბავშვების აღმზრდელობით საქმეში რაიმე გამომეპაროს. მინდა, ჩემი შვილები იყვნენ ძალიან ზრდილობიანები, მადლიერები და კეთილები. თავად კარგი თვისებები რაც მაქვს, მინდა ჩემს შვილებსაც ჰქონდეთ, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ინდივიდები არიან, ჩემნაირები ვერ იქნებიან. მკაცრი ვარ, მაგრამ არავის მორჩილებას არ მოვითხოვ.
- “მასთან ურთიერთობისას ყოველგვარი მოულოდნელობისთვის მზად უნდა იყოთ. საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ გალაშქრება უყვარს”.
- საზოგადოებრივ აზრს კი არ ვებრძვი, ვწუხვარ, რომ ამ ბოლო დროს საზოგადოება ძალიან გაბოროტდა. ცდილობენ, კარგი არაფერი დაინახონ და ყურადღება ყოველთვის უარყოფითზე გაამახვილონ ან ძალიან შეგიცოდონ, თუმცა მერე იმ შეცოდებულსაც დიდხანს არ წყალობენ. ცინიზმმა იმატა, ვფიქრობ, ამ ადამიანებს არა აქვთ პირადი ცხოვრება, არარეალიზებულები, არასრულფასოვანნი არიან. ასეთები ყოველთვის სხვების ცხოვრებით ცხოვრობენ. დილა რომ თენდება, სოციალური ქსელის სქროლას იწყებენ. ადამიანი, რომელიც კარგად გამოიყურება, ოჯახთან ერთად ბედნიერია, წარმატებული, საქმიანი... ამას ვერ იტანენ. ადამიანებს კარგად ყოფნას, ბედნიერებას ვერ პატიობენ. ძალიან მინდა, დედამიწაზე ყველა ბედნიერი იყოს და სხვისი ცხოვრებით აღარავინ იცხოვროს.
- ეს საზოგადოება წლების წინ ასეთი არ იყო?
- როგორ არ იყო?! ახლა სოციალური ქსელების სახით გამოხატვის საშუალება მიეცათ. დროც შეიცვალა, ხალხი ძალიან “გაცივდა”. შრომა არ უყვართ. არ არსებობს - მშრომელი ადამიანი მიზანს თუ დაისახავს, აუცილებლად მიაღწევს.
- “მისი აზრით, მთელი ცხოვრება საიდუმლოა, რომელსაც ამოხსნა სჭირდება”.
- სულ რაღაცებს ვხსნი, დაკვირვება მიყვარს და ფანტასტიკური ინტუიცია მაქვს. არ ვუღრმავდები, არ მიყვარს მომავლის განჭვრეტა, დღევანდელი დღით ვცხოვრობ და ვცდილობ, ხვალინდელი დღე უკეთესი მქონდეს. სადაც გული არ მიმიწევს, იქ რომ წავალ ან რაღაცას ისეთს გავაკეთებ, რასაც ჩემი ინტუიცია “მიშლის”, მერე ვნანობ.
- საკუთარი თავის ერთი სიტყვით დახასიათება რომ გთხოვო, რომელ სიტყვას იტყვი?
- ძალიან რთულია (ფიქრობს) მაგრამ, შემიძლია ვთქვა - “სიკეთე”.
- ასტროლოგები თვლიან, რომ ეს სიტყვა არის “ცნობისმოყვარე”.
- ტიპური მერწყული არა ვარ, ისეთ დროს დავიბადე, მზე იყო მერწყულში, თორემ პირადი რუკის მიხედვით, ოთხი პლანეტა თხის რქაში მყავს. ასე რომ, ამ ნიშნის გავლენა ჩემში დიდია. ჩემი მეუღლეა ტიპური მერწყული და მიშო მართლა ცნობისმოყვარეა. მე კი, თუ თავად არ მეხება, არაფერი და არავინ არ მაინტერესებს.
- “მას ჰყავს ბევრი ნაცნობი, მაგრამ ძალიან ცოტა ნამდვილი მეგობარი”.
- ნამდვილად ასეა. ყველა სფეროში მართლა ძალიან ბევრი ნაცნობი მყავს, მაგრამ ნამდვილი მეგობრები - თითზე ჩამოსათვლელი. მეგობრის დაკარგვის ტკივილი არაერთხელ განმიცდია. თავად ძალიან მეგობრული ვარ, როცა ადამიანისთვის გულსა და სულს არ იშურებ და უეცრად მისგან წარმოუდგენელ საქციელს იღებ, ასეთი სულიერი ტკივილის განცდა ძალიან რთულია. ასეთებთან დისტანციას ვიჭერ და ვშორდები. ბევრს უცდია გარკვევა, მაგრამ ამის სურვილიც კი აღარ მქონია.
- “მასთან რაიმეზე მოლაპარაკება ძნელია, არ უყვარს, როცა ვალდებულებებით ავიწროებენ. ძნელია, აზრი შეაცვლევინო”.
- ადამიანმა მარწუხებში არ უნდა მომაქციოს. კარგად მესმის, რა არის ჩემი ვალდებულება, არ შეგახსენებინებ, რადგან კარგად ვიცი, ამ ამბავში არ მეშლება არც ოჯახთან, არც - მეგობრებთან. დავალდებულება არ მიყვარს. რაც შეეხება აზრის შეცვლას, არგუმენტირებულ აზრს თუ მოვისმენ, როგორ არ შევიცვლი?! გააჩნია, ის ადამიანი რამდენად კომპეტენტურია, რამდენად მცოდნეა.
- “ის პირველსავე შემხვედრს არასდროს ენდობა, ჯერ ადამიანი კარგად უნდა შეისწავლოს”.
- ეს უნარი დროთა განმავლობაში გამოვიმუშავე. წლების წინ, ყველა საყვარელი, ალალი მეგონა, ძალიან მიმნდობიც ვიყავი. ადამიანებზე ცდებს ვატარებ, რამდენად მართალნი და გულწრფელნი არიან.
- სნობი ხარ?
- არა, ასეთი არც არასდროს ვყოფილვარ. ადამიანი რადგან ცნობილი და პოპულარულია, ვერ “შევეტენები”. წარმოიდგინე, რამდენი კოლეგა მყავს, ყველასთან მაქვს ნორმალური ურთიერთობა, მხოლოდ 2-3 მათგანთან ვმეგობრობ. განა სხვები ცუდები არიან, პირიქით - ძალიან კარგები არიან, მაგრამ რაღაცები არ მიშვებს, მათთან საურთიერთოდ რომ ვიაქტიურო.
- დღევანდელ საზოგადოებაში სნობიზმი რა დოზითაა?
- ძალიან დიდი დოზითაა. მინახავს, როგორ ეტენება ერთი მეორეს და მინახავს, იგივე ადამიანი ზურგს უკან მასზე რას ლაპარაკობს. ეს ხომ იმის ნიშანია, რომ მერე ჩემზეც იმავეს იტყვის, პირში “ეთხლიშებიან” და ზურგს უკან ცუდს ლაპარაკობენ, ასეთი ურთიერთობა არ შემიძლია და რა ვქნა?! ასეთებისთვის პასუხის გაცემაც არ ღირს. ვიცი, რომ არ არის სანდო ადამიანი, ამიტომ ვერ მივიღებ. შეგხვდები, გეტყვი “სალამს”, “ნახვამდის” და - ღმერთმა კარგად გამყოფოს!
- “ეჭვიანი არ არის”.
- არ ვარ, მაგრამ საეჭვიანო თუ მომეცა, მივხვდები. ეჭვით ცხოვრება დიდი მარაზმია. სანაცნობოში, საახლობლოში ვიცი, როგორ “დაძვრება” მეორე ნახევარი; დასდევენ, ხელში ფაქტები უჭირავთ და არის ერთი ამბავი. რას იბრძვი, გაუშვი და შენც კარგად იყავი!..
- აი, ასეთია შენი ასტროპორტრეტი. სექტემბრიდან რა სიახლეები გექნება?
- ხომ გითხარი, ბევრი რამ დაემთხვევა-მეთქი. სექტემბრიდან ძალიან კარგი სიახლეებით დავბრუნდები. ახალი კლიპის პრემიერა მექნება და აუცილებლად დაგპატიჟებთ. სხვა სიახლეებზე კი მერე ვისაუბრებ.
- ბედნიერ დასვენებას გისურვებ!
- დიდი მადლობა. თვეზე მეტია, მარტვილში ვარ, ხანდახან ზღვაზეც დავდივართ და ყველანი ერთად დღეებს მშვიდად, ბედნიერად ვატარებთ.
თამუნა კვინიკაძე