საქართველოს ნაკრების გამო დაძლეული შიში - გზაპრესი

საქართველოს ნაკრების გამო დაძლეული შიში

“კომედი შოუს” მსახიობს - თემო ნიქაბაძეს ზაფხულის არდადეგების დაწყებისას, ფარცხანაყანევში მყოფს ვესაუბრეთ. აღმოჩნდა, რომ მსახიობს თვითმფრინავით მგზავრობის, სიმაღლის და წყლის მიმართ შიშის გრძნობა ჰქონია. ზღვაში შესვლის დღემდე ეშინია, თვითმფრინავის და სიმაღლის შიში კი უკვე დასძლია...

- ბოლო 5 წელია, რაც ჩემთვის ზაფხული, პირველ რიგში, შვებულებასთან ასოცირდება. დამღლელი სამუშაო სეზონის შემდეგ დასვენება ძალიან სასიამოვნოა. კი, ზამთარი და თოვლიც კარგი და საყვარელია, მაგრამ პირადად ჩემთვის, ზაფხულის სიცხე და შვებულება უფრო სასიამოვნოა, დადებით ემოციებთან ასოცირდება.

- საზაფხულო არდადეგები დაიწყე?

- კი, კი. არდადეგები ზუსტად გუშინწინ დავიწყე. კარგად დასვენების მოლოდინი მაქვს, რომ მერე, სექტემბრიდან ჩვენს საქმეს ორმაგი ენერგიით შევერკინოთ.

- შვებულებამდე ზაფხულის სიცხეს სად აფარებდი თავს?

- თბილისში ვიყავი, რადგან სხვა გზა არ მქონდა: მთელი კვირის განმავლობაში ვმუშაობდით. სადმე გასვლას ვერ ვახერხებდით. ივნის-ივლისის სიცხეს თბილისში ვებრძოდი.

- დასვენებას სად აპირებ, რა გეგმები გაქვს?

- ტრადიციულად, ერთ კვირას ფარცხანაყანევში, სიმშვიდეში გავატარებ. მერე ბათუმში წავალ. ასევე მინდა, სვანეთს ვესტუმრო, რადგან იქ ულამაზესი ადგილებია, სიგრილეა... მესტიას უეჭველად ვესტუმრები. მერე შეიძლება, რამდენიმე დღით უცხოეთში გავემგზავრო. მგონია, რომ კარგი აგვისტო მექნება.

- ფარცხანაყანევში დროს როგორ ატარებ?

- აქ მთელი სოფელი ერთი ოჯახი ვართ. ერთმანეთთან ყველას ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ყოველთვის ოჯახური, მშვიდი გარემოა. დასვენებისთვის ჯერ მარტო ეს გარემოა საკმარისი... ასევე, “ფლეისთეიშენს” ვთამაშობ, სოფლის გემრიელ საჭმელს გეახლები... ყოველთვის ვამბობ: მეექვსე წელია, თბილისში ვცხოვრობ, მაგრამ ჩემი ფარცხანაყანევი ყველაფერს მირჩევნია. ყველაზე კომფორტულად მაინც იმერეთში ვგრძნობ თავს, განსაკუთრებით - ქუთაისსა და ფარცხანაყანევში.

- პოპულარობა მშვიდად დასვენებაში ხელს არ გიშლის?

- როცა ადამიანები ჩემ მიმართ სიყვარულს გამოხატავენ, არ ვწუხდები, პირიქით - ძალიან მსიამოვნებს. არ ვიცი, ისეთი ვინმე თუ არსებობს, ვისაც ეს აწუხებს. როცა შემიძლია, ადამიანებთან კონტაქტი მქონდეს, ეს ყოველთვის მახარებს - ჩემთვის ერთგვარი “რელაქსია”. ასე რომ, ეს პრობლემა არ მაქვს.

- გარუჯვა გიყვარს?

- არა. ახლახან, 4 დღე ბათუმში ვიყავი - გადაღებები მქონდა. მთელ დღეს გარეთ ვატარებდი, მაგრამ სხეულზე მზე არ მომეკიდა. ბუნებამ როგორი ულამაზესიც შემქმნა, ისეთივე ვარ რუჯის გარეშე (იცინის). გარუჯვას ძალიანაც არ ვცდილობ, რადგან ვიცი, რომ ნამზეური არ მომეკიდება.

- კარგად ცურავ?

- არა, საშინლად. “ნაპირის კაცი” ვარ - ნაპირთან ვჭყუმპალაობ, ვერთობი... საერთოდ, წყლის მიმართ შიშიც მაქვს. ასე რომ, ჩემთვის ყველაზე კომფორტული აუზია. თუ ზღვაზე ვარ, ნაპირზე მყოფი არავის ვაწუხებ, არც არავის “ვაყვინავებ” (იმერეთში ასე ვამბობთ).

- ნაპირზე ჭყუმპალაობის გარდა, ზღვისპირეთში როგორ ერთობი?

- სეირნობა ძალიან მიყვარს. თუ ბათუმში ვარ, ხშირად ვსეირნობ. კიდევ, არის ღამის კლუბები, სადაც ხანდახან ძალიან კარგი “ივენთი” იმართება. იქ მივდივარ ხოლმე. ვერ ვიტყვი, ხმაურიანი საღამოების მოყვარულიო ვარ-მეთქი. ჩემთვის განტვირთვა სიმშვიდე და სეირნობა უფროა. ხანდახან მეგობრებთან ერთად, ღამის კლუბში წასვლა, ცოტა ალკოჰოლური სასმლის მოწრუპვა, ცეკვა მსიამოვნებს.

- საკურორტო რომანები გქონია?

- როცა დასასვენებლად მიდიხარ, ეს უკვე რაღაც დადებითს უკავშირდება. ალბათ საკურორტო რომანიც ზაფხულს საინტერესოს ხდის. პირადად მე, ასეთი რაღაცებით არ გამოვირჩევი, რადგან სამსახურის გამო საკურორტო ზონას 2-3 დღით ვსტუმრობ ხოლმე, მერე ისევ უკან წამოსვლა მიწევს. რომანებისთვის დრო არ მაქვს (იცინის)...

- პლაჟზე გასასვლელად, განსაკუთრებულად ხომ არ ემზადები, რომ სხეული უკეთეს ფორმაში იყოს?

- არა, არა, რამე განსაკუთრებული რიტუალი არ მაქვს. უბრალოდ, ალბათ როგორც ყველა, მეც პირსახოცს ვიღებ, რაიმე კარგ მაისურს ვარჩევ, რომ გრილად ვიყო, და ისე გავდივარ. თან, როგორც აღვნიშნე, ცურვით დიდად არ გამოვირჩევი. ასე რომ, ზღვაზეც ცოტა დროს, დაახლოებით ერთ საათს ვატარებ: გავალ, წყალს ცოტათი შევეჩვევი, მერე კი მირჩევნია, ან ვისეირნო, ან სადმე გრილ ადგილას შევიდე.

temo-01-1661154222.jpg

- საცურაო კოსტიუმების მოდის ტენდენციებს თვალს ადევნებ?

- (იცინის) არა, არა. ამ ყველაფრისგან შორს ვარ, მაგრამ სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელი ვარ და ხალხის საცურაო კოსტიუმებს რომ ვაკვირდები, ვხვდები, ამ მხრივ საქართველოში სიტუაცია ძალიან ვითარდება. მიხარია, რადგან ადამიანი რაც უფრო კარგად, ლამაზად გამოიყურება, მით უფრო სასიამოვნო დასანახია.

- მერე, თავად რატომ არ აქცევ ყურადღებას, რა არის მოდური?

- რაც ხელში მომხვდება, იმას ვიცვამ ხოლმე. ერთი სტილის “აღებით” დიდად არ გამოვირჩევი. რაც მომწონს და კონკრეტულ სიტუაციაში თავს კომფორტულად მაგრძნობინებს, იმის ჩაცმას ვამჯობინებ.

- მშობლების მეთვალყურეობის გარეშე, პირველად სად დაისვენე, როგორი დრო გაატარე?

- 12-13 წლის ვიყავი, როცა ფეხბურთზე დავდიოდი. გუნდის წევრი ბავშვები ჩაქვში ვიყავით. ყოველთვის ჭკვიანი ბავშვი გახლდით, მაღვალაკი (ცელქი) არ ვყოფილვარ. ამიტომ მშობლები მენდობოდნენ, ჩემ გამო არ ეშინოდათ... უკვე 15-16 წლის ასაკში დასასვენებლად ძმაკაცებთან ერთად ბათუმში წავედი. ძალიან კარგი დრო გავატარეთ. მათთან ერთად ყოფნა ყოველთვის მიხაროდა. ერთად დასვენებისას, ერთმანეთი სხვა გარემოში დავინახეთ... ვერ ვიტყვი, რომ კონკრეტული დეტალები მახსოვს, მაგრამ ის პერიოდი დადებით ემოციებს აღმიძრავს. კარგი იყო.

- ლაშქრობაში ყოფილხარ?

- არა, მაგრამ სადმე ბუნებაში გამისეირნია. სადაც ვცხოვრობ, აქ დიდი ტყეა. თითქმის ყოველდღე ტყეში მივდივარ, ვსეირნობ, ვვარჯიშობ... ბუნებასთან კონტაქტი ძალიან მიყვარს, ლაშქრობები კი - დიდად არა.

- მთაში ყოფილხარ?

- ბევრჯერ - არა, მაგრამ დასასვენებლად მთაში ყოფნა მირჩევნია, რადგან მშვიდი, წყნარი გარემოა. იმედია, სვანეთში წასვლას მოვახერხებ.

- საკურორტო ზონებში მომსახურების სფეროზე რას გვეტყვი, რამდენად ხარისხიანი და ხელმისაწვდომია?

- ხელმიუწვდომელი არ არის, მაგრამ სადაც ჩადიხარ, იქ რაღაცები უფრო ძვირად იყიდება. მაგალითად, თუკი ქუთაისში რაღაც 2 ლარი ღირს, საკურორტო ზონაში 6 ლარს აფასებენ, რაც, ცოტა არ იყოს, ძვირია, მაგრამ ახლა ტურისტული სეზონია. იმ ადამიანებს, ვისთვისაც ტურიზმი შემოსავალია, ალბათ სხვა გზა არ აქვთ. მაგალითად, ბათუმი, ასე ვთქვათ, 3 თვით “ცოცხლობს”, რადგან მთელი ზამთარი ქალაქში არავინ ჩადის. გარკვეულწილად, ადგილობრივებს სხვა გზა არ აქვთ - ზაფხულის მერეც ხომ უნდა იცხოვრონ, არა?!. როცა ტურისტული სეზონია, სიტუაციას იყენებენ, თუმცა, ჩემი აზრით, შეიძლება, რომ ფასები უფრო დასტაბილურებული იყოს, მაგრამ ეს ჩემს ნებაზე დამოკიდებული არ არის. აი, როცა პრეზიდენტი გავხდები, ფასებს გადავხედავ და ოდნავ დავასტაბილურებ (იღიმის). ვერც იმას ვიტყვი, ყველაფერი ძალიან ძვირია-მეთქი, რადგან, ჯერ ერთი, ბედნიერებაა, როცა ქვეყანაში ისეთი კურორტები გვაქვს, რომ ზღვის სანახავად და დასასვენებლად უცხოეთში წასვლა არ გვიწევს. დასვენება-მომსახურების მხრივ, კარგი სიტუაციაა: ბევრი კარგი სასტუმრო გვაქვს კარგი გარემოთი - შეიძლება, ასეთი უცხოეთშიც კი არ იყოს. მოკლედ, ტურისტულ ბაზას დადებითად შევაფასებ.

temo-4-1661154210.jpg

- უცხოეთში ხშირად მოგზაურობ?

- საერთოდ, თვითმფრინავით მგზავრობის, სიმაღლის შიში მქონდა, რომელიც რამდენიმე თვის წინ, ფეხბურთის გამო დავძლიე: ფეხბურთი ძალიან მიყვარს. საქართველოს ნაკრების თამაშზე დასასწრებად უცხოეთში ვიყავი... რაკი ეს შიში დავძლიე, შეიძლება, უცხოეთში დასვენებაც გავბედო. შიშის დაძლევა ძალიან სასიამოვნო გრძნობა ყოფილა. ნელ-ნელა უცხოეთში მოგზაურობებსაც დავგეგმავ... გადამღლელი სამუშაო სეზონი იყო. იმედია, რამდენიმე კვირაში ენერგიის აღდგენას მოვახერხებ. საერთოდ, როცა შვებულებაში გადიხარ და საფუძვლიანად ვერ ისვენებ, მერე ახალ სამუშაო სეზონს ომახიანად ვეღარ იწყებ. იმედი მაქვს, აგვისტო ყველასთვის ძალიან კარგი იქნება. სექტემბრიდან გაორმაგებული ენერგიით, მაყურებლებს უფრო კარგ და ხარისხიან პროდუქტს შევთავაზებთ...

ეთო ყორღანაშვილი