“ზღვა ისე მიყვარს, როგორც ცოცხალი არსება: შემიძლია მოვეფერო, ვაკოცო, ვესაუბრო...” - გზაპრესი

“ზღვა ისე მიყვარს, როგორც ცოცხალი არსება: შემიძლია მოვეფერო, ვაკოცო, ვესაუბრო...”

მომღერალი ირმა სოხაძე არასდროს მალავს თავის ასაკს და ყოველთვის შესანიშნავ ფორმაშია. ამავე დროს, ძალიან სასიამოვნო, პოზიტიური ადამიანია. ჩვენ დავინტერესდით, როგორი დასვენება უყვარს და როგორ უვლის თავს ზაფხულის ცხელ დღეებში.

- ზაფხული ჩემი საყვარელი დროა. ეს სეზონი იმდენად მიყვარს, რომ მის შესახვედრად მთელი წლის განმავლობაში ვემზადები. ბევრს ვიცნობ, ვისაც თოვლი და ზამთრის კურორტებზე ყოფნა ყველანაირ დასვენებას ურჩევნია, მაგრამ ეს ჩემთვის უცხოა. ბავშვობაში დედას ხშირად დავყავდი ბაკურიანში, მაგრამ მაშინ ვერ ვხდებოდი, რომ თოვლი და თხილამურები ჩემი არ იყო. მოგვიანებით, საკმაოდ მოწიფულ ასაკში მივხვდი, რომ მთაზე მეტად ზღვა მიყვარს. ახლა უკვე ზუსტად ვიცი - ჩემთვის ზღვაზე ყოფნა ყველაზე დიდი სიხარულია, რომელსაც ვერაფერზე გავცვლი. უკვე ათი წელია, შეკვეთილში ვისვენებ ოჯახთან, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად. იქ არაჩვეულებრივი სასტუმრო გვაქვს შერჩეული და შვებულებას ყველა ერთად ვატარებთ.

- მცხუნვარე მზე და სიცხე არ გაწუხებთ?

- პირიქით, სიცხეში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ხალხი რომ წუხს და სიცხისგან ვეღარ აზროვნებს, მე სწორედ მაშინ ვარ კარგად. შეიძლება ითქვას, ტროპიკული ადამიანი ვარ და ცხელ ქვეყნებში სიამოვნებით ვიცხოვრებდი. როგორც კი აგრილდება, დღე მოკლდება და ზამთრის სუსხი ახლოვდება, ცუდ ხასიათზე ვდგები. ალბათ, ჩრდილოეთის ვერც ერთ ქვეყანაში ვერ გავძლებდი, რადგან ზამთართან ერთად დეპრესია მეწყება.

- ნამზეური უფრო მოგწონთ თუ სოლარიუმში სტუმრობა?

- ე.წ. ზაგარი ძალიან მიყვარს, მაგრამ თუ დამიჯერებთ, არც ერთი სოლარიუმის მისამართი არ ვიცი. მართალია, ამბობენ, რომ სოლარიუმში კანის შეფერილობის შეცვლა უფრო უსაფრთხოა, რადგან იქ ულტრაიისფერი სხივები გაფილტრულია, მაგრამ მე რატომღაც არ მომწონს. ბევრს ვიცნობ, ვინც ლამის სოლარიუმში “ცხოვრობს” და უმეტესობას კანი ძალიან ცუდ დღეში აქვს. ქვეცნობიერი შიში მაქვს, რომ ხელოვნური “ზაგარი” კანს აშრობს და ამიტომ ვერიდები. სამაგიეროდ, მიყვარს ნამზეური და როგორც ამბობენ, ძალიან მიხდება. ხშირად ვხუმრობ, “მეცნიერულად” ვირუჯები-მეთქი: მთელ დღეს პლაჟზე არასდროს ვატარებ, რადგან შუადღის მზეზე ყოფნა არ მიყვარს. დილის 7-8 საათზე უკვე ნაპირზე ვარ და შუადღის 12-ისთვის შინ ვბრუნდები ან ქოლგის ქვეშ გადავდივარ. 4-5 საათის შემდეგ ისევ მზეზე გავდივარ. ალბათ, ამის გამო ყოველთვის კარგი რუჯი მაქვს, რომელიც ახალ წლამდე მიმყვება ხოლმე. ვერ ვიჯერებ, როცა ამბობენ, მზე სახის კანს აშრობსო, რადგან სხივები კანისთვის საჭიროა. საზიანო რომ იყოს, პირველ რიგში, მე შევატყობდი: არც ისე პატარა გოგო ვარ, ნამზეურსაც ყოველ ზაფხულს ვიღებ, მაგრამ კანი გამომშრალი სულაც არ მაქვს. თუ დამცავ და დამატენიანებელ კრემს სწორად იყენებ, მზემ კანი როგორ უნდა გამოგიშროს, ვერ ვხვდები...

- ცურვაც გიყვართ?

- ცურვაც მიყვარს და ყველაფერი, რაც ზღვასთანაა დაკავშირებული. მართალია, ძალიან შორს არ მივდივარ, რადგან მეშინია, უკან რომ ვერ გამოვცურო. საერთოდ არ ვარ ექსტრემალი... იცით, რაც დრო გადის, სულ უფრო ვრწმუნდები, რომ ზღვასთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს.

- როგორი?

- ზღვა ისე მიყვარს, როგორც ცოცხალი არსება: შემიძლია მოვეფერო, ვაკოცო, ვესაუბრო და მადლობაც ვუთხრა... ზღვა თითქოს, ყოველდღე განსხვავებულია და ყოველდღე ავლენს თავის ხასიათს - ხან საოცრად მშვიდი და ალერსიანია, ხან - მოქუფრული და მოწყენილი; როცა “ცუდ ხასიათზეა”, შეიძლება დაგტუქსოს და გაგიბრაზდეს კიდეც... მოკლედ, ის ჩემთვის ცოცხალ არსებასავითაა.

- მთებში წასვლა და კარავში ღამის გათენება არასდროს გიცდიათ?

- არა, რადგან კარგი დასვენებისთვის მინიმალური პირობები მაინც მჭირდება. მართალია, კომფორტზე გაგიჟებული სულაც არა ვარ, არც 5-ვარსკვლავიან სასტუმროებს დავეძებ დასასვენებლად, მაგრამ კარავში და ექსტრემალურ პირობებში ყოფნა არ მსიამოვნებს. ასეთ პირობებში ახალგაზრდობაშიც ვერ ვისვენებდი და ახლა, მით უმეტეს.

- ყველაზე ლამაზად რომელი ზაფხული გახსენდებათ?

- ნებისმიერი ზაფხული სიგიჟემდე მიყვარს, მაგრამ არ მავიწყდება ჩემი ბავშვობის დროინდელი ბიჭვინთა. ამას ნოსტალგიური გრძნობის გამოსახატავად არ ვამბობ, რადგან ბიჭვინთის ზღვა და იქაური პლაჟი განუმეორებელია. იქ ჩემს მშობლებთან ერთად ყოველ წელიწადს დავდიოდი და იმ ადგილებში ვისვენებდით, რომლის წაღებაც ახლა რუსეთს უნდა. აფხაზეთში საოცარი ზღვაა - ამას ყველა აღიარებს, ვინც იქ ერთხელ მაინც ყოფილა!

- არჩევანის საშუალება რომ გქონდეთ, უცხოეთის რომელ კურორტზე დაისვენებდით?

- ბარსელონაშიც დამისვენია და სხვა ქალაქებშიც, მაგრამ არანაკლებ სამახსოვრო და სასიამოვნოა ჩემთვის შეკვეთილში, ქობულეთსა და კვარიათში გატარებული დღეები. გურია ბევრ უცხოურ კურორტს მირჩევნია თავისი ქვიშით და სანაპირო ზოლით. ვისაც სიღრმეები მოსწონს, ის ურეკის და შეკვეთილის სანაპიროს ვერ ეგუება, რადგან მიდიხარ და წყალი არ ღრმავდება, მე კი პირიქით, ეს ყველაზე მეტად მომწონს - რაც უნდა შორს გახვიდე, წყალი არ დაგფარავს. ქობულეთი და ბათუმი როგორ არ მიყვარს, მაგრამ გურიის ქვიშიან სანაპიროზე ვგიჟდები. სხვათა შორის, გოგოები ერთად რომ მიდიან, ეს არასდროს მომწონდა. რატომ? - მეუღლესთან ერთად როცა ვარ, ნაკლები პასუხისმგებლობა მაქვს. ჩემოდნებიც კი სხვებს მიაქვთ და საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაც არ მევალება - ყველაფერს თავად აგვარებს და ეს ძალიან მომწონს.

- ზღვაზე წასვლამდე ბევრი მკაცრ დიეტაზე დგება, რომ წონაში დაიკლოს. თქვენ ფორმაში ჩადგომას როგორ ახერხებთ?

- ზედმეტი წონა არასდროს მქონია და 2-3 კილოგრამს თუ მოვიმატებ, ამისგან ტრაგედიას არ ვქმნი. რომელი მოდელი მე ვარ, რომ გრამები ვაკონტროლო? თანაც, ვფიქრობ, ნორმალურად გამოვიყურები. ვისაც არ მოვწონვარ, ნუ შემომხედავს და პრობლემა მოგვარებულია! მე მკაცრ დიეტაზე ყოფნას სწორი კვება მირჩევნია. ალბათ, სწორი რეჟიმის გამო არ ვიმატებ და რამდენიმე წელია, წონას ვინარჩუნებ. სხვათა შორის, როცა მომენატრება, ტორტსაც მივირთმევ, ტკბილეულსაც და ყველაფერს, რაც გემრიელია, ოღონდ ზომიერად.

soxadze-copy-1661154599.jpg

- ამბობენ, ქალს ასაკს არ ეკითხებიანო, თქვენც ასე ფიქრობთ?

- არა, რადგან მე ჩემს ასაკსაც არასდროს ვმალავ: მომწონს, როცა ვამხელ და ყველას უკვირს - დაუჯერებელიაო... 66 წლის ვარ, მაგრამ ჩემს ასაკს წინასწარ ვერავინ ხვდება. ამას როგორ ვახერხებ? - როგორც გითხარით, სწორი კვების რეჟიმს ვიცავ, არ ვეწევი, არ ვსვამ, ფეხით დავდივარ და სწორად ვცხოვრობ. როგორც ჩანს, გენეტიკაც მიწყობს ხელს: დედაჩემი და მამაჩემი ძალიან გამხდრები არ იყვნენ, მაგრამ კარგა ხანს გამოიყურებოდნენ ახალგაზრდულად. მეც, ვიდრე ამქვეყნად ვარ, არ მინდა დავძაბუნდე, ჩემი თავი აღარ მომწონდეს და მაკომპლექსებდეს.

- დაბოლოს, მიმართავთ თუ არა ინიექციებს ან პლასტიკურ ქირურგიას?

- არასდროს მქონია სურვილი, ცხვირი მომეჭრა, წამწამები დამეგრძელებინა ან ტუჩები დამებერა. ბევრს აინტერესებს, რამე ხომ არ გავიკეთე, მაგრამ ეს საჩემო საქმე არ არის. მე უფრო ჩვეულებრივი, კოსმეტიკური ჩარევა მიყვარს. მაგალითად: სახის მასაჟი ან სხვა პროცედურები, რომელიც უვნებელია. ვერ ვხვდები, ყველას ერთნაირი ცხვირი ან ტუჩი რატომ უნდა ჰქონდეს? ძალიან მიხარია, რომ ნემსებსა და ინიექციებზე არ ვარ დამოკიდებული.

ხათუნა ჩიგოგიძე