ვინ რას ფიქრობს სიგოიმეზე? - გზაპრესი

ვინ რას ფიქრობს სიგოიმეზე?

“გოიმი” - ამ სიტყვის არსებითი შინაარსი არ არის ფიქსირებული, ცვალებადია. გოიმი არაებრაელს, სხვას ნიშნავს. ამერიკაში მწეველ ადამიანებს უწოდებდნენ; ასევე, - ძველმოდურს, ჩამორჩენილს, გამოუსვლელს...

ვინ არის გოიმი ჩვენს რეალობაში? - ამ სიტყვის იმდენივე განმარტება არსებობს, რამდენი ადამიანიც და ყველას თავისი შეხედულება აქვს სიგოიმეზე. გოიმი დღევანდელი მნიშვნელობით დამკვიდრდა კრაშევსკის ნაწარმოების “გრაფინია კოსელის” გამოსვლის შემდეგ, სადაც მეფე არტური, თავის კარისკაცს და დიდებულს, გვარად გოიმს, ულამაზეს ცოლს, ანა კოსელს წაართმევს. აქედანვე დამკვიდრდა გამოთქმა: “დაგაწერე, როგორც გოიმს”.

“როდესაც ვიღაცას მიაჩნია, რომ 142 მილიონი ადამიანი მარტო ეთნიკური წარმომავლობის გამო არის ცუდი, ეს არის გოიმობა”, - ამ სიტყვების ავტორი ირაკლი კობახიძე გახლავთ.

რამდენად ხშირად ამბობენ ამ სიტყვას, გაუგიათ თუ არა საკუთარ თავზე ვინმეს ეთქვას: “ეს რა გოიმია” და როგორი ადამიანი ტოვებს მათზე გოიმის შთაბეჭდილებას? - ამ კითხვებით საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მივმართე.

“ძალიან მინდა, ვიყო სოფლელი, მაგრამ ჯერ არ მყოფნის გამბედაობა”

- რამდენად ხშირად ამბობთ სიტყვას “გოიმი”?

ნელი აგირბა:

- არც კი მახსენდება, ეს სიტყვა ბოლოს როდის ვთქვი.

- თქვენზე როგორი ადამიანი ტოვებს გოიმის შთაბეჭდილებას?

- როგორც ვიცი, ეს სიტყვა არაებრაელს ნიშნავს. ადამიანს, რომელიც არ გგავს შენ, არ არის აზრზე მოსული. ჩათვალო, რომ შენ აზრზემოსულობის ეტალონი ხარ და ვიღაც ვერ არის შენსავით, უხერხულია. ჩემი აზრით, სიტყვა “გოიმი” ერთგვარი ზემოდან ყურების გამოხატულებაცაა.

- ამპარტავნებაა?

- ამპარტავნებაა და სტერეოტიპული აზროვნებაც. როდესაც იჯერებ, რომ სამყაროს შენეული აღქმა, აპრიორი არის მართალი და სხვისი აღქმა არის მცდარი.

- ყველა ადამიანი გოიმობას სხვადასხვაგვარად აღიქვამს. საკუთარ თავზე გაგიგონიათ, ეთქვათ, გოიმიაო?

- შეიძლება ამბობენ, მაგრამ არ გამიგია.

- რომ გაგეგოთ, თქვენი რეაქცია როგორი იქნებოდა?

- აბა წარმოვიდგინო (პაუზის შემდეგ), გააჩნია ამას ვინ იტყოდა. ალბათ იმ ადამიანზე გული დამწყდებოდა, დავფიქრდებოდი, ნეტავ, რა კრიტერიუმით შემაფასა, რაღაც მიმართულებით განვითარებაში ხომ არ მოვიკოჭლებ?

- როდესაც წლების წინანდელ ფოტოებს ნახულობთ, მაშინდელ ჩაცმულობას, იმიჯს აკვირდებით ან გხვდებათ წლების წინანდელი სტატუსები სოციალურ ქსელში, რა განცდა გაქვთ?

- ბავშვობაში დღიური მქონდა, იმ დღიურს წლების შემდეგ, პერიოდულად ვკითხულობდი და საკუთარ თავს კომენტარებს ვუწერდი. მაგალითად, “ფუ, რა შტერი ხარ”, იქვე 2 წლის შემდეგ მიწერილი მაქვს, “მაშინდელი რომ არ მოგწონს, რა გგონია, დღეს უფრო ჭკვიანი ხარ?” წლები რომ გემატება, იჯერებ იმ მდგომარეობას, იდენტიფიცირდები შენს ფიქრებთან, პიროვნულ მახასიათებლებთან და ამიტომ მიუღებელი ხდება შენი სხვა გამოვლინებები. ახლა მსგავსი ფიქრები აღარ მაქვს.

- დროთა განმავლობაში ადამიანი ხომ ვითარდება, პიროვნული ზრდა ხდება.

- მე უფრო ვიტყოდი, რომ იცვლება, სიტყვისგან “ზრდა” თავს შევიკავებ, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ენა ამ სიტყვისკენ გამირბის. ყველანი განსხვავებულ წერტილებში ვართ. შეიძლება იმ წერტილში, სადაც ახლა მე ვარ, ვიღაც ბავშვობაში იყო ან იმას, რაც მე ბავშვობაში გავიარე, ვიღაც ახლა, 30 წლის ასაკში, გადის. “ზრდა” ძალიან პირობითი გამოთქმა გამოდის, ცხოვრება თავგადასავალია და ვისწავლე, რომ ჩემი თავგადასავლის ნებისმიერ ეპიზოდს პატივი ვცე, ეს მეხმარება, რომ სხვებს ვცე პატივი, ისინი როგორ მდგომარეობაშიც უნდა იყვნენ. ხანდახან ძნელია, მაგრამ არა შეუძლებელი.

- რატომღაც ზოგიერთი სოფლელობას და გოიმობას ერთმანეთთან აკავშირებს. როგორია ამ დროს თქვენი რეაქცია?

- გუშინ ჩემი შვილი რბილი “ლ”-ებით ხუმრობდა და ამ თემაზე ვილაპარაკეთ, რომ ეს არ არის სასაცილო, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია, ყველას გვაქვს მეტყველებისა და ქცევის ჩვენ-ჩვენი თავისებურებები. ძალიან მინდა, ვიყო სოფლელი, დიდი ხანია ეს სურვილი მაქვს, მაგრამ ჯერ არ მყოფნის გამბედაობა, გამოცდილება, შნო, სოფლელი რომ გავხდე, ქალაქელობა ბევრად ადვილია.

“ეს ალბათ არცოდნის ამბავია და იმ ადამიანის დაბალ ინტელექტზე მიანიშნებს”

გიორგი გაბუნია:

51513502-2216000991992473-6492242027416125440-n-copy-1661759911.jpg

- სიტყვას “გოიმი” პრაქტიკულად არ ვიყენებ. ეს სიტყვა ახლა ტრენდშია, ხშირად ძალიან გაუაზრებლად ამბობენ და ცოტათი ცილისმწამებლურადაც გარკვეული ადამიანების მიმართ. ამიტომ გამართლებულად არ მივიჩნევ. იშვიათად ხდება, მაგრამ მსგავსი შინაარსით სხვა სიტყვას ვიყენებ, ისე, რომ ადამიანს არ ეწყინოს და გული არ დაsწყდეს.

- როგორი ადამიანი ტოვებს გოიმის შთაბეჭდილებას?

- ორი კატეგორიაა: პირველი ის, ვინც სხვაზე ამბობს გოიმიაო. ასეთს მგონია, რომ თავად აქვს ამის კომპლექსი და მიდრეკილება სიგოიმისკენ; მეორე კატეგორიაში ქედმაღალი ადამიანები შედიან.

- ვინმეს თქვენზე უთქვამს გოიმიაო?

- არ გამიგონია.

- რომ გაგეგოთ, გეწყინებოდათ?

- არ ვიცი, ალბათ “იგნორს” გავუკეთებდი და გარკვეული დროის შემდეგ, ისეთ სიტუაციაში თუ აღმოვჩნდებოდი, სადაც შესაძლებლობა მომეცემოდა, იმ ადამიანს ქცევით ან გადატანითი მნიშვნელობით, საკუთარ მეობაზე სხვაგვარად დავაფიქრებდი. ამას იუმორში ისე გავაკეთებდი, გვიან მიხვდებოდა.

- წლების წინანდელ საკუთარ ფოტოებზე, მაშინდელ იმიჯზე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებზე, დღეს რა განცდა გაქვს?

- თვალებს ვხუჭავ ხოლმე (იცინის). ძალიან ვხალისობ და ვფიქრობ, ეს რამ დამაწერინა? ნეტავ იმ დროს რა მოხდა? ყველა დროს თავისებურებები ახლავს.

- სოფლელობას და გოიმობას რომ აიგივებენ, რას ფიქრობ, იმ ადამიანებს რა პრობლემა აქვთ?

- ძალიან არ მომწონს, ძალიან ვეწინააღმდეგები. თავად აქვს უამრავი კომპლექსი და სხვასთან შეტევაზე გადადის. ეს ალბათ არცოდნის ამბავია და იმ ადამიანის დაბალ ინტელექტზე მიანიშნებს.

“გულდასაწყვეტი ის არის, რომ ადამიანებს არც კი იცნობენ, ისე ლანძღავენ”

ქეთი ხუციშვილი:

281838098-4548324375268780-4244314841165805330-n-copy-1661759964.jpg

- ამ სიტყვას ფაქტობრივად არასდროს ვამბობ.

- თქვენთვის გოიმი როგორი ადამიანია?

- უტაქტო ადამიანი, უხეში, რომ არ იცის, სად რა უნდა თქვას.

- თქვენთვის ვინმეს გოიმი უწოდებია?

- როგორ არა, “ჩემი ცოლის დაქალებში” რომ გადამიღეს, მაშინ პირდაპირ ლუნასთან მაიგივებდნენ. არ ვიცი, ეს რატომ ემართებათ, პერსონაჟთან შემსრულებელს რატომ აიგივებენ, ასე რატომ ერევათ? სოციალურ ქსელში კომენტარებში წერდნენ, ეს გოგო სადღაც დავინახე, ისეთივე გოიმია, როგორც სერიალშიო.

- რა განცდა გქონდა, როცა ამას კითხულობდი?

- მაშინ ჩემს ცხოვრებაში ის პერიოდი იყო, როცა კარგ და ცუდ კომენტარსაც ემოციურად ვუდგებოდი. გოიმის წოდებაზე კი არ არის, შეიძლება ვიღაცისთვის გოიმი იყო, ვიღაცისთვის - მაღალი დონე, გულდასაწყვეტი ის არის, რომ ადამიანებს არც კი იცნობენ, ისე ლანძღავენ, ადვილად შეუძლიათ შეურაცხყოფა მოგაყენონ, გაგიმეტონ... ისეთი კომენტარიც წამიკითხავს, იმ ადამიანს ნაცვლად მე შემრცხვენია.

“შინაგანად ყველა გრძნობს, რომ რაღაცაში გოიმია”

მარიამ ცქიფურიშვილი:

af51aeb3a5b7d597671f8438ac235f2d-copy-1661759985.jpg

- სიტყვას “გოიმი” ხშირად არ ვიყენებ, უფრო სწორი იქნება, ვთქვა, ამ სიტყვას არ ვამბობ, რადგან გოიმობას სხვაგვარად აღვიქვამ, დაუხვეწაობას ვეძახი. განვითარების რაღაც ეტაპზე, ყველა ჩვენგანი რაღაც საკითხში გოიმია, ანუ დაუხვეწავი. ამას ვერ ვიტყვი სხვაზე, რადგან თავადაც რიგ საკითხებში დაუხვეწავი ვარ. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ყველაზე დიდი გოიმობა ისაა, როცა არ შეგიძლია აღიარო, რომ რაღაცაში ხარ დაუხვეწავი; არ შეგიძლია დაინახო და აღიარო საკუთარი გოიმობა.

- ადამიანებს გულზე ძალიან ცუდად რატომ ხვდებათ, როცა ეუბნებიან, “გოიმი ხარ”...

- იმიტომ, რომ შინაგანად ყველა გრძნობს, რომ რაღაცაში გოიმია. სრულყოფილი არსებები ხომ არ ვართ, მივისწრაფვით სრულყოფილებისკენ, შეგვიძლია ჩვენი თავი სრულვყოთ, გავაუმჯობესოთ, ეს ცხოვრების გზა არის. “გოიმი ხარ” გულზე იმიტომ ხვდება, რომ ის გრძნობს საკუთარ დაუხვეწაობას.

- თქვენზე გსმენიათ, გოიმიაო?

- პირდაპირ არავის უთქვამს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ვიღაც აუცილებლად გაიფიქრებდა. ვიღაცამ შეიძლება მიიჩნიოს, რომ ლაპარაკის მანერა მაქვს დაუხვეწავი, ვიღაცამ - ჩაცმულობის. გოიმობაა, როცა შენ შეგიძლია სხვას უთხრა, - გოიმო, როცა შენ თავადაც იცი, რომ რაღაც მიმართულებით შენც ასეთი ხარ.

- ადამიანები ხომ უმეტესად ნაკლს სხვებში ვხედავთ და არა - საკუთარ თავში.

- აი, ესაა ყველაზე დიდი გოიმობა.

- ვინმემ პირდაპირ რომ გითხრას, გოიმი ხარო, რა რეაქცია გექნება?

- ვეტყვი: ალბათ კი, რაღაცაში გოიმი ვარ; ან არის მეორე ვარიანტი, შეხვიდე პოლემიკაში და უთხრა, წადი რა, შენ შენს სიგოიმეს მიხედე.

- ერთ-ერთ ვიდეოში თქვი, რომ წლების წინანდელი საკუთარი თავი რაღაც მიმართულებით დღეს გეგოიმება...

- ასეა, არაერთხელ მიფიქრია, ეს რატომ მეცვა, ამას რატომ ვამბობდი? რაღაც დრო გავიდა და მივხვდი, მაშინდელი მიდგომა სწორი არ ყოფილა. ასეთი მიხვედრილობის მომენტები ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება. დარწმუნებული ვარ, ეს გულის სიღრმეში ყველას უფიქრია, მაგრამ სხვა თემაა, ამას რამდენად აღიარებენ. ეს განვითარების ამბავია. მგონი უნდა გვიხაროდეს, ცხოვრების რაღაც ეტაპზე თუ აღმოვაჩენთ, წარსულში რა გოიმი ვიყავით, ეს ნიშნავს წინსვლას, განვითარებას და არა - უკუსვლას. თუ ერთ ადგილზე ხარ გაშეშებული და არ ვითარდები, ეს განცდაც არ გექნება, მაგრამ ეს კი უკვე სხვა პრობლემაა.

თამუნა კვინიკაძე