“რაც უფრო მეტ ცუდ კომენტარს მიწერენ, უფრო მეტად პოპულარული ვხდები” - გზაპრესი

“რაც უფრო მეტ ცუდ კომენტარს მიწერენ, უფრო მეტად პოპულარული ვხდები”

ქართველი რეპერის - ქრისის სიმღერები საკმაოდ პოპულარულია. ახლახან მან ინტერნეტში ახალი სიმღერა გამოაქვეყნა, რომელიც საზოგადოებამ მალევე აიტაცა... გადავწყვიტეთ, რეპერი მკითხველისთვის უკეთ გაგვეცნო...

- პირველი “ტრეკი” 2003 წელს ჩავწერე. რადიოშიც “ტრიალებდა”, მაგრამ ჩემთვის რეპი მაშინ მაინც ჰობი იყო. ამიტომ ყველაფერი “იქვე” დასრულდა. მხოლოდ 16 წლის მერე ჩავწერე ისევ, ასე ვთქვათ, “პირველი ტრეკი”. არანაირი მოლოდინი არ მქონია - ამაზე არ ვფიქრობდი. უბრალოდ, იმას ვაკეთებდი, რაც მომწონდა... რა თქმა უნდა, დღეს ეგ სიმღერა არ მომწონს - წაშლასაც ვუპირებდი, მაგრამ იმ აზრმა გამაჩერა, რომ უკვე მაინც ყველას მოსმენილი აქვს (იცინის)... მიმაჩნია, რომ ხალხმა კარგად მიმიღო. “ჰეითერი” ყველას ჰყავს. ამ მხრივ, გამონაკლისი მეც არ ვარ.

- თქვენი რეალური გვარ-სახელი რა არის? ფსევდონიმი როგორ შეარჩიეთ?

- რეალურად, კრისტინა კვიწინია ვარ. სახელის საფუძველზე, მეტსახელიც “მოვიდა”. მთელი ცხოვრების განმავლობაში, უახლოესი მეგობრები შემოკლებით ისედაც ქრისს მეძახდნენ. თან, ჩემს ტვინშიც ზოგჯერ ქრის (იცინის)...

- თქვენი სიმღერების ტექსტები როგორ იქმნება, თავად წერთ?

- თავდაპირველად მეგონა, რომ ვერასოდეს ვერაფერს დავწერდი. მოთხრობის სახით ჯერ იდეას ვწერდი, შემდეგ ვცდილობდი, რითმებად დამელაგებინა, მერე კი ზაზას (რეპერი შF-ხ) ვთხოვდი, შეესწორებინა (იღიმის). სურვილი, ვარჯიში და დრო თავისას აკეთებს: დღეს ტექსტის წერა ჩემთვის რთული აღარ არის. თან, რა თქმა უნდა, საუკეთესო მასწავლებელი მყავდა (იღიმის).

image00001-1661760325.jpeg

- ტექსტებს თქვენი რეალური გამოცდილების საფუძველზე წერთ?

- “ტრეკების” იდეები მხოლოდ რეალური გამოცდილებიდან გამომდინარეა - ფანტასტიკა არ მიყვარს. არც იმას ვლაპარაკობ, რაც არ ვიცი. ასე რომ, ჩემი ყველა ტექსტი გამოცდილების საფუძველზეა დაწერილი.

- თქვენთვის სამაგალითო რეპერი ვინ არის?

- სულ 2 სამაგალითო რეპერი მყავს: ერთი - ემინემია და მგონი, ახსნა არ სჭირდება, თუ რატომ, მეორე კი - ზაზა - ახსნა არც ამას სჭირდება, თუმცა შემიძლია, დავამატო, რომ ალბათ, ზაზა ამერიკაში რომ დაბადებულიყო, მსოფლიოში ბევრად ცნობილი იქნებოდა, ვიდრე ემინემია, ის 100%-ით მასზე გენიალურია (იღიმის). რატომ მომწონს ეს 2 რეპერი? მიზეზი ისაა, რომ მათში სიმართლეს ვხედავ.

- რეპშემსრულებლებს ერთმანეთთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- ასე ვთქვათ, ჩვენს პატარა რეპსამყაროში, მგონი, ერთმანეთის მიმართ ყველას კარგი დამოკიდებულება გვაქვს. ისედაც სულ ოცნი ვართ და კიდევ ერთმანეთი თუ დავხოცეთ, რამდენი დავრჩებით (იცინის)?! მგონია, რომ რაღაცნაირად, ხალხი მიიჩნევს, რადგან რეპერები ვართ, ერთმანეთი არ უნდა “გვევასებოდეს”. არამც და არამც, პირიქით: ჩემი ძმები - რეპერები (იღიმის)... ასევე, ქალბატონებთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. მგონი, სულ სამნი ვართ. ბოროტი არც ერთი ვართ. ოდესმე თუ დროს ვიპოვით, რომ ერთმანეთს “დავემთხვეთ”, რეპერი ქალები საერთო “ტრეკსაც” ჩავწერთ.

- როგორ ფიქრობთ, სხვა ქართველი რეპერებისგან რა გამოგარჩევთ? ყველაზე ძლიერ კონკურენტად ვის მიიჩნევთ?

- რა გამომარჩევს (ფიქრობს)? საერთოდ, ამაზე არასოდეს მიფიქრია და არც კონკურენციაზე ვფიქრობ. ისეთ ქვეყანაში რომ ვიყოთ, სადაც შოუბიზნესი ყვავის, არ ვიცი, რა იქნებოდა, მაგრამ საქართველოში ჩემს კოლეგებს მხოლოდ ვქომაგობ და მინდა, კიდევ უფრო მეტნი ვიყოთ, მაღალი დონის მუსიკა შევქმნათ...

- ქართული აუდიტორია თქვენთვის საკმარისია?

- მგონი, არც ისე კარგი კითხვაა (იღიმის). ყველაზე მთავარი და თითქმის ერთადერთი მიზეზი, რატომაც მუსიკას ვქმნი, ის არის, რომ მუსიკა უსაზღვროდ მიყვარს. ასევე, ჩემი აუდიტორია მიყვარს, რამდენი ადამიანიც უნდა იყოს. ვაფასებ ამ გემოვნებიან ხალხს (იღიმის).

- ძირითადად, ე.წ. ჰეითერები რას გწერენ, რა არ მოსწონთ?

- “ჰეითერები” ჩემი ყველაზე კარგი “პიარშიკები” არიან: რაც უფრო მეტ ცუდ კომენტარს მიწერენ, უფრო მეტად პოპულარული ვხდები. ისე, შევამჩნიე, რომ ჩვენს ქვეყანაში კარგი და კეთილი ადამიანები ასე მასობრივად არ უყვართ. თავდაპირველად “ჰეითერებს” ყურადღებას ვაქცევდი, ახლა კი წამითაც არ ვღიზიანდები, რადგან ჩემმა ხალხმა ზუსტად იცის, ვინ ვარ და როგორი - დასამალი არაფერი მაქვს.

- თქვენი შემოქმედება არის თუ არა თქვენი შემოსავლის წყაროც?

- პირადად მე, უკვე 3 წელზე მეტია, არსად ვმუშაობ - მხოლოდ მუსიკით ვარ დაკავებული, მაგრამ ასევე, ჩვენი ყველა კონცერტის ორგანიზატორი, მენეჯერი და პროდიუსერიც თავად ვარ. მარტივად რომ ვთქვათ, ვინც შრომობს, ის შოულობს! კი, საქართველოში მუსიკით ფულის შოვნა შეგიძლია. თუმცა, ფულსაც გააჩნია და - იმასაც, თუ როგორ მუსიკას შესთავაზებ მსმენელს.

image00002-1661760312.jpeg

- თქვენი მთავარი გულშემატკივარი ვინ არის?

- ალბათ, ჩემი მთავარი გულშემატკივარი ჩემი შვილია. ქართული ენა არ იცოდა, დღეს კი ჩემი “ტრეკების” ყველა ტექსტი დაზეპირებული აქვს და ქართულის შესწავლასაც მეტი მონდომებით შეუდგა.

- კიდევ ვინ არიან თქვენი ოჯახის წევრები? გვიამბეთ მათ შესახებ...

- საქართველოში მხოლოდ მე, დედაჩემი, ჩემი ძმა და ჩემი შვილი ვცხოვრობთ. დედას ბევრი (11) იორკშირული ტერიერი ჰყავს - ამრავლებს. ჩემი გოგონა სკოლის მოსწავლეა, ძმა კი თავის ბიზნესებშია ჩართული. ცოლს ეძებს (იცინის). ოჯახის წევრებს ერთმანეთთან ძალიან ახლო და ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს, მით უმეტეს - ახლოს ვცხოვრობთ.

- თქვენი ცხოვრების სტილი როგორია?

- ბოლო წლებში, ჩემი ცხოვრების სტილი შეიცვალა: წინათ თუ ხალხმრავალი ადგილები მიზიდავდა, ახლა შინ, სიწყნარეში, ჩემს ძაღლებთან ერთად მშვიდად ყოფნა მირჩევნია. 2 ძაღლი - ფიონა და მოლეკულა მყავს. დედა-შვილი არიან... ასევე, მეგობრებთან ერთად დროის გატარებაზე სასიამოვნო რა უნდა იყოს? ძალიან სტუმართმოყვარე ვარ... რასაც ვაკეთებთ და ვქმნით (მუსიკას ვგულისხმობ), ისიც ხომ მიყვარს, არა? ამიტომ გამოდის, რომ არასოდეს ვმუშაობ - სულ საყვარელ საქმეს ვაკეთებ.

- შეყვარებული ხართ?

- კი. შეყვარებული მყავდა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ხელი მთხოვა - აღარ მყავს შეყვარებული. ახლა საქმრო მყავს. მგონი, მისი ვინაობა ყველასთვის ცნობილია - ზაზა ნოზაძე, იგივე რეპერი შF-ხ. თითქმის 5 წელია, ერთად ვართ, იქიდან 3 - ერთად ვცხოვრობთ. ზაზა საუკეთესოა. ის არის ადამიანი, ვისაც ამდენი წელი ველოდი...

- კიდევ რას საქმიანობთ? რა გეგმები, მიზნები გაქვთ?

- მუსიკის გარდა, სერიალზე მუშაობას ვიწყებთ (ზაზა პროფესიით რეჟისორია). ვეჭვობ, უკვე შემოდგომით თქვენც იხილავთ... გეგმებს რაც შეეხება, მოყოლა არ მიყვარს, რადგან მერე რაღაც “ჩარჩოებში მსვამს”, რომ რადგან ვთქვი, უნდა გავაკეთო. ჰოდა, მირჩევნია, არაფერი ვთქვა - ხალხი თავად იხილავს, ყველაფერი როგორ განვითარდება...

ეთო ყორღანაშვილი