ქეთი ხატიაშვილის საზაფხულო არდადეგები, უკრაინაში გატარებული წლები და რჩევები ქალებს - გზაპრესი

ქეთი ხატიაშვილის საზაფხულო არდადეგები, უკრაინაში გატარებული წლები და რჩევები ქალებს

“წლების წინ ერთი თვე ტაილანდში გავატარე, რომელიც ძალიან ეგზოტიკური ქვეყანაა. ბოლოს იქ ყოფნას იმდენად მივეჩვიე, ოთახში ბადეს თუ არ ვხურავდი, ხვლიკები და დიდი ობობები შემოდიოდნენ, მაგრამ აღარ მეშინოდა. ვიცოდი, არაფერს დამიშავებდნენ”, - იხსენებს ქეთი ხატიაშვილი, რომელიც დასვენებასა და თავის მოვლაზე გვესაუბრა...

- გაზაფხულის მიწურულიდან უკვე სულმოუთქმელად ველოდები, ზაფხული როდის დადგება... ძალიან მცივანა ვარ და ღრმა ბავშვობიდან, რაც თავი მახსოვს, ზაფხულის მიმართ ასეთი დამოკიდებულება მაქვს, ეს სეზონი მიყვარს.

- ბავშვობაში სად ისვენებდით?

- დედა უკრაინელი მყავს და ზაფხულში ოდესაში ზღვის სეზონი რომ იწყებოდა, ამ პერიოდზე ვგიჟდებოდი. ბავშვობის მოგონებები სულ ზღვასთან ასოცირდება... მახსოვს იქაური სანაპირო, ქვიშა, ოქროსფერი მზე, როგორ ვსწავლობდით ცურვას მე და ჩემი და...

ჩემთვის უკრაინა ძალიან ძვირფასია და მტკივნეულად იმოქმედა იქ განვითარებულმა მოვლენებმა. ბუნებრივია, ახლობლებზე ძალიან ვდარდობ. ერთი ნათესავი ჩამოვიდა ოდესიდან, ახლაც ჩვენთან არის.

ექვს წლამდე უკრაინაში ვცხოვრობდით, საქართველოში შემდეგ გადმოვედით საცხოვრებლად, როცა მშობლები შერიგდნენ... აქ ზაფხულში ქობულეთში, ბათუმში დავდიოდით... ოჯახი არდადეგებს შეძლებისდაგვარად ზღვაზე და სოფელში ვატარებდით. მამის მხრიდან კახეთიდან გახლავართ, მაგრამ დღეს იქ აღარაფერი გვაქვს და ლაგოდეხში ნათესავთან ჩავდიოდით. მახსოვს, როგორ დავდიოდით ტყეში, მდინარეზე... ძალიან ლამაზი იყო იქ გატარებული პერიოდი.

- საზღვარგარეთ დასვენებას რამდენად ხშირად ახერხებთ?

- ვყოფილვარ, მაგრამ უპირატესობას ჯერჯერობით, ისევ საქართველოს ვანიჭებ! ბევრი კუთხეა, რომელიც არ მინახავს და დაგეგმილი მაქვს, აუცილებლად ვნახო... სვანეთში ნამყოფი ვარ, მაგრამ მინდა უფრო დიდი ხნით ჩავიდე და კარგად გავიცნო ეს საუცხოო მხარე. ძალიან მაინტერესებს თუშეთი, ხევსურეთი... წელს ვნახე რაჭა და ძალიან მდიდარი შთაბეჭდილებებით დავბრუნდი, მოხიბლული ვარ.

ზაფხულში ევროპის ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ: იტალიაში, ესპანეთში, საბერძნეთში, პორტუგალიაში, სხვა ქვეყნებში. ასევე, ბრაზილიაში. წლების წინ ერთი თვე ტაილანდში გავატარე, რომელიც ძალიან ეგზოტიკური ქვეყანაა. ბოლოს იქ ყოფნას იმდენად მივეჩვიე, ოთახში ბადეს თუ არ ვხურავდი, ხვლიკები და დიდი ობობები შემოდიოდნენ, მაგრამ აღარ მეშინოდა. ვიცოდი, არაფერს დამიშავებდნენ.

- მუდმივად ფორმაში ხართ... როგორ ახერხებთ სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობისას თავის მოვლას?

- ალბათ ყველაზე მეტად, გენეტიკა მეხმარება იმაში, რომ მუდმივად ფორმაში ვიყო... ბავშვებთან მიწევს დღეში ექვსი საათი მუშაობა და ესეც ძალიან დადებითად მოქმედებს. მათ სხვადასხვა მოძრაობას ვაჩვენებ და მარტო რომ ვრჩები, პრესებს ვაკეთებ. იმდენად გამჯდარი მაქვს ეს ყველაფერი, რომ არ ვივარჯიშო, არაფრით შემიძლია. თუ არ ვვარჯიშობ, მთელი სხეული დუნდება: ხელები, ფეხები, ზურგი... როცა სხვა ქალაქში ან ქვეყანაში ვარ, უცხო ადგილებში ფეხით ბევრს დავდივარ. მინდა ყველაფერი დავათვალიერო და ესეც ერთგვარი ვარჯიშია.

- ოდესმე დიეტის დაცვა დაგჭირვებიათ?

- არასოდეს! ერთადერთი ბრმა ნაწლავის ოპერაცია რომ გავიკეთე, აუცილებელი იყო დიეტური კვება და მხოლოდ მაშინ დავიცავი. არ მიყვარს დიეტები. შემიძლია საღამოს ექვსი საათის შემდეგ არ ვჭამო და ჩემთვის ეგ არის საუკეთესო დიეტა. თუ არ ვმოძრაობ, მეც ჩვეულებრივად ვიმატებ. მოძრაობა მეხმარება, რომ ფორმაში ვიყო... ფეხით ძალიან ბევრს დავდივარ.

- ამდენს როდის ასწრებთ? როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე?

- დილით სამსახურში ფეხით მივდივარ და შემდეგ კოსტავას ქუჩიდან საბურთალოზე, მეორე სამსახურშიც ფეხით გადავდივარ... როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ბავშვებთან ერთად ვვარჯიშობ და ცხრა საათზე სახლში ვბრუნდები.

- ისევ ზღვაზე, დასვენებაზე რომ ვისაუბროთ... რამდენად გიყვართ ნამზეური?

- ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით ზღვის სანაპიროზე თუ ვირუჯები... გვაფრთხილებენ, რომ ეს კანისთვის საზიანოა და ამ მხრივ ძალიან ფრთხილი ვარ, სახეზე სულ მზის დამცავს ვიყენებ... ზამთარშიც კი, მზიან ამინდში მზის დამცავი მისვია.

- როგორც ახსენეთ, მცივანა ხართ და ზამთრის კურორტებს თუ სტუმრობთ?

- დიახ, ძალიან მიყვარს გუდაური... ორჯერ რომ ჩამოვსრიალდები, შემდეგ კაფეში ცხელი ჩაი ან გლინტვეინი უნდა დავლიო... ჩემი შვილი ძალიან ბევრს სრიალებს, განსაკუთრებულად უყვარს ეს პროცესი.

- პანდემიის პერიოდი როგორი იყო თქვენთვის?

- ისეთი, როგორიც ყველასთვის... უბრალოდ, მე ძალიან ბევრი ვარჯიში მიწევდა, რადგან ბევრ ვიდეოგაკვეთილს ვწერდი. ცალკე მქონდა ონლაინგაკვეთილები, პერსონალური გაკვეთილები... ყველას სურდა სახლში ყოფნისას ფორმიდან არ ამოვარდნილიყო... პანდემიის პერიოდი ჩემთვის პირიქით, ძალიან გადატვირთული გახლდათ.

- ჩაცმულობაზეც ვისაუბროთ: როგორი სამოსი გიყვართ და რამდენად იცნობთ ქართველი დიზაინერების შემოქმედებას?

- ჩემი ყოველდღიური სამოსი აუცილებლად ძალიან კომფორტული უნდა იყოს. მიყვარს ჯინსის შარვალი და ოვერსაიზი მაისური... ქართველი დიზაინერების შემოქმედება მომწონს და ვამაყობ, ასეთი კარგი ხელოვანები რომ გვყავს. მეამაყება სადმე რომ მივდივარ და ქართველი დიზაინერის შექმნილი სამოსი მაცვია... ერთს ან ორს ვერ გამოვყოფ, რადგან დაახლოებით შვიდი ფავორიტი ქართველი დიზაინერი მყავს.

- აქსესუარები?

- აქსესუარებიდან განსაკუთრებულად საყურე მიყვარს.

image00002-1661760812.jpeg

- რამდენად ხართ გარეგნობაში ხელოვნური ჩარევების მომხრე?

- თუ საჭიროა და ქალი თავს უფრო მშვიდად, კარგად იგრძნობს, მაშინ აუცილებლად უნდა ჩაიტაროს ეს პროცედურები... მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ ზომიერება აუცილებელია.

- როგორი სახლია კომფორტული?

- კომფორტულია სახლი, სადაც ისეთი განლაგება და ფერებია, როგორიც მომწონს... შევეცადე ჩემი სახლი ასე მომეწყო.

- რას ურჩევდით ქალბატონებს, მუდამ ფორმაში რომ იყვნენ, მიუხედავად დუხჭირი ყოფისა?

- ყველას ვუსურვებ, იმ საქმით იყოს დაკავებული, რომელიც მოსწონს... ამ დროს ადამიანი უკვე შემდგარი და ბედნიერია... აუცილებელია 7-8 საათი ძილი: ჯანსაღი ძილი ენერგიის წყარო და უმნიშვნელოვანესი რამაა...

- თქვენთვის ადრეა ამის კითხვა, მაგრამ მაინც: ბევრი ქალი ძალიან მტკივნეულად განიცდის წლების მატებას... ამაზე რას იტყვით?

- პირიქით, წლების მატებას ძალიან პოზიტიურად ვუყურებ... ყოველი მომატებული წელი ცხოვრებას უფრო საინტერესოს ხდის და მეც უფრო მეტად ვვითარდები. ამ მხრივ ძალიან ჰარმონიულად ვგრძნობ თავს.

მანანა გაბრიჭიძე