“კუს გარუჯულ სხეულზე დავისვამდი ხოლმე - გადასარევი მასაჟი გამოსდიოდა” - გზაპრესი

“კუს გარუჯულ სხეულზე დავისვამდი ხოლმე - გადასარევი მასაჟი გამოსდიოდა”

მსახიობ ნატუკა გულისაშვილს ფლორა და ფაუნა განსაკუთრებულად რომ უყვარს, ცნობილი ფაქტია. ნატუკას შინ ძაღლი, შინშილა და თუთიყუში ჰყავს. ასევე, ბევრ მცენარეს უვლის. დავინტერესდით, ზაფხულის არდადეგების გატარებას სად და როგორ ახერხებს, როცა ამდენ არსებაზე ზრუნვის პასუხისმგებლობა აქვს ნაკისრი.

- ჩემთვის ზაფხული სიზარმაცესთან უფრო ასოცირდება, ვიდრე დასვენებასთან, რადგან, გინდა თუ არა, შვებულება გაქვს ადამიანს. ამიტომ რაღაცნაირად “მოშვებული” ხარ. კი, ვისვენებ, რასაკვირველია. უბრალოდ, ერთი პრობლემა მაქვს: ჩემი “ზოოპარკით”, ფლორა-ფაუნით სადმე წასვლა რთულია. ამის გამო მე და ჩემი შვილი ქალაქიდან ერთად იშვიათად გავდივართ - რომელიმე ჩვენგანი ყოველთვის შინ რჩება.

- ამჟამად ზაფხულის სიცხეს თავს სად აფარებთ?

- ახლა ბათუმში ვიმყოფები. ფაქტობრივად, 3 საათში ერთხელ შვილს ვურეკავ და ვეკითხები: ძაღლმა, შინშილამ ჭამეს? თუთიყუში რას აკეთებს? ყვავილმა ხომ არ მოიწყინა-მეთქი?.. ისეთი განწყობა მაქვს, თითქოს შინ მცირეწლოვანი ბავშვები დავტოვე. ალბათ მალე თბილისში ვიქნები. დიდი ხნით ვერსად მივდივარ. სოფელში საკუთარი სახლი არ მაქვს. ამიტომ თბილისიდან ხანმოკლე პერიოდით გავდივარ ხოლმე.

- თქვენს ოთხფეხა ან ფრთოსან მეგობრებთან ერთად დასასვენებლად წასული ყოფილხართ?

- ძაღლთან ერთად - არა, რადგან ისეთ ადგილებში მივდიოდი, სადაც ძაღლს არ უშვებდნენ, მაგრამ, მაგალითად, თუთიყუშთან, კუსთან ერთად დასასვენებლად ვყოფილვარ... ბევრი შესაძლებლობაა, რომ ძაღლი სადმე დატოვო - მათთვის განკუთვნილი სასტუმროებიც არსებობს, მაგრამ - არავითარ შემთხვევაში: ან თან უნდა წავიყვანო, ან - სახლში იყოს. ამიტომ შინ ერთი ადამიანი ყოველთვის რჩება. მხოლოდ ძაღლზე არაა საუბარი: შინ ბევრი მცენარე მაქვს, რომლებსაც დიდი ხნით ვერ დავტოვებ. ვინმეს რომ დავუტოვო და ვთხოვო, კვირაში ერთხელ მაინც მიდი და წყალი დაუსხი-მეთქი, არ გამოდის, რადგან თითოეულ მცენარეს შესაბამისი ტემპერატურის წყალი სჭირდება, მოვლა-მორწყვა კი - დღეების მიხედვით. ცხოველებსა და მცენარეებზე ზრუნვის პასუხისმგებლობა სასიამოვნოა, რადგან მათგან დიდ დადებით ენერგიას ვიღებ.

natuka-03-1661761026.jpg

- მიუხედავად ამისა, ყოფილა შემთხვევა, როცა გინანიათ - ნეტავ, მცენარეები ასე ძალიან არ შემეყვარებინა, რომ თავისუფლად წავსულიყავი, სადაც ვისურვებდიო?

- არა, არასოდეს, რადგან ჩემი ფლორა-ფაუნა იმხელა სიყვარულსა და ენერგიას მაძლევს, რომ, მაგალითად, ხანდახან, როცა სადმე ვარ, მინდა, შინ გავიქცე და ჩავეხუტო ჩემს ძაღლს, შინშილას თუ თუთიყუშს. მცენარეების მიმართაც ასეთი დამოკიდებულება მაქვს: როდესაც ვხედავ, ყვავილი იფურჩქნება ან ახალი კვირტი ამოდის, ვხვდები, რომ ეს ახალი სიცოცხლის დაბადებაა, რომელიც ჩემი დახმარებით ხდება... დეკემბერში, როცა ჩემი ძაღლი დაფნა აღარ მყავდა (დაიღუპა), მივხვდი - მეორედ ძაღლს აღარ ავიყვანდი, მაგრამ ჩემი ოჯახის ძალიან ახლობელმა იმ საღამოსვე დაფნას მსგავსი ძაღლი მომიყვანა (მასაც დაფნა დავარქვი). ჩემი რჩევაა, როცა ოთხფეხა მეგობარი კვდება, აუცილებლად შემცვლელი მოიყვანოთ, რადგან პირადად მე, მეორე დაფნამ გამაცოცხლა...

- საინტერესოა, თუთიყუშსა და კუსთან ერთად როგორ დაისვენეთ?

- არანაირი დისკომფორტი არ შემქმნია. კუსთან ერთად ზღვის სანაპიროზეც გავდიოდი. სხვათა შორის, როცა ადამიანს ზედმეტი რუჯი გაქვს მიღებული, დამეთანხმები, რომ გარუჯული კანი გეფხანება. კუს გარუჯულ სხეულზე დავისვამდი ხოლმე. კანზე რომ დადიოდა, გადასარევი მასაჟი გამოსდიოდა (მცირე ზომის, ხმელეთის კუს ვგულისხმობ)... თუთიყუშს რაც შეეხება, შინ იყო ხოლმე... საერთოდ, როდესაც საკუთარი მანქანით მიდიხარ, ვფიქრობ, ნებისმიერი ცხოველის წაყვანისას არანაირი დისკომფორტი არ შეგექმნება. სხვათა შორის, სანამ ავტომობილი მეყოლებოდა, პირველად დაფნას დასასვენებლად წაყვანა მინდოდა, მაგრამ ძაღლთან ერთად მატარებელშიც არ შემიშვეს. მოკლედ, შემაფერხებელი პირობები იყო... ახლა ჩემს მეორე დაფნასთან ერთად, დასასვენებლად აუცილებლად წავალ. არდადეგებისთვის სექტემბერიც გადასარევი პერიოდია. ერთადერთი პრობლემა შინშილას წაყვანაა. ის ისეთი ცხოველია, რომელსაც ტრანსპორტირება უჭირს, შესაბამისი ტემპერატურა სჭირდება... ახლა აჭარაში ვარ. უამრავი ხალხია. ასეთ სიტუაციაში კიდევ ძაღლის წამოყვანა რთულია. თავადაც სანაპიროსგან მოშორებით დავდივარ ხოლმე. ცოტა არ იყოს, შურით ვუყურებ იმ ხალხს, ვინც ძაღლებთან ერთადაა ჩამოსული. ქუჩაში ძაღლს რომ ვხედავ, ვეფერები. დენდროლოგიურ პარკში ვიყავი - მართლა ულამაზესია! ლემურები, ბევრი თუთიყუში, ვარდისფერი ფლამინგო ვნახე... ყველა მათგანს შორიდან ვეფერებოდი. ჩემი მონატრებული ცხოველებისა და ფრინველების დანაკლისი დენდროლოგიურ პარკში ავინაზღაურე.

- კიდევ როგორ ატარებთ ბათუმში დროს?

- ისეთ ასაკში ვარ, ღამის კლუბებით, ხმაურიანი ადგილებით აღარ ვინტერესდები - ეგ ეტაპი უკვე გავიარე. დილით ადრე სანაპიროზე გავდივარ, შუადღისას შინ ვარ და ვისვენებ. ჩემი ბევრი ახლობელი ბათუმშია ჩამოსული. ისე ხდება, რომ ვიკრიბებით, ჭიქა ყავას ვსვამთ, ვსაუბრობთ... არ მინდა, უხეშად ნათქვამი გამომივიდეს - “პენსიონერულად” ვისვენებ, ყოველგვარი ღამისთევის, ალკოჰოლური სასმლის გარეშე.

- ნატუკა, მშობლების მეთვალყურეობის გარეშე პირველად სად და როგორ დაისვენეთ?

- 10 წლის ვიყავი, როცა მამა გარდამეცვალა. სანამ ცოცხალი იყო, არაფერს მიშლიდა. ჩემს შვილსაც ასე ვზრდი. მიმაჩნია, რომ რაც უფრო მეტს დაუშლი და მკაცრად მოექცევი, უფრო მეტ რამეს გააფუჭებს, რადგან ხომ იცით, აკრძალული ხილი ყოველთვის უფრო გემრიელია. უბრალოდ, მშობლები თუ სადმე არ მიშვებდნენ, მიზეზს ყოველთვის არგუმენტირებულად მიხსნიდნენ. მეათე კლასში ვიყავი, როცა 4 მეგობარი გოგო კახეთში, ჩემს სახლში წავედით. უფროსების გარეშე ვიყავით. საჭმელს თავად ვამზადებდით. მაშინ მობილური ტელეფონები არ იყო. მშობლებთან დასარეკად ფოსტაში მივდიოდით. ჩვენი ასაკის გოგონებისთვის ეს უცხო სიტუაცია იყო. იმ დროს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, ოჯახის წევრები როგორ მენდობოდნენ, რომ სახლიც ჩამაბარეს და დასასვენებლად მარტო გამიშვეს. ის პერიოდი იყო, როცა სიგარეტი უნდა გაგვესინჯა. მაშინ ჩემთვის აკრძალული ხილი ეს იყო (იცინის)... გვიან ღამემდე არ ვიძინებდით ხოლმე... ახლა ამას ვინც წაიკითხავს, შეიძლება გაეცინოს, რადგან 14-15 წლის მოზარდები უკვე საზღვარგარეთ სასწავლებლად მიდიან, და ეს ძალიან კარგია. ჩვენ კომუნისტური წყობილების ბავშვები ვართ. ამიტომ ჩვენთვის ის სიტუაცია უცხო ხილი იყო... ყოველთვის მომხრე ვარ, რომ ბავშვი დამოუკიდებელი იყოს, მშობლებსა და შვილებს შორის ნდობა არსებობდეს, ბავშვი დედ-მამას არ მივაჯაჭვოთ... ოჯახთან ერთად დასვენება კარგია - ეს სხვა სიყვარული, რიტუალი და კულტურაა, მაგრამ გარკვეულ ასაკში ბავშვი აუცილებლად მარტო უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რასაც ახლა ვუყურებ: თუნდაც, ცოტა არ იყოს, ზედმეტად ნასვამი მოზარდები ზღვაზე გვიანობამდე ბანაობენ. ამის გამო ცოტათი ვნერვიულობ, მაგრამ ალბათ ესეც უნდა გამოცადონ. ვფიქრობ, ყველაფერი მაინც ოჯახიდან მოდის: თუ მოზარდს 1 ჭიქა ალკოჰოლის დალევა, ღამით ზღვაზე გასვლა აკრძალული აქვს, მისი მარტო დასასვენებლად გაშვება ცოტათი რთულია, რადგან შეიძლება, უცებ ყველაფერი მოინდომოს და მის საქციელს უსიამოვნო შედეგი მოჰყვეს, მაგრამ ისიც შეიძლება, ერთხელ “კისერი მოიტეხოს” და უსაქციელობა ამით დაასრულოს. ოჯახთან ერთად ბავშვმა ცოტ-ცოტა ყველაფერი უნდა ნახოს: თავისუფლებაც და, რა თქმა უნდა, ერთმანეთის პატივისცემაც.

natuka-01-1661761041.jpg

- ზაფხულობით კიდევ რომელ ადგილებს სტუმრობთ ხოლმე?

- ძირითადად, კახეთსა და აჭარას ვსტუმრობ. სამარცხვინოა, მაგრამ სვანეთში ნამყოფი არ ვარ. წელს მეპატიჟებიან, სხვათა შორის - ძაღლთან ერთად, რადგან ჩემს მეგობარს არაჩვეულებრივი კერძო სასტუმრო აქვს, ძაღლი ჰყავს წაყვანილი და მითხრა, - ძაღლის გარეშე არ ჩამოხვიდეო... ერთი ჩვევა მაქვს: დიდი ხნით და სახლიდან შორს წასვლა არ მიყვარს. დიდხანს ვერსად ვჩერდები. ალბათ იმიტომ, რომ შინ ჩემი ორფეხა, ოთხფეხა და ფრთოსანი მეგობრები მელოდებიან (იღიმის). თუკი ოჯახის ყველა წევრს მანქანაში ერთად ჩავსვამ და სადმე წავალთ, ამ შემთხვევაში, მშვიდად ვიქნები.

- ზაფხულის სეზონისთვის განსაკუთრებულად თუ ემზადებით ხოლმე, რომ სხეული უკეთეს ფორმაში იყოს?

- მოგატყუებთ, რომ ვთქვა, ზაფხულისთვის დიეტას ვიცავ და სპორტდარბაზებში დავდივარ-მეთქი. ჩემი აზრით, ადამიანი მთელი ცხოვრება ასე უნდა იქცეოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იცი, სიტუაცია რას ემსგავსება?.. თუ სტუმრად მივდივარ, თავს დავიბან, თუ არ მივდივარ - არაო. ადამიანი მხოლოდ ზაფხულში არ უნდა ვარჯიშობდეს და ჯანსაღად იკვებებოდეს. პანდემიამ ცოტათი ყველა “მიგვაძინა”. როგორც კი ის პერიოდი დასრულდა, მაშინვე მეტ-ნაკლებად სწორი კვება, მეტი მოძრაობა, ფეხით ხშირად სიარული დავიწყე. ჩემთვის სეზონს მნიშვნელობა არ აქვს: როცა სახლებში ჩამსხდრები არ ვართ - არ გვკეტავენ, საღამოობით ფეხით ყოველთვის ბევრს დავდივარ, სწორად კვებას ვცდილობ... ბოლოს მინდა ვთქვა: მნიშვნელობა არა აქვს, შინ ჩიტი ბინადრობს, ძაღლი, კატა თუ მცენარეები ხარობენ, იქ უფრო მშვიდი, ხალისიანი და დადებითი ენერგიით სავსე გარემოა. როდესაც ბავშვი ცხოველთან ერთად იზრდება, ის აგრესიული არასოდესაა. თუ ჰარმონიულად ყოფნა გვსურს, ბუნებაში უფრო დიდხანს უნდა ვიყოთ. ვეცადოთ, ამ ჩვენს “ქვის ქალაქში” (ბათუმსაც ვგულისხმობ და თბილისსაც) პატარა ოაზისი შინ მოვიწყოთ...

ეთო ყორღანაშვილი