გიგი დედალამაზიშვილის "აფეთქებები", სიყვარულიდა თავისუფლება - გზაპრესი

გიგი დედალამაზიშვილის "აფეთქებები", სიყვარულიდა თავისუფლება

"საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე, რომ დუმილი ოქროა", - ამბობს მომღერალი გიგი დედალამაზიშვილი. რას თვლის თავის ყველაზე დიდ სისუსტედ, რა მოსწონს საკუთარ ხასიათში, რა ვერ ისწავლა დღემდე და რის გამო იღებს საყვედურებს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1986 წლის 1-ლი აპრილი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...არ ვიცოდი, რა მინდოდა, მხოლოდ ერთი დღით მქონდა ფეხბურთელობის სურვილი. მაშინ სცენაზე დგომაზე, მომღერლობაზე საერთოდ არ ვფიქრობდი.

- ჩემზე ამბობენ...

- ...რომ ვარ მხიარული.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...ალბათ რაღაცებს შევცვლიდი. ბავშვობიდანვე სპორტით დავკავდებოდი.

- ახლა რომ დაიწყო ვარჯიში?

- რამდენჯერმე დავიწყე, მაგრამ თავი დავანებე. სურვილი სულ მაქვს, მაგრამ ერთ თვეზე მეტი ჯერ ვერ ვივარჯიშე.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...იყო თეატრალურში ჩაბარება. თეატრი ძალიან მიყვარდა და ეს პროფესიაც ამიტომ ავირჩიე.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით...

- ...ოჯახს, მეგობრებს.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს ძალიან კარგი ოჯახი და მეგობრები.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- ...კომუნიკაბელურობა.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...ვივარჯიშო და გავხდე.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...წყენის გულში ჩადება არ ვიცი.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...ფეთქებადი ვარ. სულ ვცდილობ, ასეთი აღარ ვიყო, მაგრამ ყოველთვის არ გამომდის. ხშირად გადაწყვეტილებებსაც ცხელ გულზე ვიღებ და ეს კარგი თვისება არ არის.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...რომ დუმილი ოქროა. სჯობს, რაღაც ჯერ კარგად გაანალიზო, დაფიქრდე და ისე თქვა. ასეთი შემთხვევები მრავლად არ მქონია, მაგრამ ნათქვამი არაერთხელ მინანია.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...საქმე რაღაც გამოუსწორებელ შეცდომას არ ეხება. ჯერ ისეთი წყენა არ მქონია, პატიება რომ ვერ შემძლებოდა, არ ვიცი, მომავალში რა იქნება.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...საკუთარი თავი წარმომიდგენია სცენაზე, მაგრამ უფრო სპორტულად.

- ვიბნევი...

- ...როცა მაქებენ.

- ვნანობ...

- ...არც არაფერს.

- ამ წუთში ძალიან მინდა...

- ...მშვიდობა იყოს მსოფლიოში.

- ...წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა...

- ...რთული არ არის. ამ დროს როგორი ვარ? ალბათ ისეთი ცუდი სანახავი, როგორც ყველა ადამიანი, რომელიც წონასწორობას კარგავს. ეს "აფეთქება" რომ ჩაივლის, მერე ჩემი თავი თავად არ მომწონს.

- მეზარება...

- ...ნაგვის გადაყრა.

- სიყვარული ეს...

- ...რა არის? ძალიან რთულია ახსნა. სიყვარულია ის, როცა ვიღაცის (რაღაცის) გარეშე ყოფნა არ შეგიძლია, თან ეს ყველაფერი მოგწონს და სიამოვნებას განიჭებს.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...ბავშვობაში სულ შეყვარებული ვიყავი, ნახევარი თბილისი მიყვარდა. ჩემი თაობის გოგონების უმრავლესობისთვის სიყვარული მაქვს ახსნილი. გოგო რომ მომეწონებოდა, 2 დღის მერე მეგონა, მიყვარდა ან ვინ იცის, იქნებ მიყვარდა კიდეც.

- სერენადებს უმღეროდი?

- კი, სხვა რაღაცებსაც ვაკეთებდი. მაგალითად, მაშინ ბენზინით გულების დანთება იყო აქტუალური. მახსოვს, ერთი გოგო მომწონდა, მივედით ეზოში, გული დავუნთეთ და რომ დავურეკე, აღმოჩნდა, რომ სახლში არ იყო, მამამისს კი ეს არ მოეწონა.

- მაკვირვებს...

- ...ადამიანების სიმტკიცე, სიმამაცე, გამძლეობა, გამტანობა. ჩემი ოჯახიდან გამომდინარე, ახლა უკრაინელების შემართება მაკვირვებს - რთულ სიტუაციებში მაინც პოულობენ ძალას საკუთარ თავში, რომ ხვალინდელ დღეზე იფიქრონ.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...ცნობამ კონცერტის შესახებ.

- ვრისკავ...

- ...მარტივად. ალბათ ხშირად გაუაზრებელ რისკზეც წავიდოდი, რომ არა გვერდით ის ადამიანები, რომლებიც ამის საშუალებას არ მაძლევენ, თორემ თავად მარტივად ვენთები.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...ფეთქებადი ხასიათია.

- ვამაყობ...

- ...ოჯახით, მეგობრებით, ეს ჩემი ძალაა.

- შიში მაქვს...

- ...ავადმყოფობის.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...რომ ტელეფონს არ ვიღებ, ამ მხრივ ბოლოს ცოტათი გამოვსწორდი.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...წონას.

- ვუფრთხილდები...

- ...ურთიერთობებს.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...კერძების მომზადება. შინ მარტო რომ ვარ, კვერცხის შეწვაც კი არ შემიძლია. დღემდე ვერაფრით ვისწავლე მანქანის მართვა.

- ვიტყუები, როცა...

- ...მინდა ადამიანს ვასიამოვნო.

- თავისუფლება არის...

- ...შინაგანი განცდა, ეს არ არის დაკავშირებული გარემო პირობებთან. ადამიანი ციხეშიც შეიძლება თავისუფალი იყოს. და ჩვენ გვერდით დადიოდეს ბევრი ისეთი, რომელსაც არ აქვს თავისუფლების შეგრძნება.

- ინტუიცია...

- ...ზომიერად მაქვს განვითარებული.

- როცა მარტო ვარ...

- ...წიგნს ვკითხულობ. ბოლოს ზაირა არსენიშვილის შემოქმედებამ აღმაფრთოვანა.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...დიდ სასტუმროს ავაშენებდი. ეს იქნებოდა ძალიან კარგი, განსხვავებული. ზოგადად, ეს ბიზნესი მომწონს.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...ოჯახზე, სამშობლოზე უარს ვერავინ მათქმევინებს.

- მენატრება...

- ...ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს ჩვენ გვერდით აღარაა.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ფეხით დავდივარ, ეს ერთგვარი რელაქსია. შეიძლება ამ დროს ვიღაც მახლდეს, მაგრამ მარტო მირჩევნია, ვუსმენ მუსიკას და ბევრს დავდივარ.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...მადლობა, რომ ეს ინტერვიუ წაიკითხეთ. ყველას ჯანმრთელად ყოფნას გისურვებთ. ერთმანეთს გავუფრთხილდეთ!

თამუნა კვინიკაძე