როგორ გაუსწორდა ანი ყიფშიძე 52 წლის პედოფილს - გზაპრესი

როგორ გაუსწორდა ანი ყიფშიძე 52 წლის პედოფილს

"ალბათ, ჯოჯოხეთში რომ ვიყო, იქაურობასაც ედემად გადავაქცევ", - გვითხრა ანი ყიფშიძემ, რომელმაც საზოგადოებას რეალითი შოუდან - "პრაიმ ჰაუსი" დაამახსოვრა თავი. ვეცადეთ, მრავალფეროვანი, საინტერესო ცხოვრების მქონე ანის შესახებ მეტი დეტალი გაგვეგო...

- ანი, როცა სარკეში იყურები, ვის ხედავ?

- ძალიან მაგარ პიროვნებას: რაღაცნაირად, ანათებს, ლამაზია, კეთილი თვალები აქვს... მომწონს, კარგი ადამიანია (იღიმის).

- შენი ცხოვრების მოტივატორი რა ან ვინ არის?

- დედაჩემი და ჩემი შვილი. დედას რომ ვუყურებ, ვხვდები, უძლიერესი ქალია. ასეთ ქალბატონად ყოფნას ყოველთვის ვისურვებ. მან ჩვენთვის და საკუთარი ცხოვრებისთვის უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე დღემდე მე მაქვს გაკეთებული, თუნდაც - ის, რომ 13 წლის იყო, როცა მამიკოს ცოლად გაჰყვა და ამდენი წლის განმავლობაში ოჯახი შეინარჩუნა. მოსიყვარულე, მეოჯახე ქალია. მოტივაციას მაძლევს, რომ ქალებს ცხოვრებაში რაღაც შეუძლიათ.

- შენს ცხოვრებაში არის ეპიზოდი, რომლის წაშლასაც ისურვებდი?

- საერთოდ, არაფერს ვნანობ, პირიქით - რაც მქონდა, ბედნიერი ვარ, რომ ჩემი იყო. უბრალოდ, კარგი იქნებოდა, ბიძაჩემის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ეპიზოდი არ მომხდარიყო. ბიძა რომ მომიკლეს, ამ ფაქტმა თითქოს სტრესში ჩამაგდო... როგორც იცით, ბიძების გაზრდილი ვარ. ირაკლი ჩემი ერთ-ერთი ბიძა გახლდათ, რომელმაც ჩემს გაზრდაში დიდი როლი ითამაშა. ცოტათი უცნაური ადამიანი იყო. ცხოვრებაში რაღაც-რაღაცების გადაწყვეტა მოუხდა. ასე ვთქვათ, მახე დაუგეს... მომხდარის შეცვლა რომ შემეძლოს, შევცვლიდი...

- შენი ხასიათის რომელი თვისება გეამაყება?

- რაც უნდა მოხდეს, არასოდეს მითქვამს, - ცხოვრება აღარ მინდა-მეთქი. აღარ მინდა კი არა, ერთი სიცოცხლე არც მეყოფა, რომ ვიცხოვრო.

- შენს უარყოფით თვისებად რას მიიჩნევ?

- მაგალითად, როცა გაბრაზებული ვარ, უცებ მინდა, დავიძინო ხოლმე. როცა გამოვიძინებ, თითქოს მართლა ყველაფერი მშვიდადაა. კბილის ტკივილისას ან თუნდაც, მშობიარობის დროსაც კი დამეძინა, რადგან დავიღალე. ძილი ჩემი ტვინის თავდაცვითი რეაქციაა. ალბათ, ჩემი "მინუსიც" ესაა, რადგან უცებ შემიძლია, ყველაფერი "გავაქრო" და დავიძინო.

- შენ და შენს შვილს - ნატალის რა საერთო და მკვეთრად განმასხვავებელი თვისებები გახასიათებთ?

- ალბათ, საერთო ის გვაქვს, რომ ბევრ რამეში სამართლიანობას ნატალიც ჩემსავით ხედავს. ასევე, ორივეს ფეთქებადი ხასიათი გვაქვს - შეუძლია, უცებ "გაგიჟდეს" და მთები გადადგას. კიდევ, ორივეს წითელი ბულგარული წიწაკა გვიყვარს (იცინის). ჩაცმის ერთნაირი სტილი არ გვაქვს: მას კაბები მოსწონს, მე კი - ცოტათი უცნაური ჩაცმულობა მაქვს.

- ბოლოს რის გამო იტირე?

- სიბრძნის კბილი ამოვიღე. ისეთი ცუდი შეგრძნება დამეუფლა, რომ მერე, ცოტა ხანს ვტიროდი.

- შენი გემოვნების ჩამოყალიბებაზე რამ ან ვინ მოახდინა ზეგავლენა?

- ცოტათი ასტროლოგიას მივყვები: ზოდიაქოს მიხედვით, თხის რქის ნიშნის ქვეშ ვარ დაბადებული და ასცედენტი ტყუპში "მყავს". ეს იმას ნიშნავს, რომ გაორებები მახასიათებს ანუ ყოველთვის ერთსა და იმავე სტილის სამოსს ვერ ჩავიცვამ. საერთოდ, ტანსაცმელთან დაკავშირებით, გართულება არ მაქვს. მთავარია, რაღაც ჯინჯილები არ მეკიდოს და ხმაურმა არ შემაწუხოს ან ისეთი ქსოვილისგან არ იყოს შეკერილი, რომ მთელი კანი მექავებოდეს. მოკლედ, კომფორტულად უნდა მეცვას და გინდა, შორტი იყოს, გინდა - გრძელი კაბა... ჩემს გემოვნებაზე ზეგავლენას არავინ ახდენს - ყველაფერი თავისთავად ხდება.

- ბედნიერებისთვის რა გჭირდება?

- ბევრი ფული. ხანდახან მეუბნებიან, - 40 მილიონს რატომ გადაეკიდეო? ზუსტად 40 მილიონი დოლარი მინდა, რომ ყველაფერი კარგად იყოს.

- ამ თანხით რას გააკეთებდი?

- ბევრ რამეს გავაკეთებდი, საკუთარი სარგებლობისა და სხვებისთვისაც, მაგრამ ჯერ ამდენი უნდა გამოვიმუშაო... ადამიანს ბევრი კარგი დღისთვის ბევრი ფული გჭირდება, თორემ კარგი ხასიათი და გართობა უფულოდაც ვიცით.

- შენი პირველი ოფიციალური ხელფასი რა საქმისთვის მიიღე და რა თანხას შეადგენდა?

- თურქეთში რომ გავემგზავრე, იქ ერთ სასტუმროში ვმუშაობდი - მასაჟს ვაკეთებდი. ძალიან კარგი მასაჟისტი ვარ. ბებო ექიმი მყავს - ფიზიოთერაპევტია. ნიჭი მისგან გამომყვა. თან, მასწავლა... ბევრი ადამიანი, ვისაც ხერხემალი სტკიოდა ან ფეხი გაშეშებული ჰქონდა, საკუთარი ხელებით განმიკურნავს, რადგან ბიოდენი მაქვს... მოკლედ, იმ სასტუმროში, პერსონალი 14 დღეში ერთხელ იღებდა ხელფასს. ჩემი პირველი ხელფასი 1558 დოლარს შეადგენდა. 8 წლის წინ, 17-18 წლის გოგოსთვის ეს თანხა მაგარი "კუში" იყო... სხვა გოგოები უფრო მეტს იღებდნენ, რადგან დიდი ხნის თანამშრომლები იყვნენ, სასტუმრო კარგი იყო, კარგ ადგილას მდებარეობდა. მერე ამ სასტუმროს სახეც გავხდი, დიჯეიც ვიყავი, არაბულ ცეკვებსაც ვასრულებდი...

- სხვადასხვა საქმეს როგორ დაეუფლე, თუნდაც - არაბულ ცეკვას?

- თავდაპირველად, როცა მასაჟის გაკეთების მერე ოთახიდან გამოვდიოდი, ვცეკვავდი ხოლმე, ოღონდ - მასაჟის პროცესისთვის დამახასიათებელი წყნარი, ძილის მომგვრელი მუსიკის ფონზე. სასტუმროს წარმომადგენლებმა კამერებში შემნიშნეს. უფროსმა მითხრა, - შეგიძლია, არაბული ცეკვები შეასრულოო? ვიფიქრე, ისეთი რა ცეკვა უნდა იყოს, რომ შესრულება ვერ შევძლო-მეთქი? ვიცეკვე... ჩემი გამოსვლების მერე, ხალხი მოდიოდა, ავტოგრაფებს მთხოვდა...

- სკოლაში როგორი მოსწავლე იყავი?

- მაგალითად, ერთ-ერთმა მასწავლებელმა ჩემ შესახებ თქვა: ყიფშიძე ძალიან ცელქი ბავშვია, მაგრამ უზრდელი - არაო. ვერ ვიტყვი, განსაკუთრებულად ბეჯითი ვიყავი და წიგნებს თავს ვაკლავდი-მეთქი. ყოველთვის იმისკენ ვიყავი მიდრეკილი, რომ მეცეკვა, ხელსაქმით დავკავებულიყავი, ხელოვნება მიზიდავდა... გეოგრაფიაც მომწონდა, ისტორიაც, მაგრამ სკოლაში ისეთი რა უნდა ისწავლო, რაც ცხოვრებაში გამოგადგება? კოლეჯში არ ჩამიბარებია, ამის სურვილიც არასდროს მქონია. ყოველთვის მინდოდა, მორგში მემუშავა. მეგონა, მორგი ჩემი ადგილი იყო, მაგრამ იქ რომ იმუშაო, ათასი რაღაც უნდა ისწავლო...

- შენი ცხოვრების გზის კალაპოტი რადიკალურად რომელმა ეპიზოდმა შეცვალა?

- საერთოდ, ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის რადიკალური ცვლილებებია. ამ მხრივ, შვილის გაჩენამ ის შეცვალა, რომ უფრო ყურადღებიანი გავხდი; გათხოვებამ ჩემი ბავშვობა შეცვალა; როცა "გამოვთხოვდი", ბავშვობა აღარ მქონია... თითქმის ყოველგვარ ცვლილებას პოზიტიურად ვხვდები - ყველაფერს ასე ვუმკლავდები.

img-5971-copy-1662453232.jpg

- შენი აზრით, რა არის სიყვარული?

- გრძნობა, რომელსაც შეუძლია ადამიანი უმაღლეს მწვერვალებზე აიყვანოს. სიყვარული ღმერთია, საკუთარი თავია... ამ გრძნობის გარეშე არაფერი არსებობს.

- სერიოზულად გყვარებია?

- როცა მიყვარს, ე.ი. სიყვარულს თავად ვქმნი. ვინც კი მყვარებია (მეგობარი, ქმარი, შვილი...), გულწრფელად მიყვარდა. "თამაშით" სიყვარული არ არსებობს.

- რომანტიკულ სიყვარულზე რას გვეტყვი?

- პირად სივრცეს არ შევეხები, მაგრამ შეიძლება, გოგოც მყვარებია და ბიჭიც, თუმცა ვინც მყოლია, წრფელი გულით მიყვარდა. ვინმეს თუ ჰგონია, სიყვარული ისაა, რომ არიქა, ბეჭდები გავცვალოთ, ცდება: სიყვარულია, როცა შენი ესმით, შენ გვერდით არიან...

- გიორგი ნაზღაიძის მიმართ შენი გრძნობა ნამდვილი იყო თუ დადგმული?

- დადგმული არ ყოფილა. სხვაზე ვერაფერს ვიტყვი - ეგ ჩემი საფიქრალი არაა, მაგრამ ჩემი გრძნობები ყოველთვის ნამდვილი იყო. თავიდანვე ვამბობდი, - გიორგი მომწონს-მეთქი. მერე, ცოტა ხანს ურთიერთობა გვქონდა. 24 საათის ადამიანთან ერთად რომ ხარ, გინდა თუ არა, ეჩვევი...

- "პრაიმ ჰაუსის" მონაწილეებიდან ვინმესთან ურთიერთობ?

- დღესდღეობით - არავისთან. შეიძლება - იმიტომ, რომ ყველა დასასვენებლადაა წასული. მომავალში რა იქნება, არ ვიცი... მიმოწერა მაქვს ქეთევანთან, მაზანასა და წიწაკასთან.

- უსამართლობის განცდა ბოლოს როდის დაგეუფლა?

- პროექტიდან რომ გამოვედი, სოციალურ ქსელებში ადამიანების საშინელი ენერგეტიკით დამძიმებული კომენტარები (წყევლა) ვნახე, ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ. ჩამოყალიბებული, ზრდასრული ადამიანები ასეთ რაღაცებს არ უნდა წერდნენ და ლაპარაკობდნენ, რადგან მათი ოჯახებისთვის შეურაცხყოფა არასოდეს მიმიყენებია... წარმომიდგენია, საქართველო რა დღეშია, რადგან უამრავი ადამიანი ბოღმაში იხრჩობა...

- შენ შესახებ ისეთი ინფორმაცია გვითხარი, რაც საზოგადოებამ ჯერ არ იცის...

- ბევრი რამეა ისეთი, რაც საზოგადოებამ რომ იცოდეს, კარგი იქნება, მაგრამ რომ არ იცოდეს, უკეთესია (იღიმის). გეტყვით, რომ მაგალითად, 15 წლის ასაკში მძივებს ვაწყობდი და მშრალ ხიდზე ვყიდდი, ოღონდ - თითო მძივს, რომლის გაკეთებასაც 3 დღეს ვანდომებდი, 3 ლარად ყიდულობდნენ. მაინც მაგარი იყო!.. კიდევ, ბავშვობიდან მეგობრები ძალიან მიყვარს. ვიღაცის გამო თავს არ მოვიკლავ, მაგრამ კარგი მეგობრობა ვიცი: ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანი რას წარმოადგენს, რომელი რჯულისაა და ა.შ.

- პროექტში ყოფნისას, ერთხელ ახსენე, კაცს ყური მოვაჭერიო. იხუმრე?

- არა, მართლა ასე იყო. ჩემი აზრით, ამის გაკეთებას ნებისმიერი შეძლებდა და ალბათ, უფრო მეტსაც გააკეთებდა, როცა საქმე ბავშვების "გაფუჭებას", პედოფილიას ეხება: 52 წლის პედოფილი 7 წლის გოგონაზე ზეწოლას ახდენდა. ეს საშინელებაა! თავადაც გოგონა მეზრდება. არც მინდა, გავიფიქრო, მაგრამ ხომ შეიძლება, დამპალმა ეშმაკმა გაიღვიძოს, სადღაც რაღაც ცუდი მოხდეს, არა? წარმოიდგინე, 7 წლის გოგონა, რომელიც არავის არაფერს უშავებდა, გრძელი კაბა ეცვა, ჩვეულებრივი ბავშვი გახლდათ. 52 წლის კაცის გამო, სიკვდილის პირას იყო. რთული სიტუაციიდან კარგა ხანს ვერ გამოვიდა. ახლა როგორაა, არ ვიცი, მაგრამ მაშინ იმ კაცმა ცუდ დღეში ჩააგდო და პედოფილს ყური ამიტომაც მოვაჭერით (ჩემთან ერთად მყოფების სახელებს არ ვიტყვი)... ეს ამბავი სხვაგვარად ვერ მოგვარდებოდა... მერე ის კაცი მოვიდა - ყური დამიბრუნეთო. მაცივრიდან მოჭრილი ყური თავად გამოვიღე და მივეცი... ასეთ ადამიანს, ვინც ბავშვებს ცუდ რაღაცებს უკეთებს, სადაც ვნახავ, საკადრის პასუხს გავცემ.

- სტრესთან გასამკლავებლად ოდესმე ფსიქოლოგის დახმარება დაგჭირვებია?

- ფსიქოლოგთან არასოდეს ვყოფილვარ. ერთადერთი, ხანდახან ბავშვობაში "ვალერიანის" 2 აბს ვსვამდი. ჰიპერაქტიური ვარ - დამშვიდება არც მჭირდება. საკუთარ თავზე უკეთ ვერავინ დამამშვიდებს და სტიმულს ვერ მომცემს, რომ ცხოვრებაში რაღაც შევცვალო. ჩემი ფსიქოლოგი ტაროს კარტია: ტაროს გაშლა მაგრად მიყვარს. ასეთ დროს ფსიქოთერაპიას გავდივარ, ოღონდ - ყველას ვერ ვუშლი: ჩემმა გულმა თავად უნდა ამოირჩიოს, კონკრეტული ადამიანისთვის ტაროს კარტის გაშლა მინდა თუ არა...

- ცხოვრებაში შენს ქმედებებს რა მთავარი ფასეულობა განსაზღვრავს?

- თავისუფლება. ჩემ მიერ გადადგმული ნაბიჯები მიყვარს. შეიძლება, ისე მოხდეს, რომ არასწორი ფეხსაცმელი მოვირგო ან კენჭებიან გზაზე მოვხვდე და სავალ ბილიკს კარგად ვერ ჩავებღაუჭო, მაგრამ ვცდილობ, სწორი ნაბიჯები გადავდგა.

- შენი მომავალი როგორ წარმოგიდგენია?

- ბევრი წლის მერე, დიდი რანჩო მექნება, სადაც 3 ცხენი მაინც მეყოლება: ყავისფერი, თეთრი და შავი. ვაპირებ, შვილთან ერთად ბედნიერი ცხოვრება მოვიწყო.

- საქართველოში თავის დამკვიდრებას აპირებ?

- ამ მხრივ, ზუსტად არ ვიცი, რას ვაპირებ. 15 სექტემბრამდე, სანამ ნატალის სკოლაში სწავლა დაეწყება, საქართველოში უნდა ვიყო. წინ რა მელის, ცხოვრება რას მომიტანს, ვინ იცის. ჯერჯერობით ვისვენებთ. გასაკეთებელი ბევრია და წასასვლელიც - ბევრგანაა. ვნახოთ...

ეთო ყორღანაშვილი