"არც გამიგონია, ბათუმში ვინმე დასასვენებლად მიდიოდეს"
ამ ზაფხულს მსახიობმა ზურა ნიჟარაძემ 3 ქვეყანაში მოგზაურობა მოასწრო, ახლა კი ბათუმური არდადეგებისთვის ემზადება... როგორც გვითხრა, ისეთ ობიექტებს არ სტუმრობს, სადაც ოკუპანტი ერის სიმღერები ჟღერს...
- რა თქმა უნდა, ზაფხული დასვენების, მზის, სითბოს, სიყვარულის დროა. წელიწადის ამ დროს სხვადასხვანაირად ვიწყებ. გააჩნია, როგორი სიტუაციაა: ზოგჯერ სამუშაო სეზონი ივნისშივე სრულდება, ზოგჯერ - 10 აგვისტომდე გრძელდება, გადაღებები მაქვს... საერთოდ, ძალიან მიყვარს ზაფხულიც, ზღვაც...
- როგორც ვიცი, სამოგზაუროდ უკვე იყავით...
- შვეიცარიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში ვიყავი, ქალაქები დავათვალიერე... მოგზაურობა 1 თვით ადრე დავგეგმე. შვეიცარიაშიც და საფრანგეთშიც ჩემი მეგობრები ცხოვრობენ, მათ წამიყვანეს და იქაურობა დამათვალიერებინეს. შევხვდი წარმოშობით ქართველ ფრანგებს, რომლებიც საფრანგეთში შრომობენ. ძალიან კარგი, გულთბილი ხალხია...
- დასვენება მოახერხეთ?
- დასასვენებლად არ წავსულვარ, უფრო მეტად იქაურობის დათვალიერება მინდოდა. იყო შემთხვევა, როცა დღეში 17 კმ მანძილი ფეხით გავიარე. მეგობრები თან დამყვებოდნენ, ყველაფერს მიხსნიდნენ... როცა დასასვენებლად მიდიხარ, 1 კმ მანძილის ფეხით გავლაც არ გიწევს: აუზზე გადიხარ, მზის გულზე წვები, ნომერში ადიხარ...
- უცხო ქვეყანაში მოგზაურობისას, ძირითადად, რით ინტერესდებით, თქვენს ყურადღებას რა იქცევს?
- უპირველეს ყოვლისა - კულტურა. არქიტექტურა ძალიან მაინტერესებს, ასევე - იქაური კერძები... მუზეუმებში არ ვყოფილვარ. ბუნების სასწაულები უფრო მეტად მაინტერესებს, რაც მაგალითად, შვეიცარიაში, საფრანგეთშია. როგორ შეიძლება, შვეიცარიის ბუნება და შენობა-ნაგებობები არ მოგეწონოს ადამიანს?! გერმანიაშიც სასწაული არქიტექტურაა, ასევე - გადასარევი ლუდი, სოსისები... საფრანგეთში კერძების დასაგემოვნებლად 2-ჯერ ვიყავით გასულები. ეტყობა, იქაური სამზარეულო კარგად ვერ დავაგემოვნე, თუმცა გული არ მწყდება: ჩემი ბავშვობის მეგობრის, გიორგი ჯვარშეიშვილის გადასარევ ოჯახში ვიყავი, სადაც არაფერი გვაკლდა. მოკლედ, ფრანგული სამზარეულო კარგად ვერ გავიცანი, მაგრამ რასაც გავეცანი, არ გავგიჟებულვარ.
- ეგზოტიკური კერძებიდან რა გაგისინჯავთ?
- ახლა - არაფერი, თუმცა სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობისას, უცნაური რაღაცები გამისინჯავს. სულ ვამბობ: თუ სადმე რამე ეგზოტიკური კერძია, მსოფლიო ისე "დაპატარავდა", რომ შეიძლება, საქართველოშიც ჩვეულებრივად ნახო და გასინჯო. მაგალითად, დიდი ხნის განმავლობაში არ ვიცოდით, ჰუმუსი რა იყო, ახლა უკვე ჩვენთანაცაა... თუნდაც ზღვის ნებისმიერ პროდუქტს საქართველოშიც შეჭამ. ჩვენ იმ თაობის წარმომადგენლები ვართ, ვინც არ ვიცოდით, ავოკადო რა იყო, ბანანიც მერე შემოიტანეს...
- ახლა, საქართველოში დაბრუნებული, ზაფხულის სიცხეს თავს სად აფარებთ?
- ალბათ, ბათუმში წავალ. ჯერ საქმეები, სარეკლამო გადაღებები მაქვს...
- ბათუმში როგორ ისვენებთ ხოლმე?
- საქართველოში ასეთი არდადეგები ვიცი: ან დასასვენებლად უნდა წახვიდე, ან - დროის ტარებისთვის. ჩემს სიცოცხლეში ბათუმში არ დამისვენია, რადგან იქ სატელეფონო ზარები არ წყდება - ზაფხულობით მთელი სამეგობრო, სანაცნობო ბათუმში იმყოფება. რესტორნიდან რესტორანში, კლუბიდან კლუბში დავდივართ... ამას "დასვენება" არ ჰქვია. დასვენება კარგია მაგალითად, ბახმაროში (2 წლის წინ ვსტუმრობდი), ბათუმში კი დროის გასატარებლად, საქეიფოდ, დასალევად, საცეკვაოდ მიდიხარ ადამიანი. არც გამიგონია, რომ ბათუმში ვინმე დასასვენებლად მიდიოდეს... დასვენებისას დილის 7 საათზე უნდა ადგე, 9-მდე მზეს მიეფიცხო, შემდეგ სახლში წახვიდე, ისადილო, შუადღისას დაისვენო, საღამოს 5-ზე ზღვის სანაპიროზე გახვიდე და 8-მდე იქ იყო, მერე 1 საათით, სადმე დაჯდე და ლუდი ან შავი ღვინო დალიო, საღამოს 11 საათზე კი - დაწვე და დაიძინო.
- დასვენებას არ აპირებთ?
- შეიძლება, 2 კვირით ბახმაროში ავიდე, რადგან იქაურობა ძალიან მიყვარს. ჯერ ბათუმში წავალ, მერე კი სიტუაციას გადავხედავ. დაგეგმილი არაფერი მაქვს. ბევრ საქმეს ვაკეთებ. შესაძლოა, წასვლა-წამოსვლა მომიხდეს... ერთი ვიცი: რამდენიმე დღეში ბათუმში გავემგზავრები.
- ზურა, უფროსი ადამიანების მეთვალყურეობის გარეშე პირველად როდის დაისვენეთ, გახსოვთ?
- ალბათ, მაშინ 17 წლის ვიყავი. მე და ჩემი მეგობრები დასასვენებლად ქობულეთში წავედით. სხვათა შორის, ის დრო ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება: ვცეკვავდით (მაშინ "დისკოთეკები" იყო), ვერთობოდით, ვმღეროდით, ვსვამდით კიდეც, დილაობით ზღვაში ვცურავდით...
- კარგად ცურავთ?
- რომ გითხრათ, ცურვაში ფელპსივით ძლიერი ვარ-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ ცურვა შემიძლია.
- რამე ინციდენტს შესწრებიხართ?
- არა, ჩემ თვალწინ ისეთი რამ არ მომხდარა, რომ ვინმეს დახრჩობის საფრთხე შეჰქმნოდა. რამდენიმე მეტრიდან ადამიანის, ვინც ცურვა არ იცის, ნაპირზე გამოყვანას მოვახერხებ. საერთოდ, ვინმეს გადარჩენას პრაქტიკა სჭირდება და უნარიც. ასეთი სიტუაციისგან ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ არა მგონია, დახრჩობისგან ვინმეს გადარჩენა შევძლო, თუმცა ყველანაირად ვეცდები...
- საკურორტო რომანი გქონიათ? სერიოზულ ურთიერთობაში გადაზრდილა?
- საკურორტო რომანი ალბათ, უფრო ბავშვობაში მქონია: როცა დასასვენებლად ხარ, ვიღაცას გაიცნობ, ერთად დროს ხშირად ატარებთ, ერთობით... 2 ადამიანი ერთმანეთით ინუსხება, ოღონდ - ეს ამბავი იქვე რჩება. შეიძლება მერე, მოკითხვის დონეზე, კონტაქტი შეინარჩუნონ... საერთოდ, მოწონება, სიყვარული, გულთბილი დამოკიდებულება ყველაფერს უხდება. დასვენებისას ყველაფერი გაქვს ადამიანს, სიყვარულის გარდა. ალბათ, სიყვარულსაც ადამიანები თავიანთ ქვეცნობიერში იგონებენ. ჩემი და ბევრის შემთხვევაში, საკურორტო რომანი "იქვე დარჩენილა", მაგრამ ჩემს 1-2 მეგობარს სწორედ არდადეგების დროს გაუცნია თავისი რჩეული და ურთიერთობა აუწყვია...
- ოჯახთან ერთად დასვენებას ახერხებთ ხოლმე?
- კი, როგორ არა! ოჯახთან ერთად დასასვენებლად წასვლას ყოველთვის ვახერხებ. ჯერ ერთი, ჩემი შვილები ცუდი ბავშვები არ არიან, მეორეც - თან დედა ან ვინმე მიმყავს, ვინც ბავშვებზე ზრუნვაში მეხმარება. მოკლედ, ეს ამბავი არ მიჭირს.
- როგორი რეაქცია გაქვთ, როცა ამა თუ იმ ობიექტში რუსული სიმღერები გესმით?
- სადაც რუსული სიმღერა ჟღერს, იქ არ შევდივარ ან თუ იქ ვიმყოფები და მაშინ ჩართეს, წამოვალ. ჩემს ერს, მის ისტორიას და ღირსებას პატივს ვცემ. 300 წლის განმავლობაში, რუსმა ხალხმა სისხლი გაგვიშრო. ამბობენ, - ხელოვნება და შემოქმედება რა შუაშიაო? მოუსმინონ, წაიკითხონ, რუსი ხალხის შესახებ რას წერენ თავად რუსი ხელოვანები, დიდი მწერლები, თუ აინტერესებთ... რუსული სიმღერების მოსმენა არ მინდა, რა... მით უმეტეს, 2000 საგალობელი, გენიალური ფოლკლორი და მსოფლიოში ცნობილი, გემოვნებიანი მუსიკა გვაქვს, რაღაც რუსულ სიმღერას რატომ მოვუსმინო?!. თუ გემოვნებაზე მიდგება საქმე, ავდგები და ინგლისურს, ფრანგულს, იტალიურს ან ნებისმიერი ერის სიმღერას მოვუსმენ და არა - მდარე ხარისხის რუსულენოვანს. შეიძლება, ჩხუბი არ ავტეხო იმის გამო, რომ რომელიმე ობიექტში რუსული სიმღერა ჟღერს, მაგრამ ვკითხო: - გუშინწინ რუსებმა ძმა მოგვიკლეს, საზღვრები გადმოსწიეს, ოკუპანტები არიან და მათი სიმღერა რატომ ჟღერს-მეთქი?..
- ასეთ დროს რას გპასუხობენ?
- ჩვენი სტუმრები არიანო. ვუთხარი, - თუ სტუმარი თქვენთვის გინდათ, სახლში წაიყვანეთ. ეს საჯარო ადგილია, სხვებიც ვსხედვართ. ვიღაცას რუსებმა ოჯახის წევრები რომ დაუხოცეს, შენ კი რუსულ სიმღერას "უბერავ", ის ადამიანი აქ არ შემოვა, არც მე შემოვალ და იყავით გარუსებულები-მეთქი. "2 კაპიკის" საშოვნელად, ადამიანმა ყველაფერი კი არ უნდა იკადრო!..
ეთო ყორღანაშვილი