"შავი ზღვა და საქართველოც ჩვენია, ჩუმად იყავითო..." - გზაპრესი

"შავი ზღვა და საქართველოც ჩვენია, ჩუმად იყავითო..."

ტელესახე ნუკი კოშკელიშვილი აქტუალურობას არ კარგავს. ამჯერად, ინტერნეტსივრცეში ნუკის ფეხსაცმელები გახდა განხილვის საგანი. ჩვენც, რა თქმა უნდა, სხვა შეკითხვებთან ერთად, ნუკის ე.წ. ქროქსების შესახებაც ვკითხეთ, რომლებიც მას ერთ-ერთ ინტერნეტგადაცემაში სტუმრობისას ეცვა...

- როგორც ყოველთვის, ტრადიციულად, ახლაც ვამბობ, რომ ზაფხული საქართველოში უნდა გავატაროთ, ახალი ადგილები ვნახოთ... მეც აღმოჩენების პროცესში ვარ. უმეტესობის მსგავსად, ამჟამად, აჭარაში გახლავართ - ბათუმი ძალიან მიყვარს. ასევე, ვცდილობ, გარშემო ყველა კუთხე მოვიარო: მინდა, სამეგრელოს ვესტუმრო, გურიაშიც გადავიდე, რაჭის ნახვა ძალიან მაინტერესებს... რასაც მოვასწრებ, აუცილებლად მოვინახულებ. ვერ წარმოიდგენთ, ზაფხულში საქართველოში ყოფნა როგორ მსიამოვნებს. ეს არის სასწაული ადგილი და მაქვს საშუალება, სამშობლო "აღმოვაჩინო", უფრო მეტი რაღაცები დავათვალიერო და მეგობრებთან ერთად დავისვენო.

- ჩვენს ქვეყანაში მომსახურების სფეროს როგორ შეაფასებ?

- ვფიქრობ, ამ ასპექტში, ყოველ წელს უკეთ და უკეთ გვაქვს საქმე. მომსახურება ძალიან კარგია, თუმცა, რა თქმა უნდა, გააჩნია სად მიდიხარ, რას აკეთებ, მაგრამ სტუმარმასპინძლობა ნამდვილად არ გვეშლება, ყოველთვის ყველა გვიღიმის და კარგად გვხვდება.

- რომელიმე ზაფხული ამერიკაში გაგიტარებია?

- ყოფილა შემთხვევა, როცა ზაფხულის ნაწილი ამერიკაში გამიტარებია. მთელი ზაფხული მანდ არასდროს ვყოფილვარ.

- ამერიკაში სად, როგორ ისვენებ?

- მაგალითად, რამდენჯერმე მე და ჩემი მეუღლე ფლორიდის შტატში ცოტა ხნით ვიყავით, კიდევ - ჰუდსონზე, ჩრდილოეთ ნიუ-იორკის მხარეს, რომელიც ცოტათი ცივი ადგილია, მაგრამ - ძალიან კარგია. მგონია, დასვენება ყოველთვის იმაზეა დამოკიდებული, ვისთან ერთად ხარ და არა იმაზე, თუ სად ხარ. ბენთან დასვენება ყველგან სასიამოვნოა - როგორც ფლორიდაში, ისე ბათუმში. რა თქმა უნდა, იქ ყველაფერი სხვანაირადაა: მაგალითად, საქართველოში ბევრი მეგობარი მყავს. შეიძლება, საღამოს სანაპიროზე "მოსაწრუპად" წავიდე, მერე - საცეკვაოდ ან ყველამ ერთად "ჯოკერი" ვითამაშოთ. ამერიკაში მაინც სხვანაირად ერთობიან - "ჯოკერს" არავინ თამაშობს: ვბანაობდით, ველოსიპედებით ვსეირნობდით, ჩოგბურთს ვთამაშობდით, ვცეკვავდით...

- ამჟამად, ბათუმში ბენი შენთან ერთად იმყოფება?

- ჯერ - არა, მაგრამ ჩამოვა.

- რუს ტურისტებთან დაკავშირებით დიდი აჟიოტაჟია ატეხილი. ამ მხრივ, შენთვის გამაღიზიანებელ ფაქტს შესწრებიხარ?

- რა თქმა უნდა. რუსი ტურისტების საქციელი ძალიან გამაღიზიანებელია: საზიზღრად იქცევიან, ყველგან ყველაფერს სვრიან... რატომღაც მიაჩნიათ, რომ ჩვენ არ ვვარგივართ. ამდენი რუსის საქართველოში ყოფნა არ მსიამოვნებს...აბსოლუტურად განუკითხავად სვამენ და რაღაცებს ამტვრევენ. მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, იქვე ვინ იმყოფება - ბავშვის, ქალის წინ საზიზღრად იქცევიან, იგინებიან, ხმამაღლა ლაპარაკობენ... მოკლედ, ცუდად იქცევიან.

- შენიშვნა მიგიცია?

- კი, მითხოვია, - ბავშვთან ერთად ვარ. ცოტა ხნით ჩუმად იყავით-მეთქი ან მითქვამს, - თქვენი ქალბატონი ძალიან ნასვამია, იქნებ მიხედოთ-მეთქი. ასეთ დროს გპასუხობენ, - შენ ხომ ქართველი ხარ? ხმა ჩაიწყვიტეო!.. მაგალითად, ერთმა მათგანმა მომახსენა, - შავი ზღვა და საქართველოც ჩვენია, ჩუმად იყავითო.

- ასეთ სიტუაციაში როგორი რეაქცია გაქვს?

- მითხარით, რა უნდა ვუთხრა, აბა? ვცემო? აზრი არ აქვს. რაღაცნაირად, მათ ვიღაცამ უნდა გააგებინოს, რომ ასე არაა და თუ ჩვენთან სტუმრად ჩამოდიან, პატივი უნდა სცენ ჩვენს ქვეყანასაც, ტრადიციებსაც და ხალხსაც. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში პრობლემა არ იქნება. როდესაც ჩვენი ქვეყნის 20% წაღებული აქვთ, დასასვენებლად იქ კი არ მიდიან, აქ ჩამოდიან და კიდევ ღრეობებს აწყობენ, ეს ძალიან უხერხულია...

- ნუკი, გადაცემებში სტუმრობისთვის როგორ ემზადები ხოლმე?

- დიდად არ ვემზადები. ტანსაცმელს თუ შევარჩევ, თორემ განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ. თუკი გადაცემაში კონკრეტულ თემაზე სასაუბროდ მივდივარ, იმ თემის შესახებ მცირე კვლევას ვატარებ, რომ სულელივით არ გამოვჩნდე, მაგრამ ძირითადად ხომ გასართობ გადაცემებს ვსტუმრობ, არა? ამიტომ უბრალოდ, მივდივარ და ვერთობი.

- დასვენების სეზონის მიუხედავად, ეკრანებზე აქტიურად ჩანხარ. ერთ-ერთ ინტერნეტგადაცემაში შენს სტუმრობას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა: შენს კაბას მოწონება ხვდა წილად, თუმცა ფეხსაცმელებს აკრიტიკებენ - ამ მშვენიერ კაბასთან ერთად ე.წ. ქროქსების მორგება რატომ გადაწყვიტაო?

- ნახე, რა მოხდა: ფეხსაცმელები, რომლებიც გადაცემაში ჩასაცმელად უნდა წამეღო, სახლში დამრჩა. იძულებული გავხდი, კამერის წინ იმ ფეხსაცმელებში გამოწყობილი დავმჯდარიყავი, რითიც მივედი, - აბა, იმ ადამიანს ხომ არ "გადავაგდებდი", ვინც გადაცემაში სტუმრად მიმიწვია? კი ვთხოვე, - იქნებ, კადრში ფეხები "მოჭრათ"-მეთქი. - არა, არ გამოჩნდებაო, - მიპასუხეს...

- ისეთ ვიდეოებს ხშირად აქვეყნებ, რომლებშიც საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი ხარ. ცხოვრების ის ეტაპი გაქვს, როცა ყველაზე მეტად მოგწონს საკუთარი თავი?

- ყველაზე მეტად - არ ვიცი, მაგრამ კი, მომწონს. ვარჯიში დავიწყე. მანამდე ცხოვრებაში არ მივარჯიშია. თან, რომ ვიცი, ბავშვის გაჩენის შემდეგ სხეული ძალიან შემეცვალა, მომწონს, რომ შემძლებია, ჩვეული ფორმის დაბრუნებაც და უკეთ ყოფნაც. ჩემი თავი რომ მომწონს, მინდება, სხვებსაც გავუზიარო თუ "ვიმარიაჟო" და ვიდეოებს წარამარა ამიტომ ვდებ... საერთოდ, ჩემი თავის მიმართ სულ კრიტიკული ვარ. ახლა რაღაცები მომწონს... ჰო, შეიძლება, საკუთარი თავი ყველაზე მეტად ახლა მომწონს.

- შენი ბიზნესის საქმე როგორ მიდის?

- "ბიზნესი" ცოტათი ხმამაღალი ნათქვამია, რადგან ჯერ "ვიზრდებით". მიზნად გვაქვს, ძალიან სერიოზული, ხარისხიანი ქართული ბრენდი "გავხდეთ" და საქართველო ვასახელოთ. ყველაფერი ექსკლუზიურად საქართველოსთვის კეთდება. კოსმეტიკურ პროდუქციას ქართველი ქალბატონების რჩვეების საფუძველზე ვქმნით: გვწერენ, ესა და ეს პროდუქტი აქ ვნახეთ, ძალიან ძვირი ღირსო. ვცდილობთ, ჩვენს მომხმარებლებს ისეთივე ხარისხის ხელმისაწვდომი პროდუქცია მივაწოდოთ და მათი ყველა მოთხოვნა მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ. კრიტიკასაც ვიღებთ. სულ ვმუშაობთ, რაღაცებს ვცვლით... მოკლედ, ზრდა-განვითარების პროცესში ვართ.

- უკმაყოფილო მომხმარებლისგან უცნაური კრიტიკა მიგიღია?

- არა. მიმაჩნია, რომ ყველა მომხმარებელს აქვს უფლება, თავისი კრიტიკული აზრი ჰქონდეს. თუ ვინმეს რაღაც არ მოეწონა, ამ ფაქტს დადებითად ვიღებ, რადგან ყოველთვის შეგვიძლია, რაღაცები შევცვალოთ და გავაუმჯობესოთ. სხვათა შორის, ბევრი შენიშვნა არ აქვთ, თუმცა თუ აქვთ, ვითვალისწინებთ.

- უკვე შეგიძლია თქვა, რომ შენი საქმიანობა გარკვეულწილად, შემოსავლის წყაროდ იქცა?

- ჯერჯერობით - არა, რადგან ვცდილობთ, ფინანსური სახსრები მთლიანად განვითარებასა და გაზრდაში "ჩავდოთ".

- შენ მიერ შემოთავაზებულ გაცნობის აპლიკაციაზე რას გვეტყვი, როგორ მიდის საქმე?

- აი, აპლიკაცია უშველებელი ხარჯია, მისი შექმნა ბენის იდეა იყო. მან გადაწყვიტა, ყველა ერთმანეთს "დააჯახოს", აუცილებლად შეაყვაროს და რომ სიყვარული გაიმარჯვებს (იღიმის)... აპლიკაცია უფასოა. 2 თვეა, რაც არსებობს და უკვე 100 ათასზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. ჯერ კვლავ სამუშოა ვერსია გვაქვს - შეცდომებს ვასწორებთ, ვშრომობთ... უკვე უამრავი კმაყოფილი ადამიანი მწერს, - კარგი ბიჭი გავიცანი ან ძალიან მაგარ გოგოსთან პაემანზე ვარო... ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასეთ მცირე დროში, აპლიკაციას ასეთი გამოხმაურება მოჰყვებოდა. მიხარია, რომ ეს ამბავი ასე კარგად განვითარდა.

- ბენის "ტიკტოკერობას" როგორ შეხვდი?

- ბენი დიდი "ტიკტოკერია". ამ მხრივ, მასთან ახლოსაც ვერ მივალ. მისი "ტიკტოკ" გვერდის კონტენტის შექმნაში საერთოდ არ ვერევი - აზრზე არ ვარ, რას აკეთებს. მერე, როცა ვიდეოებს ვხედავ, გული მისკდება (იცინის). ხან ძალიან მეცინება, რადგან კარგად გამოსდის.

- შენთვის რჩევა თავდაპირველადაც არ უკითხავს?

- არა, არა... "ტიკტოკერობა" თავად დაიწყო. ვიდეო რომ ვნახე, ძალიან გამეცინა. რაკი გამეცინა, იფიქრა - კარგი არისო და ვიდეოების გადაღება გააგრძელა. მეც ძალიან ვხალისობ, ისიც აგრძელებს...

nuki-5-copy-1662453587.jpeg

- "ტიკტოკერ" ბენს როგორ ხვდებიან ქართველი მიმდევრები?

- მას მერე, რაც "ტიკტოკერი" გახდა, საქართველოში ბენი ჯერ არ ყოფილა. ახლა მალე ჩამოვა და შეხვდებიან...

- ბავშვთან ერთად დასვენება შენთვის ისევ კომფორტულია თუ შეიცვალა რამე?

- ის შეიცვალა, რომ 24 საათის განმავლობაში "დედა, დედა" მესმის. ვერ ვისვენებ, რა თქმა უნდა, მაგრამ ამის გარეშე დასვენებას ვერც წარმოვიდგენდი.

- შენი პატარის სასაუბრო ენასთან დაკავშირებით, განიცდიდი - 2 ენა ერთმანეთში ერევა და ვერ საუბრობსო. ახლა როგორი სიტუაციაა?

- რადგან ბავშვი ლაპარაკს ვერ იწყებდა, ექიმებმა და ფსიქოლოგებმა გვირჩიეს, მასთან საუბარი 1 ენით უნდა დავიწყოთ, შემდეგ კი მეორეც დაემატებაო. ამიტომ ბავშვთან ინგლისურად ვლაპარაკობთ, რადგან უბრალოდ, ბენს ქართულად საუბარი არ შეუძლია. თან, ბავშვი ინგლისურენოვან სკოლაში ისწავლის... უკვე ლაპარაკობს.

- კიდევ რამე საქმიანობის წამოწყებას ხომ არ აპირებ?

- ჯერჯერობით არა, მაგრამ ვნახოთ: ეს არასდროს არავინ იცის. შეიძლება, უცბად რაღაც დავაპირო...

- წარმატებას გისურვებ!..

ეთო ყორღანაშვილი