"ჩვენ ზღაპრის გმირები არ ვართ!" - გზაპრესი

"ჩვენ ზღაპრის გმირები არ ვართ!"

კორუფცია, ჩავარდნილი პროექტები, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და მთავრობის გულგრილი დამოკიდებულება - ხევსურების თქმით, ეს არის მიზეზები, რის გამოც ხევსურეთის ისტორიული სოფელი შატილი ხალხისგან იცლება. რამდენიმე წლის წინ აქ ერთიმეორის მიყოლებით დასახლდნენ ახალგაზრდა ოჯახები, ენთუზიაზმითა და მომავლის იმედით დაუბრუნდნენ მამაპაპისეულ კოშკებს და თავიანთი მომავალი ამ ზღაპრულ სამყაროს დაუკავშირეს. ახლა ისინი, ერთიმეორის მიყოლებით ტოვებენ აქაურობას. შატილს ტოვებს ულამაზესი ახალგაზრდა წყვილი - გიორგი ჭინჭარაული და მარგარეტ დაიაურიც.

გიორგი ჭინჭარაული 6 წლის წინ დაბრუნდა წინაპართა კუთხეში, საგვარეულო კოშკში დასახლდა, სიყვარულიც იქვე იპოვა და დაოჯახდა. გიორგიმ და მარგარეტმა ერთად გადაწყვიტეს შატილის გაცოცხლება. ძველისძველი კოშკი გაარემონტეს, გაალამაზეს, კაფე გახსნეს, შატილის სკოლაში პედაგოგიური საქმიანობა დაიწყეს, ბოლო დრომდე თავდაუზოგავად ცდილობდნენ, შატილი ხევსური ახალგაზრდებისთვის საცხოვრებლად მიმზიდველი გაეხადათ, მსოფლიოსთვის გაეცნოთ... როგორც თავად ამბობენ, ბევრი იბრძოლეს, იწვალეს, სხვა ახალგაზრდებიც აიყოლიეს, მაგრამ საბოლოოდ, ხელი ჩაიქნიეს.

გიორგი ჭინჭარაული:

- ბოლო წლებში ჩვენსავით რამდენიმე ახალგაზრდა ამოვიდა შატილს ახალი ცხოვრების დასაწყებად, მაგრამ ახლა ყველა უკან ბრუნდება. ჩვენც ვფიქრობთ ემიგრაციაში წასვლას. ეს არა მარტო ხევსურეთის, არამედ მთელი საქართველოს პრობლემაა, სამწუხაროდ. ნაცნობი და მეგობარი აღარ დამრჩა, ყველა წავიდა და დანარჩენებიც გაქცევაზე არიან... არადა, მშობლიურ კუთხეში სულ სხვა გეგმებით და ოცნებებით ამოვედი, რომლებიც თანდათან უკვალოდ ქრება. ყველა იმედი მეწურება. პირველად ხევსურეთში 15 წლისა ამოვედი; გამარჯვებაში ვცხოვრობდი და ბიძამ წამომიყვანა წინაპრების სოფელში. ეს იმხელა აღმოჩენა იყო ჩემთვის, იმ წელსვე გადავწყვიტე ხევსურეთში გადმოსვლა, საბუთები გადმოვიტანე და მე-11 კლასში შატილის სკოლა-პანსიონში ვისწავლე, ზამთარიც აქ გავატარე. მე-12 კლასში ისევ მომიწია ბარში დაბრუნებამ, ვინაიდან უმაღლესისთვის მინდოდა მომზადება და აქ ყველა საგნის პედაგოგი არ იყო. ჩავაბარე აგრარულ უნივერსიტეტში, სადაც მშენებლობის ინჟინერია 3 წელი ვისწავლე. შემდეგ სწავლა შევწყვიტე, რადგან ისევ შატილისკენ გამომიწია გულმა. ქალაქის ხმაურიანი ცხოვრება არასდროს მიზიდავდა; სიმშვიდე, მთები იყო ჩემი სტიქია. მარგარეტიც ხევსურია, სოფელ მუცოდან. სკოლაში ხელოვნების პედაგოგად მუშაობდა, იქ გავიცანით და შეგვიყვარდა ერთმანეთი...

- არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შატილის რეაბილიტაციისთვის სხვადასხვა პროექტი განხორციელდა.

- კი, ბევრი პროექტი განხორციელდა, მაგრამ ყველა - უხეიროდ, ბოლომდე არც ერთი არ მიუყვანიათ. ბევრი ფული დაიხარჯა, მაგრამ ყველა პროექტი უშედეგო აღმოჩნდა. დასკვნა ერთია: ვიღაცებმა შატილის რეაბილიტაციის სახელით დიდი ფულის შოვნა გადაწყვიტეს; იშოვეს კიდეც, მომკითხავი არავინაა. მაგალითად, გზის პროექტში 25 მილიონი ლარი დაიხარჯა (შატილამდე მოსასვლელ ბოლო 50 კილომეტრზეა საუბარი), მაგრამ გზა ისევ დაზიანებულია. ისე ჩაიბარეს მონაკვეთები, სამუშაოების მონიტორინგი არ გაკეთებულა. საგზაო დეპარტამენტი შეგვპირდა, მუშაობას განვაახლებთო, მაგრამ... ჰესს, რომელზეც 3 მილიონი დაიხარჯა, უამრავი ხარვეზი აქვს და დენი ხშირად არ გვაქვს. "ბიტეხი 1" ჰესი, რომელზეც რამდენიმე მილიონი დაიხარჯა და 30 ოჯახი უნდა მოემარაგებინა, გაუმართავია. ყოველი წვიმის დროს ელექტროენერგია იმდენჯერ ითიშება, მერე ორი სამი თვე ვეღარ აკეთებენ. გამოდის, რომ შუქი ხანდახან გვაქვს და ისიც, ისეთი დაბალი სიმძლავრისაა, რომ ელექტროქურას ან რაიმე მსგავს ხელსაწყოს ვერ ვამუშავებთ; მხოლოდ ნათურების ანთება შეგვიძლია. მთელი ზამთარი მოწყვეტილი ვართ გარე სამყაროს. ერთადერთი ზაფხულია, როცა კავშირი გვაქვს ქალაქთან, ტურისტებთან. ჩვენი ძირითადი შემოსავალიც ეს არის, მაგრამ ხელი გვეშლება. მოგეხსენებათ, ხევსურეთი ზამთარში ჩაკეტილია და წინასწარ ვიმარაგებთ პროდუქტებს. წელს მარაგის გადაყრამ მოგვიწია, დენი არ იყო და პროდუქტი გაფუჭდა. 3 წლის წინ საჯარო სკოლაც გაარემონტეს, ზერელედ, ფასადურად ჩაუტარეს რესტავრაცია, გაყვანილობა ცუდად გააკეთეს და სკოლის გახსნიდან ცოტა ხანში შენობაში ხანძარი გაჩნდა. ამის შემდეგ მილიონ-ნახევარი დაიხარჯა ახალი სკოლის მშენებლობაზე, გვერდით სასადილო მიადგეს და გახსნიდან 3-4 თვეში ისიც დაიწვა. უხარისხოდ კეთდება ყველაფერი. შარშან მზის პანელები დადგეს, მაგრამ დღემდე უფუნქციოა. ისე ჩაიბარეს, კომპანიას მუშაობა არც კი დაუსრულებია. ახლა შატილში გვაქვს უფუნქციო მზის პანელები, რომლებსაც წესით, 10-15 კილოვატი ელექტროენერგიის გამომუშავება შეუძლია. მის ასამუშავებლად დანადგარები უნდა მოეტანათ და დღემდე ველოდებით. გამუდმებით ვსაუბრობდით ამ პრობლემებზე მედიით, მაგრამ - უშედეგოდ. სულ ჩაბნელებულია კოშკები. ბევრი კოშკი ნელ-ნელა ინგრევა. როცა შუქი ქრება, ტელეფონი და ინტერნეტიც ითიშება და ბართან კონტაქტი წყდება. გაუსაძლისია სიბნელეში ყოფნა. კოშკს, სადაც მე და მარგარეტი ვცხოვრობთ, ფანჯრები არა აქვს და ძალიან ბნელა. შატილში რამდენიმე ოჯახს აქვს გენერატორი. მათთან დავდივართ და ტელეფონებს დროდადრო ვმუხტავთ. ამბულატორია არ მუშაობს. კიდევ უამრავი სხვა წვრილმანი პრობლემაა. ჩვენც დავიღალეთ. გადავწყვიტეთ, ინგლისში წავიდეთ, ეს ქვეყანა უფრო შეესაბამება ჩვენს გემოვნებას. ვნახოთ, რა გამოგვივა.

- სამუდამოდ წასვლას აპირებთ?

- სიმართლე გითხრათ, არ გვინდა სამუდამოდ წასვლა. მარგარეტს ისედაც ძალიან გაუჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება, ძლივს დავითანხმე. შევხედავთ სიტუაციას - თუ აქ რაიმე შეიცვლება, დავბრუნდებით ჩვენს შატილში. თუ გზა არ იქნება, ზამთარში პროდუქტს ვერ მოვიმარაგებთ და ვერ შევინახავთ, ამბულატორია არ იქნება, რა აზრი აქვს დაბრუნებას?!.

- სულ რამდენი კომლი რჩება შატილში, ისინიც ხომ არ აპირებენ წასვლას?

- ძირითადი მოსახლე 5-6 კომლია, ზაფხულში უფრო მეტნი ჩამოდიან, ზოგჯერ 30 ოჯახის კარიც იღება. ძირითადი მცხოვრებლებიდან ერთი ჩვენსავით, წასვლას აპირებს. ერთი უკვე წავიდა, გაზაფხულზე. დანარჩენებს არაფერი უთქვამთ, არ ვიცი. ერთი ახალგაზრდა ბიჭი ახლა აშენებს სახლს. ის ალბათ არ წავა. წინა წლებში ბევრი ახალგაზრდა გეგმავდა აქ ჩამოსვლას და დასახლებას, სამწუხაროდ, თითქმის ყველამ გადაიფიქრა. შატილის სკოლაში შარშან 7 ბავშვი სწავლობდა, წელს 4-5 დარჩა, ნელ-ნელა მიდის ყველა.

- ტურისტები აღარ მოდიან?

- ადრე იმდენი ტურისტი იყო, ოჯახებში ვერ ტევდნენ. ახლა ყველაფერი ჩამკვდარია. წელს ტურისტი კი არა, ის ხალხიც აღარ ჩამოსულა, ვისაც აქ სახლ-კარი აქვს... ისეთი განცდა მაქვს, საქართველო ქართველებისგან დაიცალა. საერთოდ, ტურიზმისთვის ხელსაყრელია ხევსურეთი, თითქმის ყველა სოფელში კულტურული ძეგლია, არის ჩანჩქერები, მდინარეები, ლამაზი ბუნება, ანუ ყველა პირობაა, ტურიზმმა იდეალურად რომ იმუშაოს, მაგრამ ბოლო წლებში ყველაფერი უკან-უკან წავიდა, არც რეკლამა კეთდება, არც არაფერი. წელს განსაკურებულად გაგვიჭირდა.

- რუსები არ დაინტერესდნენ ხევსურეთით?

- სხვათა შორის, რუსებს მთიანი ადგილები დიდად არ იზიდავთ, ზღვა უფრო უყვართ. თუმცა, წელს იმდენი რუსი ჩამოვიდა, ვიღაცებმა ჩვენამდეც მოაღწიეს. ის მცირე რაოდენობაც არ დარჩა წელს ჩვენი მასპინძლობით კმაყოფილი. განსაკუთრებით "ვაიფასის" სახელი "პუტინ ხუილო" და პაროლი "აფხაზეთი საქართველოა" არ მოეწონათ. ხევსურებს არ გვიყვარს რუსები.

1-1-copy-1662453929.jpg

- სამაგიეროდ, ამერიკის ელჩი კელი დეგნანი გესტუმრათ...

- კი და ძალიან მოეწონა აქაურობა, აღფრთოვანდა კოშკებით, ბუნების სილამაზით და გაუკვირდა, როდესაც ასეთი მიუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა ნახა.

- მისი სტუმრობის მიზანი რა იყო?

- განსაკუთრებული არაფერი, უბრალოდ შატილი მოინახულა და ჩვენს კაფეში დაისვენა.

- მთაში ცხოვრებამ რამდენად შეგცვალათ, ღირებულებები თუ გადააფასეთ?

- შატილმა რადიკალურად შემცვალა, სულ სხვა გიორგი ვიყავი 6-7 წლის წინ და ახლა სულ სხვა ვარ. აქ ბევრი დროა ფიქრისთვის, კითხვისთვის, სამყარო მართლა სხვა თვალით დავინახე. მწყდება გული, განსაკუთრებით მარგარეტი ნერვიულობს, მაგრამ სხვა გამოსავალი აღარ გვაქვს, ისევე, როგორც ბევრ ქართველს აღარ აქვს სხვა გზა, გარდა იმისა, რომ გაიქცეს აქედან. არანაირი გასაქანი აღარ გვაქვს აქ, ხომ უნდა გადავრჩეთ, ხომ უნდა განვვითარდეთ?! სოციალურ ქსელში ბევრი გვწერს: რა საყვარლები ხართ, შატილიდან ნუ წახვალთ, დარჩითო. ჩვენ მართლა ზღაპრის გმირები კი არ ვართ, ჩვეულებრივი ადამიანები გახლავართ, ჩვეულებრივი სურვილებითა და მოთხოვნებით. სიმართლე გითხრათ, არც ის მესმის, ზღაპრის გმირებს რატომ გვადარებდნენ. არაფერი განსაკუთრებული არ ჩაგვიდენია. გვინდოდა შატილში ცხოვრება, დავსახლდით. რატომ უკვირდათ, არ ვიცი. ჩემთვის გასაკვირი ის უფროა, თბილისში რომ ცხოვრობენ. აქ გასაძლები არაფერი იქნება, გზა, შუქი და ამბულატორია რომ გვქონდეს.

ხათუნა ბახტურიძე