წყნეთში გატარებული ბავშვობა, ლათინურამერიკული მდინარე და დაუვიწყარი მოგზაურობა ძველ საბერძნეთში - გზაპრესი

წყნეთში გატარებული ბავშვობა, ლათინურამერიკული მდინარე და დაუვიწყარი მოგზაურობა ძველ საბერძნეთში

„ზაფხულს თავისი ხიბლი აქვს, ადამიანების გაცნობა და დაახლოება უფრო ადვილად ხდება, სულერთია, სად იქნები - მთაში თუ ზღვაზე. ზაფხულს თითქოს ურთიერთობის სხვა წესები შემოაქვს. ეს მომწონს, მიყვარს ახალი ადამიანების გაცნობა“, - ამბობს მსახიობი რუსუდან ბოლქვაძე და სიამოვნებით იხსენებს წლევანდელ და სხვადასხვა დროს ზაფხულში გატარებულ დღეებს.

ღია კინოთეატრი

- მთელი ბავშვობა ზაფხულობით წყნეთში დავდიოდით. ძალიან ბევრი ბავშვი ერთად ვისვენებდით იმიტომ, რომ შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე რამდენიმე დასასვენებელი კორპუსი და კოტეჯი იდგა. ძალიან კარგი და ხალისიანი დრო იყო - ველოსიპედი, წუწაობა, „ლაფტა“, „შტაბობანა“, „ომობანა“, ახლომდებარე ტყეში გაპარვა... და საღამოს - ფილმის ნახვა ღია კინოთეატრში. იმ ტერიტორიაზე, სადაც ჩვენ ვისვენებდით, კინოდარბაზიც გვქონდა, მაგრამ ფილმის ნახვა ღია სივრცეში ცალკე რიტუალი იყო. პირველ რიგში, აფიშა უნდა გვენახა: დღეს რა გადის? ჯერ ამას დავაზუსტებდით, ხოლო საღამოს კინოში წასასვლელად დავირაზმებოდით. ზოგჯერ იმდენი ხალხი მოდიოდა, ადგილები არ იყო და ბევრს გასაშლელი სკამი მოჰქონდა. წყნეთში საღამოობით ყოველთვის გრილოდა, ამიტომ თბილად ვიცვამდით ან ვთქვათ, ჟაკეტები მიგვქონდა. მთავარი რიტუალი მზესუმზირას უკავშირდება, იქვე, ღია კინოთეატრის შესასვლელთან იყიდებოდა. თუ ერთი მანეთისას აიღებდი, ეს ნიშნავდა, რომ მთელი სეანსის მანძილზე გყოფნიდა. ხელში მზესუმზირით სავსე დიდი პარკები გვეჭირა და ფილმი რომ მთავრდებოდა, მთელი ეზო მისი ნაფცქვენებით იყო მოფენილი. მახსოვს, ზედ ისე რბილად დავდიოდით, როგორც ხალიჩაზე.

დეიდა მანანა და ბავშვების დადგმული სპექტაკლები

- წყნეთის ღია კინოთეატრის გვერდით დედაჩემის მეგობარი, მანანა ქიქოძე ცხოვრობდა. მისი აივნიდან ეკრანი კარგად ჩანდა და როცა კინოს ბილეთს ვერ ვიშოვიდით, ჩვენს მეგობარ ლევანს (მანანას შვილს) ვესტუმრებოდით ხოლმე. აივანზე ვისხედით, როგორც ლოჟაში და ფილმს იქიდან ვუყურებდით. ზოგჯერ აივანზეც „ანშლაგი“ იყო. იმ ოჯახში სტუმრობას, გარდა არაჩვეულებრივი მასპინძლისა, კიდევ ერთი ხიბლი ჰქონდა - ეზოში უგემრიელესი შავი თუთა ედგათ, რომელიც ივნისში მწიფდებოდა. იყო ხეზე აძრომა და დედების შეძახილები: „არ ჩამოვარდე!“, „ჭიანჭველა არ შეგყვეს!"

წყნეთში ვატარებდით მთელ ზაფხულს, სამი თვით მივდიოდით. სკოლის საზაფხულო არდადეგები დაიწყებოდა თუ არა, ბებიაჩემი ბარგს ჩაალაგებდა, სადაც შედიოდა ჭურჭელი, ტაშტები, ქვაბები...

ყველაზე კარგი და სახალისო წყნეთში ის იყო, რომ ერთი „უფროსი გოგო“, სახელად ქეთინო სპექტაკლებს დგამდა. ჩვენზე სამი წლით უფროსი იყო, ხოლო სამი წელი ბავშვობაში დიდი სხვაობაა. ძალიან აღტაცებული, მონდომებული და ჩართული ვიყავი ამ საქმეში. სახლიდან გამოგვქონდა პლედები, სკამები, ვაწყობდით „დარბაზს“, „სცენას“ და ვთამაშობდით. იქიდან დაიწყო, მერე გამიგრძელდა ეს თამაში და დღემდე არ დამთავრებულა, ბავშვობასთან ერთად.

ojaxi-copy-1663053431.jpg

ზღვა და შიში

- ზღვაზე ზაფხულის არდადეგებზე კი არა, რატომღაც ნოემბერში მივდიოდით. მაშინაც ვისვენებდით, პირველი მეოთხედი მთავრდებოდა (ჩვენს დროს ასე ერქვა) და ნოემბრის არდადეგები იწყებოდა, ნოემბერშია ჩემი დაბადების დღეც. ზღვაზე სოხუმში მივდიოდით. გადასარევი ადგილი იყო, დასასვენებელი სახლი ულამაზეს დენდროლოგიურ პარკში იდგა. ზღვაში ვბანაობდით კიდეც, სულ არ ციოდა. მამაჩემი ძალიან კარგად ცურავდა, მაგრამ სამსახურის გამო ვერ ახერხებდა ჩვენთან ერთად წამოსვლას, სულ დედას მივყავდით, ის კი ძალიან მშიშარაა და ზღვაში არ მიშვებდა. ჰოდა, ცურვა ვერ ვისწავლე. ამის გამო, არაერთ ხიფათს გადავყრივარ. ბავშვობაში ზღვაზე ზაფხულში ერთადერთხელ ვიყავი. სწორედ იმ ზაფხულს, სკოლა დავამთავრე და ისევ სოხუმში წავედით. ერთ დღესაც ზღვაზე შტორმი იყო, წარწერა გვაფრთხილებდა, რომ ბანაობა აკრძალული გახლდათ. ბავშვები ვისხედით და კარტს ვთამაშობდით, როცა ვიღაცამ დაიძახა: მოდი, ნუ შევცურავთ და ტალღებზე ვიხტუნაოთო. ჩემთვის გავიფიქრე, ტალღებს ავყვე-დავყვე, ამას ცურვის ცოდნა რად უნდა-მეთქი და მეც შევედი ზღვაში... რო დამცხო ტალღამ, კინაღამ ჩემი თანაკლასელიც ჩავიყოლე, რომელსაც მოვეჭიდე. ღმერთმა დაგვინდო და ტალღამ უკან გადმოგვაგდო. იმის შემდეგ ისეთი შიში მქონდა, წყალს საერთოდ ვერ ვეკარებოდი. სულ რაღაც ორი წლის წინ გავცურე, ისიც - ჩემი მეგობრის აუზში. ზღვაში კი სიღრმეში მაინც ვერ შევდივარ. ეტყობა, შიში ბოლომდე ვერ დავძლიე.

საზღვარგარეთ...

- თუმანიშვილის თეატრი იმ დროს დადიოდა საზღვარგარეთ გასტროლებზე, როცა ქვეყანა ჩაკეტილი იყო და თბილისის „დინამოს“, სუხიშვილებისა და რუსთაველის თეატრის გარდა, არავის უშვებდნენ. ჩვენი სპექტაკლებით მთელი მსოფლიო მოვიარეთ. სხვათა შორის, მახსოვს ლათინურ ამერიკაში უზარმაზარი, ზღვასავით მდინარეა ორინოკო და იმ მდინარეშიც კი ვიბანავეთ, ბატონო!..

3-4 წლის წინ ჩემმა ძმისშვილებმა სკოლა დაამთავრეს და სტუდენტები გახდნენ. მეც მაშინ გავხდი სტუდენტი, ჩავაბარე დოქტორანტურაში - თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. სამივემ გასტუდენტება ერთად აღვნიშნეთ და წავედით სამოგზაუროდ ძველ საბერძნეთში, ახლანდელი თურქეთის ტერიტორიაზე. თან ზაფხული იყო. ყველაფერი, მოგზაურობის დასაწყისიდან ბოლომდე, ძალიან კარგად მახსენდება: ხმელთაშუა ზღვა, სასტუმროს აუზი... დავათვალიერეთ მირონ-ლუკია, ძველი ბერძნული თეატრები, გემით გავისეირნეთ ხმელთაშუა ზღვის კუნძულებზე და რაც მთავარია, ჩემს ორ ძვირფას და უსაყვარლეს ადამიანთან ერთად ვიყავი.

წელს...

- ბათუმში ორი კვირით ვიყავი წასული სტუმრად, ჩემს მეგობრებთან. იქ ბინა შეიძინა რამდენიმემ და ერთი მეგობრიდან მეორესთან გადავდიოდი. კვარიათშიც ჩავდიოდით. აუზში ნასწავლი ცურვა კვარიათის ტალღებშიც გამოვცადე. მე პირადად, ძალიან კმაყოფილი ვარ. როცა ვცურავ, გარეგნულად სასაცილოდ გამოვიყურები, რადგან ჩემი ცურვა უფრო ფართხალს ჰგავს, მაგრამ ჩემთვის ეს არის ბედნიერება იმიტომ, რომ უდიდეს სიამოვნებას ვიღებ. რა სიმწრის ფასად ვისწავლე ცურვა, ეს მარტო მე ვიცი...

ნანული ზოტიკიშვილი