როგორ გადაურჩა ზღვაში დახრჩობას ნინო მუმლაძე? - გზაპრესი

როგორ გადაურჩა ზღვაში დახრჩობას ნინო მუმლაძე?

2-წლიანი სტრესული პერიოდის შემდეგ, ზაფხულის არდადეგები ნინო მუმლაძემ მისთვის უჩვეულო გარემოში გაატარა... რა მიაჩნია უსამართლობად მომსახურების სფეროში და რას ფიქრობს ქვეყანაში რუსების დიდი რაოდენობით შემოსვლასთან დაკავშირებით, თავად ნინოსგან შეიტყობთ...

- წინა 2 ზაფხულისგან განსხვავებით, როცა ქალაქიდან ვერ გავდიოდი, როგორც იქნა, წელს ზღვაზე წასვლა მოვახერხე და ძალიან მშვიდ, წყნარ გარემოში, ოჯახთან ერთად დავისვენე. დაბადების დღესაც იქ შევხვდი. დიდი წვეულება არ გამიმართავს, უბრალოდ, ოჯახისა და მეგობრების წრეში აღვნიშნე... ზღვაზე დასვენებამდე, სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრიდან სვანეთში, მესტიაში გასტროლი გვქონდა. როგორც ყოველთვის, მაყურებლები ძალიან გულთბილად შეგვხვდნენ. არაჩვეულებრივ გარემოში შესანიშნავად გვიმასპინძლეს, იქიდან კმაყოფილები და ბედნიერები წამოვედით.

- წლევანდელი არდადეგები განსხვავებული რით იყო?

- როგორც წესი, როცა ზღვისპირეთში ჩავდივარ, ძირითადად, მეგობრების წრეში მიწევს ყოფნა: აქტიურად, ხმაურიანად ვერთობი. სიმართლე გითხრა, ისეთი დასტრესილი 2 წელი მქონდა, რომ ნამდვილად მშვიდი დასვენება მჭირდებოდა. ოჯახთან ერთად, წყნარ გარემოში დასვენება მესიამოვნა. კარგად გამოვიძინე, რეჟიმში ჩავდექი, მშვიდად დავისვენე. თან, კარგი ამინდი, წყნარი ზღვა დაემთხვა... მოკლედ, ყველაფერი იდეალური იყო.

- დასტრესილი რატომ იყავი?

- ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა, ოჯახმა რამდენჯერმე "კოვიდი" გადავიტანეთ, ბებია გარდამეცვალა... არც ისე კარგი ამბები ერთმანეთს მიჰყვა. სულ რაღაც პრობლემების გამო, 2 ზაფხული თბილისში დარჩენა მიწევდა. შესაბამისად, ძალიან დავისტრესე. ამ რეალობისგან მოწყვეტა და მშვიდად დასვენება მჭირდებოდა. მადლობა ღმერთს, მოვახერხე. იმედია, შეგვერგება და ცუდი არაფერი მოხდება.

- 2-წლიანი პაუზის შემდეგ, ზაფხულის არდადეგებს როგორი "გემო" ჰქონდა?

- არაჩვეულებრივი, მონატრებული... მთაც ძალიან მიყვარს, მაგრამ ჩემთვის ზღვა სხვანაირი განტვირთვაა - ყველანაირ სტრესს მიხსნის.

- ალბათ, უცნობების ყურადღებას იქცევ. დასვენებას როგორ ახერხებ?

- ეს უკვე ჩემი ცხოვრების ნაწილია, დისკომფორტს აღარ მიქმნის, რა თქმა უნდა, პირიქით - დიდ სიამოვნებას ვიღებ: ის სიყვარული ყოველთვის მაძლიერებს, რასაც საზოგადოება ჩემ მიმართ გამოხატავს. თბილისში ვიქნები თუ ზღვაზე, მნიშვნელობა აღარ აქვს - ყოველთვის ასეა... ეკრანზე გამოჩენიდან პირველი 2 წლის განმავლობაში, მართლა არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი, როგორი რეაქცია მქონოდა და პოპულარობა გარკვეულ დისკომფორტს მიქმნიდა, მაგრამ ახლა, წლების მერე, ეს ჩვეულებრივ ამბად იქცა. სასიამოვნოა, როცა ჩემ მიმართ ყურადღების გამოხატვას ცდილობენ...

- კარგად ცურავ?

- ნორმალურად. ერთხელ ისე მოხდა, რომ მე, ანა სანაია, თაკო აბაშიძე და კიდევ რამდენიმე მეგობარი ზღვაზე ერთად ვისვენებდით. დიდი ტალღები იყო. ისეთი მოცურავე არ ვარ, რომ დიდ ტალღებს გავუმკლავდე, მაგრამ რატომღაც, ზღვაში შესვლა მაინც გავრისკე. ტალღებმა ჩამითრია. ვერ ამოვდიოდი. უკვე ყველა ნაპირზე იყო გასული, მე კი ტალღებს ვებრძოდი და მივხვდი, ვიხრჩობოდი, ვეღარ ვსუნთქავდი. ტალღებმა იმდენი მატრიალა, რომ ბოლოს, გონება დავკარგე... ბუნებრივია, ჩემს დასახმარებლად მაშველები გამოიქცნენ. "გაყოფილი" საცურაო კოსტიუმი (ბიკინი) მეცვა. თავდაპირველად, წყლიდან ამოსათრევად, მაშველმა ხელი რომ მომკიდა, ჩემი ბიკინის ზედა ნაწილი შერჩა ხელთ. მერე მოახერხა, თმაში ჩაევლო ხელი და ასე ამომათრია... როგორც იქნა, ნაპირზე გონს მოვედი, თვალი გავახილე და მივხვდი, რომ გადავრჩი, გარშემო მეგობრები შემომეხვივნენ... გავაცნობიერე, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა და უცებ ვიფიქრე, - სად არის ჩემი "ლიფი"-მეთქი? ამის გამო, რა თქმა უნდა, შევწუხდი და თავი ძალიან უხერხულად ვიგრძენი: ვაიმე, თუ ასე ვიყავი, ვერ მითხარით-მეთქი? ანა სანაიამ ასე დამამშვიდა: - ნუ ნერვიულობ: შორიდან ყველას ეგონა, რომ 2 ჩვილი ბავშვი გეჭირა ხელში და იმაზე ნერვიულობდნენ - ზღვაში ქალი ჩვილებით იხრჩობაო... მას შემდეგ, ზოგი მეგობარი ჩემს მკერდს "ჩვილებს" ეძახის (იცინის)... ამ ინციდენტის მერე, ტალღების პანიკურად მეშინია, მაგრამ ასეთი რამ მაინც შემემთხვა: 30 წლის ვხდებოდი. მე და ჩემმა დამ ევროპაში გამგზავრება გადავწყვიტეთ. თან გვინდოდა, ჩვენი მოგზაურობა ჩემს დაბადების დღეს დამთხვეოდა. ბარსელონაში გავემგზავრეთ. იმის მოყოლას არ დავიწყებ, ბარსელონაში დასვენება როგორი არაჩვეულებრივი იყო. იქ იმდენი დასათვალიერებელი ადგილია, რომ ზღვაში შესასვლელად დიდად არ გვეცალა. ამიტომ გადავწყვიტეთ, "ოქროს სანაპიროზე" ჩემი დაბადების დღის ხათრით მაინც გავსულიყავით და ზღვაში გაგვეცურა. მართლაც, ჩემს დაბადების დღეზე, სანაპიროზე მივედით. ზღვაზე დიდი ტალღები იყო. ჩემმა დამ მითხრა, - იქნებ, არ შეხვიდეო? - აქ მეორედ როდის ჩამოვალ? არ მინდა, ეს შანსი დავკარგო. ჩემი დაბადების დღეა-მეთქი! - ვუპასუხე... მოკლედ, ზღვის ტალღებმა მახოხიალა, თავი მარტყმევინა... სხეულის ყველა ნასვრეტში ყვითელი ქვიშა მქონდა: ყურში, ცხვირში, პირში (იცინის)... მინდოდა, დაბადების დღეზე საკუთარი თავისთვის სიურპრიზი მომეწყო, სინამდვილეში კი სასტუმრომდე, ნახევარი ქალაქი ქვიშიანი თმით ვიარე...

- საცურაო კოსტიუმებს როგორ არჩევ?

- საცურაო კოსტიუმსაც და საერთოდ, სამოსსაც იმის მიხედვით ვარჩევ, მიხდება თუ არა. მიმაჩნია, რომ მოდაში ყოველთვის ისაა, რაშიც თავს კომფორტულად გრძნობ და გიხდება. ზოგ ქალს გარკვეული კომპლექსები მაინც გვაქვს: ბოლო დროს, რაც წონაში მოვიმატე, მთლიან საცურაო კოსტიუმს ვიცვამ. წინათ ბიკინისაც ვიცვამდი. გააჩნია, როგორი ხასიათი და წონა მაქვს, როგორ ფორმაში ვარ.

297933909-10209368828534616-1544196058683189244-n-copy-1663053675.jpg

- ოდესმე პლაჟზე გასვლის კომპლექსი გქონია?

- არა, ასე ძალიან არასოდეს დავკომპლექსებულვარ. უბრალოდ, ალბათ, როგორც ყველა ქალს, მეც სხეულის გარკვეული ნაწილების გამოჩენა ნაკლებად ან მეტად მინდა, რასაც საცურაო კოსტიუმების შერჩევისას ვითვალისწინებ.

- გეცოდინება, სოციალურ ქსელებში გოგონას ვიდეო გავრცელდა, რომელSიც ამბობდა, - პუტკუნებმა ტოპები არ ჩაიცვათო...

- ქონები "რიადებად" გაქვთო (იცინის)? ამ გოგოზე რა უნდა გითხრა? ვიღაცებმა კომენტარები დაუწერეს, მე კი ასეთ რაღაცებზე მეცინება. მგონია, ლექსიკაში სიტყვა "რიადს" რომ იყენებ, ბევრად უხერხულია, ვიდრე სხეულზე სადმე რამე ნაკეცი გიჩანდეს.

- გარუჯვა გიყვარს?

- რა თქმა უნდა, მაგრამ ისეც არა, რომ ნამზეურის გამო თავს ძალიან ვიგიჟებდე. ზაფხულში თუ ზღვაზე ვარ, სიტუაციას გასარუჯად ვიყენებ, თუმცა - ჯანსაღად. თეთრი კანის გამო, ნამზეურის მიღების პირველი ეტაპი ჩემთვის ყოველთვის პრობლემურია - კანი მაგრად მეწვება. ამიტომ მზის გულზე გონივრულ დროს ვწვები, მაგრამ თავდაპირველად, მაინც ვიწვები, მერე კი დამწვარ კანს ვმკურნალობ (იღიმის)... მსუბუქი ნამზეური ახლაც მაქვს.

- ზაფხულში წასაკითხ ლიტერატურას თუ არჩევ ხოლმე?

- არა, ამას არ ვგეგმავ. უბრალოდ, თუ იმ პერიოდში რომელიმე წიგნი ხელთ მაქვს, დასასვენებლად წასვლისას თან მიმაქვს...

- საკურორტო რომანები გქონია?

- არა. ისეთი ურთიერთობა არ მხიბლავს, რომელიც თავიდანვე ვიცი, რომ ძალიან ხანმოკლე იქნება. საერთოდ, ამ საკითხში "მძიმე" ადამიანი ვარ - ფლირტს მარტივად არ ავყვები ხოლმე...

- თუ გახსოვს, უფროსი ადამიანების მეთვალყურეობის გარეშე, პირველად როდის დაისვენე?

- მაშინ 21-22 წლის ვიყავი. მეგობრებთან და ჩემს დასთან ერთად, ბათუმში ვისვენებდი. ეს ჩემი პირველი "აწყვეტა" არ ყოფილა. დროს ისევე ვატარებდი, როგორც - წინათ. უბრალოდ, ამჯერად ხარჯებს თავად ვფარავდი. მანამდე იმხელა პირადი შემოსავალი არ მქონია, რომ დამოუკიდებლად დამესვენა. თუკი სადმე დასასვენებლად მივდიოდი, ეს ოჯახთან ერთად, ოჯახის წევრების ფინანსებით ხდებოდა. გასტროლით საზღვარგარეთაც ვყოფილვარ, საზაფხულო ბანაკებშიც დამისვენია... ალბათ 11 წლის ვიყავი, როცა "ბერიკებთან" ერთად, საზაფხულო ბანაკში დავისვენე, ჩვენი მასწავლებლის - გოგი თოდაძის ზედამხედველობის ქვეშ...

- დაგვისახელე ადგილი, სადაც ჯერ არ დაგისვენია, მაგრამ სიამოვნებით დაისვენებდი...

- ასეთი ბევრი ქვეყანაა. მგონია, რომ მოგზაურობაზე დიდი სიამოვნება არაფერია, რადგან რაც უფრო მეტ ქვეყანას ნახულობ, ადამიანი საკუთარ თავში მეტ რამეს აღმოაჩენ, თითქოს იზრდები კულტურულად, შემეცნებით, აზროვნებით, ცხოვრება გიმრავალფეროვნდება... ყველაზე ძლიერ შთაბეჭდილებებს მოგზაურობისას ვიღებ. ამიტომ დასასვენებლად სასურველი ადგილების ჩამოთვლა რომ დავიწყო, ალბათ, სია უსასრულო იქნება. უამრავი ქვეყანაა, სადაც არ ვყოფილვარ და მსურს, ვნახო... იტალიის ნახვა ძალიან მინდა, ოღონდ - სულ ვამბობ: იტალიაში რომ წავალ, ბევრი დრო და ბევრი ფული უნდა მქონდეს-მეთქი, რაც იშვიათად ხდება, რადგან როგორც წესი, ადამიანს ან დრო გაქვს, ან - ფული (იცინის). სადაც კი სამოგზაუროდ ვყოფილვარ, იქიდან ყოველთვის გულისწყვეტით ჩამოვსულვარ, რადგან რაღაცის ნახვა ვერ მოვასწარი ან რაღაცის სანახავად ბიუჯეტი არ მეყო. მინდა მოვახერხო და იტალიაში ყველა მნიშვნელოვანი ადგილი სრულად და "ნოყიერად" დავათვალიერო. ასევე, ძალიან მინდა წასვლა ტაილანდში, მალდივებზე... აზიის ნახვაც მსურს...

296454624-10209356185018536-863668742840065363-n-copy-1663053657.jpg

- საქართველს კუთხეებზე რას გვეტყვი?

- საქართველოშიც ბევრი ისეთი ადგილია, რომელიც დღემდე არ მინახავს, მაგალითად - ბახმარო, გომის მთა, ზემო რაჭა, შატილი... ასევე, არ ვყოფილვარ დაცულ ტერიტორიებზე - ეროვნული პარკების ნახვა ძალიან მინდა...

- ცოტა რამ გვითხარი მომსახურების სფეროზე, ფასებზე, ტურისტებზე...

- წელს ბათუმში მართლა უამრავი რუსი იყო. არ დავმალავ, ეს ცოტათი გამაღიზიანებელია, რადგან ვერ დავიჯერებ, რომ ყველა მათგანი პუტინის რეჟიმს გამოექცა და მის პოლიტიკას ეწინააღმდეგება. როცა საკუთარ ქვეყანაში საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყნის წარმომადგენელთა დიდ რაოდენობას ხედავ, რომელსაც ფულის გამო ფიანდაზად ეგებიან, ეს მართლა ძალიან გამაღიზიანებელია. რა თქმა უნდა, შეგნებული რუსებიც არსებობენ (ასეთი მეგობრები მეც მყავს), რომლებიც კარგად ხვდებიან, სინამდვილეში რაც ხდება, მაგრამ ვინც ასეთი არ არის, ჩემი აზრით, მათი ადგილი ჩვენს ქვეყანაში არაა. მხოლოდ ჩვენი უკმაყოფილებით ეს ამბავი ვერ დალაგდება... რუსების ასეთმა "შემოდინებამ" განაპირობა, რომ მომსახურების ფასებს ქართველებსაც უზრდიან. ვფიქრობ, ადამიანმა შენიანის და უცხოს გარჩევა უნდა იცოდე... საერთოდ, ჩვენთან ფასები რომ უფრო მაღალია, ვიდრე მომსახურების დონე, ეს ხომ ყველამ ვიცით, არა? საქართველოში, სასტუმროში პირობითად, 100 დოლარს თუ იხდი, ევროპაში იmaვე ფასად ბევრად მაღალი კლასის სასტუმროში დაისვენებ. სასტუმროების მომსახურება ჩვენთან უფრო ძვირი რატომ უნდა ღირდეს, მართლა ვერ ვხვდები. ეს უსამართლობა, არასწორი საქციელი მგონია. მესმის, ზღვისპირეთში ხალხი 1 სეზონის შემოსავლით არსებობს - ზაფხულში მიღებული თანხა მათთვის მთელი წლის საარსებო ფულია, მაგრამ ცოტათი ისიცაა გასათვალისწინებელი, სანაცვლოდ მომხმარებელს რას სთავაზობ. პირადად მე, ძალიან გამიმართლა: სასტუმროს ტიპის სახლში დავისვენე. კმაყოფილი ვარ. სუფთა გარემო და შესაბამისი ფასი იყო.

dsc-0477-copy-1663053626.jpg

- ჩვეულ სამუშაო რეჟიმს უკვე დაუბრუნდი?

- ჯერ აქტიურად მუშაობა არ დამიწყია. დღეს პირველი რეპეტიცია მქონდა. ახალ სპექტაკლზე მუშაობას ვიწყებთ, რომლის პრემიერაც წესით, დეკემბრის ბოლოს gaimarTeba. ჩარლს დიკენსის "საშობაო სიმღერის" მიხედვით, სპექტაკლს ლევან გვაზავა დგამს. აწმყოს სულის როლს ვასრულებ. ეჭვი მაქვს, საინტერესო სპექტაკლი გამოვა.

- წარმატებულ სამუშaო სეზონს გისურვებ!..

ეთო ყორღანაშვილი