"ფაქიზი სიტუაციია, როცა სხვის ცხოვრებაში ერევი" - გზაპრესი

"ფაქიზი სიტუაციია, როცა სხვის ცხოვრებაში ერევი"

"ღამის შოუს" ბენდის წევრი - თათა გიორგობიანი სოციალური ფსიქოლოგიის ფაკულტეტის (მაგისტრატურა) სტუდენტი გახლავთ. მიაჩნია, რომ ფსიქოლოგია მისი პიროვნების უფრო დიდი და ღრმა ნაწილია, ვიდრე მუსიკა... თათას პროფესიულ არჩევანზე, სწავლების ხარისხზე, ახალ სასწავლო წელსა და სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ...

- სიტყვა "დასვენება" რას ნიშნავს, საერთოდ არ ვიცი, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ აქტიური სამუშაო რეჟიმი მაქვს, რადგან სანამ ნაყოფიერი პერიოდია, ვფიქრობ, ბოლომდე უნდა გამოვიყენოთ. ჩვენს ბენდზე ხალხის მხრიდან დიდი მოთხოვნაა. ჩვენთვისაც ბედნიერებაა, როცა სხვებს ვახარებთ. ზოგს არ ესმის, რომ ეს საქმე ბევრ ნერვიულობასთან, ფიზიკურ დაღლილობასა და თმენის ვალდებულებასთანაა დაკავშირებული. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ეს პროფესია ცალსახა გართობაა და თავისი პასუხისმგებლობები არ აქვს... მოკლედ, დატვირთული ზაფხული გვქონდა და ეს მხოლოდ გვახარებს, რადგან რაც უფრო მეტ რეგიონს ვნახულობ, მით მეტად ვრწმუნდები - საქართველო ძალიან მრავალფეროვანი ქვეყანაა: თითოეულ კუთხეს თავისი სამზარეულო, ცეკვა, ჩაცმულობა, ტრადიციები აქვს. რა თქმა უნდა, ორმაგად სასიხარულოა, როცა საკუთარ ქვეყანას სხვა თვალით, ხელახლა გაიცნობ...

- უნივერსიტეტიდან არდადეგების დროს, სწავლის პროცესს მთლიანად წყდები თუ ახერხებ, შესაბამის ლიტერატურას დატვირთული სამუშაო რეჟიმის დროსაც გაეცნო?

- შეიძლება ითქვას, რომ ფსიქოლოგიასთან მაინც ყოველდღიური შეხება მაქვს, რადგან კლასგარეშე ლიტერატურას, სამეცნიერო ნაშრომებს მუდმივად ვკითხულობ. იმიტომ ვსწავლობ, რომ მაინტერესებს და არა - იმიტომ, რომ დიპლომი ავიღო. შესაბამისად, მგზავრობის დროსაც, ფსიქოლოგიის შესახებ წიგნი ყოველთვის თან მაქვს. ისედაც, საკმაოდ ბევრი ადამიანი მწერს, რჩევას მეკითხება... მაინც მიწევს, სიახლე ავითვისო, კარგი რჩევა გავცე. ასე რომ, მე და ფსიქოლოგია ურთიერთობის უწვეტ რეჟიმში ვართ.

- ახალი სასწავლო წლისთვის როგორ ემზადები?

- შემართებით ვარ. მგონია, თანდათან მეტი დრო გამომითავისუფლდება სწავლისთვის. რა თქმა უნდა, ფსიქოლოგია ჩემს ცხოვრებაში უფრო და უფრო მეტად შემოვა და ამ სფეროში ჩემი კომპეტენცია გაიზრდება. ძალიან მომწონს, რომ 1 ეტაპი უკვე დასასრულს უახლოვდება, თუმცა შემდეგ, გარკვეული კურსების გავლას კიდევ ვაპირებ, რადგან მრავალფეროვანი სფეროა და მსურს, ფსიქოლოგიაში ბევრი ქვემიმართულება ავითვისო.

- უნივერსიტეტში ჩაბარება სკოლაში მიღებული განათლებით შეძელი თუ რეპეტიტორებთან მომზადება დაგჭირდა, როგორც საქართველოში მცხოვრები აბიტურიენტების უმრავლესობას?

- რამდენიმე საგანში დამჭირდა, მაგრამ ძირითადად, სკოლაში კარგი პედაგოგები მყავდა - ისე დამეხმარნენ, რომ სხვადასხვა საგანში რეპეტიტორის აყვანა საჭირო აღარ გახდა. ამჟამად, სკოლებში როგორი სიტუაციაა, არ ვიცი, თუმცა ჩემი ძლიერი სურვილია, სასწავლო საგნად ფსიქოლოგია (საბაზისო მაინც) დაემატოს, რადგან ბევრი მშობელი შვილს საკმარის ფსიქოლოგიურ საფუძველს ვერ აძლევს, რომ ბავშვი ცხოვრებისეულ სირთულეებს გაუმკლავდეს, მაგალითად - ბულინგს სკოლაში, თვითპრეზენტაციას, თუ როგორ წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი სწორად, როგორ გამოვიდეთ სიტყვით კლასის წინაშე...

- სკოლის დამთავრების შემდეგ პროფესია როგორ აირჩიე? როგორც ვიცი, ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში გაქვს მიღებული. მაშინ ფსიქოლოგია არ გინდოდა?

- ფსიქოლოგია ყოველთვის მინდოდა, მაგრამ როცა ეროვნულ გამოცდებს ვაბარებდი, იმ პერიოდში ფსიქოლოგის პროფესია შემოსავლიანი არ იყო - ხალხი ფსიქოლოგებს ხშირად არ მიმართავდა. ამიტომ, ჩემმა ოჯახმა ბიზნესის და ტურიზმის ფაკულტეტი მირჩია - ამ პროფესიით რამეს გააკეთებ, იმუშავებო... ოჯახს დავუჯერე, თუმცა ფსიქოლოგია მაშინაც მაინტერესებდა. შემდეგ მივხვდი, რომ სინამდვილეში, ნებისმიერი პროფესიით იმუშავებ, თუკი საკუთარი საქმის პროფესიონალი იქნები. მხოლოდ პროფესიონალიზმიც არ კმარა: კონკრეტულ სეგმენტს (რომელიც მიგაჩნია, რომ შენი "ბაზარია") თავი სწორად უნდა წარუდგინო, მომხმარებლებს სწორად დაუსახო გეგმები, თუ რას აპირებ, მათ რას მისცემ, ანუ მარკეტინგის უნარიც უნდა გქონდეს. პრინციპში, ბიზნესის მიმართულებით მიღებული განათლება სწორედ ამაში დამეხმარა: თუნდაც, კარგმა ფსიქოლოგმა საკუთარი თავი სწორად უნდა "შეფუთოს"...

- მაშინდელ არჩევანს ცოტათი მაინც ხომ არ ნანობ, რადგან ახლა ფსიქოლოგიაში, ოფიციალური განათლების უფრო მაღალ საფეხურზე იქნებოდი?

- შეიძლება, მაგრამ "სინანულს" ვერ დავარქმევ, რადგან როგორც ფსიქოლოგმა, ვიცი, სინანული აბსოლუტურად უსარგებლო ემოციაა (იღიმის). ბიზნესის ადმინისტრირებაც ბევრ რამეში გამომადგა. ისე, ყველაფერს თავისი დრო აქვს. ადრე თუ გვიან, ჩემ მიერ დასახულ მიზნებს მივაღწევ. რაკი ჩემს ცხოვრებაში, ჯერ ძირითადი პროფესია მაინც მუსიკაა, ვერ ვიტყვი, რომ რამე დამაგვიანდა. ყველაფერი წინაა. ცხოვრების ტემპი საკმაოდ აჩქარდა, მაგრამ სიჩქარის ნიადაგზე, ისეთი გადაწყვეტილებები არ უნდა მივიღოთ, რისთვისაც მზად არ ვართ. გეგმებს ნაბიჯ-ნაბიჯს მივყვები და აბსოლუტურად კმაყოფილი ვარ. მუსიკის სფეროშიც საკმაოდ დიდ წარმატებას მივაღწიე. ამ ეტაპზე, "ღამის შოუს" ბენდს ჩემთვის პირველი ადგილი უჭირავს. ფსიქოლოგიას რაც შეეხება, არ მეჩქარება: ჯობია, ნელა, მაგრამ საფუძვლიანად და გააზრებულად წავიდე წინ...

- როგორც მახსოვს, "სიცრუის დეტექტორში" გკითხეს, შენთვის რომელი სფერო უფრო მნიშვნელოვანი იყო - მუსიკა თუ ფსიქოლოგია, მაგრამ გიორგი გაბუნიამ შეკითხვა შეგიცვალა...

- დიახ. ჩემთვის ორივე სფერო თანაბრად მნიშვნელოვანია. უბრალოდ, ცხოვრების ამ ეტაპზე, მუსიკა უფრო წინაა, მაგრამ საერთოდ, თუკი ასეთი არჩევანის წინაშე დავდგები, რომ ერთ საქმეს უნდა გავყვე, მეორეს კი ჩამოვშორდე, ალბათ, ფსიქოლოგიას ავირჩევ, რადგან ვფიქრობ, ეს ჩემი პიროვნების უფრო დიდი და ღრმა ნაწილია, ვიდრე მუსიკა. თუმცა, მუსიკაც "ჩემია", ამ საქმესაც მთელი გულით ვაკეთებ...

- უნივერსიტეტში სწავლების ხარისხით, ლექტორების პროფესიონალიზმის დონით კმაყოფილი ხარ?

- უკმაყოფილოც რომ ვიყო, თავს იმის უფლებას არ მივცემ, ამაზე საჯაროდ ვისაუბრო... ვფიქრობ, ნორმალურია. რა თქმა უნდა, ვისურვებდი, გარკვეული საგნები უფრო სიღრმისეულად ისწავლებოდეს, მაგრამ სწორედ ამისთვის დამატებითი კურსები არსებობს: რაც სტუდენტობისას დაგაკლდება, შეგიძლია, სხვადასხვა კურსის გავლით შეივსო.

- და რაც ფინანსურ ხარჯებს უკავშირდება, არა?

- რა თქმა უნდა. საერთოდ, სწავლა ფინანსებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ეს ხომ ინვესტიციაა? საკუთარი საქმის პროფესიონალი დახარჯულ თანხას აუცილებლად "ამოიღებს".

- ხშირად აღნიშნავენ, რომ სწავლის პარალელურად მუშაობის გამო, რეალურად, სტუდენტები საფუძვლიან განათლებას ვერ იღებენ. თავად როგორ ახერხებ ამას?

- რაკი საკმაოდ დატვირთული სამუშაო რეჟიმი გვაქვს, სწავლა მეც საკმაოდ "გამეწელა". წესით, მაგისტრატურა წელს უკვე უნდა დამემთავრებინა, მაგრამ ჩემი რეჟიმის გამო, გარკვეული საგნების გავლა გაისად მომიწევს. სიმართლე გითხრა, რამდენიმე საგანს შეგნებულად არც ვკიდებდი ხელს. მაგალითად, თუ 6 საგანი იყო, მხოლოდ სამში ვმეცადინეობდი და ვიცოდი, რომ დანარჩენ სამს სამომავლოდ, საფუძვლიანად და უკეთ ვისწავლიდი. ამიტომ, თავს არც ვიტვირთავდი. ფიზიკურად, შანსი არ მქონდა, ექვსივე საგანში მეცადინეობა მომესწრო. სწავლის პროცესს ნელ-ნელა მივყვები, მაგრამ რასaც ვსწავლობ - სიღრმისეულად.

- როცა რჩევებს გეკითხებიან, ეს პრაქტიკული სამუშაოსავითაა, არა?

- რა თქმა უნდა, ყველას ვუხსნი, რომ ჯერ შემდგარი და ჩამოყალიბებული ფსიქოლოგი არ ვარ - ვსწავლობ, თუმცა რითაც შემიძლია, მეგობრულ რჩევას ვაძლევ უკვე ნასწავლი მასალის საფუძველზე. ყოველთვის ვცდილობ, ადამიანს თავისი პრობლემა თავადვე ვაპოვნინო, რადგან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, როცა სხვას რამეს ვურჩევ. ფაქიზი სიტუაციaა, როცა სხვის ცხოვრებაში ერევი, მით უმეტეს, როცა კონკრეტული ადამიანის შესახებ ბევრი არც არაფერი იცი. ვცდილობ, რამდენიმე კითხვით გავარკვიო, ცხოვრების და აზროვნების რა ეტაპზეა და რჩევა ამის საფუძველზე მივცე, მაგრამ უამრავი რამეა გასათვალისწინებელი: როგორი ხასიათი აქვს, რამდენად მგრძნობიარეა, მოწყვლადია, როგორ მიიღებს შენს ნათქვამს... ყველაფერი კორექტულად უნდა უთხრა, რადგან ძირითად შემთხვევებში, პრობლემა ადამიანების დამოკიდებულებაშია, თუნდაც - საკუთარ თავთან ან ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, კლასელებთან... ამის გააზრება საკმაოდ რთულია, რადგან საჭიროა, ემოციებს გავემიჯნოთ და საკუთარ თავს მხოლოდ გონების თვალით, "გარედან" შევხედოთ. ფსიქოლოგი ადამიანს ზუსტად ამაში ეხმარება, რომ პრობლემამდე თავად მივიდეს, დაინახოს... როგორც კი დაინახავს, თუ სადაა ძაღლის თავი დამარხული, შემდეგ პრობლემის მოგვარებას თავადაც ახერხებს.

b612-20210729-205148-009-1663053836.jpg

- პოპულარობის გამო, თანაკურსელებისგან უფრო განსხვავებულ დამოკიდებულებას ხომ არ გრძნობ, ვიდრე მათ სხვა სტუდენტებთან აქვთ?

- არა. უნივერსიტეტი სკოლა არაა - აკადემიური სივრცეა, ამიტომ სხვანაირი დამოკიდებულება ნამდვილად არ მიგრძნია. ლექტორებიც საკმაოდ მკაცრად მეპყრობიან (იცინის). საკუთარი თავის მიმართ თავადაც მომთხოვნი ვარ. თავს უფლებას არ ვაძლევ, რამეში "ვიხულიგნო", სხვის ხარჯზე გავაკეთო... ვფიქრობ, ასეთ დროს ადამიანი საკუთარ თავს ატყუებ. საკმაოდ მაწუხებს ის, რომ ონლაინ ვსწავლობთ, ჩემს ჯგუფელებთან "ცოცხალი" ურთიერთობა არ მაქვს, მაგრამ ესეც დრომ მოიტანა...

- სწავლის გამო, გადაცემის ჩაწერაზე, კონცერტებზე თუ დაგგვიანებია?

- კი, ასეთი შემთხვევები ხშირად ყოფილა და ჩემი გუნდი ამას გაგებით ეკიდება. მუსიკის გარდა, ყველას ჩვენი ცხოვრება გვაქვს და ვცდილობთ, ერთმანეთს ხელი შევუწყოთ. საქმის გარდა, მეგობრობაც გვაერთიანებს. სხვათა შორის, ერთხელ გამოცდა ტელეფონით დავწერე: ვმღეროდი, შესვენებებზე კი - ვწერდი. ამ ტიპის გამოცდა იყო: ღია კითხვებზე პასუხები უნდა დაგვეწერა, რამდენიმე საათი გვქონდა მოცემული... სხვათა შორის, გამოცდა ჩავაბარე. ვერ ვიტყვი, რომ - უმაღლეს ქულაზე, მაგრამ - ნორმალურად (იღიმის)...

ეთო ყორღანაშვილი