გიორგი ჯიქიას "წითელი ხაზები" და დიალოგები საკუთარ თავთან - გზაპრესი

გიორგი ჯიქიას "წითელი ხაზები" და დიალოგები საკუთარ თავთან

"ლომებს შორის ვერ ნახავთ საკუთარ თავზე ჩაფიქრებულ ნატურას. ამაყია, მის დამცირებას თუ შეეცდებით, თქვენ წინაშე საშინელი, ღრიალა ლომი აღიმართება. უყვარს სხვებისთვის ჭკუის სწავლება, სცადეთ და ეს უთხარით, გაგინაწყენდებათ. საიმედო მეგობარი, მაგრამ სახიფათო მეტოქეა", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ტახის წელში დაბადებულ ლომს, ეს კი მსახიობ გიორგი ჯიქიას ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგიის მიმართ ინტერესი მეტ-ნაკლებად მაქვს, პირადი რუკა არასდროს შემიდგენია.

- ლომი მართავს ჰოროსკოპის მე-5 სახლს, რომელიც სიყვარულს და თეატრს განაგებს.

- მართლა? ეს პირველად გავიგე.

- "ლომებს შორის ვერ ნახავთ საკუთარ თავზე ჩაფიქრებულ ნატურას".

- ვერ დაგეთანხმებით, ყველაზე ხშირად საკუთარი "მე" მაფიქრებს.

- საკუთარ თავთან დიალოგი ხშირად გაქვთ?

- რა თქმა უნდა, საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში მეხმარება.

- "ამაყია, მის დამცირებას თუ შეეცდებით, თქვენ წინაშე საშინელი, ღრიალა ლომი აღიმართება".

- ასეა, თავმოყვარეობის ამბავია... ძალიან მომთმენი ვარ, უზომოდაც კი, მაგრამ არის ზღვარი, წითელი ხაზი, რომელიც არავინ უნდა გადაკვეთოს, მერე საკუთარ თავზე ყველანაირი კონტროლი მეკარგება.

- ეს ხშირად ხდება?

- არა. რადგან ჩემი წონასწორობიდან გამოყვანა არ არის მარტივი, ასე ძალიან იშვიათად ხდება, რეაქცია მძაფრია და დაწყნარება - რთული.

248209748-10221814475211131-5787845975642722297-n-copy-1663054381.jpg

- ამ დროს ყველაზე მეტად რა გშველით, სიმშვიდე რას მოაქვს?

- ისევ საკუთარ თავთან დიალოგს. ამ შემთხვევაში თავმოყვარეობა "მეუბნება", შენ მსგავსი რამ არ გეკადრება.

- სხვების მართვის სურვილი ხშირად გაქვთ?

- არა, ეს საერთოდ არ მაინტერესებს. მხოლოდ საკუთარი თავის მართვის სურვილი მაქვს. ახლა ასეა, მერე რა იქნება, არ ვიცი.

- "ის გიჟდება ყურადღების ცენტრში ყოფნაზე".

- "გიჟდება" ცოტათი გადამეტებულია, მაგრამ ჩრდილში ყოფნაც არ მიყვარს. ყურადღების ცენტრში მუდმივად ყოფნა ცოტათი დამღლელია და გარკვეული დისკომფორტიც ახლავს. სიმშვიდე მიყვარს, ქაოსური მდგომარეობა მღლის.

- "მას უყვარს სხვებისთვის ჭკუის სწავლება, სცადეთ და ეს უთხარით, გაგინაწყენდებათ".

- ამ საკითხს საკუთარ თავში არასდროს ჩავღრმავებივარ. დავინტერესდი, მომავალში დავაკვირდები.

- "სიყვარულის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. სასიყვარულო ფრონტზე განვითარებული მოვლენების შესაბამისად, ის მზესავით ანათებს ან დარდისგან კვდება".

- სიყვარულის და ურთიერთობის გარეშე, არ მესმის, როგორ შეიძლება იცხოვრო. ამ შემთხვევაში, ყველანაირ ურთიერთობას ვგულისხმობ. მიუხედავად იმისა, რომ სიმშვიდე და მარტოობა მიყვარს, ურთიერთობა ხშირად ჰაერივით, საკვებივით მჭირდება. ურთიერთობა შვილთან, მშობლებთან, მეუღლესთან, მეგობრებთან, ახლობელ ადამიანებთან... ურთიერთობა, რომელიც სიყვარულზეა დამყარებული.

- "არ უყვარს, როცა სხვაზეა დამოკიდებული. ხშირად დახმარებაზეც უარს ამბობს, თავად კი ამას სხვებისთვის სიამოვნებით აკეთებს".

- ასეა, ყოველ შემთხვევაში ვცდილობ ერთსაც და მეორესაც. სხვაზე დამოკიდებულ მდგომარეობაში ყოფნა, საკუთარ თავთან თითქოს მამცირებს.

- ფულთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ? ასტროლოგებს თუ დავუჯერებთ, ისეთი მფლანგველი ხართ, ხშირად გაკოტრების ზღვრამდე მიდიხართ.

- კი, გადანახვას ვერასდროს ვახერხებ. ფული შეიძლება ისე შემომეხარჯოს, ვერ მივხვდე. როცა მაქვს, ვერ ვაკონტროლებ. როცა არ მაქვს, უქონლობას კი არ განვიცდი, უფრო იმას ვფიქრობ, ეს რატომ დამემართა, რატომ ვერ გავაკონტროლე.

- ამ მხრივ "გამოსწორება" არ გიცდიათ?

- როცა ფული არ მაქვს, მაშინ ვცდილობ და როცა ფული მაქვს, უკვე აღარ მახსოვს.

- "წინააღმდეგობები არ თრგუნავს, გმირული შემართება მისი ხასიათის მთავარი თვისებაა".

- წინააღმდეგობა რაღაც მომენტში შეიძლება დამთრგუნველი იყოს და რაღაც მომენტში მოტივაციის და ძალის მომცემი. სანამ სიტუაცია კრიტიკული არ გახდება, სანამ ჩიხში არ მოვექცევი, მანამდე ეს "გმირული შემართება" თითქოს მიძინებულია.

- "საიმედო მეგობარი, მაგრამ სახიფათო მეტოქეა".

- საიმედო მეგობარი ნამდვილად ვარ, რაც შეეხება მეტოქეობას, საკუთარი თავის მეტოქე მეტად ვარ, ვიდრე - სხვა ვიღაცის. გაჯიბრების სურვილიც მხოლოდ საკუთარ თავთან მაქვს, სხვას არასდროს არაფერში ვეჯიბრები.

- საკუთარ თავს ხშირად გაუოცებიხართ?

- წამიერი გაოცებები მქონია, რამდენიმე საათის შემდეგ, ის რაღაც ძალიან ჩვეულებრივი ხდება; თითქოს მნიშვნელობას კარგავს და რაღაც ახალი მინდა.

- ეს თვისება ადრეული ასაკიდანვე გქონდათ თუ წლებმა, გამოცდილებამ მოგიტანათ?

- იმ ყველაფრიდან, რაც აქამდე ვილაპარაკეთ, ბევრი რამ წლებმა მოიტანა, კონკრეტულად საკუთარ თავთან გაჯიბრების უნარი ჩემს ხასიათში ყოველთვის იყო.

- "იშვიათად ცრუობს და ისიც მხოლოდ თავდაცვის მიზნით".

- კარგი მატყუარა ვერ ვარ, არ შემიძლია, მეტყობა, ვერ ვთამაშობ. რამდენჯერაც მოვინდომე, იმდენჯერ საშინელი დისკომფორტი ვიგრძენი, ამიტომ მირჩევნია, არ ვიცრუო და სიმართლით ვიცხოვრო.

- "ის ძალიან მკაცრია და იშვიათად მიდის დათმობაზე".

- არსებობს საკითხები, რომლებშიც კატეგორიული ვარ, თუმცა დათმობაზე ხშირად მივდივარ, ეს ჩემს პრინციპებს არ უნდა ეხებოდეს. თუმცა შეიძლება გავიდეს დრო და ის, რაც გუშინ ჩემი პრინციპი იყო, დღეს საერთოდ აღარ მაინტერესებდეს, მნიშვნელოვანი აღარ იყოს. ვთვლი, რომ ადამიანმა საკუთარ პრინციპებს უნდა გადახედოს.

280222595-2131485893682490-5864374443838158849-n-copy-1663054393.jpg

- "მას სჯერა იმის, რასაც ეუბნებიან, გულუბრყვილოა".

- მართალია, ნათქვამს ვიჯერებ, მაგრამ თუ დამაცდი, გამოცდილებით მივხვდები, რომ მატყუებ. იმ წუთში გულწრფელი აღფრთოვანება ნამდვილად მაქვს.

- "ის ხშირად აძლევს სხვებს მისი მოტყუების უფლებას".

- ასეა და ეს საიდან იცით? ხშირად მქონია მომენტი, მივმხვდარვარ, მაგრამ არ შემიმჩნევია და მიფიქრია, ეგონოს, რომ მომატყუა.

- ასე რა დროს იქცევით?

- იმ ადამიანს რომ ვუთხრა, ვხვდები, ახლა მატყუებ-მეთქი, სიტუაცია დაიძაბოს, პოლემიკაში შევიდე და ამ ყველაფერს შედეგი არ ჰქონდეს, ღირს? როცა პოლემიკა არც ერთი მხარისთვის არაფრის მომცემი არ არის, არ უნდა დაიხარჯო.

- "მას არ უყვარს კამათში ჩართვა, მხოლოდ მასთან საუბრობს, ვისაც პატივს სცემს".

- ესეც საიდან იცით? კამათი ადრე მიყვარდა, ამ ბოლო დროს გამოცდილებამ მასწავლა, ყველასთან არ უნდა ვიკამათო.

- "სიტყვაძუნწია, მაგრამ გულახდილობის ბუშტი თუ გაუსკდა, შეიძლება მისგან თავი დიდი ხნით ვეღარ დაიძვრინოთ".

- გეთანხმებით. სიტყვაძუნწი მანამდე ვარ, სანამ ადამიანი ჩემთან გაიხსნება, მერე მეც ვიხსნები და შეიძლება დავღალო კიდეც.

- "დაძაბულ სიტუაციას ურჩევნია მშვიდობიანად გაერიდოს, ვიდრე მაგიდაზე მუშტი აბრაგუნოს".

- არის სიტუაცია, როცა სიმშვიდე შეიძლება მუშტის ბრაგუნით დამყარდეს და არის სიტუაცია, როცა გაცლა მოიტანს სიმშვიდეს. ორივენაირი შემთხვევა მქონია.

- დაბოლოს, ზარმაცი უფრო ხართ თუ შრომისმოყვარე?

- ბუნებით შრომისმოყვარე ვარ, ზარმაცი ადამიანი არ არსებობს, სიზარმაცე დეპრესიაა, ენდორფინების ნაკლებობაა. ყველას უნდა ჰქონდეს მოტივაცია იმის, რასაც აკეთებს. როცა გაქვს მოტივაცია, ზარმაცი ვერ იქნები. მქონია შემთხვევა, ერთ დღეს ცხოვრების ხალისი მქონია, მთელი დღის გეგმა გაწერილი, მერე რაღაც ისეთი მომხდარა, ჩემში ყველა ენდორფინი ჩამკვდარა და გეგმის შესრულება დამზარებია. სიზარმაცე ადამიანის თვისება არ არის, უფრო შინაგანი მდგომარეობაა.

- სერიალი "სიყვარულს მიღმა" იწყება. სავარაუდოდ, თქვენი პერსონაჟის ცხოვრება საინტერესოდ უნდა განვითარდეს.

- ჩემი პერსონაჟი ახალ სეზონზე აქტუალური იქნება. არ ვიცი, რა მოხდება შემდეგში, მაგრამ რაც გადავიღეთ, შემიძლია ვთქვა, რომ მაყურებელს საინტერესო სერიები ელოდება.

- კერესას მიმართ მაყურებლის დამოკიდებულება ნეგატიური იყო, როგორ ფიქრობთ, ახლა რამე შეიცვლება?

- უფლება არ მაქვს, გადაღებულ სერიებზე ვილაპარაკო; ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, ეს პერსონაჟი დამძიმდა, პრობლემები შეექმნა ცხოვრებაში. მაყურებელი მის მხარესაა, ვინც ბევრს ტირის. მგონია, რომ ამ სეზონზე, მაყურებელს კერესას მიმართ სიბრალულის გრძნობა გაუჩნდება.

თამუნა კვინიკაძე