"იფიქრეთ, სურვილები დაწერეთ და მათი მატერიალიზაცია აუცილებლად მოხდება" - გზაპრესი

"იფიქრეთ, სურვილები დაწერეთ და მათი მატერიალიზაცია აუცილებლად მოხდება"

სახელი, გვარი: მაკა შალიკაშვილი.

განათლება: დაამთავრა თეატრალური უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი. ასევე, აქვს მაგისტრის ხარისხი მეტყველების კულტურაში.

ამჟამინდელი საქმიანობა: არის მსახიობი. ემზადება ზინაიდა კვერენჩხილაძის საიუბილეო საღამოსთვის, დმანისის თეატრში. ასევე, არის კურატორი საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტში, პიარის მიმართულებით.

განტვირთვის საუკეთესო საშუალება: უბრალო, უცნობ ადამიანებთან ურთიერთობა.

ცხოვრების დევიზი: "ყველა სიტუაციიდან არსებობს გამოსავალი და ფრაზები (პოეზიიდან, სახარებიდან...), რომლებსაც შეიძლება, დაეყრდნო".

- მაკა, წარმოიდგინეთ, რომ არავინ გიცნობთ. საზოგადოებას საკუთარ თავს როგორ გააცნობთ - ვინ ხართ?

- ძალიან კომუნიკაბელური ვარ. მიყვარს ნათელი ადამიანები, რომლებისგანაც სხივი მოდის. საერთოდ, ხალხის მიმართ ბრაზის და შურისძიების განცდა არ მეუფლება. ყველა მათგანი მაინც ადამიანია, ხოლო ადამიანი რაღაცნაირად, საბრალო ხარ. ამიტომ, როცა სიტუაცია გასაბრაზებელია, მაინც ვერ ვბრაზდები - მებრალებიან... საერთოდ, ხალხი მიყვარს.

- კმაყოფილების განცდა ბოლოს რის გამო დაგეუფლათ?

- ასეთი განცდა მაშინ მეუფლება, როცა ვინმე მხვდება და მეუბნება, - როგორ მიყვარხარ! როგორ მიყვარს შენ მიერ წაკითხული ლექსებიო! ახლახან ქალი შემხვდა, შვილებთან ერთად. რომ დამინახა, ჩემ შესახებ თქვა: - ვაიმე, ეს მსახიობი როგორ მიყვარსო! მერე ჩემთან ერთად ფოტო გადაიღეს... კმაყოფილების განცდა დამეუფლა, რადგან ტყუილად არ ვცხოვრობ...

- დღე-ღამეში რამდენი საათი გძინავთ?

- 7-8 საათი. ძილისთვის ვემზადები, ვწესრიგდები ხოლმე. მინდა, სრულფასოვნად გამოვიძინო, მაგრამ განვიცდი, რომ ძილის რეჟიმი მოწესრიგებული არ მაქვს, თუმცა მგონი, 7-8 საათი ძილი ნორმალურია.

- როგორ სიზმრებს ხედავთ?

- ძირითადად, სიზმრებს არ ვხედავ... მამა 15 აგვისტოს გარდამეცვალა. ბოლოს სიზმრად მამის თვალები ვნახე. ძირითადად, უცებ მეღვიძება ხოლმე. თითქოს მამას უნდა ვუშველო, მის დასახმარებლად მივრბივარ, მაგრამ სამწუხაროდ, მერე ვაცნობიერებ, რომ ვეღარ ვუშველი...

- პოპულარობის პირველი შეგრძნება როდის დაგეუფლათ?

- როდესაც სარდაფის თეატრში, სპექტაკლში - "ეტ ცეტერა" ვითამაშეთ. მახსოვს, ჩემი სცენა რომ დასრულდა, მაყურებლისგან ძლიერი ტაში მივიღე. მაშინ ვიფიქრე: ვაიმე, რაღაც ხდება-მეთქი. მერე, როდესაც ერთ-ერთი ჟურნალის გარეკანზე ჩემი ფოტოს დაბეჭდვა მოუნდათ, მივხვდი, პოპულარული ვიყავი (იღიმის).

- ოდესმე შეგშინებიათ, რომ ხალხის ყურადღება არ დაგეკარგათ?

- არასოდეს, რადგან ისეთი ადამიანი ვარ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში მოხვედრილს განსაკუთრებულობის შეგრძნება მეუფლება. ამას ამბიციურად არ ვამბობ. იცით, ყოველთვის როგორი განცდა მაქვს? ვგრძნობ, რომ ერთადერთი და განუმეორებელი ვარ, ოღონდ - ეს განცდა ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს. ჩემს მოსწავლეებს, რომლებსაც მეტყველების კულტურას ვასწავლი, სულ ვეუბნები, - ყველანი ერთადერთები და განსაკუთრებულები ხართ-მეთქი. წარმოიდგინეთ, კონკრეტულ ადამიანს თითის ისეთი ანაბეჭდი აქვს, რომლის ანალოგიც სამყაროში არ არსებობს. ყველა ადამიანი, კარგია თუ ცუდი, უნიკალურია. მერე, თავის ერთადერთობას და განუმეორებლობას როგორ თვისებებს "დააშენებს", თავად მასზეა დამოკიდებული. ეს არავის ბრალი არაა, არც - ღმერთის, არც - მაგალითად, ბოროტი რეჟისორის, რომელმაც როლი არ მისცა, არც - კოლეგის, რომელმაც კარიერულ წინსვლაში ხელი შეუშალა და ა.შ.

- როგორ ფიქრობთ, თქვენი მთავარი შარმი რა არის, რაც ყველასგან გამოგარჩევთ?

- უბრალოება.

- ბევრი დრო დაგჭირდათ, გაგეცნობიერებინათ, რომ განსაკუთრებული ხართ?

- ეს შეგრძნება პატარა ასაკიდანვე მქონდა. შემდეგ ამაზე ზეგავლენა ჩემმა მშობლებმა მოახდინეს, რომლებიც მეუბნებოდნენ, რომ განსაკუთრებული ვიყავი. შეიძლება, ვიღაცას, ვინც ამ ინტერვიუს სრულად არ წაიკითხავს, ამბიციურ ნათქვამად მოეჩვენოს - აუ, ამას საკუთარი თავი ვინ ჰგონიაო?! ჩემი სიტყვების მიღმა ის აზრი "დევს", რომ ამავდროულად, "არავინ" ვარ - ყველაზე მნიშვნელოვანი ესაა, რასაც ვგულისხმობ. რა თქმა უნდა, მქონდა პერიოდები, როცა ამპარტავნებით ვამბობდი და ვიმეორებდი, - მე მაკა შალიკაშვილი ვარ-მეთქი, მაგრამ წლების მანძილზე საკუთარ თავზე ობიექტურად დაკვირვებით გავაცნობიერე, რომ კი, განსაკუთრებული ვარ, მაგრამ - განსაკუთრებულად ნიჭიერი და ზარმაცი ერის წარმომადგენელი გახლავართ, რომელმაც უნდა მიიღოს რჩევა-დარიგება, სულ განვითარდეს, ისწავლოს... ქართველი რომ ვარ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკვე სრულყოფილი გახლავართ. საკუთარ თავს ვეუბნებოდი: ყოველდღე უნდა იმუშაო, ისწავლო, წაიკითხო, შეცდომა აღიარო, ამპარტავნებამ არ შეგჭამოს, ქართველო მაკა! აბა, გაიხედე, რამდენი შენზე უკეთესია-მეთქი? სულაც არაა ასე, რომ "რაც კარგები ვართ, მარტო ქართველები ვართ" და "არცოდნა არცოდვაა". უამრავი რამის ცოდნაა საჭირო, რომ მერე თავი არ დავიწყნაროთ, - უი, არ ვიცოდი, მაპატიე, გაგყიდე, მოგატყუე, გიღალატე, არ მეგონა, თუ ეს ცუდი საქციელი იყოო. ჩვენ ხომ თავის ასეთი მოკატუნებით ვყიდით ერთმანეთს და საბოლოოდ, საქართველოსაც?..

- ეჭვიანი ადამიანი ხართ?

- კი, ზომიერად, ეჭვი ყოველთვის არსებობს. სადაც გრძნობა, რამე ღვთიური საქმეა, იქ ეჭვიც ყოველთვის "შემოდის". ხანდახან საკუთარ არსებობაშიც კი ეჭვი მეპარება, მაგალითად - როცა ადამიანები დამინახავენ და თითქოს ვერც მამჩნევენ - "გამარჯობასაც" არ მეუბნებიან. ასეთ დროს ვფიქრობ: ახლა მართლა ვარ თუ არა-მეთქი (იღიმის)? "არშემჩნევა" ხომ ბევრი ადამიანის სტილია, არა? ვაი, ვერ დაგინახეო...

- ადვილად გწყინთ?

- კი. ადვილადაც მწყინს და ადვილადაც მავიწყდება. იმ წუთში ვფიქრობ, - ახლა ეს რა იყო, რა "გამოაგდო"? უიმე, როგორ მეწყინა, მაგრამ რა ქნას? ცოდოა-მეთქი... მერე წყენა გადამივლის ხოლმე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაცები არ მახსოვს. უბრალოდ, წყენის გულში ჩადება არ მჩვევია - მეზარება, ამის დრო სად მაქვს?!.

- როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია, ადამიანი მეორე ნახევრის გარეშე სრულფასოვნად ბედნიერი იყოს?

- რა თქმა უნდა, ყველაფერი ადამიანშია - სრულფასოვნების განცდაც და არასრულფასოვნებისაც. პარტნიორი, რომელიც გაუბედურებს, სრულფასოვნად ბედნიერს ვერ გაგხდის. საკითხავი ისაა, ხალხის დასანახავად გინდა სრულფასოვანი იყო თუ შინაგანად?

- ოდესმე უსარგებლო ადამიანად გიგრძნიათ თავი?

- კი, წამიერად მიგრძნია...

- მეოჯახე ქალი ხართ?

- ძალიან. ოჯახი სახელმწიფოს მოდელია: თუ ოჯახი ოჯახობს, ე.ი. ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა. რაც უფრო მეტი ოჯახი იოჯახებს, ქვეყნის საქმე მით უკეთ იქნება. ალბათ, ყველაფერი კარგად ამიტომაც არ არის, რომ ბევრი ოჯახი არ ოჯახობს...

- თქვენი კომფორტის ზონა რა არის?

- ადგილი, სადაც შემიძლია, დავჯდე და ჩემ მიერ წაკითხული ლექსები ჩავწერო.

- თქვენი ყოველდღიური საზრუნავი რა არის?

- ჩემი ოჯახი: დედა, შვილი, მეუღლე, და, დისშვილი, მეგობრები... არ არსებობს, დღემ ისე ჩაიაროს, რომ ისინი არ მოვიკითხო. თუ ისე მოხდა, რომ ვერ შევეხმიანე, მაინც მათზე ვფიქრობ და გულში ვლოცავ... ჩემი დიდი საზრუნავი - მამა ფიზიკურად აღარ მყავს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მასზე აღარ ვზრუნავ: არავინ იფიქროს, რომ გარდაცვალების მერე, ადამიანზე ზრუნვა წყდება, პირიქით - მის სულს უფრო მეტი ზრუნვა სჭირდება...

img-3545-copy-1663054588.jpg

- ბავშვობაში როგორ ცხოვრებაზე ოცნებობდით? დღევანდელ რეალობას შეესაბამება თქვენი ბავშვობის დროინდელი ოცნება?

- 12 წლისამ დავწერე კიდეც: მინდა, საზოგადოებისთვის პატივცემული ადამიანი ვიყო და ლამაზი გოგო მყავდეს-მეთქი. დღეს ძალიან ლამაზი გოგო მყავს და საზოგადოება პატივს მცემს. ამიტომ ჩემს ახლობლებს, მოსწავლეებს (სატელევიზიო სტუდიაში) სულ ვეუბნები, - იფიქრეთ, სურვილები დაწერეთ და მათი მატერიალიზაცია აუცილებლად მოხდება-მეთქი. სურვილებთან დაკავშირებით, ძალიან "მოზომილები" ნუ იქნებით, პირიქით - უხვად, ბევრი სიკეთე მოიფიქრეთ და საბოლოო ჯამში, მოგეცემათ.

- ასაკის მატება გაშინებთ?

- არა. თავისუფლება მემატება. ცხოვრებაში არსებული სტერეოტიპებისგან, შიშებისგან, დამოკიდებულებებისგან ვთავისუფლდები და ვხვდები, გარკვეული რაღაცების გარეშე ცხოვრება და ბედნიერად ყოფნა შემიძლია. ასაკის მატება ჩემში სამყაროს გაერთიანება და ყველანაირი ადამიანის მიმღებლობაა, განურჩევლად ეროვნებისა, სქესისა, ორიენტაციისა და ა.შ. ვაცნობიერებ, რომ სამყაროს ნაწილი ვარ და თუ სამყაროს ერთ ბოლოში რამე ცუდს გავაკეთებ, ის ქმედება სამყაროს მეორე ბოლოში მყოფ ვიღაცას ატკენს. ადამიანი იმ ინსტრუმენტის ნაწილი ხარ, რომელიც თუ არიე, რაღაცები და ვიღაცები ირევიან. ამიტომ ჩვენი სწორი ქმედებები უმნიშვნელოვანესია, რომ სადღაც, რომელიღაც კონტინენტზე ყველაფერი კარგად იყოს. ქართველებს ასეთი გამოთქმა გვაქვს, - მე ვარ და ჩემი ნაბადიო, რაც არასწორია...

- თქვენს ქმედებებს რა მთავარი ფასეულობა განსაზღვრავს?

- სიკეთე, სწორი ნაბიჯები, რომლებიც ადამიანებს მხოლოდ სიკეთეს მოუტანს. მინდა და ვცდილობ, ჩემ მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი ასეთი იყოს და არავინ დააზიანოს.

ეთო ყორღანაშვილი