რატომ ვერ აისრულა გივი სიხარულიძემ "ამერიკული ოცნება" - გზაპრესი

რატომ ვერ აისრულა გივი სიხარულიძემ "ამერიკული ოცნება"

"ყველა თავის კეთილდღეობაზე ფიქრობს და თავის საქმეს იკეთებს, ამასობაში კი საქართველო იღუპება", - ამბობს მწერალი გივი სიხარულიძე, რომელიც თავის შემოქმედებით გეგმებსა და საქართველოსთვის ყველაზე მტკივნეულ პრობლემებზე გვესაუბრა.

- ვიცით, რომ ახალი ჩამოსული ხართ ამერიკიდან. როგორი შთაბეჭდილებებით დაბრუნდით?

- ამერიკაში ხშირად დავდივარ, რადგან ჩემი შვილი - ბექა სიხარულიძე იქ ცხოვრობს. ის ჰოლივუდის რეჟისორი და მსახიობია. ბექა ჯერ ლოს-ანჯელესში ცხოვრობდა, მერე მაიამიში გადავიდა, მაგრამ იქაურობას ვერ შეეგუა და ახლა გრინვიჩში ცხოვრობს. ეს არის მილიონერების ქალაქი, რომელიც ნიუ-იორკთან ახლოს მდებარეობს. ბექა "ოსკაროსანმა" რეჟისორმა სტივენ სოდერბერგმა გადაიღო თავის ფილმში. მასაც აქვს ორი ფილმი გადაღებული. ერთ-ერთმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა, რომელიც ჩემი მოთხრობის და მისი სცენარის მიხედვით გადაიღო, შვიდ საერთაშორისო ფესტივალზე გაიმარჯვა ამერიკაში. ორივე ფილმი ქართულია და სხვადასხვა ენაზეა თარგმნილი.

- როგორ დაისვენეთ ოკეანის გაღმა?

- იქ დასასვენებლად არ ვყოფილვარ, საქმისთვის წავედი: ჯერ ჩემი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, ხოლო შემდეგ - შემოქმედებითი საღამო, რომელსაც ქართველი ემიგრანტებიც ესწრებოდნენ. 32 წიგნის ავტორი ვარ, მაგრამ ეს ახალი წიგნი იმით არის გამორჩეული, რომ ესპანურ ენაზე უნდა გამოვიდეს. მისი სახელია "საქართველო - მეგობრობის და ძმობის აკვანი". ეს წიგნი ქართული სტუმართმოყვარეობით და ებრაული სიბრძნითაა შთაგონებული, ის ჩემს ხალხზეა, რომელიც ძალიან მიყვარს. ამერიკაში ქართულ რესტორანში შევიკრიბეთ, რომელსაც "ფიროსმანი" ჰქვია. იცით, გული რამ მატკინა?.. იქაური ქართველებიც ორ ნაწილად არიან დაყოფილი და ერთმანეთს ჭამენ: ზოგი "ქოცია", ზოგი - "ნაცი" და ერთმანეთს ვერ იტანენ, რაც საშინელებაა. ჩემი საქართველო სწორედ ამან დაღუპა - შუღლმა, მტრობამ და დაპირისპირებამ!

- თქვენი დაკვირვებით, როგორი ქვეყანაა ამერიკა?

- ამერიკა არის ქვეყანა, სადაც ახალგაზრდა, ენერგიული ადამიანი თუ მშრომელიცაა, თავს გაიტანს და ბედნიერი იქნება. თუ ნიჭიერიცაა და მშრომელიც, მაშინ კიდევ უფრო მეტს მიაღწევს და ძალიან კარგად იცხოვრებს. ზოგს ჰგონია, რომ იქ ერთსქესიანთა ქორწინების მომხრე ბევრია, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი პატარა სექტაა. სინამდვილეში, მსგავსი რამ ბევრ ამერიკელს არ მოსწონს. ამერიკაში არის შტატები, სადაც ოჯახის სიწმინდესა და სისუფთავეს ისე იცავენ, ვერც კი წარმოიდგენთ. როგორც ჩვენთან არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ლგბტ პროპაგანდას ეწევიან, იქაც ასეა, მაგრამ თვითონ ამერიკა ისეთი ქვეყანაა, სადაც ცხოვრება ბედნიერებაა, თუ მშრომელი, წესიერი და დაუზარელი ადამიანი ხარ.

- თქვენ რომ წასულიყავით, შეძლებდით ე.წ. ამერიკული ოცნებისთვის მიგეღწიათ?

- მე ჯერ კიდევ 1964 წელს მთხოვდნენ იქ დარჩენას. მაშინ რომ დავრჩენილიყავი, ალბათ დღეს ამერიკაში ერთ-ერთი პირველი ვარსკვლავი ვიქნებოდი. "ამერიკული ოცნების" ასრულებასაც შევძლებდი, მაგრამ არ დავრჩი. მართალია, აქაც ბევრი ნატვრა ავისრულე, ვარსკვლავიც კი გამიხსნეს ფილარმონიის წინ, მაგრამ იცით, პენსია რამდენი მაქვს?.. 300 ლარი! ეს ხომ ადამიანის მასხრად აგდებაა! როგორც ყველას, მეც ეს მაწუხებს, თორემ ქართველ კაცს სხვა ქვეყნის შესანატრი და საოცნებო არაფერი აქვს. ჩვენთან რომ ნორმალური ცხოვრება იყოს და ადამიანური ყოფა გვქონდეს, საქართველოშიც კარგად ვიცხოვრებდით.

275304131-299719812273320-7230968523524784069-n-copy-1663054779.jpg

- ბევრი ამტყუნებს იმ ხალხს, რომელიც ახლაც ამერიკა-მექსიკის საზღვარზე დგას და აშშ-ში შესვლას ლამობს. ამბობენ, რომ ბევრმა მათგანმა სოფელი მიატოვა და შრომას თავი აარიდა. ამის შესახებ რას ეტყვით ჩვენს მკითხველს?

- მე ვერავის გავამტყუნებ: შეუქმენი ადამიანს ნორმალური პირობები, მიეცი საშუალება, რომ იმუშაოს, ოჯახი შეინახოს და იმ უბედურებაში თავს აღარ ჩაიგდებს. თუ საქართველოში მშიერია, აბა, რა უნდა ქნას, მოკვდეს? ვინც ამბობს, სოფელში წავიდნენ და იმუშაონო, ეტყობა, თვითონ არ გასჭირვებია, აქაც ძალიან კარგად ცხოვრობს და სხვის უბედურებაზე ადვილად ლაპარაკობს. რა უნდა დათესონ და რა მოიყვანონ, როცა არაფერი აქვთ?!. ამ ყველაფერზე რომ ვფიქრობ, ლამისაა, გული გამიჩერდეს - რა დღეშია ჩემი ქართველი ერი, უფსკრულის პირასაა!

- სამაგიეროდ, ზოგიერთები სამსართულიან ვილებს იშენებენ. ასეთ ხალხზე რას ფიქრობთ?

- ასეთი ხალხი ყველა დროში იყო და სულ იქნება. ალბათ ასე იმიტომ იქცევიან, რომ საქართველო არ უყვართ: ყველა თავის ბედნიერებაზე ფიქრობს და სხვისი უბედურება ფეხებზე ჰკიდია... სამწუხაროდ, ასეთ ხალხში ვცხოვრობთ და ამაში გასაკვირი არაფერია. კაცს ხელფასს 2-3 ათას ლარს რომ მისცემ და დიდ თანამდებობაზე დანიშნავ, ის უკვე განწირულია ქრთამის ასაღებად. ყველაფრის თავიდათავი კი მაინც ის არის, რომ ქართული სახელმწიფო ჯერ ვერ ჩამოყალიბდა. ასეთ ქვეყანაში ვინმემ ქრთამი რომ აიღოს, გასაკვირია?!. განა რამე მიკვირს. მაღალ თანამდებობაზე რომ ხარ, ხელფასიც მეტი გექნება და მანქანების ესკორტიც გაგაცილებს, მაგრამ მთავარი იცით, რა არის?.. საქართველოს საქმეს უნდა აკეთებდე და არა - შენსას. ზოგჯერ მგონია, რომ ეს ქართული გენეტიკის ბრალია: მექრთამეობა, ფლიდობა და მამაძაღლობა მაღალი თანამდებობის აუცილებელი პირობაა. ყველა თავის საქმეს იკეთებს და ამ დროს საქართველო იღუპება - სამწუხაროდ, ასეთ დღეში ვართ. ამას ისიც ემატება, რომ ჩვენს ქვეყანაში თუ ნიჭიერი ხარ, ყველანაირად დაგჩაგრავენ, ამის შესახებ ყველა დიდი მოღვაწე წერდა - კონსტანტინე გამსახურდიათი დაწყებული, ვაჟა-ფშაველამდე.

- ბატონო გივი, მსგავსი რამ საკუთარ თავზეც გამოგიცდიათ?

- არა მარტო ჩემ მიმართ... აღშფოთებას ვერ ვფარავდი, როცა ლევან ბერძენიშვილმა ერეკლე მეფეს შეურაცხყოფა მიაყენა - მეფეს, რომელიც მთელი ცხოვრება თავისი ერისთვის იბრძოდა და ათეულობით ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. არანაკლები შეურაცხყოფა მიაყენა მან გენიოს პოეტს - ვაჟა-ფშაველას და ჩვენ ეს მოვითმინეთ! ამის შემდეგ, ჩვენ ერი ვართ?.. არა ვართ ერი! იმ დღეებში მე დიდი გულისტკივილით ვთქვი, - ვუსამძიმრებ ჩემს სამშობლოს-მეთქი! გარდაცვლილი ერი ვყოფილვართ, რადგან ჩვენს დიდ წინაპრებს ვერ ვექომაგებით და თან, ერთმანეთს ვჭამთ! ამას ყველგან დაუფარავად ვამბობ, რადგან თავისუფალი სულის კაცი ვარ; არ მესმის ადამიანების, რომლებიც ერთს ფიქრობენ, მეორეს ამბობენ და მესამეს აკეთებენ.

- რას ფიქრობთ ე.წ. ოთხეულზე, რომელიც ევროპელ დიპლომატებსა და ამერიკის ელჩს აკრიტიკებს?

- რა უნდა ვთქვა?.. ეს კომედიაც არ არის, ეს უფრო ტრაგიკომედიაა. ოღონდ უნდა ვაღიაროთ, ვინც მათზე ცუდს ამბობს და აკრიტიკებს, შეიძლება ასჯერ უარესია, ვიდრე ეს ოთხეული. მათ მხოლოდ ერთ რამეში ვეთანხმები: ქვეყანას პრეზიდენტი რომ ჰყავს, ის უნდა პრეზიდენტობდეს. სხვა ქვეყნის ელჩები და დიპლომატები ჩემს ქვეყანას რატომ უნდა მართავდნენ?.. ქვეყანას უნდა მართავდეს პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი, მაგრამ ჩვენ ხომ პოლიტიკოსები აღარ გვყავს - ჩვენი საქმე ისეა, უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო.

hqdefault-1663054767.jpg

- რატომ?

- აბა, ერთი გადახედეთ ჩვენს პარლამენტს: გუშინწინ ხორცი გაყიდა, გუშინ - "პონჩიკი" და რაღაც სასწაულით, უეცრად, პარლამენტის წევრად მოგვევლინა. პარლამენტის წევრობას და კანონების მიღებას დიდი ცოდნა და განათლება სჭირდება, პარლამენტში ისეთი ხალხია საჭირო, რომელმაც ზედმიწევნით იცის კონსტიტუცია, იურისპრუდენცია, ისტორია... აბა, ჩვენ რომ პარლამენტარები გვყავს, რა იციან ან რა კანონები უნდა მიიღონ? ერთადერთი, ვინც დღევანდელ პოლიტიკოსებს შორის მომწონს, კახი კალაძეა. მან ჩემი ქალაქი გაალამაზა და ამის გამო დიდ პატივს ვცემ. ეს არის კაცი, რომელმაც თბილისი თანამედროვე ევროპულ ქალაქს დაამსგავსა.

- თქვენი აზრით, ახლო წარსულში ვინ იყო ყველაზე გამორჩეული ქართველ პოლიტიკოსებს შორის?

- ერთადერთი ნამდვილი პოლიტიკოსი, რომელიც ჩვენ გვყავდა, იყო ედუარდ შევარდნაძე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან არ მიყვარდა, ვერ დავუკარგავ, რომ მთელი მსოფლიოს პოლიტიკოსებს შორისაც კი ჩანდა და უცხოეთშიც პოპულარული იყო. ამიტომ სულ ვიმეორებ: საქართველო რომ გადარჩეს, დაახლოებით ასეთი ლიდერი გვჭირდება: მას ისე უნდა უყვარდეს საქართველო, როგორც ზვიად გამსახურდიას უყვარდა, ისეთი მებრძოლი სული უნდა ჰქონდეს, როგორიც ჩემს უფროს მეგობარს - მერაბ კოსტავას ჰქონდა, ისეთი მოხერხებული და ცბიერი პოლიტიკოსი უნდა იყოს, როგორიც ედუარდ შევარდნაძე იყო. ჩვენი ქვეყნის მმართველს ეს სამი თვისება თუ ექნება, საქართველო ნამდვილად გადარჩება. რატომღაც, ამისი მჯერა და ღრმად მწამს.

ხათუნა ჩიგოგიძე