“რა თქმა უნდა, დასვენება ჯობია, მაგრამ სულ დასვენება არ გამოდის” - გზაპრესი

“რა თქმა უნდა, დასვენება ჯობია, მაგრამ სულ დასვენება არ გამოდის”

პატარების და მათი მშობლების უმეტესობა ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის განსაკუთრებულად ემზადება. გადავწყვიტეთ, რამდენიმე მშობლისთვის ამ სამზადისის შესახებ გვეკითხა და ვთხოვეთ, თავიანთი ბავშვობის დროინდელი ემოციებიც გაეხსენებინათ, როცა სკოლაში სწავლის ახალ სეზონს იწყებდნენ...

“ჩემი მშობლისთვის არასოდეს მომითხოვია - იმას რომ აქვს, მეც მინდა-მეთქი”

სოფო ბედია:

- ახალი სასწავლო წლისთვის სამზადისი ერთგვარი რიტუალია, რომელიც თან სიხარულს უკავშირდება, თან - გულისწყვეტას: როცა ზაფხულის არდადეგები მთავრდება, თითქმის ყველას უნდა, დასვენება გაგრძელდეს. მეც ასეთი ბავშვების კატეგორიას მივეკუთვნებოდი - მსურდა, ზაფხული არასოდეს დასრულებულიყო, რადგან კარგად ვერთობოდით... ამავე დროს, არდადეგების მერე, მონატრებული კლასელების, მასწავლებლების ნახვა დიდად სასიხარულო იყო, რა თქმა უნდა. მაშინ სწავლას პირველ სექტემბერს ვიწყებდით. ეს დღე საზეიმოდ მიიჩნეოდა. სასიამოვნოდ მახსენდება...

ჩემი უფროსი შვილი - ნიკუშა მერვე კლასში გადავიდა. ახალი სასწავლო წლისთვის ვემზადებით: შევიძინეთ სამოსი, ჩანთა, სხვადასხვა ნივთი, რაც ბავშვს სწავლისთვის სჭირდება. წიგნები სკოლაში დაურიგეს (მეოთხე საჯარო სკოლაში სწავლობს). ძალიან უხარია, რომ კლასელებს, მასწავლებლებს ნახავს. კარგი კლასი ჰყავს... ვერ ვიტყვი, სამოსში სასწაულ ფასებს ვიხდი-მეთქი. თითქმის ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი ბრენდების სამოსს ვიძენ. როგორი დიდი ფინანსური შესაძლებლობაც უნდა მქონდეს, ვფიქრობ, ბავშვი ჩვეულებრივად, ადამიანურად უნდა გაიზარდოს. ჩემს ბავშვობაში ფაქტობრივად, ყველა ადამიანს უჭირდა - რთული გზა გამოვიარე. არ მინდა, ჩემი შვილები განსაკუთრებულ ფუფუნებაში გაიზარდონ. მათ შრომის ფასი უნდა იცოდნენ. გაცნობიერებული უნდა ჰქონდეთ, რომ რაღაცის მიღწევა მარტივად არ ხდება. პირადად მე, შვილებს ყველანაირად დავეხმარები - ცხადია, არ მინდა, ჩვენმა შვილებმა იგივე ნახონ, როგორი სიტუაციაც ჩემს ბავშვობაში ჩვენს ქვეყანაში იყო. ღმერთმა იგივე არც ერთ ბავშვს ანახვოს, მაგრამ გაჭირვების ფასი და ის უნდა იცოდნენ, რომ საჭირო არ არის, რაღაცით ვინმესგან გამორჩეული იყო. ჩვენს ოჯახში უფროსებიც აბსოლუტურად ჩვეულებრივი ადამიანებივით ვცხოვრობთ. მინდა, ჩემი შვილებიც ასე გაიზარდონ...

პირადად მე, პრანჭიაობა ბავშვობიდან მიყვარდა. ალბათ, ახალი ტანსაცმლით ვერც ერთი ბავშვი ვერ “გაძღება”, მაგრამ ჩემს შემთხვევაში, ელემენტარულზე იყო საუბარი - 2 ხელი სამოსი და ფეხსაცმელი მაინც რომ გვქონოდა... რა თქმა უნდა, იყო პერიოდები, როცა ძალიან გვიჭირდა. ყოველ შემთხვევაში, ჩემი მშობლისთვის არასოდეს მომითხოვია, - იმას რომ აქვს, მეც მინდა-მეთქი. ჩემი ოჯახის სიტუაციას ყოველთვის ვაცნობიერებდი, რეალობას აბსოლუტურად ადეკვატურად ვაფასებდი. ძალიან მომთხოვნები არც ჩემი შვილები არიან. თან, ბიჭები გახლავან. შეიძლება, გოგონებს გაპრანჭვა უფრო მეტად უყვართ, თუმცა მაგალითად, უმცროსი ვაჟი - ანდრია ჩაცმას დიდ ყურადღებას უთმობს, სამოსის ფერებს ერთმანეთს უხამებს. ალბათ, დღეში მინიმუმ, ათჯერ იცვლის. აკვირდება, რას რა უხდება, მერე წავა გამოიცვლის მეორედ, მესამედ... მოკლედ, “ფეშენ ვიკზე” ვართ (იცინის). მას ახალი სასწავლო წელი საბავშვო ბაღში ეწყება. იქაურობა ძალიან მოსწონს... უფროსი ძალიან უპრეტენზიოა - რასაც ვუყიდი, იმას ჩაიცვამს. თავად ვხვდები, რა უნდა და როგორც შემიძლია, გულს ისე ვუხარებ... საერთოდ, ძალიან კონტაქტური ბავშვები მყავს - ურთიერთობები უყვართ, კეთილები არიან. დედისთვის ამაზე დიდი ბედნიერება დედამიწაზე არ არსებობს...

ჩემთვის ახალი სასწავლო წლის დაწყება განტვირთვა არაა, პირიქით - ბავშვებმა ახლა უნდა ისწავლონ, სხვადასხვა წრეზე (ცეკვა, სპორტი...) იარონ, მაქსიმალურად დაიტვირთონ... ახლა უფრო მეტი ყურადღების გამოჩენა მჭირდება, ვიდრე მაგალითად, დასვენების დროს. საერთოდ, ბავშვებს ყურადღება სულ სჭირდებათ. თან, ნიკა უკვე თინეიჯერობის ასაკშია. მოგეხსენებათ, მოზარდების ფსიქიკური მდგომარეობა როგორია: იზრდებიან, ვითარდებიან, სხვანაირი ადამიანები ხდებიან... ფაქიზი და ადამიანური მიდგომები სჭირდებათ. რაც მთავარია, შვილებთან ვმეგობრობ. მოკლედ, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, ჩემთვის უფრო მეტად დაძაბული სიტუაცია იწყება: სულ ყურადღებით უნდა ვიყო, რომ იმეცადინონ, ისწავლონ, წარმატებულები იყვნენ სკოლაში, თავიანთ არჩეულ საქმეში...

lasha-da-marta-copy-1663568586.jpg

“სკოლაში წასვლა მართლა არ მიყვარდა, გეფიცები!”

ლაშა რამიშვილი:

- წელს სკოლაში ჩვენი მესამე შვილი, ერეკლეც მიდის - პრეცედენტი დაუშვეს, რომ 5 წლისამ სკოლაში სწავლა დაიწყოს. ცოტა ხნის წინ, ტანსაცმლის ნაწილი ჩემი ძმაკაცის მაღაზიაში შევიძინეთ, ახლა კი ვისვენებთ - ხინკალს “ვემეგობრებით”. შემდეგ ჩანთების საყიდლად წასვლას ვაპირებთ - მაღაზიები უნდა “დავლაშქროთ”... ასეთ გაწამაწიაში ვართ. ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, მართასთვის ვერაფერი შევარჩიეთ. მას ნამდვილად პრეტენზიული გემოვნება აქვს. წეღან საოცარი ჰუდი გაისინჯა. ფერი მოეწონა, მაგრამ ამბობს, - დიდი ზომის იყოო... უფროსი ვაჟისთვის საკმაოდ ბევრი შარვალი, ზედატანი, პერანგი შევარჩიეთ. უმცროსს რაც შეეხება, აი, აქვე დგას და ღრმა მელანქოლიაში ჩავარდნილი მიზანთროპიის ბურუსში იძირება, რადგან იმდენი ხინკალი ჭამა, მგონი, ვეღარ ინძრევა (იცინის)...

სამოსის შეძენისას, როგორც წესი, ჩემი შვილები ტანსაცმელს ჯერ იზომავენ, შემდეგ ამბობენ, მოსწონთ თუ არა, მერე კი ჩემს რჩევებსაც ყურს უგდებენ... უფროსი ვაჟისთვის სამოსს რომ ვარჩევდი, მაღაზიაში ისეთი კარგი რაღაცები იყო, რომ ჯინსის რამდენიმე შარვალი და ზედატანი ჩემთვისაც ვიყიდე - ბავშვებს სკოლაში ახალ ტანსაცმელში გამოწყობილი წავიყვან. ახლა თმა უნდა შევიჭრა. უმცროს შვილსაც უნდა შევჭრა... მოკლედ, მე და ბელაც (ჩემი მეუღლე) ვემზადებით, რომ პირველკლასელი ერეკლე რამიშვილი სკოლაში შევიყვანოთ. ერეკლეს სკოლაზე მშობლებისგან კარგი წარმოდგენა აქვს შექმნილი, მაგრამ და-ძმისგან - საშინელი: ლაშა გიორგიმ უთხრა, - სკოლის კართან დიდი ბუა დაგხვდებაო, მართამ კი - თუ ვინმე რამე ცუდს გეტყვის, მე მითხარი და თავში რაღაცას ჩავათხლიშავო!.. აი, ასეთ ქაოსში ვართ... ახალი სასწავლო წლის დაწყება ჩემთვის კიდევ უფრო მეტად დატვირთვაა, რადგან სამივე ბავშვი რაღაც წრეებზე დადის, რაც ფინანსურად მე უნდა უზრუნველვყო. პლუს, შვილებს ისედაც იშვიათად ვხედავ. სავარაუდოდ, ახლა კიდევ უფრო იშვიათად ვნახავ, მაგრამ ფაქტია: კარგია, რომ სკოლაში მიდიან... იყო დრო, როცა ავტომობილი გვემსახურებოდა, მაგრამ ახლა ბავშვების სკოლაში წაყვანაც მე “შემეტენა”. მანქანა მეუღლესაც ჰყავს, თუმცა გაირკვა, რომ თურმე, შვილების სკოლაში წაყვანაც და მოყვანაც მე უნდა ვიკისრო - მეუღლე დაჟინებული მზერით მანიშნებს, რომ ასე იქნება და ფეხს ფეხზე მირტყამს. ფაქტობრივად, ჟურნალმა “გზამ” დამღუპა - თქვენ წამოჭერით ეს საკითხი (იცინის)... პირადად მე, სკოლაში წასვლა მართლა არ მიყვარდა, გეფიცები! მიუხედავად იმისა, რომ მეხუთე კლასამდე კარგად ვსწავლობდი, მერე კი ჰუმანიტარულ საგნებს და ინგლისურს - ძალიან კარგად, იქაურობა მაინც არ მიყვარდა. თუკი კონცერტი ან სკოლის რამე ღონისძიება იმართებოდა, მაშინ იქ საჭირო ვიყავი და აუცილებლად მივდიოდი, ოღონდ - ძალდატანებით...

maka-1-copy-1663568642.jpg

“განსაკუთრებული სამზადისი და ვნებათაღელვის შეგრძნება არასდროს მქონია”

მაკა ძაგანია:

- ახალი სასწავლო წლისთვის არანაირი სამზადისი არ მაქვს. ბავშვს რამდენიმე რვეული უნდა ვუყიდო - ეს არის და ეს (იღიმის). არ მინდა, სხვა მშობლებს იმედი გავუცრუო, ვინც დიდ სამზადისშია... პირადად მე, ბავშვობაში ახალი სასწავლო წლის დაწყება მიყვარდა, მაგრამ განსაკუთრებული სამზადისი და ვნებათაღელვის შეგრძნება არც მაშინ მქონია და არც - ჩემი შვილების მოსწავლეობისას. შეიძლება ბავშვობაში, პირველი სექტემბრის სამზადისით ბედნიერიც ვიყავი და აღარ მახსოვს (იცინის). ჩემს შვილებს ასეთი მოთხოვნები არ ჰქონიათ, რომ სწავლის დაწყებისთვის რაღაც ახალი ჰქონოდათ. რაც სჭირდებათ, ვყიდულობთ, სექტემბრის დასაწყისშიც და ოქტომბერშიც - დროს რა მნიშვნელობა აქვს? სკოლისთვის მაგალითად, აუცილებლად ახალი ტანსაცმლის შეძენა არ გვჩვევია. თუნდაც, ჩანთა ჩემს შვილს აქვს და რატომ უნდა მეყიდა? ასეთი დამოკიდებულება მაქვს. ალბათ, ამის ფუფუნებას ბავშვებიც მაძლევენ, რომ არ მთხოვენ, - აი, ყველას აქვს და მე არაო. თუ ასეთი მოთხოვნები ექნებათ, ალბათ, მეც იმავეს გავაკეთებ, რასაც მშობლების უმეტესობა აკეთებს...

siko-ojaxi-1-copy-1663568659.jpg

“ჩვენი საზრუნავი იყო, რომ სკოლაში ახალი ტანსაცმლით მივსულიყავით”

სიკო ჭუმბურიძე:

- ახალი სასწავლო წლის დაწყება ყოველთვის მახარებდა მონატრებული სკოლით, კლასელებით... ყოველი ახალი სასწავლო წლისთვის ჩვენი საზრუნავი იყო, სკოლაში ახალ ტანსაცმელში გამოწყობილი მივსულიყავით. სწავლას პირველ სექტემბერს ვიწყებდით. ეს დღე სიხარულთან, ბედნიერ წუთებთან ასოცირდებოდა, რადგან სკოლა ძალიან მიყვარდა. ჩემს ბავშვებსაც უყვართ. მიხარია, რომ თანაკლასელების და საერთოდ, სკოლის მიმართ ასეთი სიყვარული აქვთ. რა თქმა უნდა, შვილებს საყიდლებზეც დავყვები - ესეც ურთიერთობის ერთ-ერთი ფორმაა: ერთად დავდივართ, ვარჩევთ, ჩანთა როგორი უნდა იყოს... ბავშვებსაც უხარიათ. სკოლაში ახალი ჩანთით უნდა მივიდნენ. შარშანდელი დახეული არ არის, მაგრამ - მაინც (იცინის)... სკოლის არდადეგები რომ სრულდება, ჩემთვის ეს განტვირთვა არაა, პირიქით - შვილები სულ მენატრება. პატარები ნამდვილად არ მაწუხებენ. იმისთვის ვცხოვრობთ, რომ მათ იმხიარულონ, იხმაურონ... ნამდვილად არ მღლიან. ძირითადად, მეც დაკავებული ვარ და დღის განმავლობაში, მათ მაინც ვერ ვნახულობ, საღამოობით კი ისევ ერთად ვიქნებით. ასე რომ, დიდად არაფერი შეიცვლება: როცა ბავშვები სწავლობენ, მე ვმუშაობ. მეც რომ ვისვენებდი და ყველანი ერთად ვიყავით, კარგი იყო. რა თქმა უნდა, დასვენება ჯობია, მაგრამ სულ დასვენება არ გამოდის. ახალი სასწავლო წლის დაწყებას ყველა მოსწავლეს ვულოცავ, განსაკუთრებით - პირველკლასელებს!..

ეთო ყორღანაშვილი