"შარში გახვეული" თათული ედიშერაშვილი და ბედნიერების განცდა, რომელიც აშინებს - გზაპრესი

"შარში გახვეული" თათული ედიშერაშვილი და ბედნიერების განცდა, რომელიც აშინებს

თათული ედიშერაშვილმა მსახიობობასთან ერთად, პროდიუსერის პროფესია შეითავსა. "ბამბის აღმართი" - ასე ჰქვია ახალ ქართულ სერიალს, რომელზეც მსახიობი რეჟისორ კახაბერ შარტავასთან ერთად მუშაობს. ორი სერია მაყურებელმა უკვე იხილა. რამდენად რთული აღმოჩნდა ახალ გამოწვევასთან გამკლავება, როგორია მუშაობა კამერის უკან და რა არის ამ სერიალის მთავარი სათქმელი? - ამ ყველაფერზე თათული ედიშერაშვილი გვესაუბრება.

- სერიალის - "ბამბის აღმართი" გადაღების იდეა 3 წლის წინ გამიჩნდა. მე და ჩემმა მეგობარმა და კოლეგა კახაბერ შარტავამ გავაკეთეთ ონლაინ არხი "პირველი სტუდიო", სადაც არაერთი საინტერესო იდეა განვახორციელეთ. სერიალის გადაღების იდეა კახას ეკუთვნის. როდესაც მითხრა: მოდი, სერიალი გავაკეთოთო, თავიდან ცოტათი შემეშინდა. 2007 წლიდან ქართული სერიალების ინდუსტრიაში ვარ, საკმარისი გამოცდილება მაქვს იმისთვის, რომ განმესაზღვრა, რამდენად რთულ საქმესთან მოგვიწევდა შეჭიდება. სითამამე გვეყო, გავრისკეთ და ორი საცდელი სერია გადავიღეთ. შემდეგ ეს ნამუშევარი სხვადასხვა არხის მედიამენეჯერებს ვაჩვენეთ. ინტერესი ბევრი მხრიდან წამოვიდა, საბოლოოდ კი გადაწყდა, რომ ჩვენზე არჩევანი "რუსთავი 2"-მა გააკეთა. სერიალთან დაკავშირებით ვაკო ავალიანს დიდი მოლოდინი აქვს და იმედია, გავამართლებთ.

- სცენარისტის ვინაობა დღემდე არ არის ცნობილი. რატომ?

- ეს თავად სცენარისტის გადაწყვეტილებაა. ის თქვენთვისაც და ფართო საზოგადოებისთვისაც კარგად ცნობილი პიროვნებაა, ჩვენი თანამედროვე ავტორი გახლავთ, ფანტასტიკური გოგოა. ძალიან კარგი ავტორია, პიესებს წერს, თუმცა სატელევიზიო სცენარზე მუშაობა მისთვის პირველია, ამ საქმეში დიდი ინტერესით და მონდომებით ჩაერთო. ჩვენ ერთმანეთს ნდობა გამოვუცხადეთ. გული მწყდება, საკუთარი ვინაობის გამხელა რომ არ სურს. იმდენად მოკრძალებული პიროვნებაა, სულ ვეუბნები, - ამ საუკუნის ადამიანი არ ხარ-მეთქი.

96090237-2878509668905242-8699995375227895808-n-copy-1663661697.jpg

- ტექსტი გადაღებების პარალელურად იწერება?

- დიახ, დასაწყისში არის ბევრი ხაზი, რამდენიმე ლოკაცია, ოჯახი... ეს უკვე მარკეტინგული ამბავია, მაყურებელი რასაც აიტაცებს, იმ ხაზს გავყვებით. სერიალს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, ნებისმიერ დროს დაიწყოს ნებისმიერი ამბავი ან დაამთავროს და ამით მაყურებელზე შთაბეჭდილება მოახდინოს.

- როგორც ვიცი, თქვენი პერსონაჟი სერიალში თავდაპირველად არ იყო, მომდევნო სერიების სცენარშიც არ არსებობდა, ასეა?

- პროექტის ხელმძღვანელი და პროდიუსერი უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ ისე მოხდა, რომ ერთ-ერთი პერსონაჟიც გავხდი. არ მიფიქრია, მეთამაშა, რამდენად უცნაურადაც უნდა ჩანდეს. ორი სერია რომ გადავიღეთ, ერთ დღეს დამირეკა რეჟისორმა და მითხრა, ისეთი პერსონაჟი მინდა, რომელთანაც ეს ჩვენი მძიმე ისტორიის მქონე პერსონაჟი მივა და ჩაეხუტებაო. ამიხსნა, ეს როგორი სცენა უნდა ყოფილიყო, რამდენად ემოციური და შთამბეჭდავი კადრი უნდა გადაღებულიყო. უეცრად სუნთქვა შემეკრა. ამ როლის შესრულება ბეწვის ხიდზე სიარულია. ბევრი წელია, ადამიანებს ვაცინებ ეკრანიდან და უეცრად, დრამატული როლით გამოჩენა მარტივი არ არის. თეატრში არაერთხელ მქონდა შესაძლებლობა თავი განსხვავებულ როლებში მომესინჯა, მაგრამ ეკრანს სხვა დონის მასშტაბურობა და დიდი ძალა აქვს, სხვა ჯადოქრობები გააჩნია. კახაბერმა ჩემი პერსონაჟი იმდენად საინტერესოდ დამიხატა, უარი როგორ უნდა მეთქვა?!

- თქვენს პერსონაჟზე რას გვეტყვით, ვინ არის?

- მას შემდეგ, რაც სერიალის პრომო გავიდა, მაყურებლების უმრავლესობას გაუჩნდა განცდა, რომ ჩემი პერსონაჟი არის ავად, მძიმე სენით დაავადებული. ასე არ არის. ის დამხმარე, დამლაგებელი ქალია, რომელიც სხვადასხვა ოჯახში მუშაობს და შესაბამისად, ვითარდება სხვადასხვა ამბავი. თუმცა, ეს არ არის სერიალის მთავარი პერსონაჟი.

pilmidan-copy-1663661711.jpg

- აზარტული თამაშები, ოკუპაცია, სოციალური პრობლემები... სერიალში ჩვენი რეალობის სხვადასხვა თემაა გაშლილი.

- დიახ, ვეხებით ემიგრაციის, გაშვილების თემასაც... ეს სერიალი არის ჩვენზე, ყველაზე. ძალიან გაპრანჭული და უდარდელი ლაქშერი საზოგადოებაც გვყავს, რაღაც-რაღაცებს პრობლემას რომ არქმევენ. სერიალი არ არის პოლიტიკაზე, მკაცრად გვინდა ეს ხაზი არ გადავკვეთოთ. მაყურებელი ვერ მოისმენს ბილწსიტყვაობას - ამასაც მკაცრად დავიცავთ, კატეგორიულად წინააღმდეგი ვართ. ვფიქრობ, სერიალი უნდა იყოს ყველაზე და უყუროს ყველამ.

- სახალისო ამბებიც ხდება, არა?

- რა თქმა უნდა, არის შეფარული იუმორიც. სერიალში ხდება ყველაფერი, რაც ხდება ცხოვრებაში. რეალური ამბებია. მოგონილი, ფანტასტიკური და ზღაპრული სამყარო არ არის. ეს არის სერიალი ჩვენზე, ადამიანებზე, საქართველოზე, ქართველებზე, როგორ ვცხოვრობთ, რა გვიხარია და ა.შ.

- პროდიუსერობა რთული აღმოჩნდა?

- ეს რა ყოფილა, ახალ პროფესიას ვსწავლობ, ნერვიულობისგან შოკში ვარ, კამერის უკან დგომა რა ყოფილა, აღარ შემიძლია, საკუთარ თავს ყოველდღე ახალ გამოცდას ვუტარებ. ისე ვღელავ, ისე, რომ რა გითხრათ. მეშინია, ყველაფერი, რაც აქამდე მიკეთებია, წყალში არ ჩამეყაროს. საკუთარი თავის გარდა, პასუხისმგებლობა მაქვს ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ეკრანზე გამოჩნდება. პროდიუსერობა არ ყოფილა მარტივი, ურთულესია ამ პოზიციიდან უყურო და შეაფასო შენი კოლეგა. შარში ვარ გახვეული, მაგრამ კარგ შარში.

სერიალის მუსიკის ავტორი ლევან ბაშარულია. ის რამდენიმე წელია ევროპაში ცხოვრობს, კინომუსიკას წერს. პირადი ნაცნობობა არ მქონდა, მაგრამ მის მუსიკას ვუსმენდი, სულ მომწონდა და ვფიქრობდი, ეს რა მაგარი ბიჭია-მეთქი. როდესაც დავუკავშირდი, აღმოაჩინა, ურეკავს თათული, რომელსაც დიდი ხანია, ეკრანზე თვალს ადევნებს. ემოციების გაცვლის შემდეგ, ვკითხე, დახმარებას თუ შეძლებდა? ამ შემთხვევაში არანაირ ჰონორარზე ლაპარაკი არ ყოფილა, მაშინვე დამთანხმდა. არ შეიძლება, ადამიანს ეს არ დაუფასო. კინომუსიკის კეთება მარტივი ამბავი არ არის და საერთოდ, პროფესიონალურ დონეზე არაფრის კეთება არაა მარტივი. საოცარი გუნდი შეიკრა, მუსიკა, მხატვრობა, ტექნიკური ჯგუფი, მსახიობები... ძალიან ბედნიერი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ შინ დილის 6 საათზე ვბრუნდები და 11 საათზე გავდივარ. ამ ბედნიერების ცოტათი მეშინია.

- მსახიობების შერჩევაში რამდენად ჩაერიეთ?

- მე და კახაბერს დიდი სანაცნობო, სამეგობრო, სანათესავო (ნათელ-მირონის სახით) წრე გვყავს, თუმცა არც ერთი მსახიობი არ მოსულა ჩვენთან იმის გამო, რომ მეგობარია. ჩემი აზრით, ეს დათვური სამსახურია, რაზეც შეგნებულად არასდროს წავალ. ჩვენ გვქონდა ოფიციალური კასტინგი, სადაც ბევრი განაცხადი შემოვიდა. კარგი ახალგაზრდები მოვიდნენ, ახალი სახეები, რომლებიც ეკრანს სულ აკლია. ისეთი კარგი, ნიჭიერი გოგო-ბიჭები არიან, არ შეიძლება, არ გამოაჩინო, შანსი არ მისცე, საქმე არ აკეთებინო. ყველამ ვიცით, სწორ ადგილზე სწორ დროს მოხვედრა რამდენად მნიშვნელოვანია. სერიალში თამაშობენ ლილი ხურითი, სლავა ნათენაძე და კიდევ ერთი სახელოვანი არტისტი, რომლის ვინაობასაც ჯერ არ ვამხელთ, მაყურებლისთვის მისი გამოჩენა სიურპრიზი იქნება. ბუნებრივია, მათი როლებისთვის კასტინგი არ გვქონია. მსახიობის როლზე დამტკიცებასთან დაკავშირებით საბოლოოდ გადაწყვეტილებას რეჟისორი იღებს, რადგან მე რეჟისორის თვალით ვერასდროს დავინახავ. ძალიან ვფრთხილობ, იმაზე მეტად არ ჩავერიო, რაც ჩემი კომპეტენცია არ არის. აზრების გაცვლა-გამოცვლა ჩვენ შორის სულ ხდება, ეს ჯანსაღი სამუშაო პროცესია.

ახლა იმაზე მეტად ვღელავ, ვიდრე მაშინ, "შუა ქალაქში" რომ იწყებოდა. იმ პერიოდში ასაკით პატარა, გამოუცდელი და მეტად თამამიც ვიყავი. ახლა ისეთი ღელვა მაქვს, ვერც ავხსნი. ეს ღელვა თან სასიამოვნოც არის. ჩემი მეუღლე მეუბნება, მარაზმატიკი ხარო, მაგრამ მომწონს ეს მდგომარეობა და რა ვქნა? ის შორს არის ჩემი პროფესიისგან, ამიტომ არ ესმის, ეს ნერვიულობა რატომ მომწონს.

- ამ სერიალის მთავარი მესიჯი, მაყურებლისთვის მთავარი სათქმელი რა იქნება?

- ჩვენ ჩვენი პროფესიებით ვალდებულები ვართ, ერთმანეთს მხარში ამოვუდგეთ. კარგი ვუთხრათ, ცუდზე მივანიშნოთ. სერიალი არის იმედზე და იმაზე, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. არ არსებობს მორალი მეგობრის ღალატში... "ბამბის აღმართი" ადამიანური ურთიერთობების ძალაზეა. სხვადასხვა სოციუმში ადამიანებს სხვადასხვა პრობლემა აქვთ. ერთი და იმავე ასაკის ორი ადამიანიდან, ერთი შეიძლება განიცდიდეს დიზაინერის ნაკერების თანწყობას და მეორე იმას, რომ სწავლის ფული არ აქვს. ეს ხომ ჩვენ ირგვლივ ხდება. მთავარი სათქმელია ის, რომ პრობლემისგან ტრაგედია არ უნდა შევქმნათ, რადგან ერთმანეთის მხარში დგომას წარმოუდგენელი ძალა აქვს.

თამუნა კვინიკაძე