"ბავშვებთან შოკოლადი მიმქონდა, ვითომ დედა ვიყავი და მათ ვურიგებდი" - გზაპრესი

"ბავშვებთან შოკოლადი მიმქონდა, ვითომ დედა ვიყავი და მათ ვურიგებდი"

"20 წლის ასაკში უკვე ქვრივი ვიყავი! ძალიან რთული, სევდითა და იმედგაცრუებით, მაგრამ ამავე დროს, დიდი სიხარულით და წარმატებით სავსე ცხოვრება მქონდა", - გვითხრა კომპოზიტორმა ნუნუ გაბუნიამ, რომელმაც თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებზე ჟურნალისთვის "გზა" გულახდილად ისაუბრა...

- ბავშვობის წლები ძალიან ტკბილად მახსენდება - ოპერის თეატრის გვერდით, რუსთაველზე დავიბადე და გავიზარდე. ეტყობა, ამან განსაზღვრა ჩემი მომავალი: რომ არა ოპერასთან სიახლოვე და მუდმივი კონტაქტი, არ ვიცი, რა სპეციალობას ავირჩევდი და რა გზას დავადგებოდი. ჩემს პროფესიულ არჩევანს ხელი იმანაც შეუწყო, რომ ჩვენს სახლში იდგა პიანინო, რომელიც დედაჩემს მზითევში მოჰყვა. ეს საკრავი მაშინ იშვიათობა იყო. დღეს პიანინო ან როიალი ლამის, ყველა ოჯახში დგას, მაშინ კი ასე არ გახლდათ. სამი წლის ვიყავი, როცა მეზობელმა გოგონამ, რომელიც უზომოდ იყო შეყვარებული კლასიკურ მუსიკაზე, ოპერაში წამიყვანა. რაჰილი - ასე ერქვა ჩემს მეზობელს, ის ბერძენი იყო, დედამისი ოპერის თეატრში დამლაგებლად მუშაობდა და ჰქონდა საშუალება, სპექტაკლებზე შევეყვანეთ. ახლაც მახსოვს პირველი შთაბეჭდილება, რომელიც ოპერამ დამიტოვა.

- ესე იგი, 3 წლის ასაკში სერიოზულ სპექტაკლებს უსმენდით?

- დიახ, ასე იყო. ზღაპრულ სამყაროში მოვხვდი, არაჩვეულებრივი დეკორაციები, კოსტიუმები და ბალერინების სილამაზე თვალს მჭრიდა. სულ მალე ჩემი ბავშვობის ოცნებაც გამოიკვეთა: ძალიან მინდოდა ბალერინა გავმხდარიყავი, მაგრამ წლების შემდეგ, მუსიკამ გამიტაცა და ჩემი გეგმები შეიცვალა.

gocha-da-nunuu-copy-1663662075.jpg

- როგორ გახსენდებათ 40-50-იანი წლების თბილისი?

- თბილისი ინტერნაციონალური ქალაქი იყო. სხვადასხვა ეროვნების ბავშვები გვერდიგვერდ ვიზრდებოდით და ერთად ვთამაშობდით. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ჩვენთან ასე თუ ისე, მშვიდობა იყო და თბილისს ძალიან ბევრი ცნობილი ხელოვანი აფარებდა თავს. ოპერაც, სულ გადავსებული გახლდათ ხალხით. სხვათა შორის, ჩვენს ქუჩაზე ცხოვრობდა თამარ გვერდწითელის ოჯახიც - ისინი ომის დროს ოდესიდან წამოვიდნენ და აქ დასახლდნენ. ჩემი ბავშვობის მოგონებებს შორის ოპერის ბაღს განსაკუთრებული ადგილი უკავია: იქ არაჩვეულებრივი სილამაზის ყვავილები ხარობდა, ბავშვები ამ ბაღში დავრბოდით და ვთამაშობდით. შესვენების დროს, მომღერლები ბაღში სხდებოდნენ, ამიტომ, თითქმის ყველა ცნობილ მომღერალს ვიცნობდით. ვინ იცის, ვის არ ნახავდით ოპერის ბაღში: ნადეჟდა ხარაძეს, ბათუ კრავეიშვილს, პეტრე ამირანაშვილს და კიდევ ბევრ ცნობილ ადამიანს.

- დედ-მამაც მუსიკოსები იყვნენ?

- არა, მაგრამ მუსიკა ორივეს ძალიან უყვარდა. დედაჩემი, ლუბა დიასამიძე სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობდა, მაგრამ ჩემი ძმა რომ დაიბადა, სწავლას თავი დაანება. სასიამოვნო ტემბრის ხმის მქონე დედაჩემს მუსიკალური სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული და სულ მღეროდა. ოჯახში პატარაობიდანვე მესმოდა საოპერო არიები, რომანსები და 6-7 წლისამ უამრავი არია ზეპირად ვიცოდი. მამაჩემი, ნიკოლოზ გაბუნიაც კარგად მღეროდა, სასიამოვნო ბარიტონი ჰქონდა და ოპერაც ძალიან უყვარდა. ის პროფკავშირებში მუშაობდა, რომელიც მაშინ მეორე სახელმწიფო იყო სახელმწიფოში. ამიტომ, მანქანა გვემსახურებოდა და მაშინ, როცა მაღაზიებში არაფერი იშოვებოდა, ჩვენს ოჯახს არაფერი მოჰკლებია. მახსოვს, დედაჩემს შოკოლადის ფილები რომ მოჰქონდა, მე ეს შოკოლადი სკოლაში, ბავშვებთან მიმქონდა, ვითომ დედა ვიყავი და მათ ვურიგებდი. მესამე მუსიკალურ სკოლაში ვსწავლობდი, რომელიც იმდროინდელ ათარბეგოვის ქუჩაზე მდებარეობდა, ახლა ამ ქუჩას ჭავჭავაძის სახელი ჰქვია. ამ სკოლაში 7 წლის ასაკში შემიყვანეს. როგორც გითხარით, საოპერო არიები ზეპირად ვიცოდი და პედაგოგები გაგიჟდნენ, რომ დაინახეს, ეს პატარა გოგონა ასეთ სერიოზულ პარტიებს ვმღეროდი.

- პირველი ნოტები დამოუკიდებლად როდის დაწერეთ?

- 8 წლიდან უკვე ვწერდი. ცხადია, ბავშვურად, გულუბრყვილოდ, მაგრამ მაინც მეგონა, რომ მუსიკას ვქმნიდი... ფორტეპიანოს არაჩვეულებრივი პედაგოგი მასწავლიდა - ირინა ლანშტრასსე, რომლის გაკვეთილებზე მისვლა მიხაროდა. მასწავლებელზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. მის შემდეგ დედამ იქვე, ახლოს მცხოვრებ პედაგოგთან მიმიყვანა, რომელიც მეტისმეტად მკაცრი იყო. სახლში ყველაფერს არაჩვეულებრივად ვუკრავდი და მასთან ვიბნეოდი, მხოლოდ იმ სახაზავს ვხედავდი, რომელიც როიალზე ედო. მისმა მოწაფეებმა ვიცოდით: ერთი ნოტიც რომ აგვრეოდა, სახაზავს მაშინვე ხელზე დაგვარტყამდა. ყველაფრის მიუხედავად, მუსიკას ვერ ვუღალატე და სასწავლებლის დასრულების შემდეგ, კონსერვატორიაში ჩავაბარე, სადაც რექტორმა, იონა ტუსკიამ თავის კლასში ამიყვანა. მე რომ შევედი, კონსერვატორიას ამთავრებდნენ: გია ყანჩელი, ვაჟა აზარაშვილი, ნუგზარ ვაწაძე და სხვა ნიჭიერი მუსიკოსები. მიხაროდა, რომ გაკვეთილები მათთან ერთად გვიტარდებოდა და იონა ტუსკია ერთმანეთის ნაწარმოებებს გვასმენინებდა. სამწუხაროდ, ის მერე საფრანგეთში გაემგზავრა და იქვე გარდაიცვალა, ამიტომ ჩემი ხელმძღვანელი არაჩვეულებრივი პედაგოგი - ალექსანდრე შავერზაშვილი გახდა. კონსერვატორიაში ორი ფაკულტეტი დავამთავრე - ჯერ საკომპოზიტორო და მერე - ვოკალის. ამის შემდეგ რადიოში მიმიწვიეს, საბავშვო მუსიკალური გადაცემების რედაქციაში, სადაც წლების განმავლობაში რედაქტორად ვმუშაობდი, ჟურნალისტური საქმიანობაც დავიწყე და ეს ჩემი საყვარელი საქმე გახდა.

patarebii-copy-1663662105.jpg

- გოჩა აბაშიძე სად გაიცანით?

- ის უკვე პოპულარული მსახიობი იყო, როცა სრულიად შემთხვევით გავიცანი ნათესავის დაბადების დღეზე. მახსოვს, როგორ არ მინდოდა იქ წასვლა, რადგან გაცივებული ვიყავი, მაგრამ გოგონა, ვისთან ერთადაც მივდიოდი, არ მომეშვა. რომ მივედით, გოჩა და ნუკრი ალხაზიშვილი იქ იყვნენ. უკვე ცნობილი მსახიობების დანახვა ძალიან გამიხარდა. დაბადების დღიდან გოჩამ გამოგვაცილა, მეორე დღეს კი სახლში მოგვადგა და იმის შემდეგ აღარც მოგვშორებია. ძალიან თბილი და უშუალო ბიჭი იყო; მარტო ჩემს ოჯახს კი არა, ჩვენს მეზობლებსაც დაუახლოვდა. მე ჯერ სკოლაც კი არ მქონდა დამთავრებული და ოჯახის შექმნაზე საერთოდ არ ვფიქრობდი. ის, ნუკრისთან ერთად, დღედაღამ ჩვენთან იყო. გოჩას ყველა იცნობდა, ყველას უყვარდა, მე კი, როგორც ძმას, ისე ვუყურებდი. საერთოდ არ ვიცოდი, თუ მოვწონდი და ვუყვარდი, მაგრამ იმდენი მოახერხა, რომ გადავწყვიტე, ცოლად გავყოლოდი. ხელი ჩუმად მოვაწერეთ და ისე დავქორწინდით, დედაჩემმაც კი არ იცოდა. 18 წლის ასაკში შვილი გამიჩნდა, ხოლო 20 წლისა უკვე ქვრივი ვიყავი. ჩემი მეუღლე 24 წლის ასაკში წავიდა ამ ქვეყნიდან. მიუხედავად იმისა, რომ უკვე გაშორებული ვიყავით, ეს ჩემთვის დიდი ტკივილი იყო, იმის შემდეგ აღარ დავოჯახებულვარ.

- მართალია, რომ თქვენი განშორება და გოჩა აბაშიძის თვითმკვლელობა ცნობილი მსახიობი ქალის მიზეზით მოხდა?

- დავიწყებ იმით, რომ ლეილა ძალიან მიყვარდა. ის ჩემს მულად მიმაჩნდა, თვითონაც "რძალს" მეძახდა, რადგან გოჩა და ლეილა ახლო ნათესავები იყვნენ. მეც მეამაყებოდა, რომ ასეთი მული მყავდა. ის ჩვენთან ხშირად შემოირბენდა ხოლმე. საშინელებაა, როცა ადამიანი გიყვარს და მასზე ასეთ რამეს გაიგებ. ძალიან შეურაცხყოფილი ვიყავი და გოჩასგან ამიტომ წამოვედი. მე მას ცოლად იმიტომ გავყევი, რომ მეუბნებოდა, - თავს მოვიკლავ, თუ ჩემ გვერდით არ იქნებიო! მეცოდებოდა, ისედაც უბედური ბიჭი იყო: მამა დაპატიმრებული ჰყავდა, ხოლო დედას მეგობარი მამაკაცი ჰყავდა და სახლიდან წასული გახლდათ. ადამიანურად შემეცოდა და ეს ნაბიჯი იმიტომ გადავდგი. ხელი რომ მოვაწერეთ, ის თეატრალურზე სწავლობდა, მე კი სრულწლოვანიც არ ვიყავი, მაგრამ მაინც გავბედე და მისი მეუღლე გავხდი. როცა დაიღუპა, ხალხში ამბობდნენ, რომ თავი ლეილას გამო მოიკლა. მეც ასე ვიცოდი, მაგრამ მთლად ასეც არ იყო: იმ პერიოდში გოჩას უამრავი პრობლემა ჰქონდა - დედა ავად ჰყავდა, დიდი ოდენობით ვალი დაედო, მერე კი, სულ მოულოდნელად, როლიდან მოხსნეს. კინოსტუდიის დირექტორს სთხოვა, არ მომხსნათ, თორემ თავს არ ვიცოცხლებო, მან კი უხეშად უპასუხა. ბევრჯერ მიფიქრია და ერთ დასკვნამდე მივედი: ალბათ თვითმკვლელობა იმიტომ გადაწყვიტა, რომ უამრავი პრობლემა ჰქონდა და 24 წლის ბიჭმა ამხელა დარდს ვეღარ გაუძლო.

- როგორ დასძლიეთ ეს დიდი განსაცდელი?

- თავს მოვერიე, რადგან შვილი უნდა გამეზარდა და სწავლაზე დავიწყე ზრუნვა. სულ ვშრომობდი და ჩემს განვლილ გზას რომ გადავხედავ, უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ: მართალია, ძალიან რთული ცხოვრება მქონდა, მაგრამ ამავე დროს, საინტერესოც. ახლაც ვერ ვისვენებ და ჩემი საყვარელი საქმის კეთება დღესაც ძალიან მომწონს: მუსიკალური ცნობარი გამოვუშვი, ენციკლოპედია გავაკეთე, ახლა მოგონებებს ვწერ და მომავალშიც უამრავი რამ მაქვს გასაკეთებელი. მთავარი მაინც მოგონებებია, რომელიც აუცილებლად უნდა დავწერო, რადგან ცხოვრებაში ისეთ ადამიანებს შევხვედრივარ, რომელთა დანახვა სხვებს ენატრებოდათ. მინდა, მათი ნაამბობი და სხვა საინტერესო ისტორიები შევკრიბო და გამოვცე. ეს იქნება მოგონებები ცნობილ მომღერლებზე, კომპოზიტორებზე, თეატრალურ მოღვაწეებზე, ვისი დანახვა და მოსმენა მთელ საქართველოს უხაროდა და დღესაც უხარია. მინდა, რომ ის წლები, რაც დამრჩა, სასიკეთოდ გამოვიყენო. 81 წლის ვარ, მაგრამ უსაქმოდ ვერ ვჩერდები, ალბათ იმიტომ, რომ უქმად ყოფნა არც ადრე მიყვარდა. სხვათა შორის, კონცერტის გამართვაც მინდა და ალბათ, ამ ჩანაფიქრსაც ავისრულებ. მთავარია, ჯანმრთელობამ ხელი შემიწყოს.

shvili-manana-copy-1663662091.jpg

- თქვენს ლამაზ შემოქმედებაში რომელიმე სიმღერას თუ გამოარჩევთ?

- ძალიან მიყვარს "ოღონდ მენდე" და "მიყვარხარ". რა თქმა უნდა, სხვა სიმღერებიც მიყვარს, მაგრამ ეს ორი - ჩემი ფავორიტია.

- დაბოლოს, თქვენს ოჯახზეც გვიამბეთ...

- ერთი შვილი მყავს - მანანა აბაშიძე, რომელიც უცხო ენების სპეციალისტია, მაგრამ მუსიკალური განათლებაც აქვს. ორი შვილიშვილი მყავს - ნინუცა ბედიაშვილი, რომელიც მომღერალია, ტელევიზიით ხშირად გამოდის და სოფიკო ბედიაშვილი, რომელსაც სარეჟისორო ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. ჩემს საუკეთესო შვილიშვილებს სამი ვაჟკაცი ჰყავთ; დიახ, სამი შვილთაშვილის ბებია ვარ, სამივე ძალიან ცელქი და უზომოდ საყვარელია! უფროსს ნიკოლოზი ჰქვია და 10 წლისაა, ალექსანდრე - 5-ის, ხოლო თორნიკე - 4-ის. შეიძლება ითქვას, რომ ბედნიერი ქალი ვარ: ხალხის სიყვარული არასდროს მომკლებია, თბილისის საპატიო მოქალაქედ ამირჩიეს და ვარსკვლავიც გამიხსნეს. ახლა ერთი ნატვრა მაქვს: ჩემმა კარგმა შვილიშვილებმა ჯერ მხოლოდ ბიჭები მაჩუქეს, მაგრამ იმედი მაქვს, მალე მათ გოგონებიც მოჰყვებიან და უფრო მეტი შვილთაშვილი მეყოლება!

ხათუნა ჩიგოგიძე