"პოლიტიკოსებსაც კი არ აქვთ იმხელა ხელფასი, რამდენიც მსახიობებს" - გზაპრესი

"პოლიტიკოსებსაც კი არ აქვთ იმხელა ხელფასი, რამდენიც მსახიობებს"

ახმეტელის თეატრის დასი 2 კვირის განმავლობაში ინდოეთს სტუმრობდა სპექტაკლით - „ჯადოსნური წრე“, რომელიც ნიკოლოზ წულუკიძის იგავ-არაკების მიხედვით დაიდგა. პროექტი განხორციელდა საქართველოსა და სომხეთში ინდოეთის საელჩოსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით. მსახიობებმა სპექტაკლი ინდოეთის სამ სხვადასხვა ქალაქში წარადგინეს. გასტროლის შესახებ თეატრის მსახიობი გაგა მახათაძე გვესაუბრა.

- 3 წლის ვიყავი, როდესაც ზესტაფონის თეატრში იდგმებოდა სპექტაკლი, რომლისთვისაც ბაღიდან ამარჩიეს და იმ დღის შემდეგ არ ყოფილა წუთი, რომ მსახიობობაზე არ მეფიქრა. სხვა პროფესია არც განიხილებოდა, ჩემი ყველა ფიქრი და ოცნება უკავშირდებოდა სცენას, ხელოვნებას. თეატრის ყველაზე დიდი ხიბლი, იცით, რა არის? როდესაც სპექტაკლზე ვმუშაობთ და როლს ვერ ვერგები, ვამბობ, - არ არის ჩემი, ვინმე სხვა დაამტკიცეთ-მეთქი. საბოლოოდ კი მაინც ისე ვაკეთებ, როგორც საჭიროა და აპლოდისმენტებსაც ვიმსახურებ, ეს ყველაზე დიდი სიხარულია. ჩემმა პედაგოგმა, ვინც მსახიობის ოსტატობა მასწავლა, ქალბატონმა ნინელი ჭანკვეტაძემ ასეთი რამ თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში: რომ იცოდნენ იმ მუშაკებმა, ჩვენ რამხელა სიამოვნებას ვიღებთ ამ პროფესიიდან, იმ ხელფასსაც არ გადაგვიხდიდნენო. ამ პროფესიაში ბევრს ვერაფერს იშოვი, გარდა ამ სიამოვნებისა. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ინდოეთში მივხვდი, რას ნიშნავს ჩემი პროფესია. იქ პოლიტიკოსებსაც კი არ აქვთ იმხელა ხელფასი, რამდენიც მსახიობებს, გარდა ამისა, დიდი ავტორიტეტი და გავლენა აქვთ საზოგადოებაზე. არიან მსახიობები, ვისიც პოლიტიკოსებსაც კი ეშინიათ.

- როგორ ჩაიარა სპექტაკლმა?

- სრული ანშლაგით. ნიკა წულუკიძის სპექტაკლი ვითამაშეთ, ათასობით მაყურებელმა ნახა და აპლოდისმენტებით დაგვაჯილდოეს, მიუხედავად იმისა, რომ სიტყვები არ ესმოდათ. მოდიოდნენ, იღებდნენ ფოტოებს, გვადარებდნენ დიდ არტისტებს. ამ ტურნეს დროს ჩემმა პროფესიამ იმხელა სიამოვნება მომანიჭა, თუნდაც ამ დღეებისთვის ღირდა ეს ყველაფერი. ისე დაგვხვდნენ, როგორც "ოსკარების" დაჯილდოებაზე ხდება ხოლმე. უნდა გვეთამაშა 3 სპექტაკლი და მათი თხოვნით, ვითამაშეთ 5. სასიამოვნო და ამაღელვებელი იყო ეს ყველაფერი.

- ინდოეთი მიმზიდველი ქვეყანაა ტურისტებისთვის. თქვენზე რამ მოახდინა განსაკუთრებული შთაბეჭდილება?

- არის ასეთი ძალიან კარგი ადამიანი, დარისპან პრაშერი, რომელსაც ამ 2 ქვეყნის დამეგობრებაში დიდი წვლილი შეაქვს. მან წაგვიყვანა ისეთ ადგილებში, სადაც ტურისტებიც კი იშვიათად ხვდებიან, გაგვაცნო ინდოეთის კულტურა. მე ამ ქვეყნის შესახებ მანამდე მხოლოდ წიგნებიდან და ფილმებიდან თუ ვიცოდი, ეს არის უდიდესი ცივილიზაციისა და კულტურის მქონე ქვეყანა. სად არ ვყოფილვარ და მსგავსი თბილი, სტუმართმოყვარე ხალხი არსად შემხვედრია. ნიკა წულუკიძემ გვითხრა, ჩვენ ხომ ვამბობთ, სტუმარი ღვთისააო, ინდოეთში კი აქვთ ასეთი გამონათქვამი, სტუმარი ღმერთიაო და იქ ამას ნამდვილად იგრძნობ, ისე დაგხვდებიან. იმერელ კაცს სტუმარმასპინძლობა რომ გამიკვირდება, ხომ წარმოგიდგენიათ. შეუძლებელია არ აღვნიშნო ისიც, რომ საოცარი კერძები აქვთ, განსაკუთრებით - ტკბილეული. ერთი შეხედვით ისე ჩანს, რომ ბედნიერი ხალხი ცხოვრობს ინდოეთში. ვისურვებდი, ჩვენც ასეთი ლაღები და ბედნიერები ვიყოთ.

ამ 2 კვირის განმავლობაში მოვინახულეთ მდინარე განგი, ინდოეთის მთავარი მდინარე, ინდუიზმის სულიერი წყარო, რომელიც საწყისს იღებს ჰიმალაებში და სადაც ცნობილ რიტუალებს აღავლენენ. 6 საათზე აქვთ ეს რიტუალები, მღერიან, ცეკვავენ. მოვინახულეთ ტაჯ-მაჰალი, მარმარილოს მავზოლეუმი ინდოეთის ქალაქ აგრაში, ჰიმალაის მთები, ასევე ლოტოსის ტაძარი ქალაქ ნიუ-დელიში. ეს არის ბაჰაისტური რელიგიის მთავარი ტაძარი ინდოეთსა და მეზობელ ქვეყნებში. გვქონდა სემინარები, კოლეგებმა სამსახიობო ოსტატობის სტილი და მეთოდიკა გავუზიარეთ ერთმანეთს. ერთი ეტიუდი მე და ჩემმა პარტნიორმა, არაჩვეულებრივმა მსახიობმა თამთა პატაშურმა ვითამაშეთ და აღმოჩნდა, რომ ეს ეტიუდი მათ უძველესი სამსახიობო მეთოდიკიდან ყოფილა და გაუკვირდათ, საიდან იცითო? ნიკოლოზ წულუკიძემ ქართული თეატრის ისტორიაზე ჩაატარა ლექცია. ერთი სიტყვით, ძალიან საინტერესო დღეები იყო. კარგი იქნება, თუ ჩვენს ქვეყანაშიც ჩამოვიყვანთ იქაურ სტუდენტებსა და მსახიობებს, კიდევ უფრო დამეგობრდება ეს 2 ქვეყანა. ჩვენი თეატრის ამ გასტროლს სოციალურ ქსელებშიც დიდი გამოხმაურება ჰქონდა. გვირჩევდნენ, რა გვენახა, როგორ მოვქცეულიყავით და ა.შ.

img-3444-copy-1663662560.jpg

- ბოლო დროს სოციალურ ქსელში ხშირად დებთ სახალისო ვიდეოებს. ინფლუენსერობა მოგწონთ?

- ინფლუენსერი ნამდვილად არ ვარ, რადგან ეს ნიშნავს გავლენიან ადამიანს არა მარტო სოციალურ ქსელში. ჩვენთან კი, ვისაც ბევრი გამომწერი ჰყავს, მას ეძახიან ინფლუენსერს. თუმცა, უნდა ვაღიარო, მიუხედავად ჩემი მსახიობობისა, ისეთი ცნობილი ხალხისთვის მაინც არ ვყოფილვარ, როგორიც ამ ვიდეოებმა გამხადა. პანდემიის პერიოდში რომ ჩაგვკეტეს, ზესტაფონში ვარჩიე წასვლა, კერძო სახლი მაქვს და თბილისში ბინაში გამოკეტვას ასე ვამჯობინე. დავრგე ხეები, მოვუარე, ვახარე, წელს ერთს ნაყოფიც კი ჰქონდა. ძალიან მიყვარს ჩემი კუთხე და ქალაქი, სადაც დავიბადე და გავიზარდე, გარკვეულ ასაკამდე სკოლაშიც იქ ვსწავლობდი; მიყვარს ბუნებასთან ურთიერთობაც, ეს მამშვიდებს. სწორედ იქ დავიწყე ვიდეოების გადაღება, ერთს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და ხალხი დადებით კომენტარებს რომ მიწერდა, აზარტში შევედი. ქუჩაში ბავშვები მცნობდნენ. სხვათა შორის, ბევრს გაუჩნდა სურვილი, ჩემს სპექტაკლებზე მოსვლის და ისე გამოვიდა, რომ პროფესიაშიც გამომადგა.

- დაოჯახებული არ ხართ?

- დაოჯახებული არ ვარ, არადა, ისეთ ასაკში გახლავართ, რომ უკვე მეუბნებიან, დროა, ცოლი მოიყვანოო, მაგრამ ასე არ ვთვლი. თუ დავქორწინდები, მექნება მარადიული და ტრადიციული ოჯახი და არა ისე, როგორც ახლა ხდება ბევრ შემთხვევაში - მოვიყვანე-გავშორდი, მერე სხვა მოვიყვანე და ა.შ. ჯერ არ გამოჩენილა ის, ვისთან ერთადაც ვიფიქრებდი ოჯახის შექმნას. წუნია არ ვარ, წესიერი ადამიანები მომწონს, ეს არის და ეს. რაც უფრო მემატება წლები, მით უფრო მეტს ვფიქრობ ამ თემაზე და თუ ამ ნაბიჯს გადავდგამ, მინდა, ეს იყოს სწორი და ღირსეული გადაწყვეტილება.

- წარმატებებს გისურვებთ!

ნინო ჯავახიშვილი