ტატო კახიძის ცხოვრების ყველაზე მძიმე ეპიზოდი - "ელიტ მოდელ ლუქის" კასტინგი - გზაპრესი

ტატო კახიძის ცხოვრების ყველაზე მძიმე ეპიზოდი - "ელიტ მოდელ ლუქის" კასტინგი

ტატო კახიძემ საზოგადოებას თავი რეალითი შოუდან დაამახსოვრა. ამჟამად ის საქართველოში არ იმყოფება. მისი 6 ძმიდან ჩვენს ქვეყანაში ცხოვრებას არც ერთი არ აპირებს. საქართველოში დამკვიდრებაზე არც ტატო ფიქრობს... აღნიშნავს, - როცა ჩემს ბავშვობას "მძიმეს" ვუწოდებ, ცოტათი გაბუქებული მგონია, რადგან სხვებს ბევრად მეტი სირთულე აქვთ გამოვლილიო, მაგრამ უდარდელი ბავშვობა ნამდვილად არ ჰქონია...

- ბავშვობა ჭიათურაში გავატარე. ცოტათი რთული იყო, რადგან იქ ცხოვრება ჩემთვის არაკომფორტული გახლდათ, თუმცა სოფელში გაზრდით დიდი გამოცდილება მივიღე. სულ ვფიქრობდი, რომ სოფლიდან სადმე წავიდოდი, რადგან ჩემი მშობლები უკვე თბილისში ცხოვრობდნენ... მომინდა, დედაქალაქში მეცხოვრა. შემდეგ ისე მოხდა, რომ თბილისში კი არა, გერმანიაში გავემგზავრე და იქ დიდხანს ვიცხოვრე. საქართველოში დაბრუნებული, თბილისში დავსახლდი... ჩემი ბავშვური ოცნება იყო, რომ პირადი ბიზნესი მქონოდა, რადგან ცოტა არ იყოს, ისეთი ტიპის ადამიანი ვარ, ოფიციალურ სამსახურებში ვერ ვმუშაობ - უფროსობას ვერ ვეგუები. ამიტომ ვაპირებ, ახლო მომავალში ჩემი ბიზნესი მქონდეს.

- მშობლებისგან მოშორებით, სოფელში რატომ ცხოვრობდი?

- მე და ჩემი ძმა მცირე ასაკის ვიყავით. სოფელი ზოდი რომ "დაგუგლო", შეიძლება, ძიებამ შედეგი არც "ამოგიგდოს". ჩვენი (ბავშვების) მარტო დარჩენის მიზეზი ის იყო, რომ უფროსებს ქალაქში წასვლა, მუშაობა და მერე უკან დაბრუნება უწევდათ. დედაჩემის და ბებიაჩემის აბსოლუტურად მესმის... "პრაიმ ჰაუსში" ყოფნისას, ამ თემაზე ცხოვრებაში პირველად ვისაუბრე. შემდეგ, ეკრანზე საკუთარი თავი რომ ვნახე და მოვუსმინე, მივხვდი, სიტუაცია ძალიან გავაბუქე, რადგან ბევრ ადამიანს უფრო მძიმე ბავშვობა ჰქონდა, ვიდრე მე. უბრალოდ, მცირე ასაკში ჩემთვის რთული იყო, ახლა კი საერთოდ, არც მახსოვს. ბავშვობის ფიქრებმა და ტრავმებმა რაღაცები მაინც დამიტოვა, მაგალითად - ალბათ, ნევროზი, აფექტური მდგომარეობებიც, მაგრამ ისე ნამდვილად არ არის, რომ ჩემი ბავშვობა ცხოვრებაში ხელს მიშლიდეს. იმ პერიოდში მართლა ბევრი რამე ვისწავლე. 24 წლის ვარ. ამ ხნის განმავლობაში, ბევრი რამ ვნახე. ჩემთვის ყველაზე საყვარელი საქმე საჭმლის მომზადება იყო. მე და ჩემი ძმა ბავშვობაში კერძებს ხშირად ვამზადებდით. ჩემი ძმაც კარგი მზარეულია... მოკლედ, ლაღი ბავშვობა არ მქონია, მაგრამ სოფელში ყოველდღე ფეხშიშველი დავრბოდი - ეს კარგი იყო. უფულო, მაგრამ მაინც კარგი პერიოდი გამოვიარე. მგონი, სოფელში პატარებს ფული ისე მაინც არ სჭირდებათ, როგორც თბილისში მცხოვრებ ბავშვებს. მაშინ დედა და ბებია 1 ლარს რომ მომცემდნენ, ჩემთვის დიდი ამბავი იყო! სკოლაში "ბულკი" 20 თეთრი ღირდა (იცინის)...

- შენი ცხოვრება როდის შეიცვალა?

- 12-13 წლის ვიყავი, როცა ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, რადგან წარმოიდგინე, ჭიათურიდან უეცრად გერმანიის დიდ ლამაზ ქალაქში აღმოვჩნდი, სადაც ბევრი ხალხი ცხოვრობდა... ეს ყველაფერი ჩემთვის, ცოტა არ იყოს, უცნაური იყო, მაგრამ იქაურობას ადვილად მივეჩვიე. უკვე იქიდან დაიწყო ჩემი განვითარებაც... პერიოდულად, საქართველოში ჩამოვდიოდი...

- სამოდელო სფეროში როგორ მოხვდი?

- ჩემთვის ყველაზე მძიმე ეპიზოდი უნდა გავიხსენო: 15 წლის ვიყავი, როცა დედამ "ელიტ მოდელ ლუქის" კასტინგზე მიმიყვანა - ია კიწმარიშვილი კონკურსს ატარებდა. ის დღე მეზიზღება. გულისამრევი რაღაცები მოხდა... იმასაც აღვნიშნავ, რომ პოდიუმზე დგომის, ფოტოგადაღების პირველი გამოცდილება მივიღე, ბევრი ხალხი გავიცანი, ვისთანაც ახლაც ვმეგობრობ, მოდის სფეროში შევედი... საერთოდ, მოდის სფერო მაინტერესებდა. საქართველოში, კონკურსებთან დაკავშირებულ საკითხში ახლა უფრო გათვითცნობიერებული ვარ. ჩემი ნება რომ იყოს, საერთოდ არ ჩავატარებდი, მაგრამ რეალურად, დიდი გამოცდილება მივიღე, რასაც ახლა ბევრ რამეში ვიყენებ.

- ის პერიოდი ცუდად რატომ გახსენდება? ასე ვთქვათ, "ჩაწყობა" ხდებოდა თუ?..

- მაშინ კონკურსზე ბევრი ჩემნაირი ბავშვი იყო მისული, ვისაც ქალბატონი ია აიმედებდა, - რა კარგი ხარ, ამას და ამას გავაკეთებო... პორტფოლიოში 250 ლარი გადაგვახდევინეს, შემდეგ ფოტოები ელექტრონულ ფოსტაზე "ჩაგვიყარეს", ოღონდ - დაუმუშავებელი, საზიზღრობა... მერე, გრანდიოზული ფინალი უნდა მოეწყოთ, მაგრამ კიწმარიშვილმა მოიმიზეზა - ქმარი გარდაცვლილი მყავსო და კონკურსი სტუდიაში ჩაგვიტარა, სადაც მგონი, ჟიურის წევრიც არ ყოფილა. უბრალოდ, თქვა, - ამან მოიგოო და ვიღაცას მოაგებინა... ის პერიოდი მძიმედ მახსენდება...

- უსიამოვნო გამოცდილების მიუხედავად, რამ მოგცა ძალა, რომ ამ სფეროში საქმიანობა გაგეგრძელებინა?

- ვიზრდებით, გამოცდილებას ვიძენთ, ადამიანებს ვეცნობით... ცოტა კარგი და ბევრი ცუდი ადამიანი გავიცანი, რადგან იმ პერიოდში ცუდ წრეში მოვხვდი. რამდენიმე კარგი პიროვნების გაცნობის შედეგად, "ფეშენ ვიკების" შესახებ შევიტყვე, ჩვენებებზე გავედი... 2016 თუ 2017 წელი იყო, როცა Mercedes Fashion Week-ზე, ანუკა ქებურიას ჩვენებაში ვმონაწილეობდი - ამის ამსახველი ვიდეო "იუთუბზეც" დევს. მაშინ ჰონორარი - 100 ლარი პირველად გადამიხადეს. ვიფიქრე, ჩემი საქმიანობა ახლა დაიწყო-მეთქი, მაგრამ მერე მივხვდი, საქართველოში ზოგადად, ასე ხდება - ნორმალურ გასამრჯელოს არ იხდიან. პრინციპში, გააჩნია, ვის ჩვენებაზე გადიხარ: ბოლოს დათუნა სულიკაშვილის ჩვენებაზე გავედი. ის საკმაოდ სოლიდურ თანხას იხდის ხოლმე... ასე თუ ისე, ახლა მოდის სფეროში გამოცდილება მაქვს. ამიტომ საქართველოში ჩვენებებზე იშვიათად გავდივარ. ძირითადად, დათუნას ჩვენებაზე ან "ფეშენ ვიკზე" თუ გავალ ხოლმე... ფოტოსესიებზეც იშვიათად ვთანხმდები - მართლა ძალიან კარგი უნდა იყოს, რომ დავთანხმდე. ბოლოს ლაშა დევდარიანის მოსასხამებისთვის გადამიღეს ფოტოები. სამოდელო სფეროში, ევროპაში გამოცდილება არ მქონია. ფოტოსესიასთან დაკავშირებულ შემოთავაზებაზე უარი თავად ვთქვი. სამომავლოდ, ამ მხრივ რამის გაკეთება შეიძლება, მაგრამ ამაზე დიდად არ ვფიქრობ. ჩემი სტილი პოდიუმზე გასვლაა და არა - ფოტოსესიები. ამას რომ ვუხსნი თუნდაც ფოტოგრაფებს, ვერ ხვდებიან. ფოტოსესიის დროს თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობ, პოდიუმზე - კი. უკვირთ, რა მნიშვნელობა აქვსო? რეალურად, დიდი მნიშვნელობა აქვს, პოდიუმზე გადიხარ თუ დგახარ და ფოტოებს გიღებენ.

- კიდევ რა გიტაცებს, რას საქმიანობ?

- ჩემი საქმიანობების შესახებ არც რეალით შოუში მისაუბრია, რადგან ძალიან პირადი საქმეები მაქვს... მეგობართან ერთად, მაღალი ხარისხის მეორადი ტანსაცმლის მაღაზიის გახსნა მინდა. ამაზე ნაფიქრი მაქვს. ეს საქმე თუ გამოვიდა, ხომ კარგი, თუ არა და - დედაჩემთან, გერმანიაში წავალ და ოჯახურ ბიზნესში ჩავერთვები.

- შენს პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვი? როგორც ვიცი, შვილი გყავს...

- ადრე ჩემი ურთიერთობის შესახებ დაწერეს - 1 დღეში შექმნილი ოჯახი ღალატის გამო დაინგრაო. ასე არ ყოფილა. სხვა რამეს ვგულისხმობდი: მე და ელენე ერთმანეთს შორიდან ვიცნობდით, ბევრი საერთო მეგობარი გვყავდა, ერთმანეთს ბევრჯერ შევხვედრივართ, "ფეისბუკით" ვკონტაქტობდით... როცა გასტროლიდან საქართველოში ჩამოვიდა, აეროპორტში დავხვდი. აეროპორტში ნახვის პირველივე დღიდან ურთიერთობის გაღრმავება დაიწყო. თავდაპირველად, ყველაფერი კარგია, ხომ იცით, არა? ჩვენს ურთიერთობას დიდი განვითარება არ მოჰყოლია, მაგრამ რაც იყო, ძალიან კარგი გახლდათ, რადგან ჩვენი შვილი - მიქაელი დაიბადა. ალბათ, ბავშვის გაჩენამ ჩვენს აზროვნებაში ბევრი რამ შეცვალა. მერე მოგვიწია, დავშორებულიყავით. ცივილიზებულად გადავწყვიტეთ: ბავშვს ჩვენი დაძაბული ურთიერთობისთვის რომ არ ეყურებინა, ჯობდა, დავშორებულიყავით.

- ღალატი ახსენე...

- ღალატის გამო არ დავშორებულვართ. ღალატი იყო, მაგრამ საერთოდ, ღალატი მარტო სხვასთან სექსია არაა, ხომ მეთანხმები? არ მიგულისხმია, რომ ქორწინებაში მყოფი სხვასთან ვიწექი და ამის გამო დავშორდით... ღალატი ბევრნაირია. ზოდიაქოს მიხედვით, ტყუპი, ფლირტის მოყვარული ტიპი ვარ, მაგრამ ამის გამო არ დავშორებულვართ. იმიტომ დავშორდით, რომ ბავშვი უკეთეს გარემოში გაიზარდოს - გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღება მასზე გვქონდა გადატანილი.

- კარგი, მაშინ ასე გკითხავ: რატომ დაინგრა თქვენი ოჯახი?

- გაუგებრობის გამო. ბოლოს ერთმანეთს ვეღარ შევეწყვეთ, ვეღარ გავუგეთ...

- ეს გაუგებრობა ვინმე მესამეს უკავშირდებოდა?

- არა, ასე კონკრეტულად, არავის. უბრალოდ, როცა ადამიანთან ურთიერთობაში ხარ და თუნდაც, კვირაში ან 2 კვირაში ერთხელ გაუგებრობა ხდება, რაღაცები გროვდება... ბოლოს უკვე იმდენი გაუგებრობა დაგროვდა, რომ უბრალოდ, ბავშვისთვის ჩვენი დაშორება უკეთესი იქნებოდა. სულ ეს იყო.

tato-5-copy-1663662921.jpg

- მიქაელზე როგორ ზრუნავ?

- როგორ ვზრუნავ, ამას ვერ განვსაზღვრავ, მაგრამ უყურადღებო მამაც არ ვარ. სიმართლე გითხრა, მას ხშირად ვერ ვნახულობ, რადგან ახლა საქართველოშიც არ ვარ და დიდხანს აღარც დავბრუნდები. ბავშვი დედასთანაა. ელენეც მუშაობს. ყოფილ მეუღლესთან ნორმალური, ცივილიზებული ურთიერთობა მაქვს. როცა საშუალება მეძლევა, ბავშვს ვნახულობ და რითაც შემიძლია, ყოველთვის ვეხმარები. მე და ელენეს ისეთი სიტუაცია არ გვქონია, რომ ალიმენტზე საუბარი დაგვჭირვებოდა - ამ დონემდე ჯერ არ დავცემულვარ. მასთან ჯანსაღი ურთიერთობა მაქვს შენარჩუნებული, ოღონდ - ბავშვის გამო.

- მიქაელი როგორი ბავშვია?

- ანგელოზია! 22 დეკემბერს 3 წლის ხდება. მიქაელი პარიზში დაიბადა. პირადად მე, ძალიან ცელქი ვიყავი. მეგონა, ჩემი შვილიც ასეთი იქნებოდა, მაგრამ მიქაელის მსგავსი მშვიდი, წყნარი, გაწონასწორებული ბავშვი სხვა არ მინახავს. თითქოს უფროსი ასაკის ადამიანს ესაუბრებიო... ძალიან საყვარელია.

- პროექტში ყოფნისას, ინტერვიუში აღნიშნე, - უმამოდ გავიზარდეო...

- ჩემთვის ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. მამა როცა მჭირდებოდა, მაშინ უნდა მყოლოდა. ახლა ვიღას სჭირდება? თუ ვჭირდები, დამირეკოს, - მჭირდებიო და დახმარებაზე უარს არ ვეტყვი, მაგრამ არ მირეკავს. ალბათ, დახმარება არ სჭირდება ან სჭირდება და რცხვენია, ნამუსი აწუხებს...

- რა მოხდა, ურთიერთობა რატომ არ გაქვთ?

- პატარა ვიყავი, როცა მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. ამ თემაზე სახლში არ ვსაუბრობთ...

- მაშინ შენს ოჯახზე ის მითხარი, რასაც საჭიროდ მიიჩნევ...

- დიდი ოჯახი მყავს. დედაჩემმა 8 შვილი გააჩინა. გერმანიაში წასვლამდე თბილისში ცხოვრობდა. 6 ბავშვი ჰყავდა. ჩემზე მძიმე ცხოვრება აქვს გავლილი, რადგან მეუღლეში არ გაუმართლა. ბებია საკმაოდ მოხუცია. მთელი ცხოვრება შრომობდა, ოჯახს არაფერს გვაკლებდა. მრავალშვილიანი დედა ვერ მუშაობდა და ბოლოს გერმანიაში, ასე ვთქვათ, გაიქცა, რადგან საქართველოში ამდენ ბავშვს ვერაფერს უხერხებდა. დახმარება ხან ვის სთხოვა, ხან - ვის... საერთოდ, აქ ასეთი რაღაცები ხდება: თუ ნაცნობი არ გყავს, არავინ არაფერში დაგეხმარება. დედას მთავრობის მხარში დგომა სჭირდებოდა. უამრავმა წერილმა, თხოვნამ არ გაჭრა... ბებია ლილოში მუშაობდა. მე და ჩემი ძმაც ვმუშაობდით - კაზინოს სტაფისთვის განკუთვნილ ბარში მიმტანებად მუშაობა დავიწყეთ, მაგრამ ეს დედას ვერაფერში ეხმარებოდა. მას ძალიან უჭირდა და საქართველოდან ზუსტად ამიტომ წავიდა: მარტოხელა დედას, ამდენი ბავშვით, ყურადღება არავინ მიაქცია... რა ვიცი, ტელევიზორში სიუჟეტებს უშვებენ ხოლმე: - ვაიმე, ამ ქალს 5 შვილი ჰყავს, ბავშვებს მარტო ზრდისო, დედაჩემს კი სახლიც არ ჰქონია, არც - სამსახური... 6 შვილი ვყავდით...

ახლა გერმანიაში ძალიან კარგად ცხოვრობს. სულ 8 დედმამიშვილი ვართ - 7 ბიჭი და 1 გოგონა. ერთი ქართველი ქალის მიერ გაჩენილი 7 ბიჭიდან საქართველოში ცხოვრება არავის გვინდა, რაც ჩვენი კი არა, ქვეყნის სირცხვილია: დედაჩვენისთვის გარკვეული ყურადღება მაინც მიექციათ და ამდენი ბიჭი გერმანიაში კი არა, საქართველოში გავიზრდებოდით. მერწმუნეთ, დედაჩემს ქვეყნიდან წასვლა არ სურდა - საქართველოში ცხოვრება უნდოდა, მაგრამ ელემენტარული პირობა არ შეუქმნეს, რომ 6-შვილიან მარტოხელა დედას თბილისში ეცხოვრა, რაც ძალიან ცუდი ამბავია...

- ტატო, ფეთქებადი ხასიათი გაქვს? ემოციების კონტროლი გიჭირს?

- კი, ფეთქებადი ხასიათი მაქვს. მგონი, ეს ჩვეულებრივი ამბავია. გარკვეულწილად, ყველა ადამიანი ასეთია. უბრალოდ, ზოგი თავის ფეთქებად ხასიათს ავლენს, ზოგი - არა. როცა მჭირდება, თავს არ ვიკავებ. რატომ უნდა შევიკავო? ვინმეს რაღაც რატომ უნდა "გავუტარო"?

- რეალურ ცხოვრებაში, ისე თუ გაბრაზებულხარ, რომ ვინმეს ფიზიკურად დაჰპირისპირებიხარ?

- ყველა ბიჭს მოსვლია ჩხუბი, თუნდაც - უბანში. მაგალითად, საყურის გამო მიჩხუბია. წლების წინ საყურე მეკეთა და მის მოხსნაზე ხალხმა დიდი ზეგავლენა მოახდინა. ახლა საყურე მეც აღარ მომწონს, მაგრამ მაშინ მომწონდა... ყველაფერი რიგზეა - ცხოვრებაში არაფერს ვნანობ. დროის დაბრუნება რომ შემეძლოს, შეიძლება რაღაცები არ გამეკეთებინა, უფრო მეტიც - შესაძლოა, "პრაიმ ჰაუსში" მონაწილეობაც არ მიმეღო, მაგრამ ახლა კარგად ვარ.

- გულშემატკივრებისგან როგორ დამოკიდებულებას გრძნობ?

- "ინსტაგრამზე" აქტიურობენ. ახლა აქტიურობის ტალღა ცოტათი შემცირდა, თუმცა დილით ვიღაცები მაინც მირეკავენ, რაც ცოტათი შემაწუხებელია.

- პოპულარობისთვის მზად არ იყავი?

- როგორ არა?! სანამ რეალითი შოუში შევიდოდი, ქუჩაში არავინ მაჩერებდა და ფოტოს არ მიღებდა. პროექტი დაიწყო თუ არა, პირველივე კვირას (მოგეხსენებათ, პარასკეობით "პრაიმ ჰაუსიდან" გარეთ გვიშვებდნენ), საბურთალოზე, ვიღაც ბავშვები მოვიდნენ და ჩემთან ერთად ფოტოები გადაიღეს. მეგობართან ერთად ვიყავი და მას გავხედე, - შენც ხომ დაინახე, რაც მოხდა-მეთქი (იცინის)? უცნაური და სასიამოვნოც იყო, რა თქმა უნდა. ბავშვებისგან ყოველთვის გულთბილ დამოკიდებულებას ვგრძნობდი. ბათუმში ყოფნის დროსაც, ბევრი ბავშვი მოდიოდა და ჩემ მიმართ სიყვარულს გამოხატავდა...

tato-4-copy-1663662905.jpg

- ნეგატიურ კომენტარებზე, ჭორებზე როგორი რეაქცია გაქვს?

- იყო ადამიანი, ვინც ჩემ შესახებ "ტიკტოკზე" რაღაცებს ლაპარაკობდა, წერდა, მაგრამ ის რა ჩემი ტოლი და სწორია? იმის ღირსიც არაა, რომ ჩემნაირმა ადამიანმა მისი ნათქვამი განიხილოს. სხვებისგანაც არანაკლები კომენტარები მიმიღია სხვადასხვა სოციალურ ქსელში. მაგალითად, ვიღაც ტიპი მწერდა, - ანისა და გიორგისთან ასე ლაპარაკს როგორ ბედავ? სადაც გიპოვი, იქ დაგტოვებო (იღიმის)...

- შენს პირად ცხოვრებაში ახლა რა ხდება?

- რაც ცოლს დავშორდი, ვთქვი, რომ სერიოზული ურთიერთობისგან თავს შევიკავებდი. დაახლოებით წელიწადი და 4 თვეა, სიტყვა არ გამიტეხავს.

- ამჟამად სად იმყოფები?

- არ დავაკონკრეტებ, მაგრამ საზღვარგარეთ ვისვენებ. სტუმრად ვარ მეგობართან და ძალიან კარგ დროს ვატარებ. თბილისმა დამღალა... ისე, გეგმები არ მაქვს: საქართველოდან წამოსვლისას, უბრალოდ, ბარგი ჩავალაგე და ერთი გზის ბილეთი ვიყიდე, არაფერზე მიფიქრია, მათ შორის - არც უკან დაბრუნებაზე...

ეთო ყორღანაშვილი