"ვფიქრობ, ხელიდან გასაშვები ადამიანი არ ვარ" - გზაპრესი

"ვფიქრობ, ხელიდან გასაშვები ადამიანი არ ვარ"

საკუთარ თავზე აღებული პასუხისმგებლობების გამო, საყვარელ პროფესიულ საქმიანობაზე უარის თქმა უწევს. ბევრს შრომობს. სურს, ისე იცხოვროს, რომ მასზე განაწყენებული არავინ დარჩეს... ქეთი ჩერქეზიამ საზოგადოებას რეალითი შოუდან დაამახსოვრა თავი. გადავწყვიტეთ, ის მკითხველისთვის უკეთ გაგვეცნო...

- ქეთი, როგორ ხარ, ზაფხული როგორ გაატარე?

- კარგად ვარ. სამწუხაროდ, მხოლოდ რაჭაში დასვენება მოვახერხე, რადგან საქმეების გამო, თბილისიდან დიდი ხნით ვერ გავედი.

- პოპულარობის გამო, ალბათ, წლევანდელი არდადეგები განსხვავებული იყო, არა?

- კი. სულ არ მეგონა, რომ რაჭაშიც (ონში) მიცნობდნენ: მანქანიდან ფეხი გადავდგი თუ არა, ჩემთან მაშინვე ვიღაც ბავშვი მოვიდა. ისე მესიამოვნა, რომ ვერ აღვწერ...

- რას საქმიანობ?

- სადაც ვმუშაობდი, ისევ იქ ვმუშაობ. პლუს, გაყიდვების სფერო დამემატა. მიწის ნაკვეთებს ვყიდი, ვყიდულობ... ასევე, სასტუმროების რეკლამირებას ვცდილობ. ძირითადად, მარკეტინგის მიმართულებით ვმუშაობ, ოღონდ - კერძოდ არა: მირჩევნია, "ფრილანსერი" ვიყო. სხვათა შორის, რეალით შოუში მონაწილეობამ ხელი შემიწყო: არ ვიცი, რატომ, მაგრამ ალბათ, დამსაქმებლებს უნდათ, რომ ასე თუ ისე, ცნობილი სახე ჰყავდეთ თანამშრომელი.

1-2-copy-1664266534.jpeg

- რეალით შოუში მონაწილეობა რაში გჭირდებოდა?

- ძალიან ემოციური ვარ. მინდოდა, საკუთარი თავი გამომეცადა, უცხო ადამიანებთან თანაცხოვრებას შევძლებდი თუ ვერა. რეალურად, რისკზე წასვლაც მინდოდა, რომ საკუთარი თავისთვის დამემტკიცებინა: თუ რისკი გაამართლებს, ხომ კარგი, თუ არა და, - არა უშავს-მეთქი.

- შენ მიერ გადადგმული ამ ნაბიჯის შედეგზე რას გვეტყვი?

- მშვენიერია: შოუში ვერ გავიმარჯვე, მაგრამ არა უშავს, რადგან ამ პროექტმა ჩემს ცხოვრებაში ბევრი დადებითი რამ მოიტანა.

- მონაწილეებთან ურთიერთობას აგრძელებ?

- პირადად არ ვნახულობ, რისი მიზეზიც ალბათ, ზაფხული იყო, რადგან ყველა სადღაც ისვენებდა, მაგრამ მოკითხვის დონეზე ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს (გიორგის გარდა, რა თქმა უნდა).

- ახლახან შენს ვიდეოს წავაწყდი. ამბობდი, - გიორგი ნაზღაიძეს ვუჩივლებო...

- მასზე ლაპარაკი საერთოდ არ მინდა. ყველა "ლაივში" ჩემზე ლაპარაკობს. ეტყობა, პროექტში ვერ "მომდგა", ბოღმა ახრჩობს და "ლაივიდან" ცდილობს ტალახის სროლას. ვითომ თვითონ კარგი ტიპია, ჩვენ ყველანი კი - ცუდები, რადგან ყველაზე ასე ღადაობს, თავისი ჭკუით. ამიტომ მასზე საუბარი არ მინდა. უბრალოდ, ვიტყვი, რომ თავადაც კარგად იცის, რასაც წარმოადგენს და ჩემი შეხსენება ნამდვილად არ სჭირდება (იღიმის)...

- ქეთი, შენ შესახებ გვიამბე - რა პროფესია გაქვს?

- ტურიზმის ფაკულტეტი დავამთავრე. 18-დან 25 წლამდე ზაფხულობით ყოველთვის ტურებში, ლაშქრობებში დავდიოდი და ტურისტები დამყავდა. მათ საკუთარი ინიციატივით ვკრებდი. კერძოდ არავისთან მუშაობა არ მიყვარს. მერე საკუთარ თავზე ის პასუხისმგებლობა ავიღე, რომ მე და დედა ქირით საცხოვრებლად გადავედით. ცხოვრებაში ბევრი პასუხისმგებლობა გამიჩნდა, რამაც ბევრი რამის გადადება გამოიწვია, რაღაცებს ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ ვაკეთებდი. მაგალითად, ისე ვეღარ ვისვენებდი, როგორც მინდოდა... არის რაღაცები, რასაც ისე ვერ ვაკეთებ, როგორც მინდა... საქმიანობას რაც შეეხება, ბარებში, მიმტანიდან დაწყებული, მენეჯერობით დამთავრებული, აბსოლუტურად ყველა პოზიციაზე მიმუშავია. ასევე, სასტუმროებში გაყიდვების მიმართულებით ვმუშაობდი. ამ სფეროში დღესაც აქტიურად ჩართული ვარ. ახლა ვცდილობ, უფრო უძრავი ქონების გაყიდვებს შევეხო, რადგან დღეს ეს უფრო სარფიანია. კიდევ, პატარ-პატარა რაღაცებს ვცდილობ, რომ "ჩემს გემოზე" ავეწყო. ვნახოთ, რა გამოვა...

- მუშაობა როდის დაიწყე და ეს ნაბიჯი რამ განაპირობა?

- მუშაობა აბიტურიენტობისას დავიწყე. მინდოდა, ჩემი შემოსავალი მქონოდა. საერთოდ, ბავშვობიდან ძალიან დამოუკიდებელი ადამიანი ვარ. მსურდა, ფინანსურადაც დამოუკიდებელი ვყოფილიყავი. აბიტურიენტობის პერიოდიდან დაწყებული, 1 წელიც არ "ჩამიგდია", რომ არ მემუშავა. მხოლოდ იმ წელს ვერ ვიმუშავე, როცა პანდემია დაიწყო.

- შენთვის რთული პერიოდი იყო?

- ფსიქოლოგიურად ძალიან რთული გახლდათ, რადგან მეშინოდა: ასაკოვანი დედა მყავს. უფრო მეტად იმის მეშინოდა, რომ ჩემს რომელიმე ახლობელს არაფერი დამართოდა... ფინანსურად რთული იყო-მეთქი, რომ ვთქვა, მოგატყუებ, რადგან დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი ჩემზე რთულ სიტუაციაში იყო. ამიტომ ამაზე ნამდვილად ვერ დავიწუწუნებ.

- მოგვიყევი, პირველი სამსახური როგორ იპოვე...

- გაკვეთილიდან ვბრუნდებოდი. ყურსასმენები მეკეთა. ჩემს სახლთან მდებარე ყავის ახალგახსნილი კაფე მომეწონა, შევედი და ვიკითხე, ვაკანსია ხომ არ ჰქონდათ. ჩემი ნომერი ჩაიწერეს და მეორე დღესვე დამირეკეს... მუშაობა ძალიან რთული იყო, რადგან საერთოდ არაფერი ვიცოდი - ყველაფერი "ნულიდან" უნდა მესწავლა, მაგრამ კომუნიკაციის კარგი უნარი მაქვს, ხალხთან ურთიერთობას იოლად ვახერხებ, რაც დამეხმარა. ყველაფერს მარტივად ვსწავლობდი, საქმე მარტივად ავითვისე. საერთოდ, სხვა სამსახურებშიც ასე ვარ: შეიძლება პირველი თვე გამიჭირდეს, მაგრამ მერე ძალიან კარგად ვმუშაობ.

- შენი ოჯახის წევრები ვინ არიან და ერთმანეთთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- სამწუხაროდ, მამა შარშან სიმსივნით გარდამეცვალა. მყავს დედა და და-ძმა. არა მგონია, ისეთი ახლო და მეგობრული ურთიერთობა სხვა ოჯახის წევრებსაც ჰქონდეთ, როგორიც ჩვენ გვაქვს. ჩემი და-ძმაც თბილისში ცხოვრობენ. უბრალოდ, მე და დედა ცალკე ვართ.

1-1-copy-1664266548.jpeg

- რატომ?

- ასე უფრო მშვიდად ვართ. და-ძმას თავიანთი ოჯახები ჰყავთ. ჩემს დას 3 შვილი ჰყავს, ძმას - 2.

- დედასთან თანაცხოვრება როგორია?

- დედაჩემი 72 წლისაა. არ მახსოვს, ერთხელ მაინც მეფიქრა ცალკე ცხოვრებაზე, პირიქით - სახლში რომ მივიდე და დედა შინ არ დამხვდეს, შეიძლება, ჭკუიდან შევიშალო, რადგან დაღლილს, გამოფიტულს დედის დანახვისას თითქოს, ყველანაირი სტრესი მეხსნება... ემოციურობა დედისგან გამომყვა. მან ჩემ შესახებ აბსოლუტურად ყველაფერი იცის, მე კი - მის შესახებ. კარგი დედა-შვილი ვართ. მომინდებოდა, რომ მისნაირი დედა ვიყო.

- მეგობრებს ადვილად იძენ?

- ადამიანებს მარტივად ვენდობი, რაც შესაბამისად, ხშირად გულს მტკენს, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ სხვაგვარად უნდა მოვიქცე. ჩემთან ძალიან ახლოს მხოლოდ ერთეულებს ვუშვებ, თუმცა ასევე, არიან ადამიანები, ვისაც დიდ პატივს ვცემ და ვენდობი. მათგან რაღაც თუ მეწყინება, ეს არ ნიშნავს, რომ ცუდი ადამიანები არიან. ასე რომ, ყველას მიღება და გაგება შემიძლია, თუნდაც - შეცდომის ფასად. შესაბამისად, ბევრი ადამიანი შევინარჩუნე, ვინც გარშემო მყავს და ძალიან მიყვარს. ბევრს შეშლია, ბევრთან მეც შემშლია, მაგრამ ადამიანები ვართ...

- შენი პიროვნების განვითარება-ჩამოყალიბებაზე განსაკუთრებული ზეგავლენა ვინ ან რამ მოახდინა?

- ჩემს ცხოვრებაში უცებ იმდენი რაღაც მოხდა - ცუდიც და კარგიც, რომ ჩემს განვითარებაზე ზეგავლენა ამან მოახდინა. ვფიქრობ, "2 ადამიანი" ვარ. ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ თავად ვცდილობ, ყოველდღე სხვადასხვანაირი ვიყო? არა, ეს ბევრი სტრესის გადატანამ გამოიწვია. თითქოს ჩემში აფეთქება მოხდა და შემიძლია, ბევრნაირი ვიყო. პლუს, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ხალხთან ვმეგობრობ. შესაბამისად, მათგან რაღაცებს ხომ ვსწავლობ, არა? ალბათ, ჩემს ხასიათსა და პიროვნებაზე ზეგავლენას ესეც ახდენს.

- რეალურად, როგორი ხარ?

- სიმართლე გითხრა, ძალიან ემოციური და საყვარელი ადამიანი ვარ. სულ მინდა, ვიღაც მეფეროს, მეკუსკუსოს. თან, წუწუნი მიყვარს: შემიძლია 24 საათის განმავლობაში ვიწუწუნო და მეტი არაფერი ვაკეთო, მაგრამ ასე არ გამოდის: არც არავინ მეფერება და რომ ვიწუწუნო, არც არავინ მომივლის (იცინის). ამიტომ გამომიმუშავდა თვისება, რომ ძლიერი ვიყო. საკუთარ თავს ძლიერ პიროვნებად მივიჩნევ. შესაბამისად, მარტო ვარ - ვერ ვპოულობ ადამიანს, რომელიც ჩემზე ოდნავ მაინც ძლიერი იქნება. ყველა გამირბის (იცინის)...

- გყვარებია?

- კი, ერთხელ - ბავშვობიდან მოზარდობის ჩათვლით: როცა საბურთალოს ქუჩაზე ვცხოვრობდი, ჩემს უბნელს ძალიან ვუყვარდი, მერე მე შემიყვარდა... ალბათ, ეს ეპიზოდები მთელი ცხოვრება მემახსოვრება, ყველაზე სასიამოვნოდ მახსენდება...

- შეგიძლია გაგვანდო, რა სტრესი გადაიტანე, რამაც შენს პიროვნებაზე ძლიერი ზეგავლენა მოახდინა?

- 16 წლის ვიყავი, როცა დაქალი დავკარგე. თან, ეს ჩემ თვალწინ მოხდა - ლიფტის შახტაში ჩავარდა. მაშინ მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება მე აღარ მეკუთვნოდა. თითქოს იმ დღის მერე ვიღაცის ცხოვრებით ვცხოვრობ... გარკვეულწილად, ჩემი ცხოვრება იქ დასრულდა. მერე უკვე საკუთარ თავთან ომები მქონდა. სხვა რაღაცების კეთების ნაცვლად, დრო თითქოს ამაში გავიდა... 16 წლის ვიყავი, როცა საკუთარი თავის ძიება დავიწყე, რაც რეალურად, ძალიან ადრე იყო... შემდეგ ბაბუა გარდაიცვალა, რომელიც ძალიან მიყვარდა, მერე - მეორე ბაბუა, ბებია, კიდევ 2 მეგობარი დავკარგე... თითქოს სულ დაძაბული ვარ, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ მთავარია, ვსუნთქავთ, ვცოცხლობთ და ეს უნდა დავაფასოთ. არა უშავს, ყველაფერი წარმავალია, ოდესმე ჩვენც წავალთ... მთავარია, როგორ ვიცხოვრებთ, სანამ ცოცხლები ვართ. როცა წავალ, არ მინდა, ჩემზე ვინმე ნაწყენი დარჩეს (იღიმის).

- შენი მომავალი როგორ წარმოგიდგენია, რა მიზნები გაქვს?

- მთელი ცხოვრება მინდოდა, მსახიობი ვყოფილიყავი. თან, ვიცი, რომ "უძალიანმაგრესი" მსახიობი ვიქნებოდი... რადგან "ბევრი ადამიანი" ვარ, გარდასახვები მარტივად შემიძლია. გარშემო მყოფებიდან აბსოლუტურად ყველა ამას მეუბნება - მსახიობი რატომ არ ხარო? იმიტომ არ ვარ, რომ რაღაცები ხელს ვერ მიწყობს, მუშაობა მჭირდება, დროს სხვა რამეს ვუთმობ... თეატრალურ უნივერსიტეტში რომ ჩავაბარო, ამის გამო იმდენს ვეღარ ვიმუშავებ, რამდენსაც ახლა ვმუშაობ და იმდენი შემოსავალი არ მექნება, რამდენიც ახლა მაქვს. მე კი ამაზე ვარ დამოკიდებული. მგონია, რომ რამე შემოთავაზება გამოჩნდება, რადგან ხელიდან გასაშვები ადამიანი არ ვარ, მაგრამ ვნახოთ (იღიმის)...

ეთო ყორღანაშვილი