რამ გამოიყვანა კოკო როინიშვილი რთული სიტუაციიდან? - გზაპრესი

რამ გამოიყვანა კოკო როინიშვილი რთული სიტუაციიდან?

მსახიობს, რეჟისორსა და ტელეწამყვანს - კოკო როინიშვილს შინ საკმაოდ მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა აქვს. მიიჩნევს, რომ საკუთარი სურვილით წიგნების აქტიურად კითხვა გვიან ასაკში დაიწყო...

- საერთოდ, ზაფხულობით წიგნებს ვკითხულობ, მაგრამ წელს გამონაკლისი იყო, რადგან ზაფხული თეატრის რემონტში გავატარე. საბოლოო ჯამში, წიგნის კითხვა დიდად ვერ მოვახერხე... "ქალაქის თეატრი" უკვე გავხსენით, მაგრამ სპექტაკლიდან სპექტაკლამდე "ვიკეტებით" და რემონტს ვაგრძელებთ.

- წიგნების დამოუკიდებლად კითხვა რა ასაკიდან დაიწყეთ?

- სხვათა შორის, ძალიან გვიან. საბავშვო ლიტერატურის აქტიურად კითხვა 13-14 წლისამ დავიწყე. კითხვამ ჩამითრია, ძალიან შემიყვარდა და მას მერე სულ ვკითხულობ. მგონია, საბავშვო ლიტერატურის აქტიურად კითხვისთვის 13-14 წელი ძალიან გვიანია. მიხარია, როცა ვხედავ, რომ ჩემს 8 წლის შვილს წიგნი ძალიან უყვარს.

- თუ გახსოვთ, თქვენი ყურადღება პირველად რომელმა წიგნმა მიიქცია?

- კი, როგორ არ მახსოვს, წიგნებს მანამდეც ვკითხულობდი, ოღონდ - დაძალებით. მახსოვს, ბავშვობაში ჟიულ ვერნის ნაწარმოებს - "80000 კილომეტრი წყალქვეშ" მაკითხებდნენ. ძლივს დავამთავრე (იცინის)... 12-13 წლისამ "სამი მუშკეტერი" წავიკითხე. მართლა ისე ჩამითრია, რომ წიგნის მიმართ სიყვარული ამ ნაწარმოებმა გამიჩინა. მერე "ჰარი პოტერი" წავიკითხე...

- "სამი მუშკეტერის" წაკითხვა ვინმემ გირჩიათ?

- კი, მამაჩემის რჩევით წავიკითხე. ნამუსზე ამაგდო - ჩემი აზრით, სირცხვილია, რომ წაკითხული არ გქონდესო. მეც თითქოს ჯინაზე დავიწყე კითხვა, მაგრამ ამ "ჯინაზე კითხვამ" 2-3 ფურცლამდე გასტანა, რადგან ნაწარმოებით დავინტერესდი.

- დაძალებით წაკითხული წიგნები მოგვიანებით გადაგიკითხავთ?

- კი. ბავშვობაში "ტომ სოიერის თავგადასავალი" დაძალებით წავიკითხე. მერე, 20 წელზე მეტის ვიყავი, მეორედ რომ გადავიკითხე და ძალიან გავერთე (იცინის). მთავარია, ბავშვს წიგნს როგორ "მიაწვდი". დაძალება "არ მუშაობს", პირიქით - შეიძლება უკურეაქცია გამოიწვიოს. მთავარია, როგორ ურჩევ, როგორ "შეფუთავ", რომ კითხვა მისთვის საინტერესო გახდეს. საბოლოო ჯამში, შვილი წიგნს მაშინ კითხულობს, როცა ხედავს, რომ მშობლები კითხულობენ. მაშინ ხვდება, რომ წიგნი ნამდვილად საინტერესოა. არ ვამბობ, რომ ჩემი დედ-მამა არ კითხულობდნენ - პირიქით, მაგრამ სამწუხაროდ, გამორჩეულად ზარმაცი ვიყავი (იღიმის).

- სასკოლო პროგრამაში არსებული ლიტერატურული ნაწარმოებები თქვენთვის საინტერესო იყო?

- ამ შემთხვევაში, "ვეფხისტყაოსანზე" გავამახვილებ ყურადღებას: სკოლაში სწავლა რომ დავამთავრე, საზეპიროებიც ვიცოდი, თავიდან ბოლომდე წაკითხულიც მქონდა, მაგრამ ჩემი საყვარელი წიგნი არ იყო, არ მომწონდა. წაკითხული გააზრებული არ მქონდა. მერე, როცა თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე, საკუთარ თავს ვკითხე: ადამიანს ასეთი დიდი ნაწარმოები რატომ არ უნდა გქონდეს გააზრებული-მეთქი? დაახლოებით პირველი კურსის ბოლოს, "ვეფხისტყაოსნის" კითხვა დავიწყე და აღმოვაჩინე, რომ ეს საოცრებაა, არაამქვეყნიურია, თითქოს ადამიანის დაწერილი არაა. "ვეფხისტყაოსანი" დიდი აღმოჩენა იყო, რომელმაც ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა.

- ვინმე გეგულებათ, ვინც "ვეფხისტყაოსანი" მოზარდობისას წაიკითხა და გაიაზრა?

- არა. საერთოდ, მგონია, რომ ეს ნაწარმოები სკოლაში არ უნდა ისწავლებოდეს. სხვათა შორის, ბაირონს აქვს ნათქვამი: ერთადერთი თხოვნა მაქვს - ჩემი სიკვდილის შემდეგ ჩემი ლექსები სკოლაში არ ასწავლოთო. სამწუხაროდ, როგორც კი გარდაიცვალა, სკოლაში მისი ლექსების სწავლება დაიწყეს. არ ვგულისხმობ, რომ სკოლა ცუდია, პირიქით - კარგია, მაგრამ სწავლის მეთოდები შესაცვლელია. მიუხედავად იმისა, რომ ლიტერატურის კარგი მასწავლებელი მყავდა, "ვეფხისტყაოსანი" ისეთი რთულია, რომ სასკოლო პროგრამაში არ უნდა იყოს. უბრალოდ, ბავშვი ამ ნაწარმოებს ვერ გაიაზრებს. სკოლაში "ვეფხისტყაოსნისთვის" შემზადება უნდა ხდებოდეს და არა - მისი სწავლება. ამ ნაწარმოების გაცნობის სურვილი ისე ძლიერად უნდა გაგიჩნდეს, რომ მერე თავად წაიკითხო.

- მოზარდობის პერიოდში რა ჟანრის ნაწარმოებები გიტაცებდათ?

- რა თქმა უნდა, სათავგადასავლო. 15-16 წლამდე ეს ჟანრი გიტაცებს ადამიანს. თან წარმოიდგენ, რომ შენც ედმონდ დანტესი ან დ’არტანიანი ხარ. ამ დროს სხვაგვარად განეწყობი... ჩემი ბავშვობიდან "სამი მუშკეტერი" გამორჩეულად მახსოვს, მაგრამ ბევრი ნაწარმოები იყო, რომელმაც ჩემზე ზეგავლენა მოახდინა... მერე, როცა თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე, "დონ კიხოტი" წავიკითხე. მგონია, ერთ-ერთი დიდი წიგნია, რაც კაცობრიობას შეუქმნია. უბრალოდ, შოკში ჩამაგდო, ჩემზე ისე იმოქმედა.

- "ვეფხისტყაოსანი" და "დონ კიხოტი" ის წიგნებია, რომლებმაც თქვენი მსოფლმხედველობა შეცვალა?

- კი, მაგრამ კიდევ არის მაგალითად, "99 ფრანკი", რომელიც გენიალურ ნაწარმოებად მიმაჩნია. რომ გითხრათ, ბეგბედერის სხვა ნაწარმოებებზე გავგიჟდი-მეთქი, ნამდვილად მოგატყუებთ, მაგრამ "99 ფრანკში" ადამიანურ ბნელ მხარეებზე ისე ღიად, თავისუფლად წერს, რომ უცებ საკუთარ თავს აღმოაჩენ - შენი პიროვნებისკენ "მეორე მხრიდან" გახედებს...

- პოეზია გიტაცებთ?

- ძალიან მიყვარს. ხელოვნების უმაღლესი წერტილია! მგონია, პოეტებით ნებისმიერ ქვეყანას შევეჯიბრებით. შოთა რუსთაველს რომ თავი დავანებოთ, დავით გურამიშვილი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, გალაკტიონ ტაბიძე გვყავს, რომელთა შემოქმედებაც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას შეშურდება. ასევე მგონია, რომ ძალიან კარგი თანამედროვე პოეტები გვყავს.

- ასეთ თანამედროვე პოეტებად ვინ მიგაჩნიათ?

- ტარიელ ხარხელაური - უდავოდ, ახალგაზრდებს შორის - თემურ ელიავა. აბსოლუტურად განსხვავებული პოეტები არიან. ორივეს ღრმა შემოქმედება აქვს. თავიანთი ენა აქვთ შექმნილი. მაგალითად, ტარიელ ხარხელაურს მთის ენა აქვს, თუმცა - ისეთი გამორჩეული და გასაგებია, რომ მკითხველთან "ახლოს მოდის", გულში ჩამწვდომია. პოეზია მეტი რა უნდა იყოს? ზუსტად იგივე განცდა მეუფლება თემურ ელიავას შემოქმედების კითხვის დროსაც - ადამიანის შინაგანი სამყარო პოეზიით უცბად, ბოლომდე გამოაქვს... ეს დიდი ნიჭია. საერთოდ, პოეზია საოცრებაა.

koko-3-copy-1664266738.jpg

- წასაკითხ წიგნებს რის მიხედვით არჩევთ?

- მეგობრების ან მეუღლის რჩევით, მაგრამ ხშირად, წიგნის მაღაზიაში შევსულვარ, რაღაცით უბრალოდ დავინტერესებულვარ და ამიღია. ეს მეთოდი ძირითადად, ამართლებს.

- რომელიმე წიგნის წაკითხვა გინანიათ?

- კი, ოღონდ - არ მკითხოთ, რომლის (იღიმის). ასეთი შემთხვევა ბევრჯერ მქონია.

- მოზარდობისას, ასაკისთვის შეუფერებელი ნაწარმოები წაგიკითხავთ?

- კი, როგორ არა! მაქსიმუმ, 15 წლის ვიქნებოდი, როცა დოსტოევსკის "იდიოტის" კითხვა დავიწყე და შევწყვიტე. მერე მოგვიანებით წავიკითხე. დოსტოევსკი ნამდვილად დიდ მწერლად მიმაჩნია. ალბათ, ასაკისთვის შეუსაბამო რომელიმე ნაწარმოები თავიდან ბოლომდეც წამიკითხავს, მაგრამ არ მახსენდება. ძირითადად, უფროს ასაკში საბავშვო ლიტერატურას ვკითხულობდი (იცინის). "ნუ მოკლავ ჯაფარას" 5-6 წლის წინ წავიკითხე - უბედნიერესი ვიყავი. ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად მიმაჩნია. ჩემი შვილისთვის ამ წიგნის წაკითხვა ჯერ ნაადრევი მგონია, მაგრამ 2-3 წელიწადში აუცილებლად ვურჩევ, წაიკითხოს.

- თქვენს შვილს კითხვა როგორ შეუყვარდა?

- სიმართლე გითხრათ, ჩემს ბავშვობაში იმდენი წიგნის წაკითხვის ფუფუნება ნაკლებად იყო, რამდენიც ახლაა. დღეს უცხოური ლიტერატურის ბევრი თარგმანია. მაგალითად, ახლა "წრიპა ბიჭის დღიურითაა" დაინტერესებული, რაც მისი ასაკისთვის შესაფერისია. ამიტომ დღეში თითო ტომს კითხულობს, თუმცა უფროსების წიგნების მიმართ ინტერესიც გაუჩნდა და მაგალითად, "ჰარი პოტერის" კითხვა დაიწყო. 4 ტომი წაიკითხა, მეხუთეს შესახებ კი თქვა - ეს ჩემთვის არაა, ჯერ პატარა ვარო და კითხვა შეწყვიტა, მაგრამ იცის, ოდესმე აუცილებლად განაგრძობს.

- ლიტერატურული ნაწარმოებების ეკრანიზაციები თქვენთვის საინტერესოა?

- ძალიან. მაგალითად, ბევრს მარიო პიუზოს "ნათლია" დიდად არ უყვარს, ეკრანიზაცია უფრო მოსწონთ. პირადად მე, ნამდვილად დიდ ნაწარმოებად მიმაჩნია. შეიძლება, ლიტერატურულ ნაწარმოებზე უკეთესი იყოს ფილმი - "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა", რომელიც ძალიან მიყვარს. ეს ის შემთხვევაა, როცა ჯერ ფილმი ვნახე, მერე კი წიგნი წავიკითხე. დღემდე ეკრანიზაცია მირჩევნია, თუმცა ძალიან კარგი ნაწარმოებია, რა თქმა უნდა! იმედი გამიცრუა დეტექტივის - "გოგონა მატარებლიდან" ეკრანიზაციამ. ამ წიგნის კითხვას ყველას ვურჩევდი, ისე დავინტერესდი. შემდეგ ეკრანიზაცია ვნახე - ძალიან უინტერესო, ცუდად გადაღებული ფილმია.

- რომელიმე ლიტერატურული პერსონაჟის განსახიერება განსაკუთრებულად თუ გინდათ?

- თამაშზე მეტად, სპექტაკლის დადგმაზე მიოცნებია. პროფესიულ სცენაზე პირველად გოგოლის მოთხრობა - "შინელი" დავდგი, შემდეგ - ვუდი ალენის მოთხრობა, მერე - ო’ჰენრის მოთხრობები... მოკლედ, ჯერჯერობით, მოთხრობებს და იშვიათად, პიესებს ვდგამ (იცინის). ასევე მიფიქრია "დონ კიხოტის" დადგმაზე, რომელიც "გაპიესებულია" - "ლამანჩელი" ჰქვია. ჩემი დიდი ოცნებაა, ესეც დავდგა, ოღონდ - ორკესტრთან ერთად. დიკენსის ნაწარმოებებიც მიყვარს. "ოლივერ ტვისტის თავგადასავალს" სიამოვნებით დავდგამდი. მისი ეკრანიზაცია შესანიშნავია.

- თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი რომელია?

- ბევრი მახსენდება, მაგრამ დონ კიხოტი გამორჩეულად მიყვარს. ბუნებით ვგავარ. არ ვამბობ, რომ კონკრეტულად, რაინდი ვარ, მაგრამ შინაგანად, ქარის წისქვილებთან მებრძოლი და მეოცნებე გახლავართ.

- სამაგიდო წიგნი გაქვთ?

- არა, მაგრამ ჩემს ტუმბაზე ნახავთ "მერფის კანონებს", რომლის კითხვისას სულ ვერთობი. მაგალითად, მერფის ერთ-ერთი ცნობილი კანონი ძალიან მომწონს: რაც იწყება კარგად, მთავრდება ცუდად, და რაც იწყება ცუდად, მთავრდება უფრო ცუდადო (იცინის). კარგი გასართობია.

- რთულ პერიოდში რომელიმე ნაწარმოების კითხვა დაგხმარებიათ?

- კი. ასეთი იყო "ნუ მოკლავ ჯაფარას". რაღაცნაირად, ადამიანურად, დიდი გადაღლის შემდეგ, ცუდი განწყობილება ყველას ეუფლება, ხომ იცით, არა? ასეთი პერიოდი მქონდა, როცა საგურამოში ვისვენებდი. ჩემს დეიდაშვილს "ნუ მოკლავ ჯაფარას" წამოღებული ჰქონდა. ავიღე, კითხვა დავიწყე და მივხვდი, მელანქოლიისკენ მიდრეკილს, ამ წიგნის კითხვამ შვება მომგვარა. ამიტომ ჩემს ცხოვრებაში გამორჩეული ადგილი უჭირავს.

koko-shviltan-copy-1664266727.jpg

- როგორ ფიქრობთ, თქვენი ცხოვრება წიგნის სიუჟეტისთვის საინტერესოა? გიცდიათ წერა?

- არ მიცდია, მაგრამ მგონია, რომ ახლა სადღაც "შუა თავზე ვარ" (იცინის), ამიტომ ჯერ არ ვიცი, საინტერესო იქნება თუ არა.

- "გზის" მკითხველებს რომელი წიგნის წაკითხვას ურჩევთ?

- ყველა წიგნის წაკითხვას, რაც მიიზიდავთ, რადგან რომელიმე წიგნი შეიძლება, ერთისთვის ძალიან მოსაბეზრებელი იყოს, მეორისთვის კი - აღმოჩენა. თუ სწორად მახსოვს, ლევან ბერძენიშვილს ჰკითხეს, - რამდენი წიგნია საჭირო, რომ გავნათლდეთო? მან უპასუხა, - მაქსიმუმ, 3 ან 4, მაგრამ ეს 3-4 წიგნი რომ იპოვო, ათასი უნდა წაიკითხოო. რაც მეტს წავიკითხავთ, მეტს აღმოვაჩენთ. შეიძლება, ჩვენი სულისა და გონებისთვის მართლა 3-4 წიგნი იყოს საჭირო, მაგრამ ისინი რომ ვიპოვოთ, ბევრი უნდა წავიკითხოთ.

ეთო ყორღანაშვილი