"მიდით, მასწ, დაარტყით!" - გზაპრესი

"მიდით, მასწ, დაარტყით!"

"ენერგიული, ნიჭიერი, სხარტი, კეთილი, გონიერი, თავმდაბალი, მოწესრიგებული, უბრალოებით გამორჩეული"... - ასე ახასიათებენ 169-ე სკოლის პედაგოგები ხვიჩა კვარაცხელიას. იმ პატარა ბიჭით, სკოლის დერეფნებში ბურთით რომ დარბოდა, დღეს არა მხოლოდ მშობლიური სკოლა, სამშობლოც ამაყობს, ამ სტატიით კი სულ სხვაგვარ ხვიჩა კვარაცხელიას გაგაცნობთ.

მანანა მერაბიშვილი, პედაგოგი:

- ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი გახლავართ. მე-5 კლასში იყო ხვიჩა, როდესაც მის კლასში შევედი და სკოლის დასრულებამდე ამ კლასის ხელმძღვანელი ვიყავი. ერთად 8 წელი გავატარეთ.

manana-copy-1664266924.jpg

- ბავშვობაში ხვიჩა როგორი იყო, რა თვისებებით გამოირჩეოდა?

- ძალიან ენერგიული, ნიჭიერი, გონიერი, ყოველთვის სწრაფი აზროვნებით გამოირჩეოდა. რომ გითხრათ, ხელში სულ წიგნი ეჭირა და ძალიან კარგად სწავლობდა-მეთქი, მართალი არ ვიქნები. ხვიჩა სტადიონზე ბევრ დროს ატარებდა, სულ ვარჯიშობდა, მაგრამ როცა გაკვეთილზე იყო, კარგად მოსმენა იცოდა, ახსნილსაც ადვილად იმახსოვრებდა. XI კლასში რომ იყო, 4 საგანში გამოცდა უნდა ჩაებარებინა. ხვიჩა ამ დროს უკვე ყაზანის "რუბინში" თამაშობდა და წარმოიდგინეთ, მისთვის გამოცდები როგორი რთული ჩასაბარებელი იქნებოდა. სკოლაში ძალიან ყურადღებიანი დირექცია გვყავს. ხვიჩას ყოველთვის ვუწყობდით ხელს. მანამდე ექსტერნი გამოცდებიც წარმატებით ჩააბარა, მაგრამ მიკვირს, ბიჭმა, რომელიც სულ სტადიონზე იყო, როგორ ჩააბარა ფიზიკისა და ქიმიის გამოცდები, როცა მისი თანაკლასელები, რომლებიც მთელი წელი ემზადებოდნენ და ამ საგნებს ბევრ დროს უთმობდნენ, გამოცდიდან ატირებულები გამოდიოდნენ. ხვიჩა ყოველი გამოცდის ჩაბარებას გაღიმებული მახარებდა, "ჩავაბარე, მასწ!" მისი გონიერება და სწრაფი აზროვნება მოედანზეც კარგად ჩანს. ხომ გინახავთ ადამიანები, რომლებსაც აქვთ კარგი შემოსავალი, მაგრამ სიკეთით არ გამოირჩევიან. ხვიჩა თბილი, ძალიან კეთილი და უხვი ადამიანია.

- ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ?

- არა მხოლოდ ხვიჩა, მთელი ოჯახი ასეთია. სხვათა შორის, მის ძმას, თორნიკესაც მე ვასწავლი. მასაც დიდი ფეხბურთის თამაში უნდა, გაკვეთილებს ამ მიზეზით ხშირად აცდენს, მაგრამ როცა სკოლაში მოდის, იგრძნობა, რომ ძმასავით ჭკვიანი და გონიერია. როცა გაკვეთილზეა, ყოველთვის ყურადღებით მისმენს.

რამდენადაც ვიცი, ოჯახი წარმოშობით წალენჯიხიდანაა. ხვიჩა ჩავიდა წალენჯიხაში და იქ მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაეხმარა. თუ ზუსტი ინფორმაცია მაქვს, თითო ოჯახს 500 ლარი გადასცა. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ხვიჩა უბრალოებით გამორჩეულია. ჩვენ ერთ უბანში ვცხოვრობთ, სკოლაც აქვეა, კლასელების უმრავლესობაც მეზობელია და როცა თბილისში ჩამოდის, ხვიჩა მათ ურეკავს, იკრიბებიან სკვერში და საუბრობენ. ერთ კლასელს სოფელი აქვს ხარაგაულში, იქაც ერთად იყვნენ წასულები, ბავშვობის მეგობრებთან მუდმივად აქვს ურთიერთობა. ხვიჩას კლასი ყოველთვის მეგობრული იყო, ეს ნაწილობrივ ჩემი დამსახურებაც არის, ბავშვები სულ დამყავდა ექსკურსიებზე, თეატრებში... მოზარდებს განსხვავებულ გარემოში ურთიერთობის საშუალება უნდა ჰქონდეთ, იქ ერთმანეთს სხვაგვარად ეჩვევიან, ერთად მღერიან, ცეკვავენ, ილხენენ... მეტად უმეგობრდებიან...

სკოლა რომ დაასრულეს, მეორე წელს მთელი კლასი და მათთან ერთად მეც, ხვიჩამ რესტორანში დაგვპატიჟა, ღირსეულად გვიმასპინძლა. გადამატებულ ნათქვამად არ მიიღოთ, ხვიჩასნაირ პიროვნებას დღეს ძნელად თუ შეხვდებით, ნაკლს ვერ უნახავთ.

- არასდროს გაუბრაზებიხართ?

- არა.

- ერთი შემთხვევაც კი არ გახსენდებათ?

- ნამდვილად არ მახსენდება, არ გავუბრაზებივარ და ხომ ვერ მოვიგონებ?! თავის დროზე კი ვეუბნებოდი, გაკვეთილებს ნუ აცდენ-მეთქი, მაგრამ მშობლისგან ვიცოდი, რომ გაცდენის საპატიო მიზეზი ჰქონდა. ინტენსიური გაცდენები ბოლო წლებში დაიწყო, თორემ თავიდან გაკვეთილებზე ჩვეულებრივად დადიოდა, შემდეგ კი სკოლაც მაქსიმალურად ხელს უწყობდა, მისი წარმატებები ყველას ძალიან გვახარებდა. ხომ არიან კლასები, ბავშვები სკოლას რომ ასრულებენ, ერთმანეთსაც შორდებიან. ხვიჩას კლასი ასე არ არის. იტალიაში რომ მიდიოდა, სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, იმ ვიდეოში გვერდით კლასელები ჰყავდა.

- დღეს, როდესაც ხვიჩას შესახებ მთელი ევროპა ლაპარაკობს, თქვენ რა განცდა გაქვთ?

- მოსწავლემ, რომელსაც მე ვასწავლიდი, რაღაც ცუდი თუ ჩაიდინა, განვიცდი. ვფიქრობ, რაღაც მე დავაკელი, რაღაც ოჯახმა, რაღაც სხვა პედაგოგმა და ალბათ ეს ბავშვი ასეთი ამიტომ გამოვიდა-მეთქი. როდესაც ჩემი მოსწავლე წარმატებულია და ამასთან, ღირსეული მოქალაქეა, რა თქმა უნდა, ამით ვამაყობ, ძალიან მიხარია.

- სოციალურ ქსელში ერთმანეთს ხშირად ეხმიანებით?

- ერთმანეთს ძირითადად მესენჯერში ვწერთ. ერთხელ სტატუსზე კომენტარი დავუტოვე, - ხვიჩა მხოლოდ ეგ არ გიშველის, იმეცადინე-მეთქი, მაგრამ დამავიწყდა, ამ ტექსტისთვის ღიმილის სმაილიც მიმეყოლებინა. ვერც წარმოვიდგენდი, ადამიანები თუ ვერ მიხვდებოდნენ, 21 წლის ბიჭს გაკვეთილების სწავლას სერიოზულად რომ არ მოვთხოვდი. ეს იყო ხუმრობა, რომელიც სწორად ვერ გაიგეს. გაუგებარი კომენტარები დაიწერა, მერე მირეკავდნენ, არ გაბრაზდეო. რაზე უნდა გავბრაზდე, მეცინება, ამ ადამიანებმა საქართველოში ცნობილი გამხადეს-მეთქი (იცინის).

- ცნობილი ხვიჩამ გაგხადათ.

- მიხვდა, ჩემს მასწავლებელს საზოგადოება მთლად კარგად არ ექცევაო და თავად დაწერა: თქვენ, მანანა მასწ, იმდენი მასწავლეთ, მთელი ცხოვრება მეყოფაო. ამის შემდეგ ხალხიც ჩაჩუმდა. სხვათა შორის, ამ სტატუსზე ბევრი კარგი კომენტარიც დაიწერა. გავიგე, ახლობლებს როგორ ვყვარებივარ და ეს მესიამოვნა.

- ხვიჩას საცოლე ჰყავს, მის რჩეულს იცნობთ?

- ხვიჩას საცოლე ახლახან გავიცანი, სრულიად შემთხვევით, უბანში სადედამთილოსთან ერთად შემხვდა. მაკას (ხვიჩა კვარაცხელიას დედა) ძალიან კარგად ვიცნობ, გვერდიგვერდ კორპუსებში ვცხოვრობთ, ერთმანეთს მაღაზიაშიც ხშირად ვხვდებით. მაკამ გოგონა გამაცნო, ხვიჩას შეყვარებულიაო. ძალიან ლამაზი, "სვეცკი" გოგონაა, ინტელექტუალი ჩანს, კარგად აღზრდილი. ხვიჩა ნამდვილად იმსახურებს, რომ გვერდით ღირსეული ადამიანი ჰყავდეს.

სხვათა შორის, ხვიჩას ვეუბნებოდი ხოლმე: იცოდე, შენ ფეხბურთის თამაში მე გასწავლე-მეთქი. პატარა რომ იყო, სკოლაში ბურთი მოჰქონდა, შესვენებაზე დერეფანში ათამაშებდა, კლასის ხელმძღვანელი ვიყავი და შესვენებაზე კლასს უყურადღებოდ არ ვტოვებდი. ხვიჩა მისკენ მიმავალს რომ დამინახავდა, ბურთს ჩემკენ აგორებდა, თან მეძახდა, - "დაარტყით, მასწ!" ასე ვთამაშობდით (იცინის). სხვა ბავშვები გაკვირვებულები გვიყურებდნენ, მათ დამრიგებელი ფეხბურთს არ ეთამაშებოდა. სანამ გაკვეთილზე შესვლის ზარი დაირეკებოდა, ვთამაშობდით, თავს მატყუებინებდა, ვითომ რამე შემეძლო და თან მაგულიანებდა: "მიდით, მასწ, დაარტყით!"

- რას ეტყვით ხვიჩას ჩვენი ჟურნალის ფურცლებიდან?

- ხვიჩა, სულ წარმატებას და წინსვლას გისურვებ, დარჩი ისეთივე კარგი ბიჭი და კარგი მოქალაქე, როგორიც ახლა ხარ. მინდა გყავდეს კარგი ოჯახი და ბევრი ისეთივე კარგი შვილი, როგორიც თავად ხარ. შენი სამშობლო გიყვარდეს და მასზე იზრუნე!

"სპორტში გამოცდა რომ ჩაგაბარებინო, თავი სად გამოვყო-მეთქი"

zangaladze-copy-1664266945.jpg

მამუკა ზანგალაძე, პედაგოგი:

- 169-ე სკოლაში სპორტის პედაგოგად ვმუშაობდი. ხვიჩას VI კლასიდან ვასწავლიდი. ფეხბურთზე უკვე დადიოდა, მისი მონაცემები შეუმჩნეველი არ დამრჩენია და სულ ვეუბნებოდი, ასე თუ გააგრძელებ, იცოდე, შენ დიდ ფეხბურთს ითამაშებ-მეთქი. გაკვეთილზე ბავშვებს ფეხბურთის სათამაშოდ რომ გავყოფდი, ყველას ხვიჩას გუნდში უნდოდა მოხვედრა, რადგან მოგებულები რჩებოდნენ. ამიტომ გული რომ არ დასწყვეტოდათ, ბიჭებს სიმაღლის მიხედვით ვაყენებდი და ისე ვანაწილებდი. თავისუფალი რამდენიმე წუთი თუ დაგვრჩებოდა, ხვიჩა მოირბენდა და მეტყოდა; მასწავლებელო, ბურთი მათხოვეთ, თუ შეიძლებაო. გავიდოდა მოედანზე და იმ ილეთებს ხვეწდა, თავის მწვრთნელი რა დავალებებსაც აძლევდა. სულ ბურთით დადიოდა. მგონი, საწოლშიც ბურთით იძინებდა. მოედანზე, სპორტულ დარბაზში, სკოლის დერეფნებში ყველგან ბურთის ათამაშებდა.

ძიუდოში დამსახურებული მწვრთნელი ვარ, ევროპის და მსოფლიოს ბევრი ჩემპიონი მყავს გაზრდილი, სპორტსმენს მხოლოდ ფიზიკურ მონაცემებზე კი არა, ხასიათზე ეტყობა, წარმატებული იქნება თუ ვერა. სპორტსმენს ხასიათი უნდა ჰქონდეს.

- რას გულისხმობთ, როგორი უნდა იყოს?

- აუცილებელია თავმდაბლობა, ზრდილობა, მოწესრიგებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა. ხვიჩა კვარაცხელიას ყველა ეს თვისება აქვს. სკოლაში იმდენად თავმდაბალი იყო, არ მახსოვს, მიცემული დავალება ოდესმე გაეპროტესტებინოს. არასდროს არავის აგრძნობინებდა, რომ ვიღაცაზე ძლიერი ან მეტი იყო. დავალებას რომ ვაძლევდი, თვალებშიც კი არ მიყურებდა, თავს ხრიდა, გაიღიმებდა და საქმეს იწყებდა. სხვათა შორის, გოლები რომ გააქვს, თავს ახლაც დაბლა ხრის. ბოლო 2 წელი ექსტერნად აბარებდა გამოცდებს, უკვე "რუბინში" თამაშობდა. სპორტში გამოცდა სკოლის მასშტაბით, დაახლოებით 70 ბავშვს უნდა ჩაებარებინა, დიდ მოედანზე გავიყვანე ყველანი და გავაცანი, კილომეტრი სირბილით რამდენ ხანში უნდა დაეფარათ, 100 მეტრი - რამდენ ხანში, აზიდვები როგორ გაეკეთებინათ და ა.შ. ხვიჩა ბავშვებს შორის იდგა. მივედი და ვუთხარი, ვიცი, შენ უკვე დიდ ფეხბურთს თამაშობ და მომავალში კიდევ უფრო წარმატებული იქნები, სპორტში გამოცდა რომ ჩაგაბარებინო, თავი სად გამოვყო. წადი, შვილო, თავისუფალი ხარ-მეთქი. იუარა, - არა, მასწავლებელო, ჩემს მეგობრებთან ერთად ჩავაბარებო. ის პირველი გავიდა და დანარჩენ ბავშვებს უდიდესი სტიმული მისცა, მას აჰყვნენ და ყველამ ჩააბარა, აღარ უწუწუნიათ. ეს ხომ მის თავმდაბლობასა და მოწესრიგებულობაზე მიანიშნებს. ხვიჩა კვარაცხელია ძალიან დიდი ვარსკვლავი იქნება, მას საოცარი ნებისყოფა აქვს. წარმოიდგინეთ, რამდენად რთულია, წლების განმავლობაში სულ აკონტროლო წონა, კვება, ფიზიკური მომზადება...

- წარმომიდგენია, თქვენთვის მისი ყველა მატჩი, რამდენად ემოციურია...

- როცა ვუყურებ, სიხარულით და სიამაყით ვივსები. ვინც ხვიჩას ახლოს არ იცნობს, მინდა ყველას ვუთხრა, რომ ეს ადამიანი განა მარტო წარმატებული ფეხბურთელია, ძალიან კარგი ადამიანია. ერთი შემთხვევა გამახსენდა, რომ გითხარით, პატარა რომ იყო, კლასელებთან ერთად ფეხბურთს ვათამაშებდი-მეთქი, ხვიჩა, ბურთს რომ აიღებდა, წავიდოდა, მიიტანდა კარამდე, არ გაიტანდა, უკან გამობრუნდებოდა, მერე ისევ შეტევაზე გადავიდოდა, კართან მიიტანდა და ისევ არ დაარტყამდა, აი, მესამედ რომ მივიდოდა, მერე რომელიმე თანაგუნდელს დაუძახებდა, ბურთს გაუგორებდა და გაატანინებდა. რამდენიმე დღის წინ, მასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოვაქვეყნე, ეს ფოტო ბოლო ზარზეა გადაღებული. ჩემი შვილი ხვიჩაზე ერთი წლით პატარაა. მისმა კლასმა რომ დაასრულა, ხვიჩა სკოლაში მაშინაც მოვიდა, ბავშვებს სკოლის დამთავრება მიულოცა და ყველას ავტოგრაფი მისცა, მასთან ერთად ფოტოებს იღებდნენ, ყველას უხაროდა.

- დღეს გაქვთ მასთან ურთიერთობა?

- სოციალური ქსელის საშუალებით შთაბეჭდილებას ვუზიარებ, წარმატებას ვუსურვებ!

- ხვიჩას "რუბინში" თამაშის გამო რომ აკრიტიკებდნენ, ამაზე თქვენი აზრი გვაინტერესებს. მან რუსული კლუბი მას შემდეგ დატოვა, როცა "ფიფამ" რუსულ ფეხბურთს სანქციები დაუწესა და ლეგიონერებს საკუთარ კლუბებთან კონტრაქტის გაწყვეტის უფლება მისცა.

- ერთ-ერთმა მამაომ, რომლის სახელს და გვარს ახლა შეგნებულად არ დავსახელებ, ხვიჩაზე ძალიან ცუდი რამ დაწერა, რასაც ჰქვია, ბიჭი გაანადგურა. მერე მრევლი აჰყვა, ხან რუსომანი ეძახეს, ხან - რა, რუსულ კლუბში რატომ თამაშობსო? არადა, ასეთი დიდი საკითხები ასე მარტივად და მალე არ გვარდება. მამაოს კომენტარი არ დავუწერე, პირადი შეტყობინება გავუგზავნე: მივწერე, ამას როგორ აკეთებთ? იმის ნაცვლად, რომ დალოცოთ და წარმატება უსურვოთ, რას წერთ, ახალგაზრდა ბიჭი შრომობს, უნდა წარმატებას მიაღწიოს და ასე ჩასაფრებული რატომ ხართ? რუსეთში მილიონზე მეტი ქართველი საქმიანობს და ამ ბიჭს რას გადაეკიდეთ-მეთქი? ამის წაკითხვისთანავე გააქრო ის პოსტი. მერე ძიუდოს ფედერაციის დარბაზში იყო მოსული, პირადად შემხვდა და ბოდიშიც მოიხადა.

- თქვენთვის თუ არის ცნობილი, თავად ხვიჩას ამაზე როგორი რეაქცია ჰქონდა?

- არ ვიცი, მგონია, რომ მსგავს რამეს ყურადღებას არ აქცევს და არც უნდა მიაქციოს, მას მოშურნე ყოველთვის ეყოლება. მთავარია, საკუთარ საქმეს მიხედოს და ასეც იქცევა. ძლიერებს უფრო მეტი მტერი ჰყავთ, ეს იცის. ბევრი ლაპარაკიც არ უყვარს, ცოტათი სიტყვაძუნწია.

- დაბოლოს, რას ეტყვით მას?

- ძალიან დიდ წარმატებას და პირად ცხოვრებაში დიდ ბედნიერებას ვუსურვებ! რაც მთავარია, ბედნიერი ყოფილიყოს იმ საქმითაც, რომელსაც ასე მონდომებით აკეთებს!

თამუნა კვინიკაძე