“ვფიქრობ, რომ რამდენიმე ადამიანის ცხოვრებით ვიცხოვრე” - გზაპრესი

“ვფიქრობ, რომ რამდენიმე ადამიანის ცხოვრებით ვიცხოვრე”

სევდიანი და იმედიანი, სულში ჩამწვდომი და მელოდიური - ასეთია კომპოზიტორ ქეთი გაბისიანის შემოქმედება. უამრავი ადამიანისთვის საყვარელი მუსიკოსი დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმარია და თავის ცხოვრებაზე გვესაუბრება.

- მუსიკის მიმართ ჩემი დიდი სიყვარული ოჯახიდან და ბავშვობიდან მოდის. ჩვენს ოჯახში ყველა მღერის: დედა პროფესიონალი მუსიკოსია, ხოლო მამა - მუსიკის დიდი მოყვარული. ძალიან კარგად მღერის ჩემი და, რომელიც ჩემზე რამდენიმე წლით უფროსია. ამიტომ, ის უფრო ადრე დადიოდა ძველ პიონერთა სასახლეში, შურა ჯანელიძის ვოკალურ ჯგუფში. დედამ სასახლეში მეც მიმიყვანა და ქართული მუსიკის მადლს ადრეული ასაკიდან მაზიარა. ბავშვთა ანსამბლებს შორის “მზიური” მაშინ ყველაზე პოპულარული იყო, იქ მოხვედრა ძალიან რთული იყო და ვინც განსაკუთრებით მოეწონებოდათ, “მზიურისთვის” მხოლოდ იმ ბავშვებს არჩევდნენ. ბატონმა ზურა ჯაიანმა თვალი მეც დამადგა და ასე გავხდი მესამე თაობის “მზიურის” წევრი.

qethi-1664782127.jpg

- როდის გადაწყვიტეთ, რომ მუსიკა თქვენი ბედისწერა იყო და მის გარეშე ვერ გაძლებდით?

- ეს საკითხი 5-6 წლის ასაკიდან უკვე გარკვეული იყო. ჩვენ, “მზიურელებს”, ცხოვრების სულ სხვა რიტმი გვქონდა, ამდენი რეპეტიცია, კონცერტები, გასტროლები... სხვა ბავშვებისგან განსხვავებულად ვცხოვრობდით. სკოლაში გაკვეთილების გაცდენაც მიწევდა, მთლიანად მუსიკაზე ვიყავი გადართული და 6 წლისამ უკვე ვიცოდი, რომ მუსიკოსი გავხდებოდი.

- როგორ გახსენდებათ “მზიურში” ყოფნის წლები?

- სიმღერა 6 წლისამ დავიწყე და ანსამბლ “მზიურში” ათი წელი გავატარე. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი წლები, რომლებმაც ბევრი სასიამოვნო მოგონება დამიტოვა. სხვათა შორის, ჩვენი თაობის “მზიურის” გამოკვეთილი ვარსკვლავია უნიჭიერესი მომღერალი - ნატო მეტონიძე, რომლის შემოქმედებას ყველა დიდ პატივს ვცემთ.

- რა როლი შეასრულეს თქვენს კარიერულ წინსვლაში მშობლებმა?

- ალბათ ამ შეკითხვას ამომწურავად ვერასდროს ვუპასუხებ! სწორედ ჩემი დედ-მამის დამსახურებაა, რომ პროფესიას არ ჩამოვშორდი და ცხოვრების ყველა განსაცდელს გავუძელი! შვილების აღზრდაშიც ხელს მიწყობდნენ და თუ რამეს მივაღწიე, ჩემი მშობლების წყალობით. როგორც გითხარით, დედა პროფესიონალი მუსიკოსია და მაქსიმალურად ჩვენზე იყო გადმორთული. შედეგსაც აღწევდა, რადგან ჩემი და - ხათუნა გაბისიანი, ტელევიზიის კვარტეტში მღეროდა, ხოლო მე - “მზიურში”. მართალია, ჩემმა დამ სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა და მუსიკას ბოლომდე არ გაჰყვა, მაგრამ დღესაც ფანტასტიკურად მღერის. მე კი პროფესიად მუსიკოსობა ავირჩიე: პიანისტიც ვარ და საკომპოზიციო ფაკულტეტის მაგისტრატურაც მაქვს დამთავრებული. კონსერვატორიამდე იყო მესამე სამუსიკო სასწავლებელი, რომელმაც ძალიან ბევრი თვალსაჩინო მუსიკოსი აღზარდა. იქ მოღვაწეობდნენ ისეთი გამოჩენილი ადამიანები, როგორებიც გურამ ბზვანელი და ქსენია ჯიქია იყვნენ. არაჩვეულებრივი პედაგოგები მყავდა, რომლებმაც ჩემი პროფესია უფრო მეტად შემაყვარეს. ჩემი პედაგოგი იყო არაჩვეულებრივი მაკო მეგრელიშვილი. მას დღემდე ვემადლიერები და სულ ვამბობ, რომ ძალიან გამიმართლა, მის ჯგუფში რომ მოვხვდი. ვიდრე კონსერვატორიაში ჩავაბარებდი, ორი წელი დავდიოდი ბიძინა კვერნაძესთან და მის გაკვეთილებს ვიღებდი. ამ ბუმბერაზი კომპოზიტორისგან უამრავი რამ ვისწავლე და ვაღიარებ, რომ ეს ჩემთვის დაუვიწყარი წლები იყო!

- კონსერვატორიაში შესული ნიჭიერი ახალგაზრდა რაღაც ჩარჩოებში ხომ არ ექცევა და ინდივიდუალობას ხომ არ კარგავს?

- თქვენს შეკითხვაში არის სიმართლის მარცვალი, მაგრამ ბოლომდე ვერ დაგეთანხმებით: შეიძლება, ადამიანი ძალიან ნიჭიერი იყოს, მაგრამ ცოდნას მაინც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ეს რთული თემაა, რადგან ქართველები ძალიან ნიჭიერები არიან - თითქმის ყველას შეუძლია დაჯდეს და ლამაზი მელოდია შექმნას. მიუხედავად ნიჭიერებისა, მაშინვე ვხვდები, აქვს თუ არა მიღებული ადამიანს მუსიკალური განათლება. ძალიან ბევრი უნიჭიერესი მომღერალი ვიცი, რომელიც თვითნასწავლია, მაგრამ პროფესიონალთან მუშაობა გაცილებით ადვილია: ჩვენ, მუსიკოსები, ერთ ენაზე ვსაუბრობთ და მხოლოდ ემოციის ან ხმის ტემბრის ხარჯზე ფონს ვერ გახვალ. არის კომპოზიტორი და არის ავტორი. ავტორი შეიძლება ბევრი გახდეს და კარგი სიმღერაც ბევრმა დაწეროს, მაგრამ სპეციალური განათლება ბევრს ნიშნავს. მე მომიწია დამეწერა კლასიკა და დიდი ზომის ნაწარმოებები, რადგან ეს აუცილებელი იყო: კონსერვატორიას მარტო სიმღერებით ვერ დაამთავრებ. ამიტომ, ეს დეფინიცია საჭიროა: კომპოზიტორი სხვაა და ავტორი - სხვა.

mziurii-1664782139.jpg

- აუცილებლად უნდა გკითხოთ სიყვარულსა და ოჯახზე, რომელიც ძალიან ადრე შექმენით.

- 17 წლის ასაკში გავიპარე. ჩემი მომავალი მეუღლე - ვაჟა კუჭაიძე, ანსამბლ “დარიალში” მღეროდა, თემურ ქევხიშვილთან, მე კი - “მზიურში”. ერთმანეთს ბავშვობიდან ვიცნობდით და, ახლა რომ ვფიქრობ, ძალიან პატარები ვიყავით. პირველი ვაჟი ძალიან ადრე გამიჩნდა, 5 წლის შემდეგ კი გოგონას დედაც გავხდი. ჩემი მეუღლე სულ მამხნევებდა და ჩემით ძალიან ამაყობდა. ყოველთვის მაგულიანებდა, რომ დამეწერა და ჩემს კარიერაზე მეფიქრა. ამას ისიც ხელს უწყობდა, რომ მისი დედ-მამაც მუსიკოსები იყვნენ. მოკლედ, ჩემთვის ორგანულ გარემოში მოვხვდი. ათი წლის შემდეგ ჩემი მეუღლე ავარიაში მოჰყვა და გარდაიცვალა. სულ ახალგაზრდა დავრჩი შვილებთან ერთად, სრულიად მარტო, და კიდევ კარგი, რომ მხსნელად ჩემი ოჯახი მომევლინა. ხანდახან, ჩემს ცხოვრებას რომ გადავხედავ, ვფიქრობ, რომ რამდენიმე ადამიანის ცხოვრებით ვიცხოვრე. უკვე მოზრდილი შვილები მყავს: ვაჟი 32 წლისაა, ხოლო გოგო - 27-ის, მას ახლახან შეეძინა ბიჭი, რომელსაც ნიკო დავარქვით. რადგან ჩემი შვილი გერმანიაში ცხოვრობს, მთელი ზაფხული ბერლინში გავატარე. განსაკუთრებული ზაფხული მქონდა, რადგან ჩემი შვილიშვილის დაბადებას დავესწარი და მერე დავრჩი, რომ ჩემს შვილს დავხმარებოდი. ეს მეორე შვილიშვილია, პირველი - ალექსანდრე - უკვე 10 წლისაა და ვაჟისგან მყავს.

- ამ გადმოსახედიდან რა არის სიყვარული - შეჩვევა თუ გრძნობა, რომელიც ერთბაშად, სპონტანურად უნდა დაიწყოს?

- ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე ამოუხსნელი გრძნობაა, რომლის კონკრეტული განსაზღვრება არ არსებობს. ზუსტად ვერც კი ახსნი, რატომ შეხვდი მაინცდამაინც “იმ” ადამიანს და როცა ერთმანეთს “ის ორი” ხვდება, ეს ზეციური ძალებისგან მოდის. ცხადია, თუ ეს ნამდვილი, ჭეშმარიტი სიყვარულია, რომელიც ადამიანის გულში და მის ცხოვრებაში კუთვნილ ადგილს პოულობს. ასეთ დროს, “იმ ერთის” მიმართ ინტერესი არ ქრება, არ ილევა და თუ ამ მიზიდულობას ინტერესთა თანხვედრაც ემატება, ეს დიდი ბედნიერებაა. თუ გამოჩნდა ადამიანი, რომელთანაც ერთ ენაზე ლაპარაკობ, ესე იგი, სამყაროს უყვარხარ და ძალიან გაგიმართლა. ბედნიერი ვარ, რომ დღეს მარტო არა ვარ და ასეთი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ თანამედროვე ახალგაზრდები ოჯახს იოლად ქმნიან და ასევე იოლად ანგრევენ?

- არ ვიცი, ჩემი თაობის გოგო-ბიჭებს რომ გვისაუბრია, ერთმანეთისთვის გვითქვამს, რომ ამ საკითხს ჩვენ უფრო ადვილად ვწყვეტდით. თუ ვინმე გვიყვარდა, ჩვენს ასაკს არ ვუყურებდით და ოჯახს დაუფიქრებლად ვქმნიდით. მაგალითად: მე რომ გავთხოვდი, ჯერ კიდევ ვსწავლობდი, ჩემი მეუღლეც არ მუშაობდა და ყველანაირად ოჯახზე ვიყავით დამოკიდებული. ახლანდელი ახალგაზრდები კი ცდილობენ, კარიერული თვალსაზრისით გაიზარდონ და გარკვეულ საფეხურს მიაღწიონ, ოჯახის შექმნაზე მხოლოდ ამის შემდეგ ფიქრობენ და მე ეს სწორი მიდგომა მგონია: იმისათვის, რომ ოჯახური ტვირთი გასწიო, ფეხზე მყარად უნდა იდგე, რადგან სიდუხჭირე და ფინანსური პრობლემები ხშირად ხდება უსიამოვნების მიზეზი წყვილებს შორის. ჩვენს დედებსა და ბებიებს მიაჩნდათ, რომ ქალი ქმარმა უნდა არჩინოს, მაგრამ დღეს ეს მიდგომაც მთლიანად შეცვლილია. ამაში ბერლინში ყოფნისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი: ჩემი შვილის მეგობრებსა და მათ ოჯახებს რომ ვაკვირდებოდი, ფუნქციები ყველგან 50/50-ზე ჰქონდათ განაწილებული: ფინანსური საკითხები თუ ფიზიკური დატვირთვა მეუღლეებს თანაბრად ეხებათ. მართალია, ქალს ოჯახში მაინც მეტი დატვირთვა აქვს, მაგრამ ევროპაში მამები ისე უვლიან შვილებს და სახლსაც ისე ალაგებენ, როგორც დედები.

- მუსიკას დავუბრუნდეთ: რომელი ეტაპი გახსენდებათ თქვენს კარიერაში ყველაზე ტკბილად?

- კომპოზიტორის ცხოვრება საერთოდ, მოულოდნელობებით არის აღსავსე. ჩემი ცხოვრებიდან ბევრი მნიშვნელოვანი და ლამაზი ეპიზოდი მახსენდება, მაგრამ ყველაზე ემოციური ჩემთვის ამ რამდენიმე წლის წინ ქუთაისში გამართული შემოქმედებითი საღამო იყო. ასევე ტკბილად მახსენდება ვასო აბაშიძის სახელობის მუსკომედიის თეატრში გამართული შემოქმედებითი საღამოც... კიდევ ერთი საღამოს გამართვა მოვასწარი 2020 წელს, ვიდრე პანდემია დაიწყებოდა, - ის რუსთაველის თეატრში ჩატარდა და ამის შემდეგ, ორი წლით, თითქოს, ყველაფერი გაჩერდა.

- თქვენი აზრით, რომელია ყველაზე მუსიკალური ქალაქი საქართველოში?

- დაუფიქრებლად გეტყვით - ქუთაისი! ეს არის კერა, საიდანაც ყოველთვის მოდიოდა ნიჭიერებისა და მუსიკალურობის საოცარი ტალღა. სწორედ იმერეთმა და ქუთაისმა აჩუქა საქართველოს ბაფთიანი გიტარა, იშხნელების მომაჯადოებელი ხმები, საოცარი ავტორები და მუსიკოსები... ქუთაისი ყოველთვის ნიჭიერების საბადო იყო და ეს მხოლოდ ჩემი შეფასება არ არის. ამ ქალაქში რომ შედიხარ, თითქოს მისი ქუჩებიც სიმღერითა და ხალისით გეგებებიან. არ ვიცი, ალბათ ჩემი განწყობა იმითაც არის გამოწვეული, რომ დედაჩემს იქაური, იმერული ფესვები აქვს. მოკლედ, ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასი ქალაქია, სადაც ყოველთვის თბილად მხვდებიან და საოცრად გემოვნებიანი, ნიჭიერი ხალხი ცხოვრობს.

avtografi-1664782112.jpg

- დღეს როგორია თქვენი შემოქმედებითი ცხოვრება?

- დღესდღეობით ჩემს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია გადაცემა “ავტოგრაფს”, რადგან მე ამ გადაცემის მუსიკალური პროდიუსერი ვარ. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ “ავტოგრაფზე” ჩემს უახლოეს მეგობართან - ბაკურ ბაკურაძესთან ერთად ვმუშაობ. როცა მეგობრებისა და თანამოაზრეების გარემოცვაში ხარ, ეს ხელოვანისთვის ძალიან დიდი სტიმული და ბედნიერებაა. რაც მთავარია, ჩვენი შემოქმედებითი ტანდემი შედგა და ერთად უამრავი პროექტი გავაკეთეთ. ახლა უკვე “თბილისობისთვის” ვემზადებით - მე მუსიკალური პროდიუსერი ვარ, ხოლო ბაკური - რეჟისორი. თბილისელებს ცოცხალ მუსიკას შევთავაზებთ: თქვენ მოისმენთ როგორც ქართულ, ასევე უცხოურ მუსიკას და ჰიტებს, რომლებიც ყველას ძალიან გვიყვარს. ასე რომ, 1-2 ოქტომბერს ყველა დიდი სიხარულით ველოდებით.

- დაბოლოს, როგორ მიულოცავთ მშობლიურ ქალაქს ამ დღესასწაულს?

- ბავშვობიდან დღემდე, მთელი თუ არა, ნახევარი მსოფლიო მოვლილი მაქვს. ხშირად მიფიქრია, თუ მომინდებოდა, სადმე მეცხოვრა, მაგრამ პასუხი ერთია: არსად, გარდა თბილისისა! მე აქ მიყვარს, აქ მტკივა, აქ ვცხოვრობ და მუსიკაც აქ მეწერინება. ყველაზე ბედნიერიც აქ ვარ. მინდა, ყველას მივულოცო, ვისაც თბილისი მთელი არსებით უყვარს! გამორჩეული, ლამაზი დედაქალაქი გვაქვს, რომელიც აქ მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების ადამიანისთვის ისევე ძვირფასია, როგორც ქართველებისთვის. მრავალი თბილისობა მოგველოცოს ჩვენი ლამაზი, ძველისძველი დედაქალაქისთვის!..

ხათუნა ჩიგოგიძე