"იქ უკვე ვეღარ ვეტეოდით, ამიტომ გარემოს შეცვლა გადავწყვიტეთ..."
სალომე გოგიაშვილმა წლების წინ გააცნობიერა, რომ უსაშველო სიტუაციაზე ნერვიულობა არ ღირს. შესაბამისად, ახლა, როცა ტელევიზიაში თანამშრომლობას ვეღარ აგრძელებს (გადაცემა, რომელშიც მუშაობდა, დახურეს), გულდაწყვეტილია, იქაური რეჟიმი და განწყობა ენატრება, მაგრამ არ ნერვიულობს...
- ზაფხულში დასასვენებლად არსად წავსულვარ. რამდენიმე დღით ბათუმში ვიყავი და მთელი ჩემი საზაფხულო არდადეგები ეს იყო. პრინციპში, ბათუმშიც არ დამისვენია - იმიტომ ჩავედი, რომ კონცერტის წამყვანი ვიყავი (იცინის). ეს პერიოდი, სულ თბილისში ვარ, თუკი საქართველოდან საქმის გამო გასვლას არ ჩავთვლით... ახალ სახლში გადმოვედი, ამიტომ მთელმა სამეგობრომ ზაფხული აქ გავატარეთ.
- სახლის შეცვლა რატომ გადაწყვიტე?
- მანამდეც კერძო სახლში ვცხოვრობდით, მაგრამ უკვე ვეღარ ვეტეოდით. ამიტომ გარემოს შეცვლა გადავწყვიტეთ. აქაურობა ძალიან მომწონს. ჩემი დიზაინით სახლი პირველად მოვაწყვე. ყველას მოსწონს, ეს კი უფრო მეტ სტიმულს, მოტივაციას მაძლევს, უფრო მეტი სტუმარი მყავდეს (იღიმის), თუმცა სტუმრები მანამდეც არ მაკლდა...
- სახლის მოწყობისას პროფესიონალი დიზაინერის რჩევა არ დაგჭირვებია? მხოლოდ საკუთარ გემოვნებას ენდვე?
- დიზაინერი მყავდა, რომელიც ძალიან მიყვარს. უბრალოდ, ის მაინც იმას აკეთებს, რაც თავად გინდა. შესაბამისად, ყველაფერს თვითონ არჩევ, ეძებ... უბრალოდ, როცა ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა, ჩემი აზრი კომპეტენტური არ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, რჩევას დიზაინერს ვეკითხებოდი.
- ზაფხულის არდადეგების, ასე ვთქვათ, ანაზღაურებას აპირებ?
- ბოლო დროს მივხვდი, რომ არაფერი არ უნდა დავგეგმო, რადგან რასაც ვგეგმავ, არაფერი გამომდის. გამორიცხული არ არის, რომ რამდენიმე დღით სადმე წავიდე, თუმცა ყოველთვის თავს დამნაშავედ ვგრძნობ: ბავშვები დასასვენებლად არსად ყოფილან, მე რატომ უნდა წავიდე-მეთქი (იღიმის)?..
- თბილისში ზაფხულის გატარებას ბავშვები როგორ შეეგუვნენ?
- სახლში აუზი გავაკეთეთ, ამიტომ დიდად ტრაგიკულად არ გადაუტანიათ ის ფაქტი, რომ ზღვაზე არ წავიდნენ. შინ კარგად გაერთნენ. მათი სამეგობროდანაც თითქმის ყველა თბილისში იყო, ამიტომ არ უნერვიულიათ. თან, პრეტენზიულებიც არ არიან. როცა ბათუმში, კონცერტისთვის გავემგზავრე, 3 დღით ყველანი თან წავიყვანე. მართალია, პირადად მე, იქ ვერ დავისვენე, მაგრამ გარემო მაინც შევიცვალე.
- ახალ სამუშაო სეზონს როგორ იწყებ?
- მოგეხსენებათ, ტანსაცმლის მაღაზია მაქვს, რომლის გამოც ქვეყნიდან ხშირად გავდივართ, მაღაზია ახალი კოლექციებით რომ მოვამარაგოთ. თავდაპირველად, სანამ ამ საქმეს შევეჭიდებოდი, მეგონა, ეს სახალისო და "გემრიელად მოსარგები" იქნებოდა, მაგრამ რთული აღმოჩნდა, რადგან ბევრს დავდივარ, ვფიქრობ... საკმაოდ საწვალებელი ყოფილა, თუმცა არ ვწუწუნებ, რადგან ჩემი არჩევანია. შეძლებისდაგვარად ვცდილობ, საქმეს ალღო ავუღო... ტელევიზიას რაც შეეხება, სადაც ვმუშაობდი, ის გადაცემა დაიხურა, მიუხედავად იმისა, რომ ახალი სეზონისთვის დიდი შემართებით ემზადებოდნენ. სამწუხაროდ, ისე არ მოხდა, როგორც იგეგმებოდა... მაშინ, როცა ცხოვრებაში დიდი სანერვიულო შემხვდა, მივხვდი, რასაც არ ეშველება, იმაზე ნერვიულობა არ ღირს და რასაც ეშველება, არც იმაზე უნდა ინერვიულო. ამიტომ მშვიდად ველოდები, ჩემს ცხოვრებაში ახალი რა მოხდება. თუმცა, თუ არაფერი მოხდება, პრობლემა არ არის: მთავარია, ჯანმრთელები ვიყოთ - რაღაცას ყოველთვის იშოვი...
- შვილებმა ახალი სასწავლო წელი როგორ დაიწყეს?
- უფროსი სტუდენტია. სწავლა ჯერ არ დასწყებია. პატარებს დაეწყოთ, მაგრამ პანდემიისას სკოლაში არ ვუშვებდი, რის გამოც ბავშვმა პირველი-მეორე კლასი ისე გაიარა, სკოლაში არ ყოფილა. უმცროსი ვაჟი სკოლაში, მერხზე იძინებს - ვერ ხვდება, სად არის (იცინის). ძალიან მაგრად ეძინება ხოლმე. მასწავლებელმა მკაცრად გაგვაფრთხილა - უთხარით, რომ სკოლაში ძილი არ შეიძლებაო, მაგრამ ბავშვი აბსოლუტურად ვერ ხვდება, ამას რატომ ვეუბნებით: დილით რომ ვაღვიძებთ, ბრაზდება. შემდეგ ისეთ გარემოში რომ მიგვყავს, რაც ამ ეტაპზე, მისთვის უინტერესოა, გამოსავალი მოიფიქრა - მერხზე თავს დებს და იძინებს. ყოველდღე ვზივარ და ვუხსნი, ასე არ შეიძლება-მეთქი. მოკლედ, სკოლის ამბავს ჯერ ალღო ვერ აუღო.
- გაკვეთილების მომზადებაში ეხმარები?
- ბავშვები სკოლიდან რომ ბრუნდებიან, სადილობის შემდეგ, სამეცადინოდ სხდებიან. ვეუბნები, - თუ გინდათ, რომ თამაშიც მოვასწროთ, ახლავე იმეცადინეთ-მეთქი. 2 ბავშვის მეცადინეობა რა კოშმარი ყოფილა! თუ ფსიქიატრიულ კლინიკაში მოვხვდი, იცოდეთ, ეს ამის გამო მოხდა, რადგან სამეცადინო მასალა ორივეს უნდა ავუხსნა, "დავუღეჭო", თან - სიმშვიდე შევინარჩუნო, როცა მეოცედ ახსნილსაც ვერ იგებენ. ახლა მესმის, დედაჩემი რატომ ყვიროდა, როცა მამეცადინებდა: მათემატიკა ის საგანია, რომელშიც არ ვიცი, რა და რატომ ხდება. დედას მთელი ცხოვრება უნდოდა, სწორედ მათემატიკა მცოდნოდა. ამიტომ სახლში კივილ-წივილი და ერთი ამბავი იყო, მაგრამ ბოლოს მაინც დამნებდნენ, რადგან მიხვდნენ, აზრი არ ჰქონდა... ჩემი შვილები ჯერ პატარები არიან. უბრალოდ, მინდა, მეცადინეობის კულტურას მიეჩვიონ.
- როგორ ახერხებ, ბავშვები ამეცადინო, თან - შინ სტუმრები მიიღო?
- სკოლიდან დაბრუნებისთანავე სწორედ ამიტომ ვამეცადინებ, როცა ჯერ სტუმრები არ მყავს (იცინის). თავს ვიზღვევ, რადგან საღამოობით შინ ყოველთვის ხალხმრავლობაა და ბავშვების მეცადინეობას ვეღარ ვახერხებ.
- მეცადინეობის მხრივ, უფროს შვილთან როგორი გამოცდილება გაქვს?
- მაშო ისეთი ბავშვი იყო, რომ გეფიცები, ვეხვეწებოდი, - ნუღა მეცადინეობ-მეთქი! ზედმეტი არაფერი მიყვარს. ბავშვობის ბედნიერი პერიოდიდან თუ არაფერი დაგამახსოვრდა, რადგან წიგნიდან თავი არ ამოყავი, სწორად არ მიმაჩნია. წიგნიდან თავი არ აუწევია. შესაბამისად, გამოცდებზე უმაღლესი ქულებიც მიიღო. მისთვის არავის არაფერი დაუძალებია - თავისთავად, ძალიან ბეჯითი გოგოა, რასაც დანარჩენ შვილებზე ვერ ვიტყვი (იცინის).
- მაშო რომელ პროფესიას ეუფლება?
- კინომცოდნეობას და კინოხელოვნებას. სასწავლებლად საზღვარგარეთ მიდის, რადგან აქ მის მიერ არჩეული პროფესია აბსოლუტურად არაფრის მომტანია. მაშოს არჩევანში არ ჩავრეულვარ, რადგან ვიცი, რა ცუდია, როცა რაღაც გინდა და არ გაკეთებინებენ: მთელი ცხოვრება სამსახიობო ფაკულტეტზე ჩაბარება მინდოდა, მაგრამ მამამ დამიშალა. არ ვიცი, ჩემგან მსახიობი დადგებოდა თუ არა, მაგრამ - მართლა ძალიან მინდოდა. ამიტომ მაშოს ხელი არ შევუშალე, საქართველოში მისი პროფესიის მქონე ადამიანის მომავალი რა არის? მაქსიმუმ, უნივერსიტეტში ლექციები წაიკითხოს. მაშოს იმხელა ცოდნა აქვს, რომ ამისთვის მეცოდება. ამიტომ გადავწყვიტეთ, საზღვარგარეთ წავიდეს. იქ თუ არაფერი გამოუვა, ყოველ შემთხვევაში, სტუდენტობის პერიოდს მაინც საინტერესოდ გაატარებს, დამოუკიდებელი გახდება, არ იქნება დაბოღმილი ადამიანი, როგორიც საქართველოში მრავლად გვყავს და ამ ნეგატიურ გარემოში არ გაიზრდება. ჩემთვის მთავარი ეს არის. საზღვარგარეთ რომ ჩავდივარ, შვებას ვპოულობ, რადგან არავინ არავის ჭორავს, არავინ არავისზე დაბოღმილი არაა. რა თქმა უნდა, ასეთი სიტუაციები ვიწრო წრეებში ყველგანაა, მაგრამ ზოგად ფონს ვგულისხმობ. იქ ბევრად მსუბუქად მიდის ცხოვრება, ყველა იღიმის, ბედნიერია, შენი არავის არაფერი აინტერესებს. მინდა, ისეთ გარემოში გაიზარდოს, სადაც ხალხს ერთმანეთი უყვარს.
- გამგზავრება თავად ურჩიე?
- არა. ბავშვობიდან ამერიკაში ცხოვრება უნდოდა. სულ მეუბნებოდა, - რომ გავიზრდები, ამერიკაში ხომ გამიშვებო? მაშინ ეს ფანტაზიის დონეზე იყო. მერე ისე დაემთხვა, რომ მამამისი საცხოვრებლად ამერიკაში წავიდა. ახლა მაშკაც მიდის... სიმართლე გითხრა, ალბათ, მარტოს ვერ გავუშვებდი. ევროპა რომ იყოს, კიდევ არა უშავს - ადამიანს შეგიძლია, 3-4 საათში იქ იყო, ამერიკა კი ძალიან შორსაა. ამიტომ, ალბათ, ვერ გავრისკავდი...
- უფროს ვაჟზე - ციბუზე რას გვეტყვი?
- ციბუკას ერთი საოცარი ნიჭი აქვს: სადაც უნდა გავუშვა, ყველა მირეკავს და მადლობას მიხდის, - ეს როგორი ზრდილი ბიჭიაო! თავისი ულამაზესი ცისფერი თვალებით ყველას "აბამს". უკვე ეჭვი მაქვს, მასწავლებლებიც "შებმული" ჰყავს. მასზე ყველა ისე ლაპარაკობს, რომ ვხვდები, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისი ნიჭის დამსახურებაა, სხვა არაფერი (იღიმის), მაგრამ წელს, რადგან უნივერსიტეტში ჩაბარების დრო მოუახლოვდა, ციბუმ სწავლას მოუმატა...
- ტელევიზიაში მუშაობის დანაკლისს როგორ ინაზღაურებ?
- ამ დანაკლისს სოციალური ქსელი მივსებს, სადაც ჩემი "ცოცხალი" რეიტინგი მაქვს; ვხედავ, რამდენი ათასი კაცი მიყურებს. ტელევიზიაში ჩემს გადაცემას რამხელა რეიტინგი ჰქონდა, არ ვიცი, მაგრამ წარმოიდგინე, "ინსტაგრამზე" ჩემს გამოქვეყნებულ პატარა "სთორის", რომელიც 24 საათში იშლება, ყოველდღიურად 10-15 ათასი "ნახვა" აქვს. ამიტომ სოციალურმა ქსელმა მიჩვევა იცის - დამოკიდებული ვარ. უინტერესო რამეს რომ ვაქვეყნებდე, 15 ათასი კაცი არ ნახავდა. გამომწერებიც მემატება...
ეთო ყორღანაშვილი