"ვინმე თბილად რომ მესალმება, უკვე ლამის მაგაზეც ამეტიროს" - გზაპრესი

"ვინმე თბილად რომ მესალმება, უკვე ლამის მაგაზეც ამეტიროს"

"ცხოვრებაში რაც უნდა მოხდეს, ხელი არ ჩაიქნიო, იმედი არ დაკარგო. ავარიაში რომ მოვყევი, ჩემი მდგომარეობა კრიტიკული და მძიმე იყო, მაგრამ ის პერიოდი ჩემთვის დიდ სტიმულად იქცა", - ამბობს მსახიობი გიორგი გოცირიძე. რა დროს იბნევა, ვინ ენატრება და რის გამო იღებს საყვედურებს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1991 წლის 28 თებერვალი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...პურის ქარხნის დირექტორი, რადგან ჭამა მიყვარდა, პური - განსაკუთრებით.

- ჩემზე ამბობენ...

- ...საყვარელიაო (იცინის) ყველა ამას ამბობს, კიდევ ბევრ კარგ სიტყვასაც, მაგრამ იყოს ეს ერთი.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...არაფერს შევცვლიდი.

- ჩემი პირველი წარმატება იყო...

- ...როდესაც ტელევიზიაში "კომედი შოუში" დავიწყე მუშაობა. სასიამოვნო იყო, როცა ქუჩაში მცნობდნენ, მიღიმოდნენ, ადამიანებისთვის პოზიტივთან ვასოცირდებოდი.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით...

- ...მეგობრებს და ოჯახის წევრებს. მათი თანადგომა ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...საყვარელი ადამიანები კარგად და ჯანმრთელად მყავს.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- ...კარგი განწყობა.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...იმ მიზანს მივაღწიო, რომელიც ჩაფიქრებული მაქვს. მიზანდასახული ვარ და ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში ვცდილობ, იმ მიზანს თითო ნაბიჯით მაინც მივუახლოვდე.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, არ ვნებდები. ახლა ზუსტად შემიძლია ვთქვა, ცხოვრებაში რაც უნდა მოხდეს, ხელი არ უნდა ჩაიქნიო, იმედი არ უნდა დაკარგო. ავარიაში რომ მოვყევი, ჩემი მდგომარეობა კრიტიკული და მძიმე იყო, მაგრამ ის პერიოდი ჩემთვის დიდ სტიმულად იქცა.

- იმ ავარიამ რაიმე პრობლემა დაგიტოვა?

- არა, ახლა ყველაფერი კარგად არის.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...ბევრს ვეწევი და არ მინდა ვეწეოდე. რამდენჯერმე ვცადე დანებება, მაგრამ არ გამომდის. როგორც ჩანს, სათანადოდ არ ვცდილობ, თორემ უნებისყოფობას არ ვუჩივი.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ბევრი რამ. ერთი და იგივე შეცდომაც რამდენჯერმე დამიშვია. ძალიან კარგია, როცა შეცდომას მაგალითად აქცევ, ეს პიროვნულ ზრდაში ნებისმიერ ადამიანს ეხმარება.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...ძალიან იმედიანად ვარ. ვიცი, მწამს და მჯერა, რომ მომავალში დღევანდელთან შედარებით, უკეთესი მდგომარეობა იქნება, ოპტიმისტი ვარ.

- ვიბნევი...

- ...როცა მთხოვენ, საკუთარ თავზე ვილაპარაკო. ვიბნევი, როცა მეუბნებიან, რა საყვარელი ხარო.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...ახალ ზელანდიაში, ამ ქვეყნის ნახვა ყველაზე მეტად მინდა, იქ ულამაზესი ადგილებია და მოგზაურობა ძალიან საინტერესო იქნება.

- ახლა ზელანდიაში ვისთან ერთად წახვიდოდი?

- საყვარელ ადამიანთან ერთად. ბუნებრივია, მეუღლეს ვგულისხმობ.

- ...წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...ტყუილს, მაგრამ მომენტსაც გააჩნია. შეიძლება უმნიშვნელო დეტალმა, ცუდ კონტექსტში ნათქვამმაც ისე დამაკარგვინოს წონასწორობა, რომ საკუთარი თავი ვერ ვიცნო.

- ამ დროს როგორი ხარ, რას აკეთებ?

- შეიძლება ეს სხვამ ვერც კი შემამჩნიოს, შინაგანად ვირევი, განწყობაზე ძალიან მოქმედებს, შეიძლება გამოვხატო კიდეც - რა თქმა უნდა, სიტყვით, ქცევით.

- მეზარება...

- ...დილით ადრე გაღვიძება, მაგრამ მაინც მიწევს ხოლმე. რა ვქნა, როცა სხვა გზა არ მაქვს.

- ძილისგუდა ხარ?

- დიდხანს არ მძინავს. ღამე გვიან ვიძინებ და დილით ადგომა ამიტომ მიჭირს.

- სიყვარული ეს...

- ...ო! ეს რა რთული ასახსნელია, შესანიშნავია, კარგია, ყველა ადამიანმა უნდა გამოცადოს, მხოლოდ ქალის და კაცის სიყვარულს კი არ ვგულისხმობ, საქმის, ოჯახის, მეგობრების სიყვარული დიდი ნიჭია. აღუწერელია, როგორ ვთქვა?

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...სკოლაში ვსწავლობდი. ის გოგონა ჩემი კლასელის მეზობელი იყო. წერილს ვწერდი და ვალერის მასთან ვატანდი.

- წერილში რას წერდი?

- სიტყვის "მიყვარხარ" მიწერას ვერ ვბედავდი. ვწერდი, "როგორ ხარ?" და გულს ვუხატავდი, მერე ვალერის მიჰქონდა.

- იქიდან მოჰქონდა?

- არა, ის წერილებს არ მწერდა.

- მაკვირვებს...

- ...ილონ მასკი, მისი შესაძლებლობები.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...სადმე რომ მივდივარ და იქ კარგი განწყობით მხვდებიან, კარგი აურა რომ იგრძნობა, ეს ჩემზე ძალიან მოქმედებს. მეგობრის კარგ ხასიათზე ყოფნასაც მოაქვს პოზიტივი. როცა ვინმე ცუდ ხასიათზეა, ესეც გადამდებია, მაგრამ ამ დროს თავად ვცდილობ, მას გადავდო ჩემი კარგი განწყობა. ამ სამყაროში ყველასა და ყველაფერზე მეტად, კარგ განწყობას ჩემი შვილი მიქმნის, ის სამყაროში პირველია.

- ვრისკავ...

- ...არც ისე ხშირად, მაგრამ გამირისკავს. გაუაზრებელ რისკზეც წავსულვარ, გადადგმული ნაბიჯის გამო სინანულიც მქონია. ვიცოდი, ის კონკრეტული რაღაც არ უნდა გამეკეთებინა, მაგრამ მაინც გავაკეთე და მერე მაგრად ვინანე.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...ძალიან გულჩვილი გავხდი. ვინმე თბილად რომ მესალმება, უკვე ლამის მაგაზეც ამეტიროს. კონკურსები რომ ტარდება და ვიღაც შემდეგ ტურში გადადის, მაგაზეც მეტირება.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...ეს დიდ უხერხულობას მიქმნის; იმდენად დიდ უხერხულობას, რომ სიხარულის განცდასაც ფარავს.

- შიში მაქვს...

- ...ვინმე ცუდად არ გახდეს. ეს შიში მგონი, ყველა ადამიანს აქვს. რაიმეს პანიკური შიში და ფობია არ მაწუხებს.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...სახლიდან რაღაცებს რომ მაბარებენ, ხანდახან მავიწყდება.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...არაფერს.

- ვუფრთხილდები...

- ...წონას, მაღლა ან დაბლა რომ არ გამექცეს.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...(ფიქრობს) ძალიან ნიჭიერი ვარ. რა ვერ ვისწავლე? ხატვა. არა, ესეც გამომდის, მაგრამ კარგად - არა.

- ვიტყუები, როცა...

- ...საჭიროა. კეთილ ტყუილებს ვამბობ, მაგრამ რომ ვიტყუები, მემჩნევა.

- თავისუფლება...

- ...უმთავრესია ადამიანისთვის. ეს აუცილებელია პირობაა, საკუთარი თავის გამოვლენა რომ შეძლო. თავისუფლება პიროვნებად ყოფნის ერთ-ერთი განმსაზღვრელია.

- ინტუიცია...

- ...ნორმალურად მაქვს განვითარებული. რამდენჯერმე მქონდა შემთხვევა, გავიფიქრე, ეს ადამიანი შემხვდება-მეთქი და მართლა შემხვდა.

- როცა მარტო ვარ...

- ...ფილმს ვყურებ, ვკითხულობ, მეგობართან გავდივარ.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...რასაც მინდა, ყველაფერს გავაკეთებდი, ახალ ზელანდიაში ხომ წავიდოდი, კიდევ ბევრ ქვეყანაში ვიმოგზაურებდი; რასაც მინდა, იმას ვიყიდდი.

242212563-1373413316462757-3274888794450374058-n-copy-1664870403.jpg

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...პორნოფილმში ვერ ვითამაშებ.

- მენატრება...

- ...დედა, ჩემი და, ოჯახის წევრები, რომლებიც ემიგრაციაში არიან.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ამ დროს ჩემთვის ყველაზე კარგი შვილთან, ოჯახთან ურთიერთობაა.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...დიდი მადლობა შენ. მადლობა თქვენ, მკითხველებო, რამდენიმე წუთი რომ დამითმეთ და ამ ინტერვიუთი დაინტერესდით, მიყვარხართ!

თამუნა კვინიკაძე