"თავს ცოტათი უჩვეულოდ ვგრძნობ, ჩემთვის ეს ყველაფერი ახალია..." - გზაპრესი

"თავს ცოტათი უჩვეულოდ ვგრძნობ, ჩემთვის ეს ყველაფერი ახალია..."

25 წლის ანიკო შურღაია სერიალში - "ბამბის აღმართი" სანათას (სანოს) როლს ასრულებს. ანიკო პროფესიით მსახიობია, თუმცა მისთვის სანო პირველი ეკრანული როლია. რა უიოლებს გადასაღებ მოედანზე მუშაობას და როგორია მისი რეალური ცხოვრება, ამის შესახებ თავად გვესაუბრება:

- სერიალ "ბამბის აღმართის" რეჟისორ კახაბერ შარტავასთან წინათაც მიმუშავია, ოღონდ - თეატრში. საერთოდ, თეატრში უფრო აქტიურად დაკავებული ვარ. სერიალის წარმომადგენლები ჩემს სპექტაკლებზეც ნამყოფები იყვნენ - როგორც მსახიობს, მიცნობდნენ. როცა "ბამბის აღმართში" მონაწილეობა შემომთავაზეს, დიდი სიხარულით დავთანხმდი. ჩემთვის ეს პროექტი თავიდანვე საინტერესო იყო, რადგან მასზე, შემოქმედებითი თვალსაზრისით, საინტერესო ხალხი მუშაობს. თან, ჩემთვის ეს საქმე ახალია - ეკრანთან მუშაობის ასეთი გამოცდილება არ მქონია. მაინტერესებდა, როგორ გამომივიდოდა...

- კამერასთან მუშაობას ადვილად აუღე ალღო?

- თავდაპირველად, ძალიან ვნერვიულობდი. ჩემი გამოუცდელობის გამო, საქმეს თავს როგორ გავართმევდი, არ ვიცოდი, მაგრამ მუშაობა ისეთ გარემოში მიწევს, რომ მარტივი იყო, "გავხსნილიყავი", უფრო თამამად, იოლად მეთამაშა... გადასაღებ მოედანზე თავისუფლად ვარ, რადგან ჩემ გარშემო ისეთი ადამიანები არიან, რომლებიც არ მძაბავენ. ამან ხელი შემიწყო, რომ ახალი გამოწვევების მიუხედავად, გადასაღებ მოედანზე თავი კომფორტულად მეგრძნო.

- სანათას როლი როგორ მოირგე?

- სერიალზე მუშაობა თეატრისგან მაინც განსხვავებულია. სპექტაკლში, როლზე მუშაობისას, ტექსტს დიდი მნიშვნელობა აქვს: პერსონაჟის აზრების, სხვადასხვა მოვლენის და სხვა გმირების მიმართ მისი დამოკიდებულებების საფუძველზე როლს ირგებ... სანათას შესახებ რა ინფორმაციაც მქონდა, დამეხმარა, რომ მისი ხასიათი ჩემი მიმართულებით "წამეყვანა" და პერსონაჟი შემექმნა. საქმეს ასე ვუდგები: ყოველთვის ვიკვლევ, ჩემი გმირი რას აკეთებს. ამის საფუძველზე ლოგიკას "ვაწყობ", რაც შემდეგ პერსონაჟს აყალიბებს, თუ როგორია. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა...

- შენს პერსონაჟთან რა გაქვს საერთო და რა - მკვეთრად განმასხვავებელი?

- მგონია, რომ მსახიობს მის მიერ განსახიერებული ყველა გმირი გარკვეული თვისებებით ჰგავს, რაღაცებს კი - გმირისგან იღებს. ალბათ, ჩემსა და სანათას შორის მსგავსება პრინციპულობას უკავშირდება. განსხვავებას რაც შეეხება, მას სხვაგვარი ბავშვობა ჰქონდა. საერთოდ, ადამიანის ხასიათში ყოველთვის იკვეთება, თუ როგორი ბავშვობა გამოიარა...

- თავად როგორი ბავშვობა გქონდა?

- ძალიან მაგარი! ბევრი დეტალი მახსენდება... ყოველთვის ყურადღების ცენტრში ვიყავი - ოჯახშიც, სამეზობლოშიც, ეზოშიც, საბავშვო ბაღშიც... ჩემს ცხოვრებაში ეს ძალიან ფერადი და მხიარული პერიოდი იყო, რადგან ჩემ გარშემო უამრავი ადამიანი ტრიალებდა. ეს ურთიერთობები გულთბილი და დასამახსოვრებელი გახლდათ. სწორედ ამ ურთიერთობებმა ჩამომაყალიბა ისეთად, როგორიც ახლა ვარ - ამას ვგრძნობ...

- შენს ოჯახზე რას გვეტყვი? ოჯახის წევრებს შენი საქმიანობის მიმართ როგორი დამოკიდებულება აქვთ?

- საქმეში ძალიან მგულშემატკივრობენ, ოღონდ - თავად ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები არ არიან. ერთადერთი ვარ, ვინც პროფესიული გზა ხელოვნების მიმართულებით გავაგრძელე (იღიმის). მოგეხსენებათ, მსახიობობას დიდი ძალისხმევა და ენერგია სჭირდება. ოჯახის წევრებისგან ყოველთვის დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ. მათი მხარში დგომის გარეშე, ახლა ბევრ რამეს ვერ გავაკეთებდი. მათი არსებობა და ჩემ მიმართ დამოკიდებულება ჩემთვის უზარმაზარი ძალაა... მშობლები და და მყავს, რომელიც ჩემზე 6 წლით უმცროსია. ამჟამად, სტუდენტია. როცა სპექტაკლის პრემიერა მაქვს, ვიცი, რომ ჩემი და აუცილებლად პარტერში ზის და სპექტაკლს უყურებს. სპექტაკლზე პირველს მას ველოდები ხოლმე (იღიმის).

- კრიტიკული შემფასებელია?

- კი. თან, კარგ მაყურებლად ჩამოყალიბდა, რადგან თეატრში ხშირად დადის. ძალიან გულღია ურთიერთობა გვაქვს. ის ჩემთვის ყველაზე გულწრფელი შემფასებელია: ზუსტად ვიცი, არ მომატყუებს და თუკი რაღაც არ მოეწონება, არ მოერიდება, რომ თავისი კრიტიკული აზრი გამოთქვას, ყოველთვის მიკონკრეტებს, რა მოსწონს და რა - არა. თან, ყველაფერს დეტალურად მეუბნება. ამიტომ მასთან საუბარი ძალიან მიყვარს.

aniko-4-copy-1665472629.jpg

- ახალგაზრდების თამაშდამოკიდებულება და ამის გამო შექმნილი პრობლემები, რაც სერიალშია წარმოჩენილი, რეალურ ცხოვრებაში შენთვის რამდენად ნაცნობი სიტუაციაა?

- საერთოდ, ამ სერიალში ის მომწონს, რომ ისეთი თემებია "წინ წამოწეული", რაც საზოგადოებას აწუხებს. მიმაჩნია, რომ ასეთ საკითხებზე საუბარი აუცილებელია. კონკრეტულად, თამაშდამოკიდებულებას რაც შეეხება, პირადად მე, შეხება არ მქონია, მაგრამ ჩემ გარშემო ბევრი ადამიანია, ვისაც ვიცი, რომ ეს პრობლემა აქვს. ასეთი რაღაცები ჩემს ქვეყანაში, ჩემ გარშემო ხდება. შესაბამისად, ჩემი პრობლემაცაა. ამიტომ ამაზე უნდა ვისაუბროთ, გარკვეული რეაქცია გვქონდეს, გავაანალიზოთ, თუ რატომ ხდება... ეს მთელი საზოგადოების პრობლემაა და არა - კონკრეტული ინდივიდის.

- გამოსავლად რა გესახება?

- როცა რაღაც თემას განვიხილავთ, მაგალითად - პერსონაჟთან დაკავშირებით, სულ პასუხებს ვეძებ... ამ ეტაპზე, უფრო მეტი კითხვა მაქვს, ვიდრე პასუხი. ძიების პროცესში ვარ...

- შენთვის თათული ედიშერაშვილი როგორი პარტნიორია? ერთმანეთს როგორ შეეწყვეთ?

- თათულის მანამდე ვიცნობდი, ვიდრე სერიალში მონაწილეობას მივიღებდი. მას ეკრანთან მუშაობის უფრო დიდი გამოცდილება აქვს. ეს ძალიან მეხმარება. თათული არაჩვეულებრივი პარტნიორია. საერთოდ, სცენაზეც და გადასაღებ მოედანზეც, ჩემთვის პარტნიორს დიდი მნიშვნელობა აქვს. თათულისთან მუშაობისას ბევრ რამეს ვსწავლობ, მისგან დიდ ძალას ვგრძნობ, მყარად ვდგავარ... ესეც ძლიერი ფაქტორი იყო, რომ გადასაღებ მოედანზე თავისუფლად მეგრძნო თავი. თან, უზარმაზარი პასუხისმგებლობაა, როცა ასეთ მაგარ მსახიობებთან მუშაობა გიწევს: თავს უფლებას არ აძლევ, სულ ყურადღებით არ იყო. მათ შენც ღირსეული პარტნიორობა უნდა გაუწიო... გამიმართლა, რომ ასეთ ადამიანებთან ვმუშაობ. მადლიერი ვარ...

- ალბათ, სერიალს უყურებ. საკუთარ თავს როგორ აფასებ - როგორ თამაშობ?

- საერთოდ, საკუთარი თავის ეკრანზე ყურება მიჭირს. ვერ წარმოიდგენთ, თავდაპირველად, სპექტაკლის ჩანაწერების ნახვაც როგორ მიჭირდა! ნელ-ნელა ვეჩვევი... თან, მჭირდება, ეკრანზე საკუთარი თავი ვნახო, რომ ისეთი ნიუანსები შევნიშნო, რასაც შემდეგ სერიებში უფრო მეტად განვავითარებ, მუშაობისას დავიხვეწები, შეცდომებზე ვისწავლი... ფაქტობრივად, ეკრანზე საკუთარი თავის ყურება ამ სერიალით დავიწყე (იცინის)... ჯერ შეჩვევის პროცესში ვარ. ჩემთვის ეს ძალიან უცნაურია. ჩემი მონაწილეობით გადაღებულ ეპიზოდებს "გარედან" ვერ ვუყურებ. ვფიქრობ და ვხვდები, ტექნიკურად რას როგორ ვაკეთებ და მომავალში რა შეიძლება გავითვალისწინო. ჯერჯერობით არ შემიძლია, რომ ჩემი თამაში უბრალოდ, სერიალის მაყურებლის თვალით აღვიქვა. ძირითადად, ნიუანსებს ვაკვირდები.

- შენი პერსონაჟი მომავალი მხატვარია. თავადაც ხატავ?

- არა, ხატვა საერთოდ არ შემიძლია. ყოველთვის მინდოდა, ხატვის ნიჭი მქონოდა (იცინის)... მხატვარი მეგობრები მყავს. როცა საუბრობენ, მათგან საინტერესო ინფორმაციას ვიღებ. მხატვრობა საინტერესო პროფესიაა.

- მსახიობობა ბავშვობიდანვე გაინტერესებდა?

- დაახლოებით 14 წლის ვიყავი, როცა განვაცხადე, - მსახიობობა მინდა-მეთქი. სხვადასხვა სასწავლო წრეზე დავდიოდი... ბავშვობიდანვე ჩემ გარშემო ყველა (ოჯახის წევრები, ნაცნობები...) მიჩვეული იყო იმ აზრს, რომ მსახიობი გავხდებოდი. ამიტომ ჩემი გადაწყვეტილება მოულოდნელი არავისთვის ყოფილა. გარშემო მყოფებისთვის ყოველთვის ამ პროფესიასთან ვასოცირდებოდი. ამიტომ ყველაფერი თავისთავად მოხდა...

aniko-3-copy-1665472615.jpg

- შენი სამეგობრო წრე როგორია?

- მრავალფეროვანი სამეგობრო მყავს. როგორც აღვნიშნე, ბავშვობაში სხვადასხვა წრეზე დავდიოდი. იქ შეძენილ მეგობრებთან ურთიერთობას დღესაც ვაგრძელებ. კლასელებსაც ახლო ურთიერთობა გვაქვს. ისეთი კლასელები არ ვართ, რომ იტყვიან ხოლმე, - შევიკრიბოთო, მაგრამ არასდროს იკრიბებიან (იცინის). თითქმის ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს... სხვადასხვა გარემოდან შეძენილი მეგობრები მყავს. ჩემი სამეგობრო მრავალფეროვანი ამიტომაც არის და ეს ძალიან მომწონს. ჩემთვის ეს ხალხი საინტერესო და მნიშვნელოვანია.

- შენთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალება რა არის?

- საღამოობით მეგობრებთან ერთად სადმე გასვლა ძალიან მიყვარს: ან პიკნიკზე, ან - ბარში... შეიძლება, იქაც თეატრზე, ხელოვნებაზე ესაუბრობდეთ, მაგრამ სხვა გარემოში ერთად რომ ვართ, ეს ჩემთვის უკვე საკმარისია, რომ განვიტვირთო, დრო სასიამოვნოდ გავატარო...

- ანიკო, ქუჩაში უცნობი ადამიანები უკვე გცნობენ?

- რამდენჯერმე უკვე დავაფიქსირე, რომ მიყურებდნენ. მერიდება, უხერხულობის განცდა მეუფლება ხოლმე... თავს ცოტათი უჩვეულოდ ვგრძნობ (იღიმის)... ჩემთვის ეს ყველაფერი ახალია.

ეთო ყორღანაშვილი