ნათია კვაშალის ბედნიერება და საუკეთესო "ანტიდეპრესანტი" - გზაპრესი

ნათია კვაშალის ბედნიერება და საუკეთესო "ანტიდეპრესანტი"

"ჩემი სავიზიტო ბარათი ადამიანებთან ურთიერთობის ნიჭია. ძალიან კომუნიკაბელური ვარ", - ამბობს მსახიობი ნათია კვაშალი. როგორ აღმოჩნდა სერიალში "სიყვარულს მიღმა", რა საერთო თვისებებს პოულობს საკუთარ პერსონაჟთან, რა აბედნიერებს, რას ნანობს და დაძაბული პერიოდის დროს, რა არის საუკეთესო ანტიდეპრესანტი? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1990 წლის 7 ოქტომბერი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მასწავლებელი და ეს ოცნება ამიხდა. დღეს სტუდიაში Eტ ჩეტერა ვასწავლი, 10 წელია ბავშვებთან მიწევს მუშაობა და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. ბავშვობის ოცნება ამისრულდა. ხშირად ვამბობ, ფრთხილად უნდა ვიოცნებოთ, ყველა ოცნება ხდება, შეიძლება ისეთ დროს, სულ რომ აღარ გვინდა. როცა პატარა ვიყავი, ოთახის ერთ კუთხეში თოჯინებს დავსვამდი, მე ვიდექი ცენტრში და მათ ვესაუბრებოდი. იმ მომენტისთვის მეგონა, მასწავლებლობა მინდოდა, მაგრამ ახლა იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ის ადგილი, სადაც თოჯინებს ვსვამდი, პარტერი იყო, მე სცენაზე ვიდექი.

- ჩემზე ამბობენ...

- ...რომ ვარ მშვიდი.

- მართლა ასეა?

- არ ვიცი, რამდენად სიმართლეა, რადგან ემოციური ვარ, მაგრამ ემოციების მართვის უნარი მაქვს. იმასაც ამბობენ, რომ ვარ გაწონასწორებული. ჩემი ზოდიაქოს ნიშანი სასწორია, დიპლომატი ვარ.

- ჩემი პირველი წარმატება იყო...

- ...ჯერ კიდევ არ მქონდა დასრულებული თეატრალური, როცა თავისუფალი თეატრის დასში ამიყვანეს. 19 წლის სტუდენტი გოგოსთვის, თეატრის შტატში ყოფნა ნამდვილად წარმატებაა.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით...

- ...ოჯახის წევრებს, მეგობრებს.

- ბედნიერი ვარ...

- ...იმითაც, რომ ამ ქვეყანაზე ვარსებობ, მიყვარს სიცოცხლე, ადამიანები, ცხოველები... ბედნიერი ვარ, რომ მყავს არაჩვეულებრივი ოჯახი, მეგობრები და ვაკეთებ საყვარელ საქმეს. ყოველი დღის მადლიერი ვარ. ბედნიერებაა, როცა ირგვლივ გყავს ადამიანები, ვისთან ერთადაც არაფრის გეშინია.

- ჩემი სავიზიტო ბარათი...

- ...ადამიანებთან ურთიერთობის ნიჭია. ძალიან კომუნიკაბელური ვარ, ურთიერთობაში მარტივად შევდივარ.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...რომ განვვითარდე.

natia-copy-1665472967.jpg

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ყოველთვის ვცდილობ, მომხდარ მოვლენებს პოზიტიურად შევხედო. ყოველთვის მჯერა, რაც უნდა ხდებოდეს, რაღაცები მაინც უკეთესობისკენ იცვლება.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...ცოტათი ზარმაცი ვარ.

- ამაზე არ მუშაობთ?

- ჩემს თავს ხშირად ვაძალებ, რაღაც რომ მეზარება, მაინც გავაკეთო, თუნდაც იმისთვის, რომ ამის გარეშე განვითარება წარმოუდგენელია.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...როდესაც რაღაც ძალიან გინდა, ის აუცილებლად უნდა გააკეთო, რადგან სჯობს, იმის გამო ინანო, რომ გინდოდა და გააკეთე, ვიდრე იმის გამო - რომ გინდოდა და არ გააკეთე.

- პატიება შემიძლია თუ...

- ...ადამიანი ძალიან მიყვარს, შემიძლია ბევრ რამეზე თვალი დავხუჭო.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...2 წლის წინ, ეს რომ ვინმეს ეკითხა, ალბათ სრულიად განსხვავებული პასუხი მექნებოდა. ახლა ჩემი ყველანაირი გეგმა, მიზანი და ფიქრი ჩემს შვილთან არის დაკავშირებული. სულ ვფიქრობ, დუდუს რომელ ასაკში, განვითარების რა ეტაპზე, გვერდით როგორი ფორმით უნდა ვყავდე.

- ვიბნევი...

- ...როდესაც მაქებენ, ძალიან დიდ უხერხულობას ვგრძნობ, თუმცა ამას თან დიდი სიხარულიც ახლავს.

- ვნანობ...

- ...ჩემი ცხოვრების ბევრი წელი უფრო ნაყოფიერად რომ არ გამოვიყენე. რისი გაკეთებაც მინდოდა, არ გავაკეთე.

- ამ წუთში ძალიან მინდა...

- ...ვიყო და ვცხოვრობდე ქვეყანაში, რომელსაც ისეთი პრობლემები არ ექნება, როგორც დღეს ჩვენს ქვეყანას აქვს. არ იყოს ოკუპირებული, არ იყოს ეკონომიკური პრობლემები. ძალიან მინდა ვცხოვრობდე ქვეყანაში, რომელიც იქნება განვითარებული, ძლიერი და დამოუკიდებელი.

- ...წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...ტყუილს, უსამართლობას.

309359730-130304379760841-8618128039951031586-n-copy-1665472978.jpg

- ეს თუ საყვარელი ადამიანის მხრიდან ხდება?

- მომხდარა, მიპატიებია და ეს პატიებაც არასდროს მინანია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმ წუთში წონასწორობა არ დამიკარგავს.

- სიყვარული ეს...

- ...ყველაფრის მამოძრავებელი ძალაა. ასეა, მიუხედავად იმისა, რომ ბანალურად ნათქვამია.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...თავი დავკარგე ალბათ ისე, როგორც ყველა თინეიჯერი კარგავს და უნდა დაკარგოს.

- თქვენი მეუღლე ვინ არის?

- ...ძალიან კარგი ბიჭია, ყოფილი მორაგბეა. ჩვენ 10 წლის განმავლობაში ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით. ამის შემდეგ განვითარდა პირადი გრძნობები, რომელიც ძალიან სასიამოვნო იყო. სიყვარულთან ერთად ჩვენ დღეს ძალიან ახლო მეგობრები ვართ. ეს ურთიერთობაში მნიშვნელოვანია.

- დედობამ თქვენში რა შეცვალა?

- ყველაფერი თავდაყირა ამოატრიალა. შეუძლებელია, შვილთან პირველი შეხვედრის ემოცია გადმოსცე, სათანადოდ აღწერო, ცოტათი მისტიკური ამბავია; ეს არის წამი, რომელიც ადამიანს არასდროს ავიწყდება, მიუხედავად იმისა, რომ იყო სირთულეებიც, დეპრესიული ფონიც, მაგრამ როცა შვილს აჩენ, ეს იმხელა ბედნიერებაა, საუბარიც მიჭირს.

- როგორია მისი რეაქცია, როცა ეკრანზე გხედავთ?

- სახლიდან რომ გავდიოდი, ყოველთვის ვეუბნებოდი, გადაღებაზე მივდივარ და მალე ტელევიზორში ვიქნები-მეთქი. როცა ეს დღე დადგა და ეკრანზე გამოვჩნდი, მისი პირველი შეკითხვა იყო, - მე სად ვარ? ანუ თავადაც უნდა იყოს იქ, სადაც მე ვარ და ამით ცოტათი გაკვირვებული დარჩა.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...მეგობრების გარემოცვაში ყოფნამ, ჩემმა შვილმა და ჩემი მეუღლის ფანტასტიკურმა იუმორმა.

- ვრისკავ...

- ...იშვიათად. ფრთხილი მეტად ვარ, ვიდრე - თავზე ხელაღებული რისკიანი.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...არის ის, რომ ძალიან მიყვარს ჭამა და არ მიყვარს აქტიურად ვარჯიში. ამიტომ მთელი ცხოვრება წონის პრობლემას ვეჭიდავები.

- ვამაყობ...

- ...რომ მოვახერხე და გარშემო ასეთი ფანტასტიკური ადამიანები შემოვიკრიბე.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...რატომ არ გცალია? რატომ არ დამირეკე? რატომ არ მნახე?

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...არასდროს არანაირი ქირურგიული ჩარევის სურვილი არ მქონია, მხოლოდ წონის პრობლემას მოვაგვარებდი.

- ვუფრთხილდები...

- ...ურთიერთობებს, ადამიანებს და საკუთარ თავსაც ვუფრთხილდები. ბოლო დროს ვცდილობ, ნეგატივი ავისხლიტო.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...როგორ უნდა გაიღვიძო ადრიანად.

- ვიტყუები, როცა...

- ...არ ვიტყუები. ვერც კი გავიხსენე, ბოლოს როდის მოვიტყუე.

- თავისუფლება არის...

- ...შინაგანი მდგომარეობა, რომელიც ყველაზე რთულად მიიღწევა, ამისთვის ძალიან ბევრი მუშაობაა საჭირო. ადამიანები ვცდილობთ, ზოგს გამოგვდის, ზოგს - არა. სამწუხაროდ, თავისუფლება ხშირად უზრდელობასა და უტაქტობაში ერევათ.

- როცა მარტო ვარ...

- ...ვცდილობ, რაღაცას მოვუსმინო, წავიკითხო, ვუყურო. ეს მაშინ ხდება, როცა ბავშვს სძინავს. ბოლო დროს ჩემი თავისთვის ძალიან ცოტა დრო მრჩება და ვცდილობ, ნაყოფიერად გამოვიყენო.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...არ ვიტყვი იმას, რომ ქველმოქმედებას მოვახმარდი. რა თქმა უნდა, ესეც იქნებოდა, მაგრამ ძალიან მიყვარს მოგზაურობა, ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს და საკუთარ თავს ამ აღმაფრენას, აღტაცებას არ მოვაკლებდი.

- მენატრება...

- ...ადამიანები, რომლებიც აღარ არიან. სულ მენატრება სკოლის და სტუდენტობის ძალიან ლაღი, ბედნიერი წლები. უკან არასდროს დავბრუნდებოდი, სულ წინ სიარული მინდა, მაგრამ ზოგჯერ ნოსტალგია მომაწვება ხოლმე, ის პერიოდი ძალიან კარგად მახსენდება.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...წყალთან ურთიერთობას დიდი ძალა აქვს, ჩემთვის დიდი ანტიდეპრესანტია.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...თეატრალურში ძალიან კარგი პედაგოგები მყავდა, 8 წლის განმავლობაში ჯერ თავისუფალ, შემდეგ რუსთაველის თეატრებში ვიყავი, ბევრ რეჟისორთან მომიწია მუშაობამ, პარალელურად იყო ფილმები, სერიალები... ბევრჯერ შევხვდი ისეთ ადამიანს, რომლის აზრი და დარიგებაც გავითვალისწინე, მაგრამ ახლა კონკრეტული ფრაზა არ მახსენდება. მეუბნებოდნენ, თეატრში თუ გინდა იყო, ეს არ არის მარტივი საქმეო. მე ეს არ გავითვალისწინე, მაგრამ მალე დავრწმუნდი, რომ სიმართლეს მეუბნებოდნენ. თეატრი ჩემი ცხოვრებიდან "გავწიე", იქ როგორც მსახიობი, აღარ ვარ, თუმცა შორს არ წავსულვარ, ახლა ილიაუნის პიარი ვარ. გადაღებები და კამერის წინ მუშაობა კი მართლა დიდი სიამოვნებას მანიჭებს.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...ცხოვრებაში არის ეტაპი, როცა ძალიან კარგად ვართ. არის ეტაპი, როცა ძალიან კარგად ვერ ვართ, მაგრამ ამან არ უნდა შეგვაშინოს. მომავალში უკეთესი ადამიანები და პროფესიონალები რომ ვიყოთ, საკუთარ თავზე მუშაობა არასდროს უნდა შევწყვიტოთ!

- გადასაღებ მოედანზე ყოფნა ძალიან მიყვარს 33 წლის ასაკში მივხვდი, რომ ეს საქმე ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს. პანდემიით გამოწვეულმა პაუზამ ამაში საბოლოოდ დამარწმუნა. მინდა, მთელი ცხოვრება კამერის წინ ვიმუშაო.

- სერიალში "სიყვარულს მიღმა" როგორ აღმოჩნდით?

- "ღამის შოუს" სტუდიასთან ადრეც მითანამშრომლია, ამ ადამიანებს უკვე კარგად ვიცნობდი, ერთ-ერთმა კასტინგ-მენეჯერმა დამირეკა. მივედი, შესარჩევი ტური გავიარე და ამ პერსონაჟზე შემარჩიეს.

- ძლიერი, დამოუკიდებელი, შემდგარი ქალის როლს ასრულებთ. საინტერესო სათამაშოა?

- რა თქმა უნდა, ჩემი პერსონაჟი ამ ყველაფერთან ერთად, ძალიან განათლებული და თავდაჯერებულია. შეუძლია მეგობრებს პრობლემები მოუგვაროს, თუნდაც - კაცებთან. ამ პერსონაჟის გამოჩენით, საზოგადოებაში კარგი მესიჯი იგზავნება, რადგან ბევრი ქალი ჯერ კიდევ ძალადობის მსხვერპლია. მინდა, რაც შეიძლება მეტი ჩემი პერსონაჟის მსგავსი ქალი ცხოვრობდეს ჩვენს ქვეყანაში.

- პერსონაჟთან საერთოს პოულობთ?

- მგონია, რომ მისი მსგავსი მეგობარი ვარ. მეც შემიძლია მეგობრებისთვის მსგავსი რამ გავაკეთო, მაგრამ მასავით ხისტი არ ვარ, ის ჩემზე მეტად შემტევია.

- თქვენი პერსონაჟი მაყურებელმა როგორ მიიღო?

- ეს გოგო იმდენად პირდაპირი და ხისტია, ქართველ საზოგადოებაში მსგავსი ადამიანები შეიძლება ცოტათი გაღიზიანებას იწვევდეს, მაგრამ გამიხარდა და მაბედნიერებს ის ფაქტი, რომ გამოხმაურება არის დადებითი. ამ ქვეყანაში ძლიერ ქალს ამდენი გულშემატკივარი თუ ჰყავს, ეს უკვე ძალიან კარგია.

თამუნა კვინიკაძე