"სამსახურიდან ჩემს წამოსვლას მიზეზები ჰქონდა..." - გზაპრესი

"სამსახურიდან ჩემს წამოსვლას მიზეზები ჰქონდა..."

15 წლის შემდეგ, პირველი შემთხვევაა, როცა გვანცა დარასელია "რუსთავი 2"-ის ახალ სამუშაო სეზონს არ შეუერთდება. რატომ შეწყვიტა თანამშრომლობა ტელეწამყვანმა არხთან და რა სამომავლო გეგმები აქვს, ამის შესახებ გვანცას ინტერვიუდან შეიტყობთ...

- ახლა ცხოვრებაში სრულიად განსხვავებული ეტაპი მაქვს - ისეთი, როგორიც არასდროს მქონია: 15-წლიანი შეუჩერებელი მუშაობის შემდეგ, პაუზა ავიღე და სრულიად განსხვავებულ რეჟიმში ვიმყოფები. გადასარევად დავისვენე ბავშვებთან, მეუღლესთან ერთად და პრინციპში, ახლაც ვისვენებ.

- ტელევიზია რატომ დატოვეთ?

- უპირველეს ყოვლისა, მინდა, თქვენმა მკითხველმაც იცოდეს, რომ პროფესიიდან არ წავსულვარ. უბრალოდ, ძალიან გადავიღალე და ცხოვრებაში ცვლილებები, რაღაც ახალი მინდოდა. პაუზის აღება და რუტინისგან, რომელიც უკვე ძველებურ სიამოვნებას აღარ მანიჭებდა, დასვენება ამიტომ გადავწყვიტე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროფესიაზე უარს ვამბობ ან ვიღაცაზე გაბრაზებული ვარ. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. ბედნიერი გახლავართ, რომ თამამი ნაბიჯი გადავდგი და ასე გადავწყვიტე. დარწმუნებული ვარ, სატელევიზიო კარიერას აუცილებლად გავაგრძელებ, ოღონდ - არ ვიცი, როდის, სად და რა პირობებში.

- 15 წლის განმავლობაში, სხვა დროსაც გიფიქრიათ ტელევიზიის დატოვებაზე თუ ეს ფიქრი მხოლოდ ახლა გაგიჩნდათ და გადაწყვიტეთ კიდეც?

- არა, ასეთი ფიქრები არასოდეს მქონია. ეს ეტაპი ახლა და მგონია, რომ სწორ დროს მაქვს, რადგან არც ძალიან პატარა ვარ, არც - ძალიან დიდი: გამოცდილება მაქვს, მაგრამ ყველაფერი წინ არის...

gvanca-4-copy-1665473152.jpg

- კოლეგები თქვენს გადაწყვეტილებას როგორ შეხვდნენ?

- კოლეგებს, ვისთანაც დღემდე ახლო და მეგობრული ურთიერთობა მაქვს, ამ გადაწყვეტილებასთან შეგუება ძალიან გაუჭირდათ, მაგრამ მეგობრობა არ მთავრდება. საერთოდაც, მიმაჩნია, რომ კარგი იქნება, თუ სამსახური და ურთიერთობები მაინც გამიჯნული იქნება, რადგან იმის გამო, რომ ჩემი სამსახური ოჯახივით იყო, რაღაცები მიჭირდა, მაგალითად - კრიტიკა... ჩვენი მეგობრობა აუცილებლად გაგრძელდება.

- ახლა როგორი რეჟიმი გაქვთ?

- ასე თუ ისე, ჩემი დღის რეჟიმი მაინც დატვირთულია, რადგან ჩემი რუტინა მაქვს, რომელსაც მივყვები, ბავშვების რეჟიმიც უფრო მეტად დაიტვირთა. ამიტომ მათი სკოლის თუ სკოლის შემდგომ აქტივობებში მეც ჩართული ვარ, ისევ ვვარჯიშობ, ახლა ენის შემსწავლელ კურსებზე სიარულს ვიწყებ... მინდა, რომ თვითგანვითარებაზე ვიმუშაო და კარგად მივხვდე, რა მსურს, რომ მერე ის, რაც მინდა, ძალიან ხარისხიანად გავაკეთო.

- რომელი უცხო ენის დაუფლებას აპირებთ?

- პირველ რიგში, მინდა, რომ ინგლისური ენის ცოდნა გავაძლიერო - პრაქტიკა მჭირდება. შემდეგ ვნახოთ, სხვა ენების შესწავლასაც თუ დავიწყებ... წლების განმავლობაში, მართალია, ჩემი ყოველდღიური საქმიანობის, გადაცემაზე მუშაობის საფუძველზე დიდი ცოდნა დავაგროვე, მაგრამ რაღაცების კეთება ძალიან მინდოდა, თუმცა ვეღარ ვახერხებდი - ვერ ვასწრებდი, თუნდაც - მოგზაურობას, ენის შესწავლას, ახალი პროფესიის დაუფლებას, რომელიც შეიძლება, ძირითად პროფესიაში გამომადგეს... ბევრი რამის გაკეთება მინდა, რასაც მანამდე ვერ ვაკეთებდი. მსურს, ახლა ამისთვის დრო მაქსიმალურად გამოვიყენო. მართლა ძალიან ბედნიერი ვარ. ყოველდღიური რუტინა სტრესში რომ არ გადაიზარდოს, სამსახურში პაუზა ყველასთვის აუცილებელია, თუკი ადამიანს ამის ფუფუნება გაქვს.

- რომელიმე პროფესია უკვე იწვევს თქვენს ინტერესს, რისი დაუფლებაც გინდათ?

- არა. ჩემს ძირითად პროფესიაში პროფესიონალი ვარ: ჟურნალისტიკა მაქვს ნასწავლი და ვფიქრობ, კარგად გამომდის. როგორც აღვნიშნე, ამ პროფესიაში აუცილებლად დავრჩები. უბრალოდ, რაღაცები არის, რაც ამ პროფესიას კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს, რისთვისაც ამ დროს გამოვიყენებ: ენებს შევისწავლი, სხვა გამოცდილებას დავაგროვებ, თუნდაც - მოგზაურობით, რაც მხოლოდ ჟურნალისტის კი არა, ყველა ადამიანის თვალსაწიერს აფართოებს და მის გონებას უფრო მრავალფეროვანს ხდის.

- ალბათ, ბავშვების გარემოცვაში უფრო მეტ დროს ატარებთ...

- სიმართლე გითხრათ, ბავშვებს განსხვავება არ უგრძნიათ, რადგან მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ყოველთვის აქტიურად ჩართული ვიყავი. ისეთი სამსახური არ მქონია, რომ შვილები დილიდან საღამომდე ვერ მენახა. ბავშვებს სკოლაშიც ვაკითხავდი, საღამოობით ყოველთვის სახლში ვიყავი, დროს მათთან ერთად ვატარებდი, დასასვენებლადაც მათთან ერთად დავდიოდი, სამსახურის შემდეგ ყველაფერს ვიკლებდი, რომ ბავშვებს არ დავკლებოდი...

gvanca-7-copy-1665473138.jpg

- სამსახურიდან თქვენს წამოსვლას მეუღლე როგორ შეხვდა?

- რომ ვუთხარი, - სამსახურიდან წამოსვლას ვაპირებ-მეთქი, მიპასუხა, - რა თქმა უნდა, შენი გადასაწყვეტიაო. სხვათა შორის, ამას წინათ თიკა ფაცაციას შევხვდით. თიკამ ჩემს მეუღლეს უთხრა, - აი, გვანცა მთელი დღე ჩემთან იყო ხოლმე, ახლა კი - ძალიან მენატრებაო. ვახომ უპასუხა, - სამაგიეროდ, ახლა ჩემთან ერთადააო (იცინის)... მგონია, რომ მეუღლე ჩემს ყველა გადაწყვეტილებას პატივს სცემს, როგორიც უნდა იყოს ის. ჩვენ ერთმანეთს მხარს ყოველთვის დავუჭერთ.

- და მაინც, კამერები არ გენატრებათ?

- მინდა, რომ ძალიან მომენატროს (იცინის). ჩემთვის კამერებთან მუშაობა ისეთი ორგანულია, რომ მართლა შეუძლებელია, ამის გარეშე დიდხანს გავძლო. მსურს, კამერებთან ისეთ დროს დავბრუნდე, როცა მართლა ენთუზიაზმით და მოტივაციით სავსე ვიქნები. მინდა, პაუზის შემდეგ, ეს გრძნობა გამოვცადო...

- გვანცა, გარკვეული ჭორები გავრცელდა, თითქოს ტელევიზიაში თქვენთვის უსიამოვნო სიტუაცია შეიქმნა და იქაურობა ამიტომ დატოვეთ. ეს რეალობას არ შეესაბამება?

- ტელევიზიიდან წამოსვლა ჩემი გადაწყვეტილება იყო. რა თქმა უნდა, ამას მიზეზები ჰქონდა (იღიმის). ხელს ვერავის დავადებ. უბრალოდ, გარკვეული სიტუაცია იყო, რომელიც ყველგან ხდება და რომელიც ვიღაცისთვის მისაღებია, ვიღაცისთვის - არა, მაგრამ კონფლიქტი აბსოლუტურად არავისთან მომსვლია. არავისზე გავნაწყენებულვარ. ამ ტელევიზიაზე ვგიჟდები - ეს ჩემი მშობლიური ტელეარხია და არც იმას გამოვრიცხავ, რომ ოდესმე სწორედ მანდ დავბრუნდე. ამ არხის მიმართ მხოლოდ სიყვარული მამოძრავებს. ამ ტელეარხმა გამზარდა პიროვნულადაც და პროფესიულადაც, რა თქმა უნდა...

ეთო ყორღანაშვილი