თამთა ხმალაძის "შურისძიება"
"ხშირად უკიდურესობამდე ჯიუტი და ცინიკოსია. ინტუიციით უფრო ხშირად მოქმედებს, ვიდრე - გონებით. თუ ვინმეს შეიყვარებს, სამუდამოდ, მაგრამ თუ საჭიროდ ჩათვლის, შეუძლია სასტიკი მტერიც იყოს. შურს ისე ოსტატურად იძიებს, გარშემო ვერავინ ვერაფერს ხვდება. ხშირად აქვს განცდა, რომ მისი ძალიან ცოტა ადამიანს ესმის. კეთილი სიტყვით მისი მართვა ადვილია, რაიმეს თუ აიძულებ, ადგილიდან არ დაიძვრება", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ძაღლის წელში დაბადებულ კირჩხიბს, ეს კი მსახიობ თამთა ხმალაძის ზოდიაქოს ნიშანია.
- ასტროლოგიით ვინტერესდები, პირადი ჰოროსკოპიც შედგენილი მაქვს. როცა ბიჭი მომწონს, მისი ზოდიაქოს ნიშნის დახასიათებას აუცილებლად ვკითხულობ.
- "კირჩხიბის სულიერი მდგომარეობა მთვარის ფაზებზეა დამოკიდებული, რის მიხედვითაც ხასიათი ხშირად ეცვლება".
- მართალია, ძალიან ცვალებადი ხასიათი მაქვს. შეიძლება ამის ერთ-ერთი მიზეზი, ჩემი ზოდიაქოს ნიშანია.
- ეს შენთვის დამღლელია?
- ჩემთვის არ არის, მაგრამ გარშემო მყოფებისთვის შეიძლება ცოტათი დამღლელი იყოს. როცა ადამიანი გიყვარს, მგონია, რომ მისი ცვალებადობა ასატანია.
- "ძალიან მგრძნობიარე ადამიანია, ზოგჯერ ძლიერი პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებს, ზოგჯერ კი ბავშვივით დაუცველია".
- ასეა, ეს სიტყვები ჩემს ხასიათს ზუსტად აღწერს. ხშირად იმდენად დიდ სიძლიერეს და სიმტკიცეს ვავლენ, საკუთარი თავით გაკვირვებული ვრჩები. მიკვირს, იმ მომენტში, რანაირად მოვახერხე, სიტუაციას ცივი გონებით მივდგომოდი, ძალიან მგრძნობიარე ვარ.
- "ბავშვივით დაუცველად" თავს რა დროს გრძნობ?
- ამის უფლებას თავს პერიოდულად ვაძლევ, ეს შინაგანი განცდაა, რაღაც პერიოდის შემდეგ, თავი ხელში აუცილებლად ამყავს და ვცდილობ, საკითხს რაციონალურად მივუდგე.
- "ის ხშირად მელანქოლიის ტყვეობაშია".
- ხშირად - არა, თუმცა ხანდახან თავს ამის უფლებასაც ვაძლევ.
- "მისი წყენინება ადვილია, რთულია მისი უგუნებობის გარკვევა".
- გააჩნია, ვისზეა ლაპარაკი. ადამიანისგან, რომელსაც ჩემიანად ვთვლი და მიყვარს, უფრო მწყინს და გულთან ახლოს მიმაქვს.
- უცხო ადამიანების მიერ სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარებზე როგორი რეაქცია გაქვს?
- ჩემი პერსონაჟი (ლაკო - სერიალში "სიყვარულს მიღმა") ძალიან ბევრ ადამიანს აღიზიანებს და ასეც უნდა იყოს, ეს გოგო სერიალში ამიტომაც ჰყავთ. როცა ვიღაცები ღიზიანდებიან, ვთვლი, რომ პერსონაჟი შედგა. რეალურ ცხოვრებაში სულ სხვა რამ ხდება - ადამიანები, რომლებიც ეკრანიდან მცნობენ, სულ კარგ სიტყვებს მეუბნებიან, დადებით ემოციებს მიზიარებენ, ეს ძალიან სასიამოვნოა. სანამ სერიალი გამოვიდოდა, მანამდე უფრო დაძაბული ვიყავი, ვნერვიულობდი, ადამიანებმა ლაკოსთან არ გამაიგივონ-მეთქი.
- "კირჩხიბს შეუძლია ადამიანების თანაგრძნობა, საიდუმლოებების შენახვა, მაგრამ მის ხასიათში შეღწევა რთულია, საკუთარი გრძნობების გამომზეურება არ უყვარს".
- მართალია. ჩაკეტილი ადამიანი არ ვარ, მაგრამ ამ მხრივ არც ზედმეტად აქტიურობა მჩვევია. მაგალითად, სოციალურ ქსელში საკუთარ ფოტოებსაც ხშირად არ ვდებ. რაც სერიალი გამოვიდა, მას შემდეგ ცოტათი უფრო ჩავიკეტე, მაგრამ ეს დროებითი მდგომარეობაა, ამ ეტაპზე ასე უფრო კომფორტულად ვარ, თითქოს მანამდე ჩემი პირადი სივრცე მქონდა, ახლანდელმა აქტიურობამ კი ცოტათი "ამომაგდო".
- "ის ინტუიციით უფრო ხშირად მოქმედებს, ვიდრე - გონებით".
- როცა ასტროლოგთან ვიზიტი მქონდა, მითხრა, რომ ჩემს ზოდიაქოში, წყლის ნიშანი ძალიან აქტიურადაა გამოხატული და ამიტომაც მაქვს ძლიერი ინტუიცია. მიუხედავად ამისა, ინტუიციით ხშირად არ ვმოქმედებ, ვერ ვენდობი. საუკეთესო მდგომარეობაა, როცა ჩემი გონებისა და ინტუიციის თანხვედრა ხდება.
- "კეთილი სიტყვით მისი მართვა ადვილია. რაიმეს თუ აიძულებ, ადგილიდან არ დაიძვრება".
- როცა ვთვლი, რომ ადამიანს ანგარიში უნდა გავუწიო, მისთვის რაღაც უნდა გავაკეთო, ამ დროს მთების გადადგმა შემიძლია, მაგრამ ვიღაც გამოუვალ სიტუაციაში თუ ჩამაყენებს, გამორიცხულია, რამე გამოუვიდეს. ძალიან მარტივად ვხვდები, რა დროს ცდილობენ ჩემით მანიპულირებას. ამას ვერ ვიტან და ჩემი რეაქციაც საპასუხოა.
- ასეთი მომენტები ცხოვრებაში ხშირად გქონია?
- ბევრი მანიპულატორი ადამიანი შეიძლება შეგხვდეს ცხოვრების განმავლობაში. ზოგიერთისთვის ეს ხასიათია, ცხოვრების წესია.
- თვლი, რომ მოსალოდნელი უსიამოვნებისგან, შენი მიხვედრილობა ხშირად გიცავს?
- რა თქმა უნდა, ასეა.
- "თუ ვინმეს შეიყვარებს - სამუდამოდ, მაგრამ თუ საჭიროდ ჩათვლის, შეუძლია, სასტიკი მტერიც იყოს. შურს ისე ოსტატურად იძიებს, გარშემო ვერავინ ვერაფერს ხვდება".
- სასტიკი მტერი ვერ ვარ, მაგრამ შემიძლია ადამიანი ძალიან მარტივად ამოვშალო ჩემი ცხოვრებიდან. ეს არის ჩემებური "შურისძიება". მჯერა, რა ენერგიასაც გავცემთ, ის გვიბრუნდება სამყაროსგან. ამიტომ ვიღაცის გასამწარებლად და შურის საძიებლად დრო და ენერგია არ უნდა დავხარჯოთ. მგონია, რომ საბოლოოდ ეს ისევ ჩვენ დაგვანგრევს. ასეთ სიტუაციაში, ვცდილობ, იმ ადამიანის გარეშე გავაგრძელო ცხოვრება.
- "ხშირად აქვს განცდა, რომ მისი ძალიან ცოტა ადამიანს ესმის".
- ძალიან ადრე, ეს განცდა მართლაც მქონდა, მაგრამ დღეს ვფიქრობ, რომ არც არის საჭირო, შენი ძალიან ბევრ ადამიანს ესმოდეს. მგონია, რომ ეს კარგი არც არის.
- "ხშირად უსაფუძვლო შიშები აქვს".
- მართალია და ალბათ ამიტომაც, ახალი ურთიერთობის დაწყებას ყოველთვის თავს ვარიდებ.
- რატომ?
- შესაძლო და არასასურველი განვითარების სცენარს წარმოვიდგენ ხოლმე, ამიტომაც არის, ამდენი ხანი მარტო რომ ვარ.
- "მისი სახე სარკეა, რომელზეც მისი განწყობებია ასახული".
- მართალია, ყველა ემოცია მეტყობა.
- "ყოველთვის მზად არის ადამიანების დასაცავად. თამამად ილაშქრებს ყოველგვარი უსამართლობის წინააღმდეგ".
- უსამართლობას ვერ ვიტან, ეს ჩემზე ძალიან ცუდად მოქმედებს, არ აქვს მნიშვნელობა, ეს მე მეხება თუ - არა.
- "ხშირად უკიდურესი სიჯიუტე და ცინიზმი ახასიათებს".
- ჯიუტი ვარ, მაგრამ ცინიკოსი - არა. შეიძლება ვიხუმრო, - ეს ჩემი მაქსიმუმია.
- ე.წ. შავი იუმორით?
- ეს მხოლოდ მათთან, ვისაც ვიცი, რომ არ ეწყინება. ჩემი ხუმრობით გულს არასდროს არავის ვტკენ.
- "მისი ეშინიათ, არ უყვართ უსიამოვნო შენიშვნების გამო".
- არადა, თავად ვთვლი, რომ ძალიან ტაქტიანი ადამიანი ვარ და მსგავსი რამ არ მახასიათებს.
- "პესიმისტია, ცხოვრებისგან არაფერს მოელის".
- პირიქით, მომავლისგან სულ კარგს ველოდები. რაც უნდა ნეგატიური ამბავი მოხდეს (ეს ხშირად არ ხდება), ვთვლი, რომ ნეგატივსაც აქვს პოზიტიური მხარე, რომელიც ყოველთვის შეგვიძლია, საჩვენოდ, სასიკეთოდ გამოვიყენოთ, მაგრამ რეალობის განცდა არ უნდა დავკარგოთ.
- "ის საიმედო საყრდენია. შეუძლია საიდუმლოებების შენახვა, მაგრამ თავად საკუთარ საიდუმლოებებზე თითქმის არასდროს ლაპარაკობს".
- ამ შემთხვევაშიც, ეს სიტყვები, ჩემი ხასიათის ზუსტი ასახვაა. მეგობრები თავიანთ ამბებს თამამად მანდობენ. იციან, რომ საიმედო ადამიანი ვარ. რაც შეეხება ჩემს საიდუმლოებებს, ვერ ვიტყვი, რომ ბევრი მაქვს, მაგრამ რაც მაქვს, იმაზეც არ ვლაპარაკობ. ცოტა ხნის წინ მივხვდი, ხანდახან საჭიროა, ერთ ადამიანს მაინც გაანდო, რა გაწუხებს, რადგან ჩუმად ყოფნა, საბოლოოდ რაღაც ფორმით მაინც მოქმედებს შენზე. მე კი ჩემს გრძნობებზე ლაპარაკი არ მიყვარს.
- ფულთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?
- ჩემი ოჯახის ყველა წევრმა, ყველა მეგობარმა იცის, ბოლო თეთრიც კი შემიძლია სხვას დავახარჯო და ეს ყველაზე საშინელი თვისებაა.
- შრომისმოყვარე და პირდაპირი ხარ?
- ამას ვერ დავიბრალებ, ცოტათი ზარმაცი ვარ. არც პირდაპირობით გამოვირჩევი, რადგან არ მინდა, ვინმეს გული ვატკინო.
- "პირად ურთიერთობებში მას სიძნელეები ხშირად ექმნება, ამ სიძნელეებს მოუსვენრობით და მერყევი ხასიათით თავად იწვევს".
- არ ვიცი, შეიძლება სიმართლეც არის, ამაზე არ მიფიქრია.
- ასტროლოგები ამბობენ, რომ ადამიანი, რომელიც ძაღლის წელში, დღის საათებში დაიბადა, გაცილებით მშვიდი და წყნარია, ვიდრე - ღამის საათებში დაბადებული.
- მე საღამოს ვარ დაბადებული, ასე რომ, აქაც შუალედია.
- დაბოლოს, შენს პერსონაჟზეც გკითხავ, ლაკომ პოპულარობა მოგიტანა. მაყურებლის დამოკიდებულებაზე რას გვეტყვი?
- სრულიად უცნობი და უცხო ადამიანები, რომლებიც მხვდებიან, მეუბნებიან, - გიყურებთ, მოგვწონხარო. მაგრამ ხომ ვიცი, სოციალურ ქსელში ლაკოს როგორ ლანძღავენ, რა ამბავიც არის ატეხილი.
- ამაზე ოჯახის წევრებს რა რეაქცია აქვთ?
- ადეკვატურად აღიქვამენ. რა თქმა უნდა, იციან, რომ პერსონაჟი ილანძღება და არა - მსახიობი, თუმცა ისეთებიც გამოჩნდებიან ხოლმე, რომელიც პერსონაჟს მსახიობსაც მიაყოლებენ. ამისთვის ყველა ადამიანი მზად უნდა იყოს, რომელიც ეკრანზე ჩანს.
- გიგი მიგრიაული როგორი პარტნიორია?
- არაჩვეულებრივი ადამიანია. სერიალში მე ვამწარებ და რეალურ ცხოვრებაში თავად მამწარებს. ნახევარი კილოგრამით მომატებასაც კი მამჩნევს და მეძახის: "პონჩიკ". გიგი ძალიან მხიარული ადამიანია, მასთან მუშაობა სასიამოვნოა.
თამუნა კვინიკაძე