"ისეთი შემოსავალი არასოდეს მქონია, რომ გოგოს ჩემთან ანგარებით ურთიერთობა გაება" - გზაპრესი

"ისეთი შემოსავალი არასოდეს მქონია, რომ გოგოს ჩემთან ანგარებით ურთიერთობა გაება"

მსახიობი გიგი მიგრიაული ამჟამად, სერიალში - "სიყვარულს მიღმა" კასპერას როლს ასრულებს. გამოგვიტყდა, რომ წინათ, ხალხისგან ისეთი ყურადღება და გულშემატკივრობა არასოდეს უგრძნია, როგორსაც ახლა გრძნობს. მსახიობობის გარდა, გიგი სხვა საქმითაცაა დაკავებული, მუშაობის საკმაოდ მრავალფეროვანი გამოცდილება აქვს...

- როცა უნივერსიტეტში ჩავაბარე, მივხვდი, რომ შეიძლებოდა მემუშავა. მანამდეც, პატარა ასაკში, ბოთლებს ვაბარებდი, მთელი უბანი ამით ვიყავით გატაცებული. ბოთლების ჩასაბარებლად რომ მივდიოდით, ჩვენი დანახვისას ეცინებოდათ, ისეთი პატარები ვიყავით. გვეკითხებოდნენ, - ვინ გამოგატანათო? - ჩვენიაო, - ვპასუხობდით, მაგრამ არ სჯეროდათ (იცინის).

- აღებულ თანხას რაში იყენებდით?

- იქვე ტირი იყო, სადაც ვთამაშობდით - ვისროდით. ძირითადად, ასეთ საბავშვო გასართობებში, ხაჭაპურში, გაზიან სასმელში, ტკბილეულში ვხარჯავდით... იმ პერიოდში, ყველას გარეთ ჭამა გვინდოდა.

- მშობლებს როგორი რეაქცია ჰქონდათ თქვენს პირად, მცირე შემოსავალთან დაკავშირებით?

- ეცინებოდათ. სერიოზულად არავინ აღიქვამდა. ჩვენც ვერთობოდით.

- სტუდენტობის პერიოდზე რას გვეტყვით?

- მაშინ უკვე გადაღებები დაიწყო. ძირითადად, პირველი-მეორე კურსის სტუდენტებს დიდ და საპასუხისმგებლო როლებზე არავინ ამტკიცებს, მაგრამ "მასოვკებში" ვმონაწილეობდით. რამდენიმე რეკლამაში მთავარი გმირის როლშიც ვიყავი, ჩვენი შემოსავალი რეკლამებში მონაწილეობას უკავშირდებოდა, რადგან უნივერსიტეტში ბევრ დროს (დილიდან საღამოს 9-10 საათამდე) ვატარებდით - სხვაგან ფიზიკურად ვერ იმუშავებდი სტუდენტი.

- სტიპენდია და შემოსავალი გყოფნიდათ?

- რა თქმა უნდა, არა. საერთოდ, თეატრალური უნივერსიტეტი და სამხატვრო აკადემია გამორჩეული ამითაა: იქ მატერიალური ფაქტორები, მაგალითად, ვის რა აცვია, მნიშვნელოვანი არასოდესაა. იყო დღეები, როცა შესვენებაზე ყველა ერთად ფულს ვაგროვებდით და ლობიანს, პურს, პაშტეტს და მსგავს საკვებს ვყიდულობდით. ვინც თეატრალურ უნივერსიტეტს ამთავრებს, ყველა თაობას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ძირითადად - გასტრიტის (იღიმის). სხვა უნივერსიტეტებში, სადაც სწავლის ადამიანური რეჟიმია, მაგალითად - დილიდან შუადღემდე, ალბათ, იქ კვებაც შედარებით მარტივია. ჩვენ "ყაზარმულზე" ვიყავით გადასული.

- ყველაზე სერიოზული, დიდი ჰონორარი რისთვის მიგიღიათ?

- კარგი ჰონორარი ძირითადად, რეკლამებშია, მაგრამ კონკრეტულს ვერ ვიხსენებ. ისე, ტურისტულ კომპანიაშიც მიმუშავია, ასევე - ქართველ კაცადაც, რის შესახებაც გადაცემაში - "კაცები" ვყვებოდი (იცინის).

- "ქართველ კაცად" მუშაობა რას ნიშნავს?

- ჩოხებში გამოწყობილები ტივზე ვისხედით და ტურისტები რომ მოდიოდნენ, გვათვალიერებდნენ. როგორც მსახიობები, ისე ვიყავით წასულები და საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლებს ვასახიერებდით. პირადად მე, ქართლის წარმომადგენელი გახლდით.

- ამ საქმით ფინანსური საჭიროების გამო დაკავდით?

- ეს სტუდენტობის პერიოდში იყო. მსახიობებისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ შეიძლება მსგავსი შემოთავაზებით დაგირეკონ. ეს არავის უნდა ეთაკილებოდეს. მაშინ მაგრად გავერთეთ. ძირითადად, ყველანი სტუდენტები გახლდით. თითქოს ისევ უნივერსიტეტში ვიყავით, ოღონდ - ტივზე (იღიმის).

- თქვენი პროფესიისგან განსხვავებული რა საქმიანობით დაკავებულხართ?

- ამჟამად, ნავთობის ერთ-ერთ კომპანიაში ვმუშაობ. ყველას უკვირს და მეკითხებიან, - რას აკეთებ, ჩამსხმელი ხარო? რემონტების ზედამხედველობა და ერთ-ერთი ინდუსტრიული ბაზა მაბარია. როცა ტელეეკრანზე ვჩანვარ, ძირითადად, თავისუფალი სტილის სამოსი მაცვია (ჰუდი, 2-ჯიბიანი შარვალი, ბოტასები...), მაგრამ შემიძლია, საქმიანად, სოლიდურად ჩაცმულიც ვიყო და სერიოზულ თემებზეც ვილაპარაკო, თუმცა საუბრისას მაინც ეს კითხვა უჩნდებათ, სერიალის - "სიყვარულს მიღმა" შემდეგ ეპიზოდებში რა მოხდებაო? არ ვეუბნები ხოლმე.

- თქვენი პროფესიისგან განსხვავებულ საქმეებს თავს როგორ ართმევთ?

- ალბათ, ცხოვრების განმავლობაში, ცოდნა დამიგროვდა. მხოლოდ სამსახიობო ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული და იქ ისეთი არაფერი მისწავლია, რაც ახლა მადგება. ბუღალტერიაც ვიცი, უცხო ენაც, "ექსელიც"... ყველაფერი თანდათან, უნებურად ვისწავლე.

- ბუღალტერიაშიც თვითნასწავლი ხართ?

- კი, თვითნასწავლი ვარ. ბუღალტრებს ვუსმენდი ხოლმე. ადვილად ვითვისებ...

- როგორც მსახიობს, გიცნობენ და ბუნებრივია, კასტინგებზე გიწვევენ, მაგრამ სხვა საქმეებით, სხვადასხვა პოზიციაზე როგორ კავდებით ხოლმე?

- მაგალითად, "სივი" გამიგზავნია და სამსახურში ავუყვანივართ. იყო პერიოდი, როცა ვერ ვმუშაობდი. ჩემი მეგობარი ფშავში ექსტრემალურ პარკს აკეთებდა და იქ წავედი. თან, მთამსვლელობის გამოცდილებაც მაქვს. მერე ისე აღმოჩნდა, რომ ამ სფეროში ფეხი მოვიკიდე. ყველაფერთან ერთად, ბოლოს მთამსვლელიც გავხვდი (იცინის).

- თქვენს მრავალფეროვან საქმიანობას და ოჯახურ ცხოვრებას ერთმანეთს როგორ უთავსებთ?

- სხვათა შორის, ძალიან კარგად: უფროსი 4 წლისაა, უმცროსი - წლისა და 4 თვის. ბავშვები დილის 6 საათზე იღვიძებენ. სამსახურის დაწყებამდე 3 საათი მაქვს. უფროსი - გოგონა საბავშვო ბაღში მიმყავს. იქ თავს ძალიან კარგად გრძნობს, მაგრამ ჩემთან განშორება უჭირს, - რომ მომენატრები, რა ვქნაო? ყურადღებას სხვა რამეზე გადავატანინებ, ბაღში უცებ შევიყვან და მოვდივარ ხოლმე (იცინის). იცის, რომ საღამოს მივაკითხავ... უმცროსი სახლში, ძიძასთან რჩება. მას უამრავი "საქმე" აქვს გასაკეთებელი: ოთახის მცენარეები უნდა დაარბიოს, ტანსაცმელი და სათამაშოები გადმოყაროს (იცინის)... ძირითადად, ამით ერთობა. ხან ეზოში გადის. ძიძა ძალიან გვეხმარება. დედაჩემი და ჩემი სიდედრიც მუშაობენ, ამიტომ ისინი ჩვენს დახმარებას ვერ ახერხებენ (შაბათ-კვირის გარდა). ძიძაში გამიმართლა - ჩათვალეთ, რომ ბავშვებისთვის მესამე ბებიაა.

- თქვენი მეუღლეც მსახიობია?

- არა, ეკონომისტია და თავისი კერძო ბიზნესი აქვს.

- გიგი, პერსონაჟის სახელით ხშირად მოგმართავენ?

- სულ! თან, ზოგი მეჩხუბება, ზოგი მეუბნება, - აუ, რა კარგი ტიპი ხარო. ზოგი კი - რა ვერ ისწავლე ჭკუაო?! ძირითადად, ქალები განიცდიან რაღაც-რაღაცებს, სერიალში ჩემი გმირის ამბავი გულთან მიაქვთ. მერე ვუხსნი, რომ ეს სერიალია, სცენარს ვიგონებთ-მეთქი. - ასე ნუ იგონებთ, კარგი რამე მოიგონეთ, რომ კარგად გამოჩნდე, თორემ მოგჩეჩავდი, თმა რომ გქონდესო და მსგავს რაღაცებს მეუბნებიან (იცინის). ასეთი შემთხვევები, მაშინ უფრო ხშირად მქონდა, როცა სერიალი ახალი დაწყებული იყო. საერთოდ, ბევრ სერიალში მითამაშია, ეკრანზე ბევრჯერ გამოვჩენილვარ, მაგრამ მგონი, ხალხისგან ასეთ დამოკიდებულებას, აღტაცებას და გულშემატკივრობას პირველად ვგრძნობ. ბევრი ადამიანი გვიყურებს. კომენტარებიც ძალიან სასაცილოა, როცა პერსონაჟების ბედს სერიოზულად განიცდიან.

dsc3798-1666080642.jpg

- გადასაღებ მოედანზე რა ხდება, როცა კასპერას და ლაკოს სცენებს იღებთ?

- მე და თამთა (ლაკოს როლის შემსრულებელი) ერთმანეთს ვეხმარებით. თამთა ძალიან კარგი მსახიობია. ყოველთვის მომზადებული მოდის, რასაც ჩემ შესახებ ვერ ვიტყვი: ტექსტი ნასწავლი მაქვს და მომზადებული მივდივარ, მაგრამ თამთა უფრო მობილიზებული, ყურადღებამოკრებილია, მე კი ყველას გამოველაპარაკები, მოვიკითხავ, რაღაცებს ვლაპარაკობ ხოლმე. ძირითადად, გადაღებაზე შენიშვნებს მე ვიღებ.

- გოგონებთან ურთიერთობის მსგავსი გამოცდილება გქონიათ, რაც ახლა კასპერას თავს ხდება? ანგარებით თქვენთან ურთიერთობა გაუბამთ?

- ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ჭკვიანი და მაგარი ვარ, მაგრამ გოგონების ასეთ კატეგორიასთან ურთიერთობა არ მქონია, ალბათ - იმიტომ, რომ ისეთი შემოსავალი არასოდეს მქონია, გოგოს ჩემთან ანგარებით ურთიერთობა გაება. მსახიობი მაინც გაღლეტილია (იცინის).

- გონიერი მხარჯველი ხართ?

- რაც ბავშვები შემეძინა, ცოტათი გონიერი მხარჯველი გავხდი. მანამდე მფლანგველი ვიყავი...

- წინათ რაში ხარჯავდით თქვენს შემოსავალს და ახლა როგორ ანაწილებთ?

- წინათ, ძირითადად - გართობაში. იმ ტიპის ადამიანი არასოდეს ვყოფილვარ, ვინც სამოსში დიდ თანხებს იხდის. მანქანის ნაწილებს ვყიდულობდი და ავტომობილს თავად ვაწყობდი, გარედან რაღაცებს ვუყენებდი... კიდევ, მიზანში სროლა მიყვარს, ოღონდ - ნადირობას არ ვგულისხმობ: ცხოველებზე ნადირობის წინააღმდეგი ვარ. სამსახურში 17 ძაღლი მყავს შეფარებული. ეზოში სხვადასხვა კომპანიის ოფისია. მათ თანამშრომლებს ძაღლების კვება შეთავსებული აქვთ - ყველანი მკაცრად გაფრთხილებული მყავს... ძაღლები მოდიან, მერიაში ვრეკავ, შემდეგ ასაცრელად მიჰყავთ - აცრიან, საყურეს უკეთებენ და უკან მოჰყავთ, ოღონდ 1 რომ მიჰყავთ, უკან ორი მოჰყავთ (იცინის)... პირადად მე, შინ მხოლოდ თევზები მყავს. სამომავლოდ მინდა, ქალაქგარეთ სახლი ავაშენო - ჯერჯერობით, ოცნებად მაქვს. საცხოვრებლად იქ რომ გადავალ, ენოტიც მეყოლება და საერთოდ, ბევრნაირი ცხოველი... პატარა კონტაქტური ზოოპარკი მექნება... ამჟამად, ჩემი შემოსავალი ძირითადად, იპოთეკურ სესხსა და ბავშვების გართობაში იხარჯება.

- თეატრთან აღარ თანამშრომლობთ?

- აღარ.

- როგორ ფიქრობთ, მხოლოდ მსახიობის შემოსავლით ცხოვრება შესაძლებელია?

- აუ, კი, ოღონდ - ძალიან რთულია. თუ ოჯახიდან იმის ფუფუნება გაქვს, რომ სახლის ქირა ან სესხი გადასახდელი არაა, მსახიობის ხელფასს (რომელიც ჩვეულებრივზე დაბალია) იმყოფინებ, მაგრამ როდესაც ოჯახი, შვილები გყავს, დამატებითი ვალდებულებები გაქვს, შანსი არ არის, რომ გეყოს. ამიტომ არის, რომ ზოგი მსახიობი დილის ტელეგადაცემაში წამყვანად მუშაობს, ზოგი - რადიოშია... სხვაგვარად ვერ ახერხებ, ოჯახი არჩინო.

- გიგი, დასაქმების მოსურნეებს რას ურჩევთ?

- მუშაობასთან დაკავშირებით, სათაკილო არაფერია. თუ შეუძლიათ, ფიზიკური სამუშაოც შეასრულონ...

ეთო ყორღანაშვილი