"თუ ის ვერ გავხდი, ვინც შემიძლია ვიყო, უბედური ვიქნები" - გზაპრესი

"თუ ის ვერ გავხდი, ვინც შემიძლია ვიყო, უბედური ვიქნები"

სახელი, გვარი: კახა გოგიძე.

ასაკი: 52 წლის.

განათლება: 1991 წელს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა, 2008 წელს - თეატრალური უნივერსიტეტის დრამის რეჟისურის, ახლა კი კინოსარეჟისoრო ფაკულტეტზე სწავლას ასრულებს.

ამჟამინდელი საქმიანობა: არის ახალციხის თეატრის მთავარი რეჟისორი, თუმცა მალე პოზიციის დატოვებას აპირებს, რადგან საზღვარგარეთ თეატრებთან თანამშრომლობა ხშირად უწევს - სპექტაკლებს დგამს, რის გამოც ახალციხის თეატრს სათანადო ყურადღებას ვეღარ უთმობს. ასევე, კინორეჟისურაში სერიოზულ მუშაობას იწყებს.

ცხოვრების დევიზი: Yashash uchun kurash (უზბეკური გამონათქვამია, რომელიც ქართულად ნიშნავს - "იბრძოლე, იომე, იცხოვრე").

- როცა სარკეში იყურებით, ვის ხედავთ?

- ყოველთვის მინდოდა, განსხვავებული, ინდივიდუალური ვყოფილიყავი, თუმცა, რაც ასაკში შევდივარ, სარკეში ჩახედვისას ხან მამაჩემს, ხან - დედაჩემს ვხედავ. ჩემში მათი ხასიათის ნიშან-თვისებებსაც "ვიჭერ"... ხანდახან ბავშვსაც ვხედავ, ხან - ძლიერებას, სისუსტეს... საერთოდ, ჩემთვის ცხოვრება ისეთია, როგორ ხასიათზეც ვიღვიძებ: ხან კარგია, ხან - ცუდი, ხან "არანაირი".

- თქვენი ცუდი განწყობის უებარი წამალი რა არის?

- განმარტოება და საკუთარ ფიქრებში ჩაღრმავება ყოველთვის მშველის. ინტროსპექცია, საკუთარი შეცდომების აწონ-დაწონა მიყვარს... თუ აგრესია ძალიან დამიგროვდება (აგრესიის გამოშვება ცხოველის პრეროგატივაა და არა - ადამიანის), მაშინ კანონიერ სასროლეთში მივდივარ და იქ ვისვრი, "ვიცლები"...

- თქვენი ხასიათის რომელი თვისება გეამაყებათ?

- საკუთარი სიმართლის გადამოწმება. მგონია, რომ ნორმალურია, როცა ჩემს სიმართლეს ვამოწმებ. "მეამაყება" ცოტათი ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ საკუთარი საქციელების, გადაწყვეტილებების, შეხედულებების შეფასება მჩვევია - რამე ხომ არ მეშლება, რამეში არასწორი ხომ არ ვარ-მეთქი?

- ისეთი შეცდომა თუ დაგიშვიათ, რომლის გამოც დღესაც გრცხვენიათ, თქვენს განწყობაზე ცუდად მოქმედებს?

- ყოველ წელს ვხვდები, რომ გასულ წელს არასწორად მიცხოვრია. ჩემმა ერთმა უფროსმა, აწ განსვენებულმა მეგობარმა მითხრა, - კახა, როცა ამას აღარ მიხვდები, ე.ი. პიროვნული ზრდა გააჩერე - აღარ იზრდები და ტალახში ჩაჯექიო. საერთოდ, იდეალური გადაწყვეტილებები არსებობს? შეიძლება, არსებობდეს კიდეც, მაგრამ ჩემი აზრით, რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღო, მას გვერდითი მოვლენა ყოველთვის აქვს. უფრო მეტად სწორედ ამ გვერდით მოვლენებს ვნანობ, განვიცდი და გახსენება არ მიყვარს ხოლმე. საერთოდ, წარსულის გახსენება არ მიყვარს, გინდა, კარგი იყოს, გინდა - ცუდი, რადგან ქრისტეს სიტყვებს ვეყრდნობი: გუთნისდედად ის კაცი არ გამოდგება, რომელიც უკან იყურება, ანუ გუთანი უკან კი არა, წინ მიდის და კვალს აკეთებს; თუ უკან იყურები, არასწორი კვალი გამოდის.უკან გახედვა ამიტომ არ მიყვარს. მსურს, წინ ვიარო, მიზნისკენ...

- რომელი ცნობილი ქართველი გეამაყებათ განსაკუთრებულად?

- უჰ, ბევრნი არიან... გიორგი მაზნიაშვილი ჩემთვის უსაამაყოესი ადამიანია, რადგან არც ერთი ბრძოლა არ წაუგია - ყველა მოიგო; მეამაყება ქაქუცა ჩოლოყაშვილი, რომელიც ბოლოს მგელივით მარტო დარჩა - მარტო ომობდა, თავისი პრინციპები არ დათმო; ფიროსმანი, რომელმაც თავის ნიჭს არ უღალატა და ბოლომდე თავისი საქმე აკეთა, თუმცა მაშინ საქართველოში მისი მხატვრობა არავის სჭირდებოდა; "დელი სვიმონი" - მეფე, რომელიც მთელი ცხოვრება ომობდა, ოკუპაციას არ ეგუებოდა, გიორგი ბრწყინვალე... ყველა პრინციპული ადამიანი ჩემთვის სამაგალითო და საამაყოა...

- დღის რომელი მონაკვეთი გიყვართ ყველაზე მეტად?

- დილა, რადგან დილით სიმყუდროვე, ნაკლები ხმაურია. გამოფხიზლებისას საკუთარ თავში უფრო მეტად ჩაღრმავებული ვარ და შინაგან სიმყუდროვეს ვგრძნობ. ყავას ვსვამ და საკუთარ თავთან მარტო ვარ...

- რომელი ზებუნებრივი ძალის ფლობას ისურვებდით?

- ყველაფრის დროებით გაჩერება, გაქვავება შემეძლოს, ოღონდ - თავად ისევ ვმოძრაობდე. უამრავ რამეს შევცვლიდი.

- მაგალითად?

- (იცინის) მოსკოვში ჩავიდოდი და ერთ საზიზღარ არსებას ყურებით გამოვათრევდი... სხვათა შორის, ასეთ რაღაცებზე ბავშვობაში მიფიქრია - ყველაფერი ჩერდებოდეს, მე კი ისეთი უნარი მქონდეს, რომ სინათლის სიჩქარით გადაადგილება შემეძლოს-მეთქი. დიდი ხანია, ბავშვობა დასრულდა...

- ბავშვობაში თქვენი მომავალი პროფესიული საქმიანობა როგორ წარმოგედგინათ, დღევანდელ რეალობას შეესაბამება?

- პროფესიულად - აბსოლუტურად შეესაბამება, რადგან ვინც მინდოდა, ის ვარ, მაგრამ რეჟისორობაზე არასოდეს მიფიქრია, დღეს კი ორგზის (კინოს და დრამის) რეჟისორი ვარ. ჩემს მეგობრებს, ახლობლებს, ოჯახის წევრებს მადლობას ვუხდი, რომლებმაც ამისკენ მიბიძგეს, თორემ დღემდე მხოლოდ მსახიობი ვიქნებოდი. თურმე რეჟისურაში მეტი აღმოჩენა მქონია! ჩემთვის ეს პროფესია უფრო ძვირფასი გახდა. პრინციპში, როგორც ვფიქრობდი და წარმომედგინა, ჯერჯერობით ყველაფერი ისე მიდის, მაგრამ კმაყოფილების გრძნობას ცოტათი შიშით ვუყურებ, ამაზე არ ვფიქრობ... მინდა, შემოქმედებითად მეტს მივაღწიო... ფინანსებს რაც შეეხება, ყველამ ვიცით, რომ საქართველოში ყველასთვის მძიმე რეალობაა, განსაკუთრებით - შემოქმედი ხალხისთვის. აქ ხელოვნებას ფასი არა აქვს. ისევ ფიროსმანის თემას დავუბრუნდები - მისი საფლავიც კი არ ვიცით, სად არის...

- ცხოვრებაში ყველაზე მეტად რა გაშინებთ?

- ის, რომ ამ წუთისოფლიდან არარეალიზებული წავიდე. მინდა, საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზება მოვახერხო. ფსიქოლოგმა და ფილოსოფოსმა აბრაჰამ მასლოუმ თქვა, - ადამიანი ყოველთვის უბედური იქნება, თუ ის არ გახდა, ვინც შეუძლია, რომ იყოსო. ეს ნათქვამი ჩემზე აბსოლუტურად "ერთი ერთში" მუშაობს: თუ ის ვერ გავხდი, ვინც შემიძლია, ვიყო, უბედური ვიქნები. ამიტომ საკუთარი თავის სრულად რეალიზება მინდა, მერე კი უკვე მშვიდად წავალ ამ ქვეყნიდან. ბიბლიაში, მართალი იობის წიგნი ასე სრულდება - წავიდა საფლავში ღრმად მოხუცებული და დღესრულიო. "დღესრულში" საკუთარი შესაძლებლობების სრულად ამოწურვას ვგულისხმობ და მეშინია, რომ ამას ვერ მოვახერხებ, ვერ მოვასწრებ, რაც ნამდვილად ტრაგედია იქნება.

- უსარგებლო ადამიანად გიგრძნიათ თავი?

- ძალიან ხშირად. საქართველოს პრობლემა სწორედ ისაა, რომ უამრავი ადამიანი ქვეცნობიერად ფიქრობს, რომ უსარგებლოა. საერთოდ, ეგზისტენციალური პრობლემაც ამაში მდგომარეობს - რატომ მოვედი ამქვეყნად, რა ფუნქცია მაქვს, რა ხდება, რა მინდა, რატომ ვარო?.. პატარა ასაკის აღარ ვარ. ზუსტად ჩამოვიყალიბე, რა მინდა, ამ ცხოვრებისგან რას ველოდები, რამაც გარკვეული სიმშვიდე მომიტანა. საერთოდ, ადამიანი საკუთარ სურვილებში უნდა გაერკვეს. როცა საკუთარ თავს გამოუტყდება, რა სურს, ანუ მიზანს დაისახავს, უკვე გარკვეულ სიმშვიდეს მოიპოვებს და მიზნისკენ სავალი გზების ძებნას დაიწყებს. მერე მეორე ეტაპი იწყება, რაც უკვე შფოთვებს, ბარიერების გადალახვას უკავშირდება, მაგრამ ეს ყველაფერი ბუნებრივი და ძალიან საინტერესოა - ამ გზაზე სიარული ადამიანმა ტრაგიკულად არ უნდა აღიქვა.

- თქვენი უმთავრესი მიზანი რა არის?

- არ მინდა, პათეტიკური ვიყო, მაგრამ ჩემი ქვეყნის თავისუფლება, გაძლიერება ფუნდამენტური, ბუნებრივი სურვილია, როგორც კვება, სუნთქვა... სხვაგვარად ადამიანმა როგორ უნდა იცხოვროს?!. მიზანს რაც შეეხება, საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზებაა. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, ღმერთმა ტალანტები დაარიგა: ერთ ადამიანს 1 ნიჭი მისცა, მეორეს - 5, მესამეს - 10. ორმა ყველა ტალანტი სრულად გამოიყენა, პირველმა კი შეინახა და უკან დაუბრუნა, ღმერთმა კი ის დასაჯა... მსურს, ყველა ტალანტი სრულად დავხარჯო, რაც ღმერთმა მომცა. არ მინდა, ეს ამპარტავნულ განცხადებად მიიჩნიოთ - ღვთისგან ბოძებული რაღაც ნიჭი ყველა ადამიანს აქვს.

- კმაყოფილების განცდა ბოლოს რის გამო დაგეუფლათ?

- კმაყოფილების განცდას ყოველთვის ვერიდები - ჩემში ვახშობ, რადგან კმაყოფილებამ გაჩერება, სტაგნაცია იცის. ქართველების დიდი პრობლემა ისაა, რომ ყოველთვის წარსულით კმაყოფილები ვართ. ნარკოტიკული თრობის ქვეშ ვიმყოფებით, რომ ასეთი კარგები ვიყავით... რეალურად, წინ ნაბიჯს ვეღარ ვდგამთ, რადგან უკან ვიყურებით - ზურგით გვინდა, რომ წინ წავიდეთ, ზურგით კი წინ ვერასოდეს წავალთ. კმაყოფილების განცდა კი მეუფლება ხოლმე, როცა სპექტაკლს დავდგამ და მიმაჩნია, რომ კარგია, მაგრამ ეს რამდენიმე საათს გრძელდება, რადგან ჩემი მექანიზმი მაქვს შემუშავებული, რომლითაც ეს განცდა უნდა ჩავახშო, რომ ჩემი გაჩერება არ გამოიწვიოს. ასე რომ, კმაყოფილებისაც ძალიან მეშინია - ჭეშმარიტებად კმაყოფილება არ გამოდგება.

- ბოლოს თქვენი ყურადღება განსაკუთრებულად რომელმა ინფორმაციამ მიიპყრო, რაც მასობრივი კომუნიკაციების არხებით გავრცელდა?

- ახლანდელი გავარვარებული მოვლენების ფონზე, რასაკვირველია, ომი, ოკუპაცია იქცევს ჩემს ყურადღებას. დილით, ყირიმის ხიდის აფეთქების შესახებ ინფორმაციის სახით, მშვენიერი საჩუქარი დამხვდა. ჩემთვის ეს განსაკუთრებულად სასიამოვნო და სასიხარულოა. საერთოდ, ინფორმაციას გულუბრყვილოდ არ ვენდობი ხოლმე, რადგან ყველა ადამიანი ტენდენციურია - იმას წერს და აქვეყნებს, რაც თავად აძლევს ხელს. ამიტომ ინფორმაციის აღტაცებით დაჯერება არ მჩვევია. სანამ კარგად არ გადავამოწმებ, არ ვენდობი.

- უცებ დამისახელეთ ერთი ქართველი მოქმედი, ღირსეული პოლიტიკოსი...

- როცა რომელიმე პოლიტიკოსი რაღაც გარკვეულ გამარჯვებას "დადებს", მერე შემეძლება ვთქვა, აი, ეს არის ღირსეული-მეთქი. დღევანდელ ფონზე, პოლიტიკოსებში ძალიან ეჭვი მეპარება, ისე არიან ერთმანეთში ჩანერგილები და გაყიდულები, რომ მათ მიმართ ნდობის ფაქტორი ძალიან დაბალია. რაღაცებს გვპირდებიან, მაგრამ ვერ ასრულებენ. მათზე კარგი წარმოდგენის არ ვარ... მოკლედ, ყველაფრის ნდობა არ შეიძლება. სიმართლე გითხრათ, ავტორიტეტი არ მყავს. არც ვინმეს მხარდამჭერი ვყოფილვარ და არც - მაგინებელი, რადგან ყველა ჩვეულებრივი ადამიანია, არაჩვეულებრივი თვისებებით... ასე რომ, ღირსეული პოლიტიკოსი ის არის, ვინც თავის პრინციპებს არ ყიდის და თავის პოზიციებს არ თმობს. ისეთი ადამიანების არ მჯერა, ვინც გუშინ ვიღაცას ლანძღავდა, შემდეგ მის მხარეს გადავიდა, მერე ისევ ძველ პოზიციას დაუბრუნდა, პუტინთან გაიქცა, ისევ ჩამოვიდა... ასეთი ბევრი გვყავს: მაგალითად, რომ ამბობდა, - ხელი გაგიხმება, თუკი მიშას ხმას მისცემო, დღეს კი ისევ მიშასკენაა. ასეთ დროს რომელ ღირსებაზეა საუბარი?! ამ შემთხვევაში, მკაცრი შემფასებელი ვარ. დღეს რომ ჩემკენ გადმოვიდა, რა გარანტია მაქვს, რომ ხვალ ისევ ჩემს მოწინააღმდეგეთა რიგებში არ ჩადგება? ასე რომ, ღირსებასთან მწყრალად ვართ...

kakha-gogidze-1-1666080845.jpg

- ცხოვრებაში თქვენს ქმედებებს რა მთავარი ფასეულობა განსაზღვრავს?

- არ მინდა, ისეთი შეცდომა დავუშვა, რომელიც ჩემს ღირსებაზე აისახება. საკუთარი თავის მრცხვენია, სირცხვილის გრძნობა ჩემზე ისეთ ზეგავლენას ახდენს, რომ შეიძლება გამანადგუროს. ალბათ ეს შიშია ჩემი უმთავრესი მოტივატორი. შეიძლება, ხანდახან ადამიანებს ჯიუტი ვეჩვენები, მაგრამ თუ გარკვეულ პოზიციას პრინციპულად ვიცავ, ე.ი. ამაზე უკვე დიდი ხნის ნაფიქრი მაქვს და აზრს არ შევიცვლი, თუმცა არის საკითხები, რაზეც შესაძლოა, გარკვეული შეხედულება მქონდეს, მაგრამ ჩამოყალიბებული არ ვიყო - სხვა ადამიანს მოვუსმინო, რომ იქნებ მართალი არ ვარ. თუკი არგუმენტირებულად დამარწმუნებს, რომ ჩემი შეხედულება მცდარია, მის აზრს ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გავიზიარებ, მაგრამ რაც უკვე გადაწყვეტილი მაქვს, რასაკვირველია, აღარ დავთმობ.

ეთო ყორღანაშვილი