"მიბაძვას თავი დაანებეთ და თქვენი აკეთეთ, თორემ დაიღუპება ქართული თეატრი" - გზაპრესი

"მიბაძვას თავი დაანებეთ და თქვენი აკეთეთ, თორემ დაიღუპება ქართული თეატრი"

პავლე (პალიკო) ნოზაძე 60 წელია სცენაზეა და დღესაც აქტიური მსახიობია. მისი პროფესიული კარიერა ბორჯომის სახალხო თეატრში დაიწყო. სხვადასხვა დროს მუშაობდა: მეტეხის, სანდრო ახმეტელის, ქართული ნოველის თეატრებში, პარალელურად იყო როლები ფილმებშიც... ბოლო რამდენიმე წელია მისი ნახვა თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზეა შესაძლებელი. თუმცა, მისი პირადი სურვილითა და ინიციატივით, რამდენიმე მონოსპექტაკლით, თითქმის მთელი საქართველო აქვს მოვლილი. ამა თუ იმ რეგიონსა და სოფელში ერთი მსახიობის თეატრის წარმოდგენით ცდილობს ხელოვნებას მონატრებული მაყურებელი თეატრთან დააახლოოს. ახლახან „ბორჯომობა 2022“-ზე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, პავლე ნოზაძეს ამავე ქალაქის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს და ჩვენი საუბარიც ამ ქალაქ-კურორტის შესახებ დავიწყეთ...

- ქვიშხეთში, სავანესუბანში მამაპაპისეული მამული მაქვს. რამდენიმე დღე, როცა სპექტაკლებისგან თავისუფალი ვარ, სოფელში ჩავდივარ და მერე ისევ თბილისში ვბრუნდები. თბილისიდან სავანესუბნამდე დაახლოებით საათი და 20 წუთის სავალია და ამიტომ ხშირად მივდი-მოვდივარ. ჩემი ოჯახი ბორჯომში, სავანესუბანში კი ბებია-ბაბუა ცხოვრობდა. ბავშვობაში ხან ბორჯომში ვიყავი, ხან მათთან...

ბორჯომი ჩემი ქალაქია, იქ დავამთავრე სკოლა, სატყეო-სამეურნეო ტექნიკუმი და იქვე დავიწყე თეატრში მუშაობა. პირველად იქ დავდექი სცენაზე, სადაც უაღრესად განათლებულმა, ინტელიგენტმა, შორსმჭვრეტელმა და ჭკვიანმა რეჟისორმა გიორგი ხმალაძემ ამიყვანა. მისგან 10 წლის განმავლობაში უამრავი რამ ვისწავლე და ხელოვნებისკენ გზა მან გამიკვალა... იმ წლებიდან ყველაზე მეტად რა მენატრება?! ბორჯომი ჩემთვის ყოველთვის სანატრელი ადგილი იყო და არის დღესაც. 1982 წელს გერმანიაში გასტროლზე ვიყავით, წაღებული გვქონდა სპექტაკლები „შვეიკი“ და „დიდრო“, რომლებმაც ტრიუმფალური გამარჯვებით ჩაიარა. ერთ დღეს, საუბრისას მკითხეს, გერმანიაში ცხოვრებას არ ისურვებდითო?! ვუპასუხე, რომ არა, რადგან ბორჯომში ვარ დაბადებული, გაზრდილი და ის ადგილი ყველაფერს მირჩევნია-მეთქი. გაგიჟდნენ, - ეს ისაა, სადაც ბორჯომის წყალი მოედინება, მაგ ადგილის ნახვას ჩვენც ვნატრობთო!.. ეს დიალოგი საარბრიუკენის ობერ ბურგომისტრის ოსკარ ლაფონტენის ოჯახში ხდებოდა, სადაც საჩუქრად გადმომცეს საათი და ბროლის ფუჟერი, რომლის ძირზე ელისაბედ მეორეს ოქროს მონეტაა ჩასმული... ასე რომ, ბორჯომი ჩემთვის ყველაფერია. 75 წლის კაცი ვარ, აქედან 60 წელია სცენაზე ვდგავარ. მოზარდ მაყურებელთა თეატრის წინ ჩემი ვარსკვლავია გახსნილი, უამრავი ჯილდო მაქვს, ვარ საქართველოს დამსახურებული არტისტი, კოტე მარჯანიშვილის, ნოდარ დუმბაძის, უშანგი ჩხეიძის, შალვა დადიანის პრემიების ლაურეატი, მსოფლიო ფესტივალების ლაურეატი და ახლა მათ რიცხვს კიდევ ერთი დაფასება, ბორჯომის საპატიო მოქალაქის ტიტულიც შეემატა, რაც ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ადრეც მიგრძნია ეს და ახლა ორმაგად დავინახე, რომ ჩემს ხალხს ბორჯომში ძალიან ვყვარებივარ და არა მარტო ამ ქალაქში, მთელ საქართველოში (ხმა გაებზარა. - ავტ).

2-copy-1666080988.jpg

- გული აგიჩუყდათ... ზოგადად, ძალიან გულჩვილი ადამიანი ხართ, როგორ ვიცი. კიდევ რამ შეიძლება ასეთ განწყობაზე დაგაყენოთ?

- იცით, გული ბევრ რამეზე მწყდება, მაგრამ ერთ ფაქტზე განსაკუთრებით: ჩვენი თანამემამულეების დიდი რაოდენობა საზღვარგარეთ არის გასული. მათ შორის არიან ისეთებიც, ვინც ერს არცხვენენ. ამას წინათ ვნახე, რომ ერთ-ერთ ქვეყანაში დააკავეს ძარცვაში ეჭვმიტანილი ქართველები. ეს გულს ძალიან მტკენს. ჩვენი კულტურის პატრონს, შოთა რუსთაველის წიგნზე გაზრდილ ხალხს ეს არ ეკადრება. ჩვენ რომ საზღვარგარეთ გავდიოდით, სულ იმას ვფიქრობდით, ერი როგორ წარმოგვეჩინა. რასაკვირველია, ახლაც არიან ასეთები, მეცნიერებაში იქნება ეს თუ ხელოვნების სფეროში წარმატებული და პატივსაცემი პიროვნებები, მაგრამ იმდენად მრავალრიცხოვანი გახდა ჩვენი ხალხის ქვეყნიდან გადინება, რომ ეროვნულობის შეგრძნებამ და სამშობლოს განცდამ უკანა პლანზე გადაინაცვლა. ასევე ძალიან მაღელვებს ომი უკრაინაში. ყოველდღე ვლოცულობ, რომ დასრულდეს, გამწარებულმა და გაუბედურებულმა ხალხმა ამოისუნთქოს... პატარა ბიჭი ვიყავი, 16-17 წლის, როცა ბორჯომელი, მეორე მსოფლიო ომის გმირის ერონის ინაურის როლი ვითამაშე. ის კარპატებში იბრძოდა და საკუთარი სიცოცხლის ფასად, დანაღმულ ტერიტორიაზე გაიარა და ამ გზით თავის ბატალიონს გზა გაუხსნა. მანამდე ერონისის მამა და ძმა ფრონტზე დაიღუპნენ, თავად კი მოხალისედ წავიდა და ბრძოლის დროს სამჯერ დაიჭრა. მესამედ დაჭრილი საქართველოში, ჰოსპიტალში დააწვინეს. დედამ რომ მოინახულა, შვილს სთხოვა, ყველა დაიღუპა და იქნებ კარგად რომ გახდები, ფრონტზე აღარ წახვიდეო, მაგრამ მან იაუარა: „დედა-შვილის სიყვარულს და ერთად ყოფნის სურვილს რა დალევს, ცრემლს ვინ დაგიშლის, ცრემლი ზოგჯერ ვაჟკაცსაც წასცდების, მაგრამ ნუ დამინანებ და იტყვი, თავი ცოცხალად შეეძლო დაერჩინაო. ნუ შემარცხვენ, ამას ნუ იტყვი და ნურც იმაზე დაგვემდურებით, თუ შვილებმა დედათა ნამუსის დასაცავად თავი გავწირეთ. ალბათ მომრავლდნენ ბორჯომში შაოსანი დედები, მე ხომ ვიცი, მათ შორის ჭრელი სამოსით გავლა შეგარცხვენს და დაგანამუსებს, იმიტომ რომ იცი, სადღაც ყირიმში, შენი ნამუსის დასაცავად გაწირეს თავი: დათომ, შოთამ, გიორგიმ და ახლა მე, ბედის ანაბარად მივაგდო მათი დედების სინდის-ნამუსი?! მაშ, რომელ ჩემს ჭირზე მელაპარაკები?! ვინ სჯის იმაზე, ვინ უნდა მოკვდეს, ვინ უნდა დარჩეს?! დღეს თუ ჭირს ჩვენს ქვეყანაში, ყველასათვის ერთნაირად ჭირს. გახსოვს პირველად ფრონტზე რომ გამიწვიეს, რა მითხარი?! ჩვენს გვარში მხდალი და ლაჩარი არავინ ყოფილა და თუ შენ გინდა სიბერის დღენი არ ჩამიმწარო, სირცხვილს ნუ აჭმევ დედაჩემის ჭაღარას. მე ეს სიტყვები არასოდეს დამავიწყდება...“ დედა ლოცავს, ნურც დაგავიწყოს, შვილო, განგებამ, დამილოცნიხარო...

ამ სიტყვების შემდეგ, ამ როლმა გზა გამიკაფა, არა მხოლოდ ჩემს პროფესიაში, არამედ ცხოვრებაშიც. ამ სპექტაკლს ერონის ინაურის დედა დაესწრო და წარმოდგენის შემდეგ გულში ჩამიკრა, თავისი შვილის სახელს მეძახდა. ეს ჩემთვის ძალიან ემოციური იყო.

რამდენიმე წლის შემდეგ, ერონისის დედამ, კარპატებიდან მისთვის უცნობი უკრაინელი გოგონასგან მადლიერების წერილი მიიღო, სადაც ეწერა: „ქალბატონო ეკატერინე, მე არც თქვენ გიცნობთ და არც თქვენს შვილს ვიცნობდი, მაგრამ ნება მომეცით გიბოძოთ ეს მშვენიერი სიტყვა „დედა“ და გითხრათ, ერონისი არ მომკვდარა, იგი ყოველთვის იცოცხლებს ჩვენს გულებში“. ბორჯომის სკოლაში, სადაც ერონის ინაური სწავლობდა, მისი ბიუსტი იდგა. როცა იქ ჩავდიოდი, ბიუსტს მოვინახულებდი და ყვავილები მიმქონდა. რამდენიმე წლის წინ, ძეგლი აღარ დამხვდა, რაც ძალიან მეწყინა. არ ვიცი, ეს რატომ მოხდა და რა დავარქვა ამ ფაქტს. ერონისის ძეგლი კარპატებშიც იდგა, მაგრამ ახლა იქ ომია და შეიძლება, როგორც ბევრი სხვა რამ, ეს ძეგლიც აღარ არსებობს. ეს ყველაფერი იმიტომ გავიხენე, რომ ადამიანები ვაჟკაცურ ტრადიციებზე იზრდებოდნენ, ღირსებისა და სამშობლოს ცნება უმთავრესი იყო, რაც სამწუხაროდ, დღესდღეობით ნაკლებად იკვეთება.

- წლების განმავლობაში, სხვადასხვა ავტორის არაერთ პატრიოტული შინაარსის სპექტაკლში გაქვთ მონაწილეობა მიღებული. ამ თვალსაზრისით, თქვენთვის ყველაზე ემოციური და ძვირფასი რომელია?

- საერთოდ, სცენაზე ემოციური მსახიობი ვარ. სპექტაკლს რომ ვთამაშობ იმ დონეზე და მთელი განცდით, როგორც საჭიროა, იმ ღამეს გული ცოტა მაწუხებს. ხანდახან ჩემს თავს ველაპარაკები, თითქოს რაღაცას ვაფრთხილებ, მაგრამ რა ვქნა?! თეატრი ძალიან მიყვარს. ამ გრძნობის გარეშე თეატრში ყოფნა წარმოუდგენელია. ჩემს მსახიობ შვილს, ვახოსაც ამას ვეუბნები და შვილიშვილსაც ეს ვუთხარი, როცა ჯავახიშვილიდან თეატრალურში გადასვლას ფიქრობდა, მაგრამ მერე გადაიფიქრა, როცა ამ პროფესიისთვის დამახასიათებელ სირთულეებზე ველაპარაკე... რაც შეეხება თქვენს კითხვას, მართლაც ბევრ პატრიოტული შინაარსის სპექტაკლში, საინტერესო და მნიშვნელოვანი როლი მითამაშია, მაგრამ ის, რაც ერონის ინაურზე მოვყევი, ჩემთვის პირველია. თითქოს იმ ახალგაზრდა კაცის პატრიოტული სულისკვეთება, სამშობლოს სიყვარული მეც გადმომეცა და ამ სპექტაკლმა, რომელსაც „ჩაუქრობელი ვარსკვლავი“ ერქვა, თითქოს რაღაც შემოანგრია ჩემში. გიორგი ხმალაძის ამ სპექტაკლში ნათამაშები როლისთვის, პატარა ბიჭს მომენიჭა საკავშირო ფესტივალის ლაურეატის საპატიო წოდება და ოქროს მედალი. მას შემდეგ, ჩემი ერის, ხალხისა და სამშობლოს სიყვარული თან მომყვება და ასე ვზრდიდი ჩემს შვილებსაც, ოჯახშიც ასეთივე შეხედულებებით ვცხოვრობთ და ამ გზას არ ვუღალატებთ. 55 წელი გახდება, რაც მე და ჩემი მეუღლე დაოჯახებულები ვართ. მყავს ორი შვილი, ვახტანგი მსახიობია. ეკატერინემაც თეატრალური დაამთავრა და მოცეკვავეა. ხუთი შვილიშვილის და ორი შვილთაშვილის ბაბუა ვარ, ახლა მესამე შვილთაშვილს ველოდებით.

- თქვენს პროფესიაზე და თეატრის გარშემო ვსაუბრობთ და როგორ შეაფასებთ ახალ თაობას, ვინც დღეს თეატრალურ სფეროში ტრიალებს?

- ჩემი აზრით, თბილისში ძალიან იკლო რეჟისურამ და ნიჭიერი ახალგაზრდა მსახიობების ნაკადმა. ახლა თეატრებს რომ გადავხედო, არსადაა მასშტაბური მსახიობი, წავიდა ის თაობა. ყველა რეჟისორი მიმართავს რობიკოს სტილს, რასაც თავი უნდა დაანებონ. რობიკომ თუმანიშვილს და იმ ადამიანებს კი არ მიhბაძა, ვინც ის გაზარდა, მათ უბრალოდ გზა აჩვენეს და შემდეგ სტურუამ საკუთარი თავი იპოვა. რობიკომ თავისი საქმე გააკეთა და ქართული კულტურა, თეატრალური ხელოვნება კოსმოსში გაიყვანა. ასევე იყო რეზო ჩხეიძე, სანდრო მრევლიშვილი, რომელთან ერთად 45 წელი ვიყავი და „მეტეხის თეატრი“ შევქმენით. თეატრში ის ყოველდღიურად ახალი იდეებით მოდიოდა. ხელოვნებაში ყველამ საკუთარი თავი და ინდივიდუალური სტილი უნდა ეძებოს. პავლე ნოზაძე პირდაპირ ეუბნება რეჟისორებს, მიბაძვას თავი დაანებეთ და თქვენი აკეთეთ, თორემ დაიღუპება ქართული თეატრი. მსახიობებთანაც იგივე მდგომარეობაა, კაცი არ გყავს, ჰამლეტი ან ოიდიპოსი რომ ათამაშო. თეატრებში დავდივარ და სპექტაკლებს ვნახულობ, თქვენც ხომ დადიხართ და, რას ფიქრობთ?!

4-vaxo-da-pavle-copy-1666080999.jpg

- ვერ ვიტყვი, რომ ყველა რეჟისორული ნამუშევარი ან მსახიობი არ მომწონს, მაგრამ სულ უფრო იშვიათად ვნახულობ ისეთ სპექტაკლებს, რომელიც ისე დიდხანს „მიმყვება“, როგორც ვთქვათ წლების წინ „ჩემი პატარა ქალაქის“ შემთხვევაში მოხდა...

- ასეა... დამისახელეთ მსახიობები რუსთაველში, მარჯანიშვილში ან სხვა თეატრებში, რომელსაც დიდი მომავალი აქვს და ადრე თუ გვიან, ხმაურიანად „გაისვრის“. მე ვერ ჩამოგითვლით. ვფიქრობ და ვერ ვასახელებ, რადგან არ არიან. რობიკო სტურუას ჯადოსნური ჯოხი კი არ აქვს, რომ დაჰკრას და მსახიობმა ნიჭი გამოავლინოს. ეს თანდაყოლილი უნდა ჰქონდეს ადამიანს. თითქოს რაღაცნაირი ქაოსია ყველგან. აქვე ვიტყვი, რომ ყველაზე მეტად, მაინც მოზარდ მაყურებელთა თეატრში არის ის ახალგაზრდული ჯგუფი, რომელსაც ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. ასე მგონია და ამას გულწრფელად გეუბნებით, მაგრამ ვფიქრობ, მეტი სიახლეა საჭირო, რომელშიც მსახიობიც გამოვლინდება და რეჟისორიც. ასეთივე მდგომარეობაა ტელევიზიებშიც, სადაც სულ ანეკდოტები ისმის. შეიძლება სუფრაზე მოჰყვე, მაგრამ შეიძლება 24 საათი ანეკდოტებს უსმენდე? ასე კეთდება ერთი მიყოლებით შოუები, ერთი იწყებს, მეორე hბაძავს და ანეკდოტები არ მთავრდება. მართალს არ ვამბობ?!

- იუმორისტულ შოუებთან დაკავშირებით გეთანხმებით, არც მე მომწონს, მაგრამ ფაქტია, ჰყავს თავისი აუდიტორია. საუბრის ბოლოს, რამის თქმა ხომ არ გსურთ?

- მადლობა მინდა გადავხადო მთელ ჩემს ქვეყანას და ხალხს, ვინც გვერდში მიდგას, ტაშს მიკრავს. სადაც მივდივარ, ყოველთვის პატივისცემით მხვდებიან. მე ამ ქვეყნის ერთი პატარა ნაწილი ვარ, რომელიც სანთელს ვანთებ და უფალს ვთხოვ, მსოფლიოში ომები მორჩეს და ჩემი ერი, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა კარგად იყოს, წინ მუდამ გამარჯვებით გვევლოს.

ანა კალანდაძე