როგორ გახდა მსახიობობაზე მეოცნებე პატარა გოგო ტელევარსკვლავი - გზაპრესი

როგორ გახდა მსახიობობაზე მეოცნებე პატარა გოგო ტელევარსკვლავი

ირმა გურიელის შემოქმედებას საქართველოში კარგად იცნობენ, უფრო მეტიც, არაერთი სიმღერა, რომლის ლექსის ავტორი ქალბატონი ირმაა, ხალხმა ზეპირად იცის. ამ სათნო, სიმპათიურმა ქალბატონმა თავისი ცხოვრების 40 წელი მიუძღვნა საქართველოს ტელევიზიას. ის პირველი თაობის დიქტორი-ტელევარსკვლავია, პოეტი, მსახიობი, ჟურნალისტი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ღირსების ორდენის კავალერი... - ძნელია ჩამოთვალო ყველა ტიტული, რომელიც მას მიუღია. ქალბატონი ირმა თავის ცხოვრებაზე გვესაუბრა:

- ბავშვობა ქუთაისში გავატარე. ამ უძველესმა, მშვენიერმა ქალაქმა ბევრი რამ მომცა და მასწავლა. ჩემს მშობლებს ერთმანეთი სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში გაუცნიათ. ომი თვე-ნახევრის დაწყებული ყოფილა, როცა დავბადებულვარ. დედა და მამა მაშინ მხოლოდ 19-წლისანი იყვნენ, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი თავადაც ჰქონდათ. ომის ქარცეცხლმა გაგვყარა 20 წლის მამა და 5 თვის შვილი, მაგრამ ვერ შეწყვიტა მამაშვილობა. ის ომიდან აღარ დაბრუნებულა, თუმცა დედა მას სიცოცხლის ბოლომდე ელოდა. მამის ხატება კი ჩემს პოეზიაში და არაერთ სიმღერაში, გმირი ჯარისკაცის სიმბოლოდ დარჩა. დედამ - ელენე ტურაბელიძემ გამზარდა, რომელიც ნამდვილი ხელოვანი იყო: ბევრ მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავდა: - გიტარა, ვიოლინო, ჩონგური, ფანდური, მანდოლინა. ხალხურ საკრავთა ანსამბლიც ჰქონდა შექმნილი, რომელსაც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა. საქართველოს რადიოს ფონდში ინახება მისი რამდენიმე ჩანაწერი, მათ შორის გიტარის თანხლებით სიმღერების ჩანაწერიც. ჩემი სკოლის ანსამბლიც მოამზადა სასკოლო ოლიმპიადისთვის და პირველი ადგილიც დავიმსახურეთ. ბავშვობიდან მერგო „მხატვრული კითხვის ოსტატის“ ტიტულიც. ხშირად ლექსებს მისი აკომპანემენტის თანხლებით ვკითხულობდი, კონცერტებზეც ვმღეროდით ერთად.

- როგორ შეძლო დედამ, რომ უზრუნველი ბავშვობა გქონოდათ?

- სიყვარულით სავსე გარემოცვაში ვიზრდებოდი: საოცარი ბებიები მყავდა. ისინი სიცოცხლის ბოლომდე ელოდნენ ომიდან შვილების დაბრუნებას, თუმცა ამაოდ. მამის დედა, დიდებული თეოდორა ბებო, რომელმაც ჩემი ბიჭებიც კი გამაზრდევინა, ამბობდა: შენ რომ არ მყოლოდი, ვერ გადავრჩებოდიო. სამი შვილი ომში ჰყავდა. რამდენიმე თვის ვყოფილვარ, როცა ატირებულ ბებოსთან ფორთხვით მისული მის კაბის კალთას ჩავჭიდებივარ, წამოვმდგარვარ და პირველად მითქვამს: "ბებია, რატო?" მასაც აუხსნია, რატომ... ამის შემდეგ, თურმე, ლაპარაკი და სიმღერაც დამიწყია: „გიგოლი ბიძია, მოდი მალე, კაბა მომიტანე, ბაჩი მომიტანე“ - თურმე, ყოველთვის ასე ვიძინებდი. რატომ ავირჩიე ეს ბიძა და არა მამაჩემი, არ ვიცი... ომიდან მხოლოდ ის დაბრუნდა, მამაჩემი და მეორე ბიძა კი დაიღუპნენ. სწორედ ამ ბიძამ გამიწია მამობა და თავის ბიჭებთან ერთად გამზარდა...

მსახიობობაზე ბავშვობიდანვე ვოცნებობდი. ახლაც თვალწინ მიდგას, მეოთხე კლასში რომ ვიყავი, მაგიდის ქვეშ შევძვრებოდი, გადასაფარებელს გავწევდი, თითქოს, ფარდას ვხსნიდი და "სცენაზე" გამოვდიოდი. მაყურებელიც ბლომად მყავდა: მეზობლები, ოჯახის წევრები, ნათესავები... არ ვიცი, ვინ მასწავლა და როგორ ვისწავლე ნაწყვეტი "სურამის ციხიდან". ზურაბის კედელში ჩატანების ეპიზოდს რომ ვკითხულობდი, მეც ცრემლები ჩამომდიოდა და მაყურებლებიც ტიროდნენ. ტაში და ქებაც არ მაკლდა. ქალაქში არც ერთი ღონისძიება უჩემოდ არ იყო. ძალიან ყოჩაღი, აქტიური ბავშვი ვიყავი და ყველაფერში ვმონაწილეობდი.

- პედაგოგებშიც გაგიმართლათ?

- არაჩვეულებრივი, საოცარი პედაგოგები მყავდა. არ შემიძლია არ ვახსენო იმდროინდელი პიონერთა სასახლე, სადაც მოღვაწეობდა შესანიშნავი პედაგოგი - ალექსანდრე ტოგონიძე. ის დრამატულ წრეს ხელმძღვანელობდა და არაერთი თვალსაჩინო ადამიანი აღზარდა. მასზე გადაღებული ჩემი საავტორო ფილმიც არსებობს. მხატვრული კითხვის კონკურსებზე ხშირად დავდიოდი. ერთხელ სერგო ზაქარიაძემ მითხრა: გოგონა, თუ მსახიობობას აპირებ, ჩემთან მოდი და ყველაფერში დაგეხმარებიო. ბუნებით ყოველთვის მოკრძალებული ვიყავი და მიუხედავად იმისა, რომ რუსთაველის თეატრის მსახიობი გახლდით, მოზარდ მაყურებელთა თეატრშიც ყოფილა ჩემს სპექტაკლზე, ბევრჯერ შემაქო კიდეც, მაგრამ არასოდეს მითქვამს, რომ ის გოგო ვიყავი, დახმარებას რომ დაჰპირდა... ვცდილობდი, წარმატებისთვის ჩემით მიმეღწია. 15 წლის ვიყავი, როცა მესხიშვილის თეატრში მიმიწვიეს, რეჟისორი ნიკო გოძიაშვილი დგამდა რაბინდრანათ თაგორის პიესას „კამოლა“, სადაც ზანგი ბიჭი უმეში უნდა მეთამაშა. მიმიწვიეს, რადგან უმეშს უნდა ემღერა და ეტყობა, ჩემი ხმის დიაპაზონი და სიგამხდრეც მიწყობდა ხელს, რომ ბიჭების როლი კარგად მეთამაშა. ამის შემდეგ, თოჯინების თეატრშიც მიმიწვიეს, სადაც არაჩვეულებრივი რეჟისორი ლევან შენგელია მოღვაწეობდა. დაიდგა რუთა ბეროძის „არტანუჯელი ჭაბუკი“. მე გმირი ჭაბუკი ჯამბაკური ვიყავი, ერთადერთი ცოცხალი პერსონაჟი თოჯინებს შორის. მაშინდელ ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნებაში“ იყო რეცენზიაც: ექსპერიმენტი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, თეჯირში ცოცხალი გმირის ურთიერთობა თოჯინებთან, იმდენად ორგანული და ბუნებრივი იყო, არავითარ დისონანსს არ იწვევდა, პირიქით - სპექტაკლი ბევრად საინტერესო და მიმზიდველი გახდაო... ყველა შეგუებული იყო, რომ მე სცენისთვის ვიყავი დაბადებული და მეც ვიცოდი, რომ მსახიობი გავხდებოდი. სკოლა წარჩინებით დავამთავრე და თეატრალურ ინსტიტუტში ჩავირიცხე, სამსახიობო ფაკულტეტზე.

- თუმცა, თქვენი ცხოვრება სულ სხვა გზით წარიმართა - ტელევიზიის დიქტორი გახდით. მსახიობობა როგორ დათმეთ?

- მსახიობობა არასოდეს დამითმია. 65-წლიანი შემოქმედებითი გზა განვვლე. ვიყავი რუსთაველის და მოზარდ მაყურებელთა თეატრების მსახიობი, საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის - „რერო“ - სოლისტ-მომღერალი, მოგვიანებით კი, სატელევიზიო თეატრის - „თეატრონი“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი და მსახიობი. ბედისწერამ ასე ინება... ტელევიზიასთან ჩემი ურთიერთობა კი სტუდენტობიდან დაიწყო. ფუნიკულიორზე, სადაც სტუდია, 40 კვ მ იყო, ერთი კამერა გვქონდა და მე ვკითხულობდი მხატვრულ ნაწარმოებებს. იმ სტუდიიდან თბილისსაც ვუმღერე, მაგრამ ჩემი შემოქმედებითი ზენიტი მოზარდ მაყურებელთა თეატრში იყო, სადაც სახელოვანი რეჟისორები: თენგიზ მაღალაშვილი, შალვა გაწერელია და თემურ ჩხეიძე მოღვაწეობდნენ. სეზონის განმავლობაში 5 სპექტაკლში მთავარ როლებს ვასრულებდი. ამ დროს, თითქოს, საბედისწეროდ გამოცხადდა ტელევიზიის დიქტორთა კონკურსი. პირველ ტურზე მივედი. ვნახე, რომ კონკურსში 500-მდე ლამაზმანი მონაწილეობდა, მათ შორის, ზოგიერთი უკვე ცნობილი იყო. კარი ჩუმად გამოვიხურე და გამოვიპარე. ფოიეში რედაქტორი გრეტა გიორგობიანი შემხვდა, რომელმაც მითხრა - არ მეგონა, თუ ასეთი მშიშარა იყავიო! ეს სიტყვები ჩემი პროვოცირებისთვის საკმარისი აღმოჩნდა. პირველ და მეორე ტურში გავედი, მაგრამ მესამეზე აღარ გამოვცხადდი, რადგან თეატრის მიტოვება არ მინდოდა. აღმოჩნდა, რომ კომისიის წევრებმა ერთხმად მოითხოვეს, მესამე ტურიც გამევლო. განსხვავებული გამოცდა გავიარე, ჩართული კამერის წინ მომაწოდეს დახურული კონვერტი, რომელშიც იდო პროგრამა ქართულ და რუსულ ენაზე, საინფორმაციო, ერთგვერდიანი მასალა და გვერდნახევარი - მხატვრული ტექსტი. მოკლედ, კონკურსი წარმატებით გავიარე და იქვე მითხრეს, მიღებული ხარო. თეატრის მიტოვება ისე გამიჭირდა, რომ პირველ ხანებში სულ ვტიროდი.

- ესე იგი, ბავშვობის დროინდელ ნატვრაზე უარი თქვით...

- ასე მოხდა - ტელევიზიაში 40 წელი ვიმუშავე, მაგრამ უფალი აქაც დამეხმარა: 1980 წელს, ნუგზარ ფოფხაძის თავმჯდომარეობის დროს, "სატელევიზიო თეატრი" შეიქმნა, სადაც მსახიობიც ვიყავი და რედაქტორიც. თემურ ჩხეიძემ დადგა "კუკარაჩა," სადაც მე ებრაელი ქალის - რებეკას როლს ვასრულებდი. ამ სპექტაკლის შემდეგ, ნოდარ დუმბაძე სადაც დამინახავდა, ყველას ეუბნებოდა: იცით, ეს ვინ არის? - ჩემი საყვარელი რებეკააო... აქვე უნდა ვთქვა, რომ პირველად, ჩემი ხელმძღვანელობით და მონაწილეობით, სწორედ ჩვენმა რედაქციამ დაიწყო სერიალების ქართულ ენაზე გახმოვანება. თან არაერთი პოპულარული სიმღერის ლექსის ავტორიც გავხდი, რაც ისე მოულოდნელად მოხდა, როგორც ბევრი რამ ჩემს ცხოვრებაში.

giorgi-da-zviadi-copy-1666081195.jpg

- ეს როგორ მოხდა?

- სიმღერებისთვის ლექსების შექმნა პირველად ტელევიზიის საესტრადო ორკესტრის დირექტორმა თენგიზ ჩხეიძემ მთხოვა. ეს იყო გოგი კალანდაძის მელოდიაზე შექმნილი სიმღერა „ალავერდი,“ რომელიც თამარ გვერდწითელის შესრულებით ჰიტად იქცა. მას მოჰყვა "საქართველო", "ჭაღარა", "საგალობლები, მაცხოვრისადმი და ღვთისმშობლისადმი“, "ხარ სიყვარულის საგალობელი“... ასე დამიგროვდა 70-მდე სიმღერა. არასდროს დამავიწყდება, ღვთისმშობლის საგალობელი როგორ დავწერე: იმ დღეს სპიტაკის მიწისძვრა მოხდა. წინა საღამოს, ძილში მაცხოვარი ვიხილე. თითქოს მანიშნა: შენ დღეს დაგიკავშირდება უცნობი და მნიშვნელოვანი რამ უნდა შექმნაო. ყველაფერი სწორედ ასე მოხდა: დამიკავშირდა უცნობი კომპოზიტორი, მელოდია ცუდი არ იყო, მაგრამ ტექსტი არ ვარგოდა. რადგან ხილვა მქონდა, ვუთხარი, - დავწერ იმ შემთხვევაში, თუ დამიჯერებ-მეთქი... სიმღერა მთლიანად გადავაკეთე. ლექსი მზა მელოდიაზე შეუჩერებლივ დავწერე. სიტყვები არ მიძებნია. ამ ლექსში წერია: "ათასჯერ ჯვარზე გაკრულო, გტანჯეს და ვერა გძლიესო, ამოგიძირკვეს ვენახი, დაგარბიესო..." - ამ სიტყვებს თითქოს, ვიღაც მკარნახობდა! მაშინ ეროვნული მოძრაობა ჯერ არ იყო დაწყებული და ამის შემდეგ ვამბობ, რომ ჩემს ლექსებს მე არ ვქმნი, მე უბრალოდ, კარგი გამტარი ვარ.

- ქალის ცხოვრებაში ოჯახს დიდი ადგილი უჭირავს. თქვენ როგორ გადაწყვიტეთ ოჯახი შეგექმნათ?

- მარტო მე არ გადამიწყვეტია: თეატრალურ ინსტიტუტში რომ ჩავაბარე, ჩემს მომავალ მეუღლეს - მერაბ თავაძეს შევხვდი: ჩვენ ერთ კურსზე, ერთ ჯგუფში ვიყავით. მეორე კურსის ბოლოს დავქორწინდით. ბედის მადლობელი ვარ, რომ ორი არაჩვეულებრივი ვაჟი გავზარდე. მეორე შვილი რომ შემეძინა, სამწუხაროდ, ოჯახიც მალე დამენგრა, მაგრამ რაც მთავარია, შვილებით ვამაყობ. ორივემ ხელოვნება აირჩია: გიორგი თეატრის რეჟისორია, მარჯანიშვილის, ახმეტელის და ბევრი საერთაშორისო პრემიის ლაურეატი. ზვიადი კი თეატრის და კინოს მსახიობია, არაერთ ფილმსა თუ სერიალშია გადაღებული. ამავე დროს, მან იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა და ადვოკატობა დაიწყო. ახლა ძირითადად კინოთი და საადვოკატო საქმით არის დაკავებული. 3 ულამაზესი შვილიშვილი მყავს: სალომე თავაძემ მედიცინა აირჩია და ახლა რეზიდენტია. თეა - საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრია, ხოლო პატარა ელენიკო ჯერ 11 წლისაა. განსაკუთრებული შემოქმედებითი ნიჭით გამოირჩევა და იმედი მაქვს, ჩემს გზას გააგრძელებს. ყველაფერი ეხერხება. ხშირად ვფიქრობ, თუ მსახიობი არა, თეატრის მხატვარი მაინც გამოვა-მეთქი.

- ბევრი კარგი საქმის გაკეთება მოასწარით, მაგრამ რაიმეს თუ ნანობთ ამ გადმოსახედიდან?

- ყველაზე სასიამოვნო ჩემთვის ის სიყვარულია, რასაც ხალხისგან ყოველთვის ვგრძნობ. მიუხედავად ამისა, დღემდე მგონია, რომ მეტის გაკეთება შემეძლო! მაქსიმალისტი ვარ ყველაფერში და რასაც ვაკეთებდი, მთელ სულსა და გულს ვდებდი, ამიტომაც გამოდიოდა. სასიამოვნოა, როცა გაქებენ, მაგრამ თუ ეს ბოლომდე დაიჯერე, უბედურებაა... მეც არასდროს დამიჯერებია. გარდა ჟურნალისტობისა და მსახიობობისა, სამი პოეტური კრებული მაქვს გამოცემული. მაქვს თარგმანებიც, ოპერის ლიბრეტოც - „თავფარავნელის ბალადა,“ რომელიც წარმატებით დაიდგა, მაგრამ მაინც ხშირად ვფიქრობ: შევძელი კი იმის გაკეთება, რისთვისაც ქვეყნად უფალმა მომავლინა? მაქვს რამდენიმე ფილმიც. მათ შორის, ვიდეოფილმი აფხაზებთან დღევანდელ ურთიერთობაზე - „გვახსოვდეს!“, რომელიც ქართულ და აფხაზურ ენაზეა გახმოვანებული. ათეულობით სპექტაკლსა და სერიალში ვითამაშე. ბედნიერი ვარ, რომ სიყვარული და პატივი არასდროს მომკლებია. მთაწმინდის პარკში ჩემი ვარსკვლავიც კი გაიხსნა, მიღებული მაქვს ილია ჭავჭავაძის და გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიები, სესილია თაყაიშვილის სახელობითი ჯილდო და ა.შ., მაგრამ ჩემი თავით ბოლომდე კმაყოფილი მაინც არ ვარ!

3-shvilishvili-copy-1666081183.jpeg

- დაბოლოს, რას ფიქრობთ ჩვენს დღევანდელ ყოფაზე და როგორი საქართველოს ხილვა გსურთ მომავალში?

- ჩვენ ძალიან რთულ ეპოქაში ვცხოვრობთ. არსებობს ჟამი ნგრევისა და ჟამი შენებისა, მაგრამ ამავე დროს, არსებობს ჟამი დაცემისა და ფეხზე ადგომისა... "ქვეყანა იმით კი არ არის უბედური, რომ ღარიბია, არამედ იმით, რომ მცოდნე, გონებაგახსნილი, გულანთებული კაცები არ ჰყავს!" - გვითხრა წმინდა ილია მართალმა. ჩემი ნატვრაა, რაც შეიძლება მალე, ილიასეული საქართველო ვიხილოთ! საუბარი კი მინდა დავასრულოთ, საქართველოსადმი მიძღვნილი, ჰიტად ქცეული ჩემი ლექსით „საქართველო“:

სიმღერაა-ქართველ კაცის,/ სულში რომ არ ჩერდებაო.../ სიმღერაა - ჩვენი მოთქმა,/ ჩვენი ლოცვა-ვედრებაო.../ ზოგჯერ, სულ არ გვემღერება,/ მაგრამ მაინც ვმღერივართ.../ ჩვენ სიმღერით ვიბადებით/ და სიმღერით მივდივართ.../ საქართველო - სამშობლოვ ჩემო!/ საქართველო - სიმღერავ ჩემო!/ საქართველო - ტკივილო ჩემო!/ საქართველო... საქართველო!

ხათუნა ჩიგოგიძე